Thursday, September 9, 2010
მართლმსაჯულება: ფრაზა - „ოცლარიანი კახპა“ კუკავას შეიძლება 20 ათასი ლარი დაუჯდეს
2-02-2010, 00:13
მადლენ მაჭარაშვილი
ხვალ, 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლო კახა კუკავას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე იმსჯელებს. კონსერვატიული პარტიის გენერალური მდივნის დამნაშავეობის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ლევან გვარამია გამოიტანს.
სარჩელის ავტორი მოქალაქე ლელი იაშვილია. სარჩელის საბაბი კი, 2009 წლის ივნისში, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების დროს საკნებით ჩახერგილი ქუჩების გახსნის მოთხოვნით ადგილობრივ მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. სწორედ, ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ლელი იაშვილი. ქალბატონსა და კახა კუკავას შორის სიტყვიერი შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და კონსერვატორების ლიდერმა მას ნაციონალების მხარდამჭერი „ოცლარიანი კახპა“ უწოდა. ინციდენტს მედიის წარმომადგენლებიც შეესწრნენ და მომხდარი ტელეეთერით გადასცეს.
ლელი იაშვილი საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით „პატივისა და ღირსების შელახვისათვის“ კუკავასგან 20 ათას ლარს, „მორალური კომპენსაციისთვის“ კი, ბოდიშის მოხდას ტელეეთერით ითხოვს. მოქალაქე იაშვილის ინტერესებს სასამართლოზე ადვოკატი იასონ ბესელია, კუკავას ინტერესებს კი - ქეთი ბექაური და ირმა ჭკადუა დაიცავენ.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კახა კუკავას ვთხოვეთ. მან „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესზე მისვლას თავად არ აპირებს, მაგრამ საქმის სასამართლო განხილვას აუცილებლად დაესწრებიან მისი ადვოკატები.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარის მოთხოვნა და ფულით ღირსების შეფასება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ღირსებაზე არასწორი წარმოდგენა აქვს.
ფულადი კომპენსაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, ფეხს ან ხელს მოგაჭრიან, ან რამე მსგავს ზიანს მოგაყენებენ. ასეთ სიტყვებზე რომ ფულადი თანხების გადახდა იყოს გათვალისწინებული, თბილისის თითოეულ რესტორანში ყოველდღიურად 1 მილონი ლარი გამოიწერებოდა.
ეს ქალბატონი პროვოკაციული საქციელით მანამდეც იყო ცნობილი - ხსენებულ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე რუსთაველის გამზირზე სანდრო გირგვლიანის და პოლიციის მიერ მოკლული სხვა ბიჭების პორტრეტებს ხევდა. ამის დამადასტრურებელი ფაქტებიც გვაქვს - ვიდეომასალის სახით. არც უარყოფს ამას - თავადვე აღიარა სხვადასხვა საგაზეთო ინტერვიუში.
ვერ გეტყვით თავად არის თუ არა ეს ქალბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ, ფაქტია, იმ დღეს ნაციონალურ მოძრაობის წევრებთან ერთად იყო და ისინი ორგანიზებულად მოქმედებდნენ.“
0 comments:
Post a Comment