Friday, June 22, 2012

ვაღიარებ, რომ...

ვაღიარებ, რომ… თავისუფალი ჟურნალისტი ვარ. იმასაც ვაღიარებ, რომ ყოველთვის ასეთი ვიყავი. ჟურნალისტობა კი „ვარდების რევოლუციამდე“, ავბედითი 2002 წლიდან დავიწყე.


ვაღიარებ, გუშინდელივით მახსოვს, ბატონო შს მინისტრო, ოპოზიციონერი რომ იყავით, დასავლურ პრესაში ინტერვიუს მეშვეობით რომ „ამხილეთ“ შევარდნაძის რეჟიმი, ვაღიარებ, ისიც მახსოვს, როგორ შიმშილობდით იუსტიციის სამინისტროს მისაღებში – სახელმწიფოს მიერ პენსიონერებისათვის 14-ლარიანი საპენსიო დავალიანებების გასტუმრების მოთხოვნით. მაგრამ, გულწრფელად ვაღიარებ, ვერასდროს ვიფიქრებდი, პესიონერების ბედზე „ძილგამკრთალი“ და „მოშიმშილე“ პოლიტიკოსი “ქვეყნის ხერხემალი” რომ გახდებოდით… მაპატიეთ, რომ ჯეროვნად ვერ შევაფასე თქვენი შესაძლებლობები მაშინ… ვაღიარებ, რომ გადავცდი…

ბატონო მინისტრო, ვაღიარებ იმასაც რომ, ძალიან „ეჭვიანი“ ვარ. ხშირად მიჩნდება ეჭვები და მგონია, რომ თქვენი უწყების მიერ გამოძიებული საქმეები ბევრ უპასუხო კითხვას ტოვებს, ამის გამო არაერთხელ წამიცდა ხელი საგამოძიებო  პუბლიკაციების დაწერაზე…. ვაღიარებ იმასაც, რომ ჩემ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებები, ძირითადად, უცხოური ფულით იყო დაფინანსებული… ჰონორარის ნაწილი საბანკო ანგარიშზე მერიცხებოდა, ნაწილს  - ხელზე ვიღებდი… ბოლოს… თარიღს არ დავასახელებ, არა, კი არ გიმალავთ რამეს, უბრალოდ, არ შემეშალოს და შეცდომაში არ შეგიყვანოთ (ასეც ხომ ხდება, არა?) … ჰო, ბოლოს, ნიუ იორკიდანაც გადმომირიცხეს თანხა ჟურნალისტური, ანუ ჯაშუშური საქმიანობის გამო…

ახლა რომ ვუკვირდები, უფრო ევროპული და ამერიკული თანხები მაქვს მიღებული. ვაღიარებ, იმდენი რუსული არ ვიცი, რომ რუსეთში ვინმესთან დამემყარებინა ჯაშუშური კავშირი…
მე ვარ ჟურნალისტი, ანუ – ჯაშუში!

არ ვიმსახურებდი, მაგრამ ბოროტად ვისარგებლე თქვენი კეთილგანწყობით…მადლობის მეტი აღარაფერი მეთქმის….
გმადლობთ, რომ აღიარების შანსი მომეცით და ჩემი შემდგომი ჯაშუშობისგან იხსენით სახელმწიფო!
გმადლობთ, რომ დროულად აღმკვეთეთ!
დავასრულებ იმით, რითაც მინდოდა, დამეწყო: ბატონო მინისტრო, მე თქვენ „გაღიარებთ“!


მადლენა მაჭარაშვილი
2011 წელი, 20 ივლისი
წყარო: http://opinion.ge/?p=4139