Thursday, September 9, 2010
ფიქრია ჩიხრაძე: სააკაშვილი და უგულავა პირადად აკონტროლებენ ტელეარხებს, არველაძე კი ნომენკლატურული ბიზნესმენია
16-03-2010, 22:58
მადლენ მაჭარაშვილი
„მოდელირებული ქრონიკის“ შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბარი ჩანაწერის „გმირების“ მხრიდან ფაბრიკაციად და რუსული სპეცსამსახურების ნამუშევრად მოინათლა. თუმცა ეს პასუხი ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის – ინტერნეტით გავრცელებულმა სატელეფონო საუბარმა გაამყარა ეჭვი, რომ „იმედის“ გადაცემით ქვეყნის პირველი პირი იყო დაინტერესებული, არველაძის „ხელშეუხებლობამ“ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი კვლავ მმართველი გუნდის დამსახურებული წევრია და არა კერძო ბიზნესმენი ან „იმედის“ მენეჯერი.
„ახალი 7 დღე“ ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთ ლიდერს ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძე: არველაძე თანამდებობიდანაც კი არ გადადგა. არადა, ამ გადაცემის გამო პასუხი მკაცრად არის მოსათხოვი. იურისტები ადასტურებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც ტერორისტული აქტი და მასში მონაწილე ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
13 მარტსვე გვქონდა განცდა, რომ „იმედის“ სატელევიზიო გადაცემა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობით შექმნილი სცენარის ერთ–ერთი ფრაგმენტი იყო. შემდეგ ეს სატელეფონო ჩანაწერითაც დადასტურდა. ვინც ასე თუ ისე იცნობს სააკაშვილის ხელწერას, იცის, რომ სააკაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში ანტირუსული ისტერიების შექმნა ახასიათებს. ხელოვნურად შექმნილი ისტერიკის ფონზე კი ცდილობს, ხაზი გაუსვას დასავლეთზე და დასავლურ ღირებულებაზე ორიენტაციას.
13 მარტს თბილისში არ ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები „ალიანსიდან“ სამუშაო შეხვედრაზე ქალაქგარეთ ვიყავით გასულები. ვხედავდით, როგორ იცლებოდა სასტუმრო მომსახურე პერსონალისგან. როდესაც ტელევიზორი ჩავრთეთ, ნახევარი გადაცემა უკვე გასული იყო, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილების გამო პირველივე წუთიდან მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე. 2008 წლის 8 აგვისტო გამახსენდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისისკენ რუსული ტანკები მოდიოდნენ. იმ დროსაც ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ტანკები რუსული არ იყო და ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ ჩვენს ჯარისკაცებს ეკუთვნოდა, სატელეფონო ცნობარის მეშვეობით ყველა ნაცნობს გავუგზავნე ინფორმაცია, რომ ეს დეზინფორმაცია იყო.
ამჯერად იგივე ვერ მოვახერხე, სატელეფონო ხაზები გადატვირთული იყო და კავშირი – შეუძლებელი. ადამიანები შოკში ჩავარდნენ ამ გადაცემის გამო. არველაძისა და წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერით დადასტურდა, რომ გადაცემის მიზანიც სწორედ ეს იყო. საკუთარი მოქალაქეებისადმი ასეთი უპასუხისმგებლო და სიძულვილით სავსე დამოკიდებულება მხოლოდ სააკაშვილის ქვეცნობიერით შეიძლება აიხსნას. სააკაშვილს აქვს სადომაზოხისტური მიდრეკილებები და, როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქციისგან მაზოხისტური ტკბობაც განიცადა.
- არველაძემ და წამალაშვილმა სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობა არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ხელწერაზე მიანიშნებს...
- ვისაც უნდა ჩაეწერა ეს საუბარი, ფაქტია, რომ იგი არსებობს. სატელეფონო საუბრების მოსმენა და ჩაწერის მეთოდები შესაბამისმა ორგანოებმა იკვლიონ. ფაქტია, რომ საუბარი ძალიან ბუნებრივად ვითარდება და, სწორედ, იმ გადაცემას შეეხება, რომელიც 13 მარტის ეთერში ვიხილეთ. მართალია, თავად ამბობენ, რომ ეს არის დამონტაჟებული სპეცსამსახურების მიერ სხვადასხვა დროს შემდგარი საუბრებიდან ამოკრებილი ტექსტების მიხედვით, მაგრამ ტელეგადაცემა სულ ორი დღის გასული იყო ეთერში და, შესაბამისი სამუშაო რომ შესრულებულიყო, მთელი მსოფლიოს წამყვანი სპეცსამსახურების წამყვანი ტექნოლოგები უნდა ჩართულიყვნენ საქმეში. ეს არის აბსურდი. ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ძალიან იოლად შეიძლება ამის დადასტურება. არსებობს საერთაშორისო, მიუკერძოებელი ექსპერტიზა, რომლის პასუხის მიღებაც უმოკლეს ვადაში შეიძლება.
არველაძის თანამდებობიდან გათავისუფლება არაფერს ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში მას სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ. ასე დაატარებდნენ კიდეც მას თანამდებობიდან თანამდებობაზე. არველაძე არაფერს წყვეტს, საქმე გვაქვს უფრო მნიშვნელოვან ვერტიკალთან, რომლის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი. ამავე ვერტიკალში არიან ის „ექსპერტებიც“, რომლებიც თურმე ასევე მონაწილეობდნენ ამ გადაცემის მომზადებაში.
- სატელეფონო ჩანაწერში ხსენებულ გია ნოდიას გულისხმობთ?
- ნოდიასაც და ზურაბ დავითაშვილსაც. სოციალურ ინტერნეტქსელებში რამდენიმე ადამიანი კამათობდა იმაზე, რომ ამ ტელეგადაცემის ეთერში გასვლით ცუდი არაფერი მომხდარა. გიგა ბოკერიას ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ წინასწარ იცოდნენ, მაგრამ გადაცემაში არც არაფერი იყო ხალხის შესაშინებელიო. ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ სერიოზული შოკი განიცადა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლის ამბები ამ ადამიანების აღქმაში ჯერ კიდევ არ იყო მივიწყებული. რატომ უხეთქავენ გულს საკუთარ მოსახლეობას? ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან რთულიც და ძალიან მარტივიც: ხელისუფლებას ჰგონია, რომ გულგახეთქილ მოსახლეობას ტვინებსაც ჩაურაზავს და საკუთარი სურვილის შესაბამისად მართავს. მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით მოხდება.
- გიორგი არველაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ მას დღეს კვლავ აქვს პოლიტიკური გავლენა, მაგრამ ამჯერად აქტუალურია იმაზე საუბარი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ჯგუფშია არველაძე...
- “ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაჯგუფებებში კარგად ვერ ვერკვევი. ვიცი ერთი რამ: ორივე დაჯგუფების სათავეში დგას მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს ცენტრალურ ტელეარხებს, მისი ნება–სურვილის გარეშე ეთერში არც ერთი გადაცემა არ გადის. ასევე ვიცი, რომ გიგი უგულავა პირადად ხელმძღვანელობს საინფორმაციო გამოშვებებს. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაჯგუფებები ერთმანეთის შესახებ კომპრომატებს აგროვებენ, მაგრამ დღეს მე ეს ნაკლებად მაინტერესებს.
- ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გახდებოდა, ეკონომიკის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ კერძო ბიზნესში აპირებდა მოღვაწეობას. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ბიზნესი აქვს არველაძეს?
- ის დღესაც ამბობს, რომ არის ბიზნესმენი. როდესაც ჯოზეფ ქეიმ ტელეკომპანია „იმედის“ აქციები გაყიდა, არველაძემ განაცხადა, რომ ეს აქციები არაბულმა კომპანიამ შეიძინა, გვიმტკიცებდა, რომ თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ კომპანიასთან და ხელშეკრულებაც მანვე გააფორმა. მაგრამ შემდეგ იყო „რაკიინის“ განცხადება, რომ მათ ტელეკომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, „რაკიინ ჯორჯია“ კი არის ქართველების მიერ შექმნილი ჯგუფი თუ ბიზნესკომპანია, რომელშიც, როგორც ამბობენ და როგორც მარეგულირებელ კომისიაში განხილვის დროს გაირკვა, თავად არველაძეა მოწილე.
გიორგი არველაძის ბიზნესი სხვა არაფერია, თუ არა ნომენკლატურული ბიზნესი, სადაც საჭიროდ მიიჩნევენ ხოლმე მის მენეჯერობას და წინა პლანზე წამოწევას, იქ გადაიყვანენ ხოლმე. გიორგი არველაძის დამოუკიდებელი ბიზნესის შესახებ კი არაფერი გამიგია.
Labels:
"იმედი",
არველაძე,
ფიქრია ჩიხრაძე
0 comments:
Post a Comment