Sunday, January 30, 2011

რკინი(გზი)ს მჭამელები


ჟურნალისტური გამოძიება
2008 წლის 3 მარტი

მადლენა მაჭარაშვილი

მარტი ქართული რკინიგზის ლიანდაგზე უსიამოვნო ამბებით ჩამოდგა. მცხეთის მონაკვეთზე "თბილისი-ზუგდიდის" მატარებლის შემადგენლობას ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრების ევაკუაცია მოახერხეს, ალბათ _ დამწვარი მატარებლისაც. მოვლენის ობიექტური შეფასება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხადყოფდა, რომ მატარებლის მგზავრებს მარტო რწყილების, ბაღლინჯოების და რკინიგზელი ფულიანი ჩინოვნიკების კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ _ მორიგი კატასტროფისაც. თუ რატომ _ ამაზე ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყობთ.

საქართველოს რკინიგზა წლების განმავლობაში ხელისუფლების პირველი პირების საარჩევნო ხარჯების დამფარავ სალაროდ მიიჩნეოდა. პრეზიდენტ შევარდნაძისა და რკინიგზის "შეფის", აკაკი ჩხაიძის ფინანსური ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ იმ პერიოდში იყო ცნობილი, როდესაც ეს უკანასკნელნი თავთავიანთ პოსტებს ფლობდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი აკაკი ჩხაიძე რკინიგზის ფინანსების მითვისებისა და არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააპატიმრეს და "თავისუფლების გამოსასყიდად" მილიონობით ლარი გადაახდევინეს.

წესით, ამ პრეცედენტის შემდეგ რკინიგზაში კორუფცია უნდა აღმოფხვრილიყო, მაგრამ ასე არ მომხდარა. აკაკი ჩხაიძის პრეცედენტი შპს "საქართველოს რკინიგზაში" ჭკუის სასწავლებელ მაგალითად არ გამოდგა. ტენდენცია გაგრძელდა. ჩხაიძის შემდეგაც უწყებაში ყველა მაღალი თანამდებობა სახელისუფლებო ელიტის წევრთა ოჯახის წევრებმა დაიკავეს. "შავი ფულის" საკეთებლად კი ძველი სქემებიც შეინარჩუნეს და ნოვაციებიც დანერგეს.

შპს "საქართველოს რკინიგზა" ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით არის დაფუძნებული. შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატას ევალება მისი შემოწმება. მაგრამ 2005 წლის შემდეგ რკინიგზაში კონტროლის პალატა არ შესულა. 2002-2005 წლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად კი, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის გია ყრუაშვილის თქმით, კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფის უფროსი ბუბაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს. ბუბაშვილს ქრთამი იმიტომ მისცეს, რომ რკინიგზის შემოწმების შესახებ სარევიზიო აქტები მაქსიმალურად მსუბუქ ფორმებში დაეწერა (ანუ დანაშაულები დაეფარა). გია ყრუაშვილის ინფორმაციით, ამ `მომსახურებაში~ რკინიგზამ ბუბაშვილს 3 მილიონი ლარი გადაუხადა.

კონტროლის პალატის შემდეგ "საქართველოს რკინიგზა" ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა. შემოწმება 2005 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ფინანსური პოლიციის სარეზერვო აქტებში უამრავი ფინანსური დარღვევაა აღნიშნული. ფაქტობრივად, ამ პროცესს შეეწირა რკინიგზის იმდროინდელი ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.

ნეპოტიზმი, ანუ ნათესაური კლანები რკინიგზაში

2005 წლის ოქტომბრიდან რკინიგზა ირაკლი ეზუგბაიამ ჩაიბარა. სწოპრედ, ამ პერიოდიდან დაიწყო უწყებაში ახალი კლანის ჩამოყალიბებაც. ეზუგბაიას კანდიდატურის გასაყვანად იმდროინდელი ფინანსური პოლიციეს ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე და პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იბრძოდნენ.

რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გია ყრუაშვილი ამბობს, რომ ეზუგბაიამ რკინიგზაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (ფინანსურ და კომერციული დირექტორების პოსტებზე) თელასის ყოფილი თანამშრომლები დანიშნა. მათთან მეგობრული კავშირი ირაკლი ეზუგბაიას თელასში მუშაობის პერიოდიდან ჰქონდა.

გია ყრუაშვილი იმასაც ამბობს, რომ, თუ აკაკი ჩხაიძის ხელმძღვანელობის პერიოდში რკინიგზის ადმინისტრაციაში დაახლოებით 400 კაცი მუშაობდა, ეზუგბაიას დროს უწყებაში დასაქმებულთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ამა თუ იმ დარგში რეფორმა კადრების ოპტიმიზაციით (რაც უამრავი ადამიანის შემცირებით გამოიხატა) დაიწყო, ნათელი გახდება, რომ რკინიგზაში "სხვაგვარი რეფორმა" გატარდა. საყურადღებოა ისიც, რომ კადრების დანიშვნისას გადამწყვეტი იყო ნათესაობა და პირადი მეგობრობა და არა _ პროფესიონალიზმი. სხვაგავარად ძნელად ასახსნელია რკინიგზაში ამდენი სახელმწიფო მოხელის ახლობლისა და ნათესავის თავმოყრა.

ასე მაგალითად: საქართველოს რკინიგზის გენერალური ინსპექციის უფროსად, უწყების ხელმძღვანელად ეზუგბაიას მოსვლის შემდეგ, დაინიშნა გიორგი არველაძე, იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და შემდეგ ეკონომიკის მინისტრ გიორგი არველაძის ბიძაშვილი.. გია ყრუაშვილის ინფორმაციით, რკინიგზელმა გიორგი არველაძემ პოსტზე დანიშვნის დროს უწყებაში ყალბი დიპლომა წარადგინა (იმ პერიოდში სტუდენტი იყო). ეს ფაქტი ფინანსური პოლიციეს შემოწმების აქტებშიც არის ასახული. საქმე საგამოძიებო დეპარტამენტსაც გადაეცა, მაგრამ ამასობაში გიორგი არველაძემ მეოთხე კურსი დახურა, ნამდვილი დიპლომი მიიტანა და საქმეც მიჩუმათდა. ნამდვილი დიპლომის მიტანის შემდეგ გიორგი არველაძემ რკინიგზაში ფინანსური დირექტორის მრჩევლად თავისი ძმა ლევან არველაძც მიიყვანა. რკინიგზაში დღემდე მუშაობს აუდიტის სამსახურის (ყოფილი გენერალური ინსპექციის) უფროსის მოადგილედ გირგი არველაძის (მთავარის) ბიძა (დედის ძმა). თავად რკინიგზელი გიორგი არველაძე კი ჯერ დავით კეზერაშვილმა გადაიყვანა თავდაცვის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად, შემდეგ კი ისევ ბიძაშვილის დახმარებით კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

რკინიგზაში მუშაობის დროს გიორგი არველაძემ (ე.ი. რკინიგზელმა) თავი იმითაც გამოიჩინა, რომ აეროპორტის გზაზე სამსახურის ავტომანქანა, "ტოიოტას ჯიპი", დაამტვრია. მიუხედავად იმისა, რომ იგი აეროპორტის გზაზე სამსახურებრივი მოვალეობისწ შესრულების მიზნით არ მიდიოდა, გია ყრუაშვილის თქმით, ეზუგბაიამ რკინიგზის სახსრებიდან 5 ათასი ლარი გამოყო ავტომანქანის გასარემონტებლად, თავად ავარიის ფაქტი კი არ გაუხმაურებია.საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ზაქარიაძეც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის, ახლობლად და მარჯვენა ხელად მიიჩნევა.

რკინიგზაში დასაქმებულ ჩინოვნიკთა ახლობლების სიაში მოწინავე ადგილები უკავიათ ასევე ნოდარ ბალავაძეს, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძის მამას. იგი ინფრასსტრუქტურის დირექტორის მოადგილეა და 4000 ლარამდე იღებს ხელფასს; გიორგი ალექსიშვილს _ გენერალური პროკურორის, ეკა ტყეშელაშვილის, მეუღლეს. იგი რკინიგზის გენერალური დირექტორის კონსულტანტია და 5000 ლარზე მეტ ხელფასს იღებს; მიხეილ მაჭავარიანის კადრებად მიიჩნევიან რკინიგზის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ჩხეიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა სტეფნაძე...

დანაშაული დოკუმენტებით დასტურდება

როგორც აღვნიშნეთ, 2006-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატას რკინიგზაში შემოწმება არ ჩაუტარებია. თუმცა, ამ პერიოდში რკინიგზაში მიმდინარე პროცესები ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლა. გამოვლინდა უამრავი ფინანსური დარღვევა, რომელიც რევიზიის შედეგად შედგენილ აქტებში აისახა. შემოწმებას ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორები თ. წიკლაური და მ. ჩაგუნავა ახორციელებდნენ.

ფინანსური პოლიციის დასკვნით რამაზ გიორგაძემ შპს "საქრკინიგზაში" კომერციულ დირექტორად მუშაობისას სახელმწიფო 20 მილიონზე მეტი ლარით დააზარალა. საზღვარგარეთიდან შემოტანილი ქათმის ბარკლების გადაზიდვა ფოთიდან თბილისში, როგორც წესი, ვაგონ-თერმოსებითა და ვაგონ-საყინულეებით ხორციელდება. თუმცა, ფინანსური პოლიციის დასკვნით, ეს ვაგონები ღია ტიპის სატვირთო ვაგონებად გააფორმეს საბუთებში (ღია ვაგონით ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვა 22 ლარით იაფი ჯდება). ამ ოპერაციით რკინიგზამ ყოველი ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვაში 22 ლარი იზარალა.

ასევე ფინანსური პოლიციის დასკვნით, რამაზ გიორგაძემ ოფიციალურ დოკუმენტებში აჩვენა, თითქოს აგარის შაქრის ქარხანა დღე-ღამეში 50-100 ვაგონამდე ტვირთს იღებდა; მაშინ, როდესაც სპეცლიმიტით დაშვებული და შესაძლებელია მხოლოდ 9 ვაგონის დაცლა-დამუშავება. ცხადია, ამ ქმედებით ვაგონები მოაცდინეს, რის გამოც საქართველოს რკინიგზას დსთ-ის ქვეყნების მიმართ 10 მილიონ დოლარზე მეტი დავლიანება დაერიცხა. ეს თანხა სახელმწიფომ იზარალა.

ფინანსური პოლიციის შემოწმების აქტებიდან (მაგალითად, 2006 წლის 13 სექტემბრით დათარიღებულიდან) ირკვევა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ დარღვევებში არის მხილებული საქართველოს რკინიგზის იმდროინდელი ფინანსური დირექტორი ამირან თევზაძე. ამის გამო იგი დაპატიმრებულიც კი იყო და, საპროცესო შეთანხმებით, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თევზაძე რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ეზუგბაიამ თავის მრჩევლად დანიშნა და 5800 ლარი ხელფასი დაუნიშნა.

შპს "საქართველოს რკინიგზის" ეკონომიკური სამსახურის უფროსი თამაზ ციხელაშვილიც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს პატიმრობიდან. გათავისუფლების შემდეგ ეზუგბაიამ იგი კომერციული საქმიანობის პროცედურებისა და პირობების ცენტრის უფროსად დანიშნა. საქართველოს რკინიგზის მოძრაობის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ბაბუნაშვილიც საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, იგი, ეზუგბაიას გადაწყვეტილებით, ამჯამად იმავე თანამდებობაზე მუშაობს.

მემანქანეების მონათხრობი, ანუ _ მგზავრებო, გეშინოდეთ მკბენარების

შპს "საქართველოს რკინიგზაში" არსებული კორუფციისა და ნეპოტიზმის ფონზე დღითიდღე უარესდება მოქალაქეთა სამგზავრო პირობები. მათ არა მხოლოდ არაკომფორტულ პირობებში უწევთ მგზავრობა მატარებლის გაუმართაობის გამო, ხშირად საფრთხის წინაშეც კი დგანან. სამგზავრო ვაგონებში ყველაზე მეტ დროს მემანქანეები ატარებენ, სწორედ, მათ ხელშია ათეულობით ათასი მგზავრის სიცოცხლეც.

რკინიგზაში არსებული სიტუაციის შესახებ ნათელ წარმოდგენას თავად მემანქანეების მონათხრობი გვიქმნის. მათი უმრავლესობა სახლში თვეში მხოლოდ ათ დღეს ატარებს, საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობენ, მაგრამ პრობლემებზე ღიად საუბრისგან მაინც თავს იკავებენ (ეშინიათ, ის ხელფასიც არ დაკარგონ, რომელსაც იღებენ), ანონიმურად კი გულწრფელად გვიყვებიან რკინიგზაში საკუთარი თვალით დანახულ პრობლემებზე.

"ტელევიზორში გამოდიან და ამბობენ, რკინიგზაში ახალი სექციები გამოვიდა, მოდერნიზებულიო. ეს არ არის სიმართლე. რამდენიმე მატარებელი ჩვენთან ააწყვეს, თავადაც არ იცია, რა სქემის მიხედვით, ძრავები და ყველაფერი ძველი აქვს, მხოლოდ იატაკი შეუცვალეს და გარედან შეღებეს. სულ ეს არის, ამას ეძახიან ახალ მატარებლებს. მთელი ნაწილები იგივეა. არადა, იმდენი ფული გადაიხადეს, მაგ ფასად, მგონი, ორჯერ მეტს იყიდდნენ ახალს.

ახალი სექციები 5 წლის წინ, მართლაც, ჩამოიყვანეს რიგიდან, 4 წელი იმუშავა. რემონტი არ დასჭირვებია. მერე გაუცვდა გოგორწყვილები, ახლა შესაცვლელია, მაგრამ, რომ შეცვალონ, რიგიდან უნდა ჩამოიტანონ ნაწილები, ამიტომ დღეს ეს მატარებელი არ მუშაობს.

ფოთის მატარებელი დადის ერთი, ღამის მატარებელია, მხოლოდ დასაჯდომი სკამებია. მგზავრი მთელი ღამე სკამზე უნდა იჯდეს, აბა, ის კმაყოფილი იქნება მგზავრობით?

მემანქანეებს სამუშაო საათების მიხედვით გვიწერენ ხელფასს. აქამდე 3 ლარი იყო ერთ საათზე, ახლა 4,05 თეთრია მემანქანის `სტავკა~. ყველაზე ბევრი 700 ლარამდე შეიძლება გამოგვივიდეს ხელფასი, ეს მაშინ თუ დატვირთვით ვიმუშავებთ. ხელზე ვიღებ 650 ლარამდე, მაგრამ ხარჯიც ბევრი მაქვს. საღამოს რომ წავალ რეისში (ფოთში), მეორე დღეს არა და, მესამე დღეს ჩამოვდივარ სახლში. დღეში 2-ჯერ ხომ მაინც მინდა ჭამა, ორო `პაჩკა~ სიგარეტი ხომ მინდა? მატარებლებს ხშირად გზაში ვარემონტებთ ხოლმე. ბოლო დროს ნაწილებიც აღარ გვაქვს. `კალოტკა~ რომ მოიტანონ, ტენდერი უნდა ჩატარდესო.

ვაგონებში საშინელი ანტისანიტარიაა, ხსნარებს არ ასხამენ და ჭიები და მკბენარები ჩნდებიან. კაცს რომ დაკბენს, მერე კი არ უნდა დაასხა ხსნარი, მანმადე უნდა დაასუფთავო, მკბენარი რომ არ გაჩნდეს. თაგვებიც არიან. მემანქანის კაბინაში საჭმელს ვერ ვინახავთ. რამდენჯერმე მაღაზიაში ნაყიდი საჭმელი თაგვებმა შეგვიჭამეს. მკბენარებზე ხომ სასწაულია! ფოთის მატარებელზე რომ გითხარით, მხოლოდ სკამებია-მეთქი, იმ ხის სკამების ქვეშ იმდენი მკბენარი ბუდობს... გინდა, ახლავე წავიდეთ, წავუკიდოთ გაზეთს ცეცხლი და შევუნთოთ, თავად დაინახავ, რამდენი მკბენარი დადის იქ, როგორ დაცოცავენ ბაღლინჯოები."

"მემანქანის თანაშემწედ ვმუშაობ. კატასტროფული მდგომარეობაა მთელ სისტემაში. ყველგან თავიანთი ხალხი დაასაქმეს უფროსებმა, თუკი ნათესავი ჰყავთ სადმე, ყველა რკინიგზაში მოიყვანეს. ახლახან დეპარტამენტიდან ცალკე გამოყვეს სამგზავრო სამსახურეი. ადრე, 100-120 მატარებელი რომ დადიოდა, 4-5 კაცი იყო უფროსი და ახლა 150 კაცია ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" სამსახურში. ყველაზე დაბალი ხელფასი 800 ლარი აქვთ. არაფრის გამკეთებლები არიან. ტყუილად იღებენ ხელფასს. ელემენტარული საბუთების გასაკეთებლად რომ მივდივართ ღამენათევი, ნამუშევარი ხალხი, სხედან, სულ ყავას სვამენ და გვეუბნებიან: აუ, ერთი საათი დაგველოდე, ნახევარი საათი კიდე დაგველოდეო. ნერვების შლაა ყველაფერი...

თვეში 400 ლარამდე მიწევს ხელფასი, თუ საათებს ვერ შევასრულებ, ამდენს ვერ ავიღებ. სულ 22 მემანქანეა. ახლა კიდე ახლები მოიყვანეს და ნორმას ვეღარ ვასრულებთ. ერთი რეისი რომ მომიწევს, 5 დღე სახლში ვზივარ, სულ სამი მატარებელი დადის და.. ვინც "ჩამშვები" ან "ადმინისტრაციის კაცია", მეტს მუშაობს. ვინც ადმინისტრაციას ფეხებს ბანს, ის უფრო დაფასებულია.

ხელფასს 5 რიცხვამდე უნდა ვიღებდეთ ყოველთვის, მაგრამ ზოგჯერ გვიგვიანებენ. ხან 12-შიო, ხან 13-შიო. არადა, ბანკიდან სესხი მაქვს აღებული, როდესაც ხელფასი გვიანდება, ბანკში სესხის დაგვიანებისთვის პროცენტის გადახდა მიწევს."
რკინიგზის მომსახურებით მოსარგებლე მგზავრებს მხოლოდ ანტისანიტარია და არაკომფორტული გარემო არ აწუხებთ. ბევრ რეგიონში მათ ბილეთის საფასურსაც ხელოვნურად უზრდიან, მაგალითად, ხობის რაიონში. რეგიონული ჟურნალის "ღია ბოქლომის" რედაქტორი ილია ჩაჩიბაია, თავად შეესწრო მსგავს ფაქტებს.
"კონკრეტულ ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობის დროს ხობის რაიონში ჩასვლა მომიხდა. იქ ბევრ მოსახლეს გავესაუბრე. სხვა პრობლემებთან ერთად, ხობის რკინიგზის სადგურში არსებულ დარღვევებზეც მიამბეს. მითხრეს, რომ ყოველ ბილეთზე მოლარე 1 ლარს ამატებდა. თუ ხობიდან თბილისამდე "კუპეთი" მგზავრობა 11 ლარი ღირს, ხობელებს 12 ლარს ახდევინებენ; "პლაცკარტის" ბილეთში კი 5,5 ლარის ნაცვლად, 6,5 ლარს.

ხობიდან თბილისის რკინიგზის ადმინისტრაციას დავუკავშირდი და მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოვთხოვე. დამიზუსტეს, რომ `კუპე~ 11 ლარი ღირდა, `პლაცკარტი~ კი _ 5,5 ლარი. ეს თანხები თავად ბილეთებზეც ასე ეწერა. საკითხით დავინტერესდი და ხობის რკინიგზის სადგურში მივედი. ხობის სადგური ღამის 11 საათზე გაიხსნა და რიგში მდგომმა ხალხმა ბილეთების ღება დაიწყო. ყველა მგზავრს ერთი ლარით მეტი გადაახდევინეს. მგზავრებს გავესაუბრე და ვთხოვე, ბილეთები ეჩვენებიათ. მითხრეს, რომ თავადაც იციან, ბილეთზე რომ სხვა თანხა წერია და სალაროში სხვა თანხას იხდიან, მაგრამ საკუთარი სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვეს: ერთმა, ხობის სადგურის უფროსი ჩემი ნაცნობიაო, მეორემ _ მეორედ ბილეთს აღარ მომყიდიანო.

როდესაც რიგი დასრულდა, მოლარესთან მივედი. თავი წარვუდგინე, ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ბილეთების ფასით დავინტერესდი. მიპასუხა, რომ ბილეთის საფასური ასეთია და ის არაფერს უმატებს. სახელი და გვარი რომ ვკითხე, უხეშად მიპასუხა. შემდეგ დირექტორთან დაკავშირება რომ მოვთხოვე, ფანჯარა მომიხურა და სალარო დაკეტა.
ხობის სადგურში დღეში, საშუალოდ, 200 ბილეთი იყიდება. უხეში გათვლებით, ყოველდღიურად სადგურის დირექცია და მოლარე არაოფიციალურად 200 ლოარს აკეთებენ, რაც თვეში 6 ათას ლარს, წელიწადში კი 72 ათას ლარს შეადგენს. მიმაჩნია, რომ საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და ხობის მოსახლეობას არაოფიციალურად თანხები აღარ უნდა წაართვან.

დოკუმენტებში გაყალბებული რიცხვები

შპს "საქართველოს რკინიგზაში" არსებულ მდგომარეობაზე 2008 წლის 1 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა კონსერვატორმა დეპუტატმა ბიძინა გუჯაბიძემ. შემდეგ ფინანსური პოლიციეს აქტებზე დაყრდნობით პროკურატურაში საჩივარიც შეიტანა. კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადა გავიდა და დეპუტატს პროკურატურიდან არც უარყოფითი პასუხი მოსვლია და არც დადებითი. ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ერთადერთი "რეაგირება" რაც პრესკონფერენციას მოჰყვა, იყო ის, რომ რკინიგზაში ოთხნიშნა ციფრებით გამოხატული ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდეს და გადაწყვეტილებები დოკუმენტებში უკანა რიცხვით გააფორმეს.

ჟურნალმა "სიტყვამ" მართლაც, მოიპოვა ერთ-ერთი დოკუმენტი – შპს "საქართველოს რკინიგზის" ბრძანება. დოკუმენტი 2008 წლის 21 იანვრით თარიღდება და შპს "საქართველოს რკინიგზის" მართვის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებებსა და დამატებებს ეხება. საყურადღებოა ერთი ფაქტი: დოკუმენტში წერია: 5. კოსულტანტი დაექვემდებაროს გენერალური დირექტორის მოადგილეს, გ. გაგნიძეს და შევიდეს შესაბამისი ცვლილებვა 2008 წლის 22 იანვრის ნ 69/გ ბრძანებით დამტკიცებულ შპს "საქართველოს რკინიგზის" სტრუქტურული ერთეულების სახელშეკრულებო ფონდში" ანუ 21 იანვრის დადგენილებაში საუბარია 22 იანვრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანაზე და იქვე აღნიშნულია სარეგისტრაციო ნომერიც.

რკინიგზაში დანაშაულში ეჭვმიტანილები ბრუნდებიან

ბიძინა გუჯაბიძე: "საქართველოს რკინიგზაში რამდენიმე ტიპის კორუფციული სქემა მოქმედებს. მათგან ერთ-ერთია სატარიფო პოლიტიკა _ სატარიფო პოლიტიკის დროს თითო ცენტით მერყეობა დიდი ოდენობის თანხის დაგროვებას იწვევს. როდესაც რკინიგზის ხელმძღვანელობა კორუფციულ გარიგებას სდებს გადამზიდთან და ტვირთის მეპატრონესთან უკანონო გზით შეგროვილი თანხები მილიონობით ლარს აჭარბებს.

გამუდმებით მიმდინარეობს ასევე რკინიგზის ქონების დატაცება, მრავლად არის მარაგნაწილებისა და რკინიგზის ვაგონების ჯართად ჩამოწერის ფაქტები.
რკინიგზაში დღეს მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ უწყებაში წლების განმავლობაში ფინანსურ დარღვევებს ჩადიოდნენ. მაგალითად, რამაზ გიორგაძე. ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო დაპატიმრებულიც იყო, ახლახან კი ყარსი-მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა ჩააბარეს.

საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ასევე რკინიგზაში დაბრუნდნენ ამირან თევზაძე, თამაზ ციხელაშვილი, ანზორ ბაბუნაშვილი... საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის "გამარჯვებას" მოხმარდა რკინიგზის ქვედა რგოლებში დასაქმებული პერსონალის ხელფასის გასაზრდელად გამიზნული 80 მილიონი ლარი. სალოკომოტივი დეპოში დაბალი ხელფასების გამო პროტესტის ნიშნად შეკრებილ მომსახურე პერსონალს ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" დირექტორმა თემურ ბულიამ პირდაპირ უთხრა, ხელფასებს ვეღარ მოგიმატებთ, არჩევნები 80 მილიონი ლარი დაგვიჯდა და რესურსი არარ გვაქვსო.

30 იანვარს თბილისის სალოკომოტივო დეპოს საწყობიდან 143351 ლარის ღირებულების სპილენძის ელექტრომოწყობილობები და საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულების ხელსაწყოები დაიკარგა. შეუძლებელია, ამ ოდენობის ხელსაწყოების გატანა ვინმეს არ შეემჩნია _ ამას ჩანთით ვერ გაიტანდნენ. არსებობს მეორე ვარიანტიც _ შეიძლება საწყობში არც არაფერი იყო და ქურდობის სცენარი, უბრალოდ, გაითამაშეს."

ჩვენ მიერ მოძიებულ ფაქტებზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ შპს "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებს. ამ მიზნით დავუკავშირდით რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ქალბატონ ირმა სტეფნაძეს. იმ შემთხვევაში, თუ პასუხები იქნებოდა არგუმენტების შემცველი და ჟურნალისტური გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი პუბლიკაციის აქცენტები შეიცვლებოდა.

რკინიგზის წარმომადგენლები ღია დიალოგზე არ წამოვიდნენ. ჩვენ მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებზე პასუხის გაცემა წერილობით შემოგვთავაზეს _ იმის გათვალისწინებით, რომ პასუხები, მართლაც, მოითხოვდა შესაბამისი დოკუმენტების გადახედვას, მათი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღები იყო. მაგრამ პასუხები. რომლებიც 2 დღის მუშაობის შედეგად მოამზადეს და რომლებიც, როგორც შუალედური საუბრის დროს თავადვე გვითხრეს, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან გადამოწმდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, არც ერთ სერიოზულ არგუმენტს არ შეიცავს. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე კითხვას თავის პასუხთან ერთად უცვლელად გთავაზობთ და შეფასება თავად მკითხველისთვის მიგვინდვია.
_ როგორ შევიდა 2008 წლის 21 იანვრის დოკუმენტში დირექტივა 22 იანვარს, ანუ მეორე დღეს, გამოცემულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ?
_ შპს "საქართველოს რკინიგზაში" გადაწყვეტილების მიღებიდან ბრძანების გამოსვლამდე დოკუმენტი რამდენიმედღიან შიდა პროცედურალ ეტაპებს გადის. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ შპს `საქართველოს რკინიგზას~ საპრეზიდენტო არჩევნები 80 მილიონი დაუჯდა. რა კომენტარს გააკეთებთ ამის შესახებ?
_ ამ აბსურდულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ.
_ ფინანსური პოლიციის აქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რკინიგზაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებით არიან გათავისუფლებულები. მაგალითად, ამირან თევზაძე, თამაზ ციხელაშვილი, ანზორ ბაბუნაშვილი... რა პრინციპით დაინიშნენ ისინი ხელმეორედ საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე?
_ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებამოსილების ჩამორთმევას. ამ სასჯელის შეფარდება ხდება სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების და წაყენებული ბრალის ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად.

აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი საქმის არსიდან გამომდინარე არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული ამირან თევზაძისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებამოსილების ჩამორთმევა.
რაც შეეხება თამაზ ციხელაშვილს, იგი ჯერ კიდევ წინა წელს გათავისუფლდა
დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ანზორ ბაბუნაშვილი არ ყოფილა დაკავებული, შესაბამისად არც საპროცესო გარიგებით არის გათავისუფლებული.
_ ხობის სადგურში ბილეთებში მგზავრებს "პლაცკარტში", 5,5 ლარის ნაცვლად 6,5 ლარს ახდევინებენ, ხოლო "კუპეში", 11 ლარის ნაცვლად _ 12-ს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბილეთებზე რეალური ფასები აწერია, და არა ის თანხა, რომელსაც მოლარე ითხოვს...
_ საქართველოს რკინიგზის ფილიალი `მგზავრთა გადაყვანა~ სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს დაიცვას მგზავრთა ინტერესები. ნებისმიერ სამგზავრო სადგურში სალაროებთან გამოკრულია თვალსაჩინოებები, სადაც მითითებულია სამგზავრო ბილეთის ღირებულება, მგზავრი ვალდებულია გარკვეულწილად თავადაც დაიცვას საკუთარი უფლებები. მოქმედებს გაბილეთიანების სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ ბილეთის ერთი ნაწილის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა გვაქვს მსგავსი დარღვევა გადავამოწმოთ. (ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც რკინიგზის ხელმძღვანელობას საშუალება აქვს გადაამოწმოს მოლარის კეთილსინდისიერება). ასევე მოქმედებს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სისტემატურად ეწევა ფილიალ მგზავრთა გადაყვანის მონიტორინგს.

საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს ნებისმიერ მგზავრს დარღვევების შესახებ აცნობოს ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ასევე დაგვიკავშირდნენ რკინიგზის ცხელ ხაზზე ნომერზე 56 42 27.

_ 30 იანვარს გაიქურდა თბილისის სალოკომოტივო დეპოს საწყობი. მოპარულია 143 351 ლარის ღირებულების სპილენძის ხელსაწყოები და ელექტრომოწყობილობები. რამდენად დაცულია მსგავსაი ობიექტები და როგორ გახდა შესაძლებელი ამ ოდენობის სპილენძის მოწყობილობების შეუმჩნევლად გატანა?

_ დანაშაულის გამოვლენისთანავე ინფორმაცია მიეწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, აღნიშნულ დანაშაულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
_ მგზავრების დიდი ნაწილი გამოთქვამს პროტესტს ანტისანიტარიასთან დაკავშირებით. რატომ არ სუფთავდება სათანადოდ სამგზავრო ვაგონები?

_ ყოველდღიურად, სამგზავრო რეისის შესრულებამდე მიმდინარეობს ვაგონების წმენდა-დასუფთავება, ვაგონის ინვენტარის სანიტარული დამუშავება, დეზინფექცია, დეზინსექცია.

Saturday, January 29, 2011

კანონი – ეს მე ვარ!


ჟურნალისტური გამოძიება
20.08.2009
როდესაც მართლმსაჯულება პრეზიდენტს თვალებში უყურებს
მადლენ მაჭარაშვილი

მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილებს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისში შეუფარდა. ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადაც გასულია და წინასწარი გამოძიებაც –დასრულებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია საქმის განხილვას 21 აგვისტოს დაიწყებს. მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 42 ადამიანის ბედის განსაზღვრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

სამხედრო ამბოხის მცდელობაში ეჭვმიტანილთა საქმე გრიფით საიდუმლო რეჟიმში განიხილება. შესაბამისად, სასამართლო განხილვებამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია ბრალდებულთა ადვოკატებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი.

ბრალდებულების დიდი ნაწილი გლდანის საპატიმროში, რამდენიმე კი ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ყველა მათგანს უკვე გადაეცა საბრალდებო დასკვნა. მუხროვანის საქმეზე ამ დროისთვის ათეულობით ტომი და 90-გვერდიანი საბრალდებო დასკვნაა დაწერილი. თუმცა, ადვოკატების მტკიცებით, მათთვის ხელმისაწვდომ მასალებში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დამნაშავეობას დაადასტურებდა.


ბრალდება

არშემდგარი სამხედრო ამბოხის ისტორია 5 მაისის მუხროვანის მოვლენებით დაიწყო. შს სამინისტროს მიერ ტელეეთერით გავრცელებული ოპერატიული ვიდეომასალით ცნობილი გახდა, რომ 5 მაისს, დილით, მუხროვანის ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა –ტანკები უკვე დაქოქილი იყო და ბატალიონი საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა.

შსს-ს ვიდეომასალაზე, რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური (90-იან წლებში) გია ღვალაძე და კობა ოთანაძე არიან ასახულები. ვიდეომასალის თანახმად, სწორედ, ისინი უწევდნენ ორგანიზებას სამხედრო ამბოხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო ამბოხი „რუსულ წრეებთან“ იყო შეთანხმებული (მათგან დავალებებთან ერთად ფულსაც იღებდნენ) და ის, მინიმუმ, საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, მაქსიმუმ – ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამხედრო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად.

ბრალდებულთა დიდი ნაწილი სამართალდამცავებმა 5 მაისსვე დააკავეს. ამბოხის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი პირები კი – 20 მაისს, გვიან ღამით.

შსს-ს განცხადებით, ამ უკანასკნელთა დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისის მახლობლად, თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარდა. იმავე უწყების ოფიციალური ცნობის თანახმად, სპეცოპერაციის დროს ორმხრივ სროლაში დაიღუპა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი. კრიალაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს, მძიმედ დაშავებული ოთანაძე და ამირიძე კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალი 21 მაისს საავადმყოფოშივე წაუყენეს.

მძევლები

ეჭვმიტანილების აყვანამდე სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილთა ოჯახის წევრები დააკავეს.

მუხროვანის ამბოხიდან ერთი კვირის თავზე, 12 მაისს, კობა ოთანაძის ძმას ნუგზარ ოთანაძეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

20 მაისს, გამთენიისას, სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ოთანაძის მეორე ძმა, ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე გულო დარიძე და 19 წლის ვაჟი გიორგი ოთანაძე. სამართალდამცავებს „მოდულის“ შენობაში ოთანაძეების სულ11 ნათესავი ჰყავდათ დაკავებული.

ჯიმშერ ოთანაძე და მისი ოჯახის წევრები გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

ჩვენთან საუბრისას ადვოკატმა ონისე მებონიამ აღნიშნა, რომ ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე და შვილი ისე დააკავეს და გაათავისუფლეს სამართალდამცავებმა, რომ არანაირი პროცედურული წესი არ ყოფილა დაცული:

„როგორც წესი, როდესაც ადამიანს აკავებენ, ივსება დაკავების ოქმი, რომელშიც მითითებულია, თუ რაში არის ის ეჭვმიტანილი. შემდეგ, თუ არ დასტურდება ეს ეჭვი, მას ათავისუფლებენ სასამართლოს ცნობით, რომელშიც აღნიშნულია ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავებისა და გათავისუფლების მიზეზების შესახებ. თუ ასეთი დოკუმენტი არ ახლავს ადამიანის გათავისუფლებას და არ არსებობს არც დაკავების ოქმი, გამოდის, რომ ადამიანები ძალოვანებს უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებულები და ისინი მძევლები იყვნენ. მეორე მხრივ, გათავისუფლების დოკუმენტის არარსებობა სამართალდამცავ ორგანოებს ამ ადამიანების თავისუფლების საკითხით მანიპულირების საშუალებას აძლევს: ანუ მათ რჩებათ შესაძლებლობა, იმავე ეჭვის საფუძველზე პიროვნება კიდევ ერთხელ დააკავონ“.

პოლიციის ტყვიები ცხედარში არ რჩებიან

როგორც აღვნიშნეთ, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიალაშვილი პოლიციასთან გაწეული წინააღმდეგობის დროს ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა.

გია კრიალაშვილის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ კი კრიალაშვილის მეუღლემ პრესის წინაშე განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნატყვიარი არ ჰქონდა, საეჭვოდ მიიჩნია ისიც, რომ მიცვალებულს ერთ დღეში თავი გაუსივდა.

ჩვენ დავუკავშირდით გია კრიალაშვილის ახლობლებს. მისი დის, ლია კრიალაშვილის, ოჯახი ამტკიცებს, რომ კრიალაშვილს მუხროვანის ამბოხთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ოჯახს ამის თქმის საფუძველს ის აძლევთ, რომ იმ პერიოდში იგი დის სახლში იმყოფებოდა.

გია კრიალაშვილის დისშვილი: „იმ ღამეს, მუხროვანში რომ ამბოხის მცდელობა იყო, გია ნამდვილად სახლში იყო. დილის 7-8 საათამდე არ მეძინა და ზუსტად ვიცი, რომ სახლში იყო. ერთად გავათენეთ, ფილტვების ანთება მქონდა და ვერ ვიძინებდი. მთელი ღამე ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. 9 საათი იქნებოდა, რომ ჩამეძინა. დილის 10 საათზე კი გია უკვე აღარ იყო სახლში. დედა ტელეფონზე ურეკავდა, მაგრამ გამორთული ჰქონდა. 12-ზე ტელევიზიით შევიტყვეთ მუხროვანის ამბოხის შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იშვიათად იყო. მეუღლესთან გაშორებული იყო და უკრაინაში ცხოვრობდა. 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე ვიზის გასაგრძელებლად, რადგან უკრაინის მოქალაქე არ იყო, ვიზა სჭირდებოდა. 27 აპრილს წავიდა ბოლოს, მერე 3 დღეში ისევ ჩამოვიდა. არადა, ნათქვამი ჰქონდა, რომ დიდი ხანი აღარ ჩამოვიდოდა. არ ვიცი, ვინ და რატომ ჩამოიყვანა. რომ დაბრუნდა, გაგვიკვირდა. აპრილში აღდგომის მარხვას იცავდა. დღე სულ ეკლესიაში დადიოდა, სხვაგან არსად ყოფილა, საღამოობით კი მამაჩემთან ერთად ნარდს თამაშობდა ხოლმე.

როდესაც მკვდარი მოგვიყვანეს სახლში, დედამ თქვა, ადვოკატი ავიყვანოთო. სატელეფონო ზარებით უცნობი პირები გვაფრთხილებდნენ, ჯობს, ხმა არ ამოიღოთ, თორემ უარესი იქნება თქვენთვისო და გავჩერდით. გიას ორი შვილი ჰყავს, ბიჭები, და არ გვინდოდა, იმათთვისაც პრობლემები შეგვექმნა. არ ვიცით, რა გავაკეთოთ.

გვითხრეს, ექსპერტიზა ჩაუტარდაო, მაგრამ ექსპერტიზის პასუხი ჩვენთვის არ მოუციათ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვითხოვეთ. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ოფიციალური ნებართვა არ მოგვცეს. მერე მოვიყვანეთ კერძო ექსპერტი და იმანაც უარი გვითხრა ექსპერტიზაზე, რა აზრი აქვს, ვერაფერს ვიტყვი, თანაც არაოფიციალურ ექსპერტიზას კანონიერი ძალა არ ექნებაო.

ერთი კვირის წინ რაღაც ცნობა დაგვჭირდა და დედამ ვერ აიღო. ვერ მოგცემთ საბუთს, რადგან კომპიუტერული სისტემა აჩვენებს, რომ ძებნაშიაო. საინტერესოა, სადღა ეძებენ მოკლულ კაცს?“

გია კრიალაშვილი რომ სპეცოპერაციის დროს ოთანაძესთან და ამირიძესთან არ იმყოფებოდა, ეს სამართალდამცავებისთვის მიცემული პირველი ჩვენებით კობა ოთანაძემაც დაადასტურა.

მანამდე კი მოახერხა, საავადმყოფოში მისული ადვოკატისთვის, ონისე მებონიასთვის, ეთქვა, რომ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დროს გია კრიალაშვილი მათთან საერთოდ არ ყოფილა. მათ არც იარაღი ჰქონიათ და, ბუნებრივია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმელებს ვერც შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ისინი სამარშრუტო ტაქსში ჩასხეს, შემდეგ კი იქ მყოფმა პირებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ტაქსშივე ჩაცხრილეს.

მოგვიანებით ოთანაძემ გამოძიებისთვის მიცემული ეს ჩვენება უარყო.

ონისე მებონია: „არ ვიცი, ამ წუთებში ოთანაძის რომელი ჩვენება აქვს გამოძიებას. მე რაც ვთქვი, იყო აბსოლუტური სიმართლე. შემდეგ ის იყენებდა დუმილის უფლებას, არ ვიცი, რატომ შეცვალა პოზიცია“.

საინტერესოა, სასამართლო გაითვალისწინებს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ საეჭვო გარემოებებს რომელთათვისაც, ჩვენი ინფორმაციით, ძიებას ყურადღება არ მიუქცევია, და –მათგან ერთ-ერთ ყველაზე მთავარს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია სპეცოპერაციის ამსახველი დეტალები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია გვიან ღამით თბილისის მახლობლად ჩატარდა, სადაც, პოლიციის მტკიცებით, ძებნილებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა საყურადღებოა, რომ არ არსებობს ინფორმაცია სროლის დროს დაზარალებული თუნდაც ერთი პოლიციელის ან ამ ფაქტის დამადასტურებელი რომელიმე ნივთმტკიცების თაობაზე.

კობალაძის დაპატიმრება პრეზიდენტმა ბრძანა

მუხროვანის ამბოხის მომზადებაში სდებენ ბრალს გენერალ კობა კობალაძესაც, სამართალდამცავებმა ის 5 მაისს ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემის დროს დაააკავეს.

ქეთი ბექაური, კობა კობალაძის ადვოკატი: „ცალსახად და კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი გამოძიების მასალებში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ანუ არაფრით დასტურდება, რომ კობა კობალაძემ წინასწარ განზრახული დანაშაული ჩაიდინა.

ბრალდების ერთადერთი, „ოქროს მტკიცებულება“, არის ყოფილი სამხედრო პირის ვინმე გია ღვალაძის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ის ტელესპექტაკლი, რომელიც მან დადგა მთელი საზოგადოების წინაშე“.

კობალაძის ადვოკატები გია ღვალაძის სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვენ. ისინი ღვალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეჭვქვეშ იმის გამოც აყენებენ, რომ მან უკვე რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.

ქეთი ბექაური: „წინასწარი გამოძიების დროს შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილეს. მაგრამ დაცვის მხარემ მოვიპოვეთ გია ღვალაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელმაც ჩვენი ეჭვი დაადასტურა. ჯერ კიდევ 1998-2000 წლებში ავტოკატასტროფის შედეგად მან ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო, ჩაუტარდა ტრეპანაცია, უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა. 45 დღის განმავლობაში ტვინი გათიშული იყო და ადამიანი კომაში იმყოფებოდა, ფაქტობრივად, კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. ლითონის ფირფიტა უდევს თავში და ხელის კიდურშიც. არ შეიძლება, ასეთი ადამიანის ჩვენებას დაეყრდნოს გამოძიება, მას უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა და მისი ფსიქიკური სიჯანსაღე სათანადო კომპლექსურმა ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს. მანამდე ასეთი პიროვნების ჩვენება არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს.

ჩვენ დავკითხეთ ის მედპერსონალი, რომელმაც ღვალაძეს ოპერაცია გაუკეთა. მათი დაკითხვის მასალები გამოძიებას წარვუდგინეთ და საქმის მასალებში დევს. სასამართლოზე კვლავ ვიშუამდგომლებთ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით“.

გია ღვალაძის ჩვენების თანახმად, კობა კობალაძე მასთან ერთად იმყოფებოდა მცხეთაში, რესტორან „არაგვში“, სადაც საუბარი სამხედრო ამბოხსა და სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო. ღვალაძის თქმით, ეს შეხვედრა 25-27 მარტს შედგა.

გელა ნიკოლაიშვილი: „ჩვენ ამოვიღეთ მობილური ტელეფონის დეტალური მონაცემები – ანძების ადგილმდებარეობის განლაგების მიხედვით. დავადგინეთ, რომ 25-27 მარტს გენერალი კობა კობალაძე არ იმყოფებოდა არც მცხეთაში, რესტორან “არაგვში“, და არც ღვალაძის მიერ მითითებულ სხვა რომელიმე ადგილას. ანძამ დააფიქსირა ქუთაისი, კოპიტნარი, სამტრედია, მაგრამ ამ პერიოდში არც ერთხელ დაფიქსირებულა მცხეთა და რესტორანი “არაგვი“. შესაბამისად, ღვალაძის ჩვენება არის გამოგონილი“.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კობა კობალაძის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ ეს მობილური და ნამდვილად ამ ტელეფონით სარგებლობდა იმ დღეებშიც.

ქეთი ბექაური აღნიშნავს იმასაც, რომ რომ დღემდე გია ღვალაძე თბილისის მერვე საპყრობილეში პრივილეგიურ გარემოში იმყოფება, მის ოჯახზე კონსტიტუციურმა უსაფრთხოებამ და კონტრდაზვერვამ თავად იზრუნეს და ჯერ ბინა უქირავეს, მერე დაუგირავეს, მის ოჯახს და ბავშვებს მანქანებით ემსახურებიან. ადვოკატის თქმით, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კობალაძე პრეზიდენტის პირადი სურვილის გამო დააპატიმრეს.

„აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი, მთავარსარდალი, გამოვიდა და ტელეეთერით დასვა კითხვა: რატომ არის გენერალი კობალაძე თავისუფალი? ამით პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა სამართალდამცავებს, რომ მისთვის ამ ადამიანის თავისუფლება დაუშვებელია.

პრეზიდენტის ეს სიტყვები უაპელაციო მესიჯად მიიღო სასამართლომ, როდესაც პირს შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა; როდესაც გავასაჩივრეთ აღმკვეთი ღონისძიება და დაუშვებლად ცნო იგი სისხლის სამართლის სააპელაციო პალატამ; უარი მივიღეთ მაშინაც, როდესაც წინასწარი გამოძიების დასასრულს ვიშუამდგომლეთ, საქმის წარმოება შეწყვეტილიყო კობალაძის მიმართ, რადგან არსებული მტკიცებულებები არასაკმარისი იყო“.

თენგიზ კობალაძე, კობა კობალაძის მამა: „ჩემი შვილი ღვალაძეს საერთოდ არ იცნობდა. თანაც იმ დროს, როდესაც, ღვალაძის თქმით, თითქოს რესტორან „არაგვში“ ერთად ისხდნენ, კობა სინამდვილეში დასავლეთში იყო, გასვენებაში. მერე ერთად წავედით საქმეზე. პირველმა პირმა გადაწყვიტა მისი დაჭერა, იმ ბიჭს, უბრალოდ, ათქმევინეს. რატომ არ უნდა ევლო თავისუფლად? ყაჩაღია თუ რა? 4 შვილის მამაა და თავის ოჯახში იყო. არც ღვალაძეს იცნობდა და არც ოთანაძესთან ჰქონდა ბოლო დროს ურთიერთობა. 2001 წელს მათ შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ. მერე კობა ჩინეთში სწავლობდა – სამხედრო აკადემიაში. გორგასლის ორდენის მფლობელია, პრეზიდენტის მადლობებიც აქვს მიღებული. პირველი ინაუგურაცია მან მოუმზადა და აჭარაშიც გაჰყვა ასლან აბაშიძესთან.

ეროვნული გვარდიის სარდლობიდან თავად წამოვიდა. პრეზიდენტს რომ გამოეგდო, ვიფიქრებდი, გულში რაიმე წყენა ხომ არ ჰქონდა-მეთქი ჩადებული.

5-6 წელია, სამხედრო სამსახურისკენ არ გაუხედავს. შეხებაც კი არ აქვს კაცს ჯართან და ამბოხს ამზადებდაო, რომ ამბობენ, ეს ხომ აბსურდია.

სამი თვეა, გენერალი კაცი ვიღაცა გიჟის ორი სიტყვის გამო ჰყავთ დაჭერილი. გამოძიებამაც ვერაფერი მტკიცებულება მოიპოვა ამის გარდა. არადა, დოკუმენტურად დასტურდება, რომ იმ დღეს კობა არც რესტორანში ყოფილა და არც ღვალაძეს შეხვედრია. საერთოდ არ იყო ქალაქში. ამათ აწყობთ, რომ გამოკეტონ და ამიტომ დააპატიმრეს“.

ის, რაც გამოძიებას საქმის წარმოების დაწყებისთანავე ხელთ ჰქონდა, არის შსს-ს ოპერატიული ვიდეომასალა და შემდეგ უკვე მოწმეთა ჩვენებები. გენერალ კობალაძის ამბოხის მომზადებაში მონაწილეობაზე მაიორი ღვალაძე, სწორედ, 25-27 მარტს, მცხეთაში, რესტორან “არაგვში” შემდგარი შეხვედრის „ფაქტის“ საფუძველზე საუბრობს.

გია ღვალაძე, მაიორი (შსს–ს ოპერატიული ვიდემასალიდან): „მარჯვნივ მიზის გენერალი კობალაძე კობა, ორი უცნობი წინ – არასდროს არ მინახავს. მარცხნივ – ოთანაძე. მე შუაში ვარ – კობალაძე, მე და ოთანაძე. კობალაძემ ესეთი რაღაცა თქვა, ახლა, არ ვიცი რატომ, მაგრამ, „ზამპალიტ“ ასე მომმართა ზედმეტსახელით, „ომეგაში“ მეძახდნენ. ხვდები, რას ნიშნავს ჩემი აქ ყოფნა? მე იქით შევუბრუნე კითხვა: ჩემი აქ ყოფნა რას ნიშნავს?

ესე იგი, ამ მთავრობის საქმე წასულია, დიდი დრო აღარ უწერიათ, მიშა დღესაა, ხვალ მაინც გადადგება, მაგრამ ჩორტ ევო ზნაეტ, ვინ მოვა და რა იქნება, უნდა მოვიდეთ ჩვენ, მაგრამ ა, ის ამბოხი თუ შეიარაღებული გამოსვლა, აბა, ახლა წარმოიდგინეთ 500 კაცი ჯავშანტექნიკით ქალაქში შემოვიდეს, ორკილომეტრიანი კოლონა და ესენი უნდა ამოვძირკვოთ. ნუ, ვიღაცეებს სიკვდილით დასჯიან თუ გაასამართლებენ. ეს უკვე არ ვიცი. გასაგებია-მეთქი. მეთქი _ ტექნიკური საკითხები მინდა დავაზუსტო, გასაგებია, რომ შემოვედით ჯარით, გასაგებია ეს ამბოხი თუ რა ქვია მაგას, აჯანყება თუ რა ჯანდაბა ჰქვია და მერე რა? ტექნიკური საკითხები ოთანაძესთან.

ნუ, გასაგები იყო, ახლა, უფრო მეტი რაღა უნდა მეთქვა. ოთანაძე ჩუმად იყო, 7-8 წინადადება თუ თქვა. უკვე ცხადი იყო, ვინ ვის ხელმძღვანელობს, რომ კობალაძე განსაზღვრავს აქ ყველაფერს“(სტილი დაცულია).

316-ე მუხლი _ ყველას წინააღმდეგ

სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილთა უმეტესობას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 316-ე მუხლებით აქვს წაყენებული.

მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა

1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

სწორედ, სისხლის სამართლის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს ბრალი პაატა ხოხაშვილსა და კიდევ 8 პირს.

ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი: „9-ვე პირის აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. ყველა დაპატიმრებულს 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდა პატიმრობა. ე.ი წინასწარი გამოძიების მიერ ნაწარმოები საქმიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყველამ ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

საყურადღებოა, რომ 316-ე მუხლით კანონი მხოლობით რიცხვში, პიროვნულად ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს, ე.ი დანაშაულზე, როცა ერთი ხელმძღვანელი უკანონოდ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას ან უკანონოდ გადააადგილებს სამხედრო ტექნიკას. სამხედრო ტექნიკის გადაადგილება კი ხელმძღვანელის ბრძანებით შეუძლია მხოლოდ სამხედრო პირთა ჯგუფს და, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულიც ჯგუფური გამოდის, მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულში ბრალი არა ერთ ხელმძღვანელს, არამედ 9-ს წაეყენება. 316-ე მუხლი კი ჯგუფურ დანაშაულს არ ითვალისწინებს. ამდენად, ამ მუხლით ბრალის წაყენება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხოხაშვილისთვის უკანონოა.

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გირაოს საფასურად აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შევედი. საქმის მასალები 21 ტომში იყო განთავსებული. 11-საათზე შუამდგომლობა უკვე სასამართლოში იდო. 6-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ მზად არის სასამართლოს დადგენილება თქვენი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებო. გამოდის, იმდენად ყოჩაღი მოსამართლე იყო, რეკორდულად მოკლე დროში მოასწრო 21 ტომის წაკითხვა. დადგენილებაში მოსამართლე გოგინაშვილი აღნიშნავს: „გავეცანი საქმის მასალებს“. დამეთანხმებით, რომ ამ დადგენილებაში მოსამართლე ცრუობს, რადგან 6 საათში 21 ტომს არა მხოლოდ ვერ წაიკითხავ, არამედ ვერც გადაფურცლავ. ცხადი იყო, რომ მოსამართლემ საქმის შეუსწავლელად დაწერა დადგენილება. დადგენილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიამ არ გააუქმა პირველი ინსტანცის დადგენილება. საქმეს სტრასბურგის ევროპული სასამართლოსთვის ვამზადებ“.

ინგა ხოხაშვილი, პაატა ხოხაშვილის მეუღლე: „ჩემთან პირად საუბარში მუხროვანის ბატალიონის ჯარისკაცები ამბობენ, რომ ამბოხის შესახებ თავად 12 საათიანი „კურიერით“ შეიტყვეს. მაგრამ რომ ვთხოვ, მოწმედ გამოვიდნენ პროცესზე, ან თუნდაც წერილობით დაწერონ ჩვენება, აბსოლუტურად ყველა უარს ამბობს. ამბობენ, რომ დიდი ზეწოლა და მუქარები იყო და ეშინიათ, რომ სიმართლე თქვან.

ჩემს მეუღლეს თავიდან სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს – მერაბ წკრიალაშვილი. სასამართლო პარასკევ დღეს იყო და პროცესი რომ დამთავრდა, ადვოკატს ვკითხე, ახლა რა შეიძლება გავაკეთო-მეთქი. მიპასუხა: მონახეთ ადვოკატი, მე სახელმწიფო სამაგისო ფულს

არ მიხდის, რომ ციხეებში თქვენს პატიმარს ვდიო, ახლა შაბათ-კვირა მოდის და მაინც არაფერი იქნება, ყველგან დასვენების დღეებია, ორშაბათს მონახეთ ახალი ადვოკატი და ის მიყვება საქმესო.

თურმე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადები ყოფილა განსაზღვრული. თუ არ ვეთანხმებოდით, 48 საათის განმავლობაში, აუცილებლად უნდა შესულიყო საჩივარი და უნდა გაგვესაჩივრებინა გადაწყვეტილება.

როგორ შეიძლება, ადვოკატს არ სცოდნოდა ეს კანონი? თავად თუ არ ეცალა, ის ხომ მაინც შეეძლო, ეთქვა, რომ ეს ვადა გაქვთ და გაითვალისწინეთო“.

ჩვენ დავუკავშირდით ადვოკატ მერაბ წკრიალაშვილს, რომელმაც თავი შემდეგი არგუმენტით გაიმართლა: „მე ვუთხარი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ იქნებოდა აღმოჩენილი რამე ახალი გარემოება.

ოჯახის გაფრთხილება არც მევალებოდა და მის მეუღლესთან არც მილაპარაკია. ქალბატონთან მხოლოდ ორი სიტყვით ვისაუბრე ხოხაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ სიცრუეა, თითქოს მე მეთქვას, რომ ადვოკატი აიყვანეთ და რაც გინდათ, ის ქენით–მეთქი, ასეთი რამ არ ყოფილა“.

„ყველა ჩახოცეთ!“

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა თავად მუხროვანის ბატალიონის ჯარისკაცებისგან მოიპოვა რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია. წყაროს კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე, მათ ვინაობას არ ვასახელებთ.

მათი თქმით, როდესაც მუხროვანის ინციდენტი ამოიწურა და ბოქსები (ადგილი, სადაც დგას სამხედრო ტექნიკა და საიდანაც შტაბის უფროსის ბრძანების გარეშე არ შეიძლება მისი გადაადგილება) გახსნეს, იქ მდგარი სამხედრო ტექნიკა სარკესავით პრიალებდა. 5 მაისის დილას კი საშინლად ცუდი ამინდი და წვიმა რომ იყო, ამის დადასტურება სატელევიზიო კადრებითაც შეიძლება.

„ტანკებს, ჩვეულებრივ, წყლით არ რეცხავენ, სპეციალური სითხით აპრიალებენ. როგორ შეიძლებოდა, გარეთ გამოყვანილი და შემდეგ ბოქსებში დაბრუნებული ტექნიკა ისეთი გაპრიალებული ყოფილიყო? ამ ფაქტისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. გარეთ რომ ყოფილიყო ეს ტექნიკა გამოყვანილი, წვიმისა და ტალახის კვალი ხომ უნდა ჰქონოდა?

ერთი „ბე-ემ-პე“ კი, რომელიც გარეთ იდგა, დაზიანებული იყო, ზეთი გასდიოდა და 5 მაისამდე რამდენიმე დღით ადრეც გარეთ იდგა“.

ჩვენ მიერ მოძიებული ანონიმური წყაროს ცნობით, სპეცნაზში განგაში დილის 4 საათზე გამოაცხადეს _ მუხროვანი არის აჯანყებული და მოემზადეთ, ალყა უნდა შემოვარტყათო. არადა, მუხროვანში „დაუმორჩილებლობა“ დილის 8-ის 15 წუთზე გამოცხადდა. სპეცნაზში კი ჯერ კიდევ დილის 4 საათზე გასცეს ბრძანება: თუ არ დაგემორჩილებიან, ესროლეთ და ყველა ამოხოცეთო.“

უკომენტაროდ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 5მაისი, 2009 წელი: „ოთანაძე არ უნდა ყოფილიყო თავისუფლად, კრიალაშვილი არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი, არ უნდა ჩამოსულიყო და გასულიყო, კიტოვანის მთელ „ბრიაჟკას“ არ უნდა ევლო თავისუფლად თბილისში. მართლა ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. არსებობს მოთმენა რაღაცის, მაგრამ ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ!“

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი

პუბლიკაცია მომზადებულია „ადანიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ პროექტის – „სამართლიანი სასამართლოს უფლების მონიტორინგის“ ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერი – „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.“