Thursday, December 10, 2009

გალის მოსახლეობა იზოლაციაშია

ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციებს ელოდება

მადლენა მაჭარაშვილი

„გუშინ აუცილებლად უნდა წავსულიყავი ზუგდიდში და ვერ წავედი, ვიცოდი, რომ საზღვარზე დამიჭერდნენ და წამიყვანდნენ გალში. რუსები დგანან საზღვარზე, ხშირად იმალებიან ხოლმე, თუ დაინახავენ ვინმეს, გამოჩნდებიან და იჭერენ, მიჰყავთ გალში და ფულს ახდევინებენ. ჯარიმა ერთ კაცზე 100 ლარია. ფული თუ არ გადაიხადე, არ გამოგიშვებენ“,_ ეს სიტყვები გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებს, ნანა ხუნწარიას, ეკუთვნის. „ახალი ალიანსი“ მას ტელეფონით დაუკავშირდა. ქალბატონმა ნანამ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ რაიონში სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო დროს გართულდა.
„აუხსნელი სიტუაციაა ჩვენკენ, ყველანაირად დაძაბულია ხალხი, საშინელებები ხდება. ახლა, საახალწლოდ, ვერ წახვალ ზუგდიდში, ვერანაირად იყიდი პროდუქტს. შენ გემოზე ვერსად წახვალ. წინათ ვითარება ასეთი გართულებული არ იყო _ გადასვლა-გადმოსვლა მეტად ჭირს“.
ენგურის ხიდის გვერდის ავლით, ანუ ე.წ. შემოვლითი გზით, ზუგდიდსა და დანარჩენ საქართველოს დღემდე საკმაოდ ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა. მართალია, ეს გზა უსაფრთხო არც აქამდე ყოფილა, მაგრამ, ენგურის ხიდთან შედარებით, მაინც უფრო მოსახერხებლად მიიჩნეოდა.დეკემბრის ბოლომდე რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმას აპირებენ. საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს და, თვითმხილველების თქმით, პირველადი სამუშაოებიც დაიწყეს. ეკლიანი მავთულხლართების გაბმა კონკრეტულად იმ სოფლებთან იგეგმება, რომლებიც დანარჩენ საქართველოს სახმელეთო საზღვრით უკავშირდებიან. საუბარია ფიჩორი-ოტობაია-განმუხურის, ნაბაკევი-ხურჩისა და საბერიო-ფახლანის შემოვლითი გზების გადაკეტვაზე. რაც ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციას გამოიწვევს.სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას მუდმივად ფლობს რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის მავთულხლართებით გამიჯვნის შესახებ ინფორმაცია ნამდვილია და ემსახურება მთავარ რუსულ ინტერესს _ საქართველოს მოწყვიტოს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები და იქ თავისი წესები დაამყაროს. „რუსეთმა აფხაზეთი იმიტომ აღიარა, რომ ხელ-ფეხი მეტად გახსნოდა და ე.წ. სამართლებრივი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების შედეგად იქ საკუთარი წესრიგი დაემყარებინა. ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს კიდეც, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამყარება იმიტომაც უნდათ, რომ ოლიმპიადისთვის სოჭის რეგიონი უფრო უსაფრთხოდ იყოს,“_ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოს ხელისუფლებისგან გალის რაიონში მცხოვრებთა დასახმარებლად რელური ნაბიჯის გადადგმას არც ელის. „ეჭვი მეპარება, რომ გალში მცხოვრებთა დასახმარებლად ხელისუფლებამ რამე რეალური ნაბიჯი გადადგას. რუსეთის ამგვარი აგრესია მათი უნიათობის დამსახურებაა. რუსეთმა სიტუაცია კარგად გამოიყენა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ დაეხმარონ და თუ არ ეხმარებიან, ბრაზობენ. თავად რომ არაფრის გამკეთებლები არიან, ვითომ არაფერი. ძნელია, რაღაც კონსტრუქციულს ელოდე ასეთი ხელისუფლებისგან.“ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველებისთვის მეტნაკლებად სტაბილური საცხოვრებელი პირობების შექმნას საქართველოს ხელისუფლების იმის გამოც უნდა ცდილობდეს, რომ გალთან დანარჩენი საქართველოს კავშირი როგორმე შეინარჩუნოს და დევნილთა მორიგი ტალღა აღარ მიიღოს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ ე.წ. აფხაზურ პასპორტების აღებასაც კი უნდა შეეგუოს.
პაატა ზაქარეიშვილი: „ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე რუსებს აქამდე სამშენებლო მასალები მიჰქონდათ, ახლა უკვე დაიწყეს მუშაობა მავთულხლართების გასამართად, მოსახლეობა შეშფოთებულია, ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მეტი წესრიგი დამყარდება, მაგრამ, სამაგიეროდ თავისუფლად ვეღარ ივლიან ზუგდიდისკენ. ქვედა ზონის მცხოვრებლებისთვის რთული იქნება ზემოთა მხრიდან გალსა და ზუგდიდში სიარული. ბევრი გალელი უკვე ფიქრობს, როგორ მოიქცეს, საერთოდ წამოვიდეს იქიდან და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლდეს, თუ დარჩეს იქ და იქიდან იაროს ახლობლებსა თუ ნათესავებთან უფრო იშვიათად, და კიდევ უფრო რთული გზის _ ენგურის ხიდის _ მეშვეობით. ქვედა ზონაში 25 ათასამდე ქართველი მაინც ცხოვრობს, მავთულხლართების გაბმის შემდეგ ამ ადამიანებს გადაადგილება გაურთულდებათ. არადა, დღეს იმ ტერიტორიაზე მათი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას. რომ ესმოდეს სხვაგვარად მოიქცეოდა, მაგალითად, აფხაზური პასპორტების მიმართ უფრო ამტანი დამოკიდებულება ექნებოდა _ ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ პასპორტებს იღებენ მოღალატეებად არ შეირაცხებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის მაინც უნდა ეღიარებინა აფხაზური პასპორტი. ეს ხელს შეუწყობდა გალის რაიონში ქართველების უფრო მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას.“სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სპეცსამსახურების მიერ მავთულხლართების გაბმისა და გალის მოსახლეობის პრობლემებზე „ახალი ალიანსი“ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიასაც ესაუბრა, იგი იმედოვნებს, რომ 21-ე საუკუნეში ახალი ხელოვნური საზღვრების აღმართვას არავინ შეეგუება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიმართ სანქციებს აამოქმედებენ: შოთა მალაშხია: „რუსეთის მხრიდან თავდაპირველად საზღვარზე ულტრათანამედროვე სტრუქტურის რაღაც მშენებლობაზე საუბრობდნენ, მაგრამ, ამისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ და ახლა ჩვეულებრივი მავთულხლართების გაკეთებას აპირებენ. სწორედ, ასე შენდებოდა თავის დროზე ბერლინის კედელი, რომელიც გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა. როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოწმენდა განხორციელდა და ეს უკვე დადასტურებულია საერთაშორისო დოკუმენტაციით. 21-ე საუკუნეში „ბერლინის კედლის“ მშენებლობას არც ჩვენ დავუშვებთ და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. დრო დადგა, საერთაშორისო ორგანიზაციები რეზოლუციებიდან სანქციების რეჟიმზე გადავიდნენ.აფხაზეთის დე-ფაქტო მარიონეტულ ხელისუფლებასთან ამ მიზნით ნებისმიერ ურთიერთობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ისინი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, აქ საუბარია ოკუპანტებსა და საოკუპაციო რეჟიმზე, მათ მიმართ სანქციები უკვე უნდა ამოქმედდეს. ეუთოს სამიტის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, მათ იანვრამდე მიეცათ დრო. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, რომ რუსეთი, დოკუმენტებზე ხელმოწერის მიუხედავად, ვალდებულებებს არ ასრულებს, ამის შემდეგ არ შეიძლება ერთსა და იმავეზე დიდხანს საუბარი. რეზოლუციები უკვე საკმარისად არის მიღებული, ვფიქრობ, ეს პროცესი თანდათანობით მექანიზმების სახეს მიიღებს. ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი შეზღუდვების დაწესება არ არის მხოლოდ გალის რაიონის 20 ან 25 ათასი ეთნიკურად ქართველი მცხოვრების პრობლემა, ეს აწუხებთ იმ აფხაზებსაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც მათი უფლება და მოვალეობაა.ჩვენ პარასკევს გვქონდა შეკრება, რომელზეც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფხაზებს ქართული პასპორტების აღება სურთ, ამის დასტურად სამოცამდე განცხადება წარმოადგინეს, ამის გარდა, ორასამდე ადამიანი დამატებით ითხოვს ქართული პასპორტების ანუ სამართლებრივი დოკუმენტის აღებას. რადგან მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოშვებულ რაღაც ქაღალდებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.რაც შეეხება რეგიონთან ჩვენს დამოკიდებულებას: ვიცით რა ვითარებაა იქ და ამ საკითხებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაყენებთ. ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოსთან ერთად იმუშავებენ და ამ პრობლემას მსოფლიო გადაწყვეტს. ჩვენ მარტო არ ვართ. შედეგი, ცხადია, დღესვე არ დადგება, იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და მის მიმართ ღონისძიებების გატარებას დრო სჭირდება.“

Wednesday, December 9, 2009

ნაპარლამენტარ-ნაპროკურორალ-ნამინისტრალი სტუდენტი



უცხოეთში ოქრუაშვილმა მხოლოდ ოპოზიციონერობა ისწავლა, რას ისწავლის გვარამია?


ხელისუფლებიდან საკუთარი სურვილით მიდის _ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად“ , _ აღნიშნული ფრაზა სააკაშვილის ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს ხშირად თქმულა, მაგრამ არასდროს გამართლებულა.
საქართველოს ხელისუფლებიდან უცხოეთში მხოლოდ სასწავლებლად არ მიდიან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობების პირები სამკურნალოდაც „მიემგზავრებიან“. მაგალითად, პრემიერმინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა უცხოური „მკურნალობის სრული კურსის“ გავლის შემდეგ მართალია, პრემიერობა ვეღარ, მაგრამ, დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის გაგრძელება მაინც შეძლო. თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებულმა და ევროპაში სასწავლებლად წასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი უცხოეთში „სტუდენტობის ხანა“ ხანმოკლე ვადაში დაასრულა _ მხოლოდ „ოპოზიციონერების კურსები“ გაიარა და, ისიც, მხოლოდ, ავტოტრენინგის მეშვეობით. უკვე ყოფილი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია „მკურნალობას“ გადაურჩა, მაგრამ „სწავლას“ _ ვერა. ძნელი სათქმელია, რას და რა პერიოდში ისწავლის ნიკა გვარამია უცხოეთში. ისე კი, საინტერესოა, რომელ სფეროში დააკლდა განათლების მინისტრს კვალიფიკაცია, ან რომელ თანამდებობაზე უნდა გამოიყენოს მომავალში შეძენილი ცოდნა. საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კვალიფიკაციას რადიკალურად განწყობილი ოპონენტებიც კი არასდროს უწუნებდნენ.

ნიკა გვარამია პროფესიით იურისტია, 2004 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიულ სიაში კი _ ე.წ ზვიადისტების ფრთის _ ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ კვოტით.ზვიად ძიძიგურსა და მის გუნდს პარლამენტში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი აღარაფერი აღმოაჩნდათ საერთო. ჯერ ცალკე ოპოზიციურ ჯგუფად _ „კონსერვატორების“ სახელით ჩამოყალიბდნენ (ზვიად ძიძიგურის, კახა კუკავას, კობა დავითაშვილის და სხვების სახით), შემდეგ ოპოზიციური ფრაქციაც შექმნეს. ნიკა გვარამიამ მათ ჯგუფში გადასვლა არ ისურვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა არჩია _ როგორც ჩანს, ძიძიგურზე მეტად იგრძნო „პასუხისმგებლობა“ ამ პარტიის წინაშე, პარლამენტარის ამპლუა კარგად მოირგო და უფრო დიდი თანამდებობის მოლოდინში „ნაციონალების“ რიგებს წუთითაც არ მოშორებია. პარლამენტს და საზოგადოებას თავი აქტიური მოღვაწეობით დაამახსოვრა, მონაწილეობდა კანონპროექტების მომზადებასა და იურიდიული თვალსაზრისით მათ დახვეწაზე, პარლამენტის მიკროფონსაც იყენებდა და ტრიბუნასაც _ მომხსენებლის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოსული „მოპასუხის“ რანგში. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჰქონდა _ მაშინ ნიკა გვარამია იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საკმაოდ ვრცელი მოხსენებაც წაიკითხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მინისტრის პოსტი შეენარჩუნებინა სალომე ზურაბიშვილს. მანამდეც და მას შემდეგაც ხშირად იცავდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, სარგებლობდა კანონით მინიჭებული „სიტყვის თავისუფლების“ უფლებით, პრინციპში, იცავდა პარლამენტის რეგლამენტსაც, მისი ერთი პუნქტის გარდა, რომელიც პარლამენტარს სხდომათა დარბაზში ჯინსებით და სპორტული სამოსით მისვლას უკრძალავს.

2007 წლის აპრილიდან ნიკა გვარამია პარლამენტიდან გენერალურ პროკურატურაში პირველი პირის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მთავარ ბრალმდებელთა უწყებაში ერთხან სპიკერ-პროკურორის როლს ასრულებდა, შემდეგ საქმეს „მეტი პასუხისმგებლობით“ მოეკიდა და როდესაც ხელისუფლებას დასჭირდა დოკუმენტური ფილმიც მოამზადა თემაზე _ „2007 წლის 7 ნოემბერი“. ფილმი იმდენად „წარმატებული“ აღმოჩნდა და დამკვეთებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მის ავტორს ორიოდ თვეში მინისტრობის პორტფელი უბოძეს. იუსტიციის მინისტრი 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე იყო. შემდეგ განათლების სამინისტროს პირველ პირად გაამწესეს. განათლების მინისტრად გვარამიას დანიშვნამ იმ დროს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ყველა ვარაუდობდა, რომ გვარამიას ადრე თუ გვიან გენერალური პროკურატურის თანამდებობას ან რომელიმე ძალოვან უწყებას ჩააბარებდნენ. საზოგადოება და მედია კიდევ უფრო დაიბნა, როდესაც პრემიერმინისტრ გილაურის მიერ განათლების მინისტრის უცხოეთში განათლების მისაღებად გაგზავნის გადაწყვეტილება მოსიმინა.

გვარამიას, როგორც პოლიტიკოსისა და პარლამენტარის, ნაკლსა და ღირსებებზე მის ოპონენტებს წლების განმავლობაში თითქმის იდენტური პასუხები ჰქონდათ. „ის უდავოდ ნიჭიერი ადამიანი და კარგი პოლემისტია, უჭრის ჭკუაც და ენაც.“ „არის ინტელექტუალური, განათლებული კაცი“

.გვარამიას მინუსად კი ნაციონალური მოძრაობის ერთგულების გამო გაუმართლებელი პოზიციების დაცვას და პრეზიდენტის ხშირ ქება-დიდებას ასახელებდნენ: „ის იყო ყველაზე პირმოთნე და აუტანელი „პათხალიმი“ სააკაშვილის მიმართ.“ გვარამია არასდროს განიხილებოდა პრეზიდენტის კარზე განსაკუთრებული გავლენის მქონე ჯგუფის _ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრად. ერთი პერიოდი პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ დაპირისპირება ჰქონდა გიგა ბოკერიასთან. თავად კი ამას არასდროს ადასტურებდა. ბოკერიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილის გუნდის უშუალო წევრობა და მასთან კარგი ურთიერთობა აინტერესებდა. წლების განმავლობაში ასეც იყო. პრეზიდენტ სააკაშვილისა და პოლიტიკოს ნიკა გვარამიას ჰარმონიული სახელისუფლებო კავშირი მხოლოდ 5 წლის თავზე დასრულდა. გვარამიამ 5 წლის განმავლობაში ნაყოფიერი პოლიტიკური განათლება მიიღო, დღეისთვის, იურიდიული განათლების გარდა უკვე ფლობს ისეთ სპეციფიკურ დისციპლინებს, როგორიცაა „პარლამენტარობა“, „პროკურორობა“, „მინისტრობა“...
P.S. ამ დროისთვის საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, თუ რომელ დისციპლინაში გაივლის წვრთნას საქართველოს უკვე ყოფილი განათლების მინისტრი და სად გამოიყენებს ამ ცოდნას, პასუხი ალბათ ახლო მომავალში გაეცემა.

Friday, December 4, 2009

მერი პრაი(მერი)თ


„ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს“


„ვინც პრაიმერში არ მონაწილეობს, ხელისუფლების თამაშს თამაშობს“


მადლენა მაჭარაშვილი

ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიების გარდა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში ნოღაიდელის პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. პრაიმერი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. დედაქალაქში _ 31 მარტს, ხოლო რეგიონებში ცოტა უფრო ადრე.რატომ არის გამართლებული პრაიმერის წესით ოპოზიციის საერთო ლიდერების გამოვლენა, რა საფრთხეებს შეიცავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და რატომ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ბრძოლას, ეს ის საკვანძო საკითხებია, რომლებზეც „ახალი ალიანსი“ კონსერვატიული პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კუკავას, ესაუბრა.

_ მედიით გავრცელდა მოსაზრება, რომ პრაიმერში მონაწილეობა უნდა მიეღო ოქრუაშვილის პარტიას, მეტიც, ირაკლი ოქრუაშვილი პრაიმერის ფინანსურ მხარდაჭერასაც კი აპირებდა. რატომ გამოეთიშა აღნიშნული პოლიტიკური ძალა წინასწარი არჩევნების პროცესს?

_ ეს ინფორმაცია კონკრეტულმა ჟურნალისტმა სრულიად უსაფუძვლოდ გაავრცელა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მხოლოდ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა _ დამკვირვებლის სტატუსით, საუბარია იმ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც პრაიმერის წესების შექმნაზე მუშაობდა. რაც შეეხება დაფინანსებას _ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა _ ერთ-ერთი ყვითელი გამოცემის მიერ გავრცელებული.

_ გამორიცხავთ, რომ ოქრუაშვილის პარტიის მსგავსად ნოღაიდელის პარტიამაც გადაიფიქროს წინასწარ არჩევნებში მონაწილეობა და პრაიმერი აღარ გაიმართოს?

_ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრაიმერის გამართვა და ერთიანი კანდიდატების გამოვლენა ერთადერთი სწორი გზაა. რამდენიმე კვირის წინ გარკვეული პარტიები (რომლებიც NDI-ს ჯგუფში იყვნენ ჩართულები), აკეთებდნენ კომენტარებს, რომ, თუ მერის არჩევისთვის დაწესდებოდა 50%-იანი ბარიერი, ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელი არ იქნებოდა. ახლა დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც ბარიერი 30%-იანი იქნება. 30%-იანი ბარიერის პირობებში კი არჩევნებში პრაიმერის გარეშე მონაწილეობა წინდაწინ განწირული საქმე და ხელისუფლების თამაშია.

_ „პრაიმერი“ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, თუ მხოლოდ მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებში?

_ ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სისტემით, მაგრამ, ქვეყნის მასშტაბით.

_ ქვეყნის მასშტაბით პრაიმერის ჩატარებას საკმაოდ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდება. პროცესში მონაწილე სამ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა?

_ ადამიანური რესურსები ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. რაც შეეხება ხარჯებს, ხშირად გადაჭარბებულად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესს მილიონები სჭირდება. ეს ასე ნამდვილად არ არის.

_ 50%-იანი ბარიერს ალასანიას პოლიტიკურ გუნდი ითხოვდა. მათ პრაიმერში მონაწილეობაზე უარი კი იმ მოტივითაც თქვეს, რომ თქვენი და „ხალხის პარტიის“ პროექტი ინტერპარტიული პრაიმერია, რომელიც თავის მხრივ ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული.

_ ჩემთვის გაუგებარია მათი ამგვარი არგუმენტები. თუ გინდა ინტერპარტიული კანდიდატის შერჩევა, ინტერპარტიული პრაიმერი ამისთვის ყველაზე ლოგიკური საშუალებაა. ერთი მხრივ, ეთანხმებიან იმას, რომ ერთიანი კანდიდატი არის აუცილებელი, მეორე მხრივ, არ ასახელებენ გზას, თუ როგორ უნდა შეირჩეს იგი. პრაიმერს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ხარვეზები. ბუნებაში არაფერი არის უნაკლო, მაგრამ, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოკვეთილი ფორმა საერთო კანდიდატის შესარჩევად. ზოგი პოლიტიკური ლიდერი ამბობს: მოდით, გავერთიანდეთ ოღონდ, იმ პირობით, რომ მე ვიქნები ლიდერი. ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს.

_ როგორც წესი, პრაიმერი კონკრეტული პარტიის შიგნით ლიდერის გამოვლენას ემსახურება და ამის პრეცენდენტები მართლაც არის პოლიტიკურ პრაქტიკაში. რომელ ქვეყანაში ჩატარდა დღემდე ინტერპარტიული პრამიერი და რამდენად წარმატებული იყო ეს პროექტი?

_ ძალიან ბევრი პრეცენდენტი არსებობს. მაგალითად, სულ ბოლოს ინტერპარტიული პრაიმერი ბულგარეთში ჩატარდა _IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მონაწილეობით. დღეს, ეს ორგანიზაცია ჩვენთან, სწორედ, ბულგარეთის გამოცდილებიდან გამომდინარე თანამშრომლობს. ინტერპარტიული პრაიმერი აქამდე უკვე ორჯერ ჩატარდა საქართველოში და ორივეჯერ ძალიან წარმატებულად. პირველად ეს იყო 2005 წელს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს, მასში „კონსერვატორებთან“ ერთად მონაწილეობდნენ „ლეიბორისტები“, „ახლები“ და პარტია „თავისუფლება“. 2005 წელს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან დიდი დისბალანსი იყო რეიტინგებში, მაგრამ ერთიანი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ხმები დაახლოებით 6/4-ზე გაიყო. ეს, ძალიან დიდი წარმატება იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, არც გირგვლიანის მკვლელობა იყო მომხდარი, არც უნივერსიტეტის ნგრევა და არც 7 ნოემბერი... ანუ მას შემდეგ მოხდა ის ნეგატიური მოვლენები, რომლებმაც ხელისუფლების რეიტინგი დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. მეორე ინტერპარტიული პრაიმერი 2007 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დავასახელეთ. იმ დროს, კენჭისყრა ეროვნულ საბჭოში“ ჩატარდა, ამ პროცესში 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა და კანდიდატი ხმათა უმრავლესობით შეირჩა. შემდეგ უკვე საერთო კანდიდატის ირგვლივ დაირაზმა ოპოზიციურ ძალათა ძირითადი ნაწილი და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ყველა იმ ოლქში, რომლებშიც ოქმები ხელახლა არ გადაწერეს. ამ პრაიმერში „რესპუბლიკელები“~ მონაწილეობდნენ. გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ სხვა არჩევანი გააკეთეს და გაერთიანებულ ოპოზიციას გაემიჯნენ. ამით ჩვენც დავზარალდით და თავად უფრო მეტად დაზარალდნენ. პრაიმერისა და ერთიანი კანდიდატების გარეშე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.

_ რამდენად იოლია ერთიან საარჩევნო სიაზე შეთანხმება და საერთო კანდიდატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით?

_ არანაირი პრობლემა არ არის. რაიონებში ჩვენ, ყველას, გვაქვს საკუთარი წარმომადგენლობები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრაიმერის ჩატარება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს და ამის გამო ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თბილისში, ასე თუ ისე, რაღაც ფორმით, პოლიტიკური ცხოვრება მიდის. პოლიტიკური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს ბათუმში, მაგრამ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პროცესი, რეალურად, მკვდარია. პრაიმერი შესაძლებლობას მოგვცემს პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ. უმართებულოა ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მიდგომა, რომ მთავარი არის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთანხმება. ზოგს, საერთოდ, ესიზმრება, რომ ეს კანდიდატი მალე გახდება პრეზიდენტი და ამ ფონზე ქვეყნის ინტერესები იგნორირებული აქვს. ჩვენთვის თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი კარიერის შექმნის საშუალება არ არის _ ეს, ზოგადად, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის საშუალებაა. ამ თვალსაზრისით კი შეიძლება მარნეულსა და ახალქალაქში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს პრაიმერის ჩატარება, ვიდრე თბილისში. ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც გვექნება პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ისინი მეტად შეეცდებიან ხელები გადაგვიგრიხონ მარნეულსა და ახალქალაქში, ვიდრე ვაკესა და საბურთალოზე.

_ საარჩევნო სიები თუ იქნება პრაიმერში და როგორ უნდა შეადგინოთ იგი?

_ რა თქმა უნდა, იქნება ამომრჩეველთა სიები. სექტემბერში პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების დროს შევთანხმდით (ეს იყო `რესპუბლიკელების~ ინიციატივა), რომ იქნება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია. ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც არის ოპოზიციის მომხრე, წინასწარ დარეგისტრირდება პრაიმერში მონაწილეობისათვის, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს მანიპულირების საშუალება. დარეგისტრირდება მხოლოდ ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველი და ხელისუფლება მათზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს. როდესაც პრაიმერის საკითხზე დისკუსია დაიწყო, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან, თავიდანვე არკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოვლინდა, ამბობდნენ, რომ პრაიმერი და ერთიანი კანდიდატების შერჩევა მართებულია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, როდესაც ტექნიკური საკითხებიც გადავწყვიტეთ, უკვე ამბობენ: უბრალოდ, არ გვინდა პრაიმერში მონაწილეობაო. პრაიმერი არის სამართლიანი კონკურენცია, რომელიც იძლევა გამარჯვების საშუალებას, მაგრამ, არა გამარჯვების გარანტიას. ის გულისხმობს დამარცხების აღიარებასაც. პრაიმერი თანამდებობების გარანტიას არ იძლევა, გარანტიას აძლევს მხოლოდ უძლიერესს. პრაიმერის ეშინია მას, ვინც საკუთარ ძალებში არ არის დარწმუნებული.

_ პრაიმერი რომ ჩატარებულად გამოცხადდეს, რამდენი ამომრჩეველის მონაწილეობა არის საჭირო?

_ ასეთი რამ არ გვაქვს დათქმული _ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს მთელი მოსახლეობის ლეგიტიმაციის პრეტენზია არც აქვს.

_ საარჩევნო კოდექსზეც მინდა გკითხოთ: გასულ კვირაში პოლიტიკურ ძალთა ნაწილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს. თქვენთვის თუ არის მისაღები ეს ცვლილებები?

_ კატეგორიულად არ ვიწონებთ. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი მოსაზრებები, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად მივიღებდით უფრო უარეს საარჩევნო კოდექსს. ჩვენმა ზოგიერთმა გამოუცდელმა კოლეგამ მიიჩნია, რომ ბაიდენის, ან რომელიმე გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსის რეკომენდაციის გამო ამ პროცესში ჩართვით საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებდა. მივიღეთ უარესი კოდექსი. მაგალითისთვის: 30%-იანი ბარიერის პირადაპირ არჩევნებს ჯობდა არაპირდაპირი, მაგრამ 50%-იანი არჩევნები. თბილისის საკრებულოში დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია 50%-ის მიღება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც ტოტალურად გაყალბდა ხელისუფლებამ ხმების 40%-ზე მეტი მაინც ვერ მოიპოვა. ამ სისტემით კი მათ 30% უნდა მიიღონ, რაც რეალობის ჩარჩოებში ჯდება _ ეს არის ადმინისტრაციული რესურსს პლუს მცირე გაყალბება. იგივე შეიძლება ითქვას საკრებულოს არჩევის წესზე, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ თავის დროზე ერთობლივად დავაყენეთ. ჩვენი სურვილი არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, მაგრამ, არც ის იქნება მართებული, როცა რაღაცას აკეთებ და არ გამოგდის, მუდმივად იძახო, რაღაც მაინც გამოვიდაო. ნიშნისმოგებით არა, მაგრამ, რეალურად უნდა ვთქვათ, რომ NDI-ის პროცესმა კრახი განიცადა. თუ ჩვენ ამას არ ვიტყვით და საკუთარ თავს, ამომრჩეველსა და საზოგადოებას მოვატყუებთ, რომ ეს ვარიანტი სჯობს იმას, რაც ადრე იყო, ეს ძალიან ცუდი სტარტი იქნება საარჩევნო კამპანიისთვის.თავის დროზე საპარლამენტო არჩევნების წაგების მიზეზი იყო ისიც, რომ ისეთი მოთხოვნები დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მერე კი ვთქვით: არა უშავს, რომ არ დაკმაყოფილდა. ამით ამომრჩეველმა სერიოზული დემოტივაცია განიცადა და თბილისში საპარლამენტო არჩევნები იმიტომ წავაგეთ, რომ ამომრჩეველი არ მოვიდა. გაყალბების წილი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამომრჩევლის პასიურობა. თუ ახლაც ერთმანეთის მოტყუებას, ერთმანეთზე თავდასხმასა და ზურგისშექცევას დავიწყებთ, ეს იქნება გზა დამარცხებისკენ.

_ თქვენ კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთეთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი მოქმედ კოდექსზე უარესია. ასეთ პირობებში, რამდენად გამართლებულია პრაიმერისა და არჩევნებისთვის მზადება?

_ ცნობილი გამონათქვამია: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ზოგიერთი ჩვენი გამოუცდელი კოლეგა იმედოვნებდა, რომ 7 ნოემბერს ისევ 100 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და სააკაშვილი დაემხობოდა. გამოცდილება საშუალებას გვაძლევს რეალურად შევხედოთ პოლიტიკას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრაიმერი ან თბილისის მერის არჩევნები იქნება ის წერტილი, რომლის შემდეგაც სააკაშვილი გადავარდება ხელისუფლებიდან, ძალიან ცდება. სააკაშვილის ხელისუფლება ეს არის ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი სერიოზული ქსელითა და საცეცებით, მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა შუალედური ეტაპებისგან შედგება. თბილისის არჩევნებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას წავართვათ ბერკეტების ნაწილი და არა მთელი ხელისუფლება. პოლიტიკურ პროცესს თუ ზოგადად შევხედავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ეს არის ბრძოლა შეუირაღებელი ხელებით გოლიათის წინააღმდეგ. მათ ხელშია ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, რეპრესიული აპარატი, პროპაგანდისტული მედიამანქანა... მეორე მხარეს კი არის ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც თითო-თითო ოთახებში არიან გამოკეტილები. თბილისის არჩევნები, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ის (მოგება არის ძალიან რეალური), საშუალებას გვაძლევს, ხელისუფლებას წავართვათ ამ ბერკეტების ნაწილი და ბევრად უფრო თანასწორ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა. ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის წარმატებული ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო. სულ ახლახან მადაგასკარზე დედაქალაქის, ანტანარვიუს, მერმა იმდენად დიდი ძალაუფლება მიიღო ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რომ ბლოკირება მოუწყო პრეზიდენტის რეზიდენციას, რის შემდეგაც იგი ქვეყნიდან გაიქცა.

_ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვება საქართველოშიც გახდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის მიზეზი.

_ სააკაშვილის ბრძოლა შევარდნაძის წინააღმდეგ იმიტომ იყო ეფექტური, რომ, რეალურად, ერთი პარტიის აქტივისტები კი არ ებრძოდნენ შევარდნაძეს, არამედ მთელი თბილისის ადმინისტრაციული აპარატი. კარგად ვიცით, როგორ ეფექტურად იყენებდა სააკაშვილი ამ ინსტრუმენტებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ-ორ კვირაში დავამარცხებთ სააკაშვილს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა. თბილისის არჩევნების შემდეგ ჩვენ რესურსები გვექნება ახალი, უფრო სერიოზული ბრძოლისთვის.

Wednesday, December 2, 2009

უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა












ფოტოებზე: გიორგი ბარათელი, დაკავებისას
ჟურნალისტური გამოძიება
მადლენ მაჭარაშვილი

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს მოხდა 2008 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“ (მკითხველს ვერ ვთავაზობთ დადგენილების პოპულარულ ენაზე განმარტებას). გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ. უზენაეს სასამართლომდე კი სიმართლეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოები ადგენდნენ.
მკვლელობა
მკითხველს შევახსენებთ, რომ აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას ჰყავდა მოწმეები, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ვიდეოთვალმაც ასახა.
ვიდეოფირზე ასახული მკვლელობა

20 სააათი და 30 წუთი - დრო, დაფიქსირებული ვიდეოფირზე: მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობს ხალხი. კადრში ჩანს შანიძის ქუჩიდან ჩამომავალი ავტომანქანები. გამორჩეულად აღიქმება მამაკაცი პორტფელით ხელში, რომელსაც უკან მიჰყვება მეორე მამაკაცი, მას ჯიბეში აქვს ხელი ჩაყოფილი. პიროვნება არის სრული აღნაგობის, თმით (ხაზგასმა: თმით!).
ისევ 20 საათი და 30 წუთი: ჩანს თეთრთმიანი მამაკაცი (იგივე მამაკაცი, რომელიც წინა კადრში პორტფელით გამოირჩევა. აქ შესამჩნევი მისი თმის ფერია), რომელსაც უკან მიჰყვება ახალგაზრდა ქალ-ვაჟი. მათ უკან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გადაუსწრო ქალ-ვაჟს და ისროლა თეთრთმიანი მამაკაცის მიმართულებით. მამაკაცი ტროტუარზე წაიქცა. პიროვნებამ წაქცეულს კიდევ ორჯერ ესროლა და გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. რამდენიმე წამის შემდეგი კადრი: კადრში ჩნდება საპატრულო პოლიციის 2 მანქანა, შემდეგ პოლიციის ფორმიანი პიროვნება, რომელიც ასევე შანიძის ქუჩისკენ გარბის. ამ კადრით ვიდეომასალა მთავრდება.
პირველი კვანძი - მასრები
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, 20:45 საათზე იწყება და დაახლოებით 3 სააათი გრძელდება. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკის განყოფილების სპეციალისტები დათვალიერების პროცესზე მოწმეებს არ ისწრებენ.
დაზარალებული მხარის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე განმარტავს, რომ „კანონი ცალსახად არ ითხოვს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოწმეების დასწრებას, მაგრამ თავად ოქმის ფორმატი ამას მოითხოვს, რადგან იქ არის გრაფა: „მოწმეები“. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, დათვალიერების პროცესს მოწმე დაესწროს უნდობლობის თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იქვე ვიყავი და კატეგორიულად ვითხოვდი დასწრებას, უარი მითხრეს.“
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ჩაიწერა, რომ მელიქიშვილის გამზირზე სამი მოყვითალო ფერის მეტალის მასრა იპოვეს. ერთიც გვამის გადასვენების შემდეგ, სისხლისმაგვარ გუბეში. იმ დღეს ტყვიის სხვა ნარჩენები მკვლელობის ადგილზე არ უპოვიათ. ეძებდნენ უახლესი ტექნიკური საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ „შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში გამოყენებულ იქნა SOVEREICHN FLITE--ის მარკის მეტალოსაძებარი ხელსაწყო, ასევე მაგნიტის მოდიდო ზომის ხელსაწყო,“ იმ დღეს სხვა ჰილზა არ უპოვიათ.
უცნაურია, რომ მეორე დღეს კრიმინალისტიკის განყოფილების თანამშრომლებმა მაინც იპოვეს სხვა ჰილზები (4 ცალი), რომლებიც მეტალოსაძებარ ხელსაწყოებს წინა დღეს რატომღაც გამორჩათ. ეს იყო „ტეტეს“ ტიპის იარაღის მასრები. სასამართლოს გამოძიების ამ ნაწილში უცნაური არაფერი შეუმჩნევია. სამაგიეროდ, დამოუკიდებელმა იურისტებმა, პრესამ, საზოგადოებამ სცადეს მომხდარის ახსნა. როცა გაირკვა, რომ მკვლელობის იარაღად „ტეტეს“ ტიპის იარაღი უნდა ჩათვლილიყო, საჭირო გახდა მისი ვაზნების აღმოჩენა მკვლელობის ადგილზე. საჭირო გახდა ნივთმტკიცება (წინა დღეს ნაპოვნი „ტეტეს“ მასრები დეფორმირების გამო ნივთმტკიცებად არ ჩაითვალა).
მეორე კვანძი - მკვლელი
ვიდრე კრიმინალისტები შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დაიწყებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელს შანიძის ქუჩაზე მისდევს, მისი მეწყვილე რობერტ პანიევი კი მელიქიშვილის ქუჩაზე - გვამთან რჩება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მკვლელი შანიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩაზე გადის, შემდეგ პეტრიაშვილის ქუჩის მიმართულებით და პეტრიაშვილიდან - ბარნოვზე. პოლიცია ეჭვმიტანილს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსში, აკავებს. ეჭვმიტანილი აღმოჩნდება მოქალაქე გიორგი ბარათელი. შანიძის ქუჩის შუაგულში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სირბილით მიმავალ მკვლელს გზად ბევრი ადამიანი ხვდება. მათ მიერ აღწერილი მკვლელის გარეგნობა ემთხვევა ვიდეოფირზე დაფიქსირებული მკვლელის გარეგნობას და სრულიად განსხვავდება იმ კაცის (ბარათელის) გარეგნობისგან, რომელიც პოლიციამ სამარშრუტო ტაქსში აიყვანა. შარაძის ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობას, მოწმეებად დაიკითხონ პირები, რომლებმაც მკვლელი, სწორედ, აქ, შანიძის ქუჩაზე, ნახეს - სანამ იგი მრგვალ ბაღთან გავიდოდა და პოლიციელები დაიჭერდნენ. სასამართლო მათი დაკითხვის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. პროცესზე იძახებს მხოლოდ იმ მოწმეებს, რომლებმაც მრგვალ ბაღთან ნახეს გიორგი ბარათელი. თუმცა, ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც მკვლელის გარეგნობას აღწერენ, თავიანთი შინაარსით, ურთიერთგამომრიცხავია. ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან მოწმეები გიორგი ბარათელის ჩაცმულობის შესახებ.

მიკროავტობუსის მგზავრის, სალომე ნიჟარაძის თქმით, მიკროავტობუსის ბოლოში მჯდარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც შემდეგ პოლიციამ ჩამოიყვანა, მუქი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა.
შალვა ჭანკოტაძის, ტაქსის მძღოლის მტკიცებით, „მელიქიშვილის ქუჩიდან 100 მეტრის დაშორებით დიდი საცობში მოხვედრილს, წინა სავარძელზე ჩაუჯდა უცნობი, 25-28 წლის პიროვნება, დაბალზე გადაპარსული თმებით (ვიდეოფირზე ჩანს, რომ მკვლელს თმა აქვს) მუქი ფერის „საროჩკით“. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ „საროჩკა“ გაიხადა და მუხლებზე დაიდო. ეცვა ღია ცისფერი მაისური.“
რობერტ პანიევი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი როგორც ძიებას, ასევე სასამართლოს უმტკიცებს, რომ პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმით. ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი.
ლევან ბოჭორიშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: პიროვნებას (დაბალი ტანის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით) ეცვა შავი ფერის ან მუქი ლურჯი მაისური. „დაკავების დროს სერიოზული ძალა არ გამოგვიყენებია, რადგან დაჭრილი იყო მარჯვენა მხარში.“
პაატა მაჩალაძე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: „მრგვალ ბაღთან გავაჩერეთ მიკროავტობუსი. პოლიცია შევიდა შიგნით და გამოიყვანა შავი ფერის მაიკიანი დაბალი ბიჭი, რომელიც დაჭრილი იყო მარჯვენა მკლავში.“
ბადრი ზურაბიშვილი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: „პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ქალბატონებთან და ჰალსტუხიან მამაკაცთან ერთად ამოვიდა პიროვნება, 27-28 წლის, დაბალი ტანის, შავგვრემანი. ეცვა შავი ფერის მაისური და შავი კურტკისმაგვარი პიჯაკი.“
მოწმეთაგან სამი პოლიციელია, სამივე შავს ასახელებს ბარათელის მაისურის ფერად. ერთი მოწმე ამბობს, რომ დაკავებულს ღია ფერის მაისური ეცვა. ხოლო ერთი საერთოდაც ამბობს, რომ მას პერანგი კი არა, პიჯაკი ეცვა.
დასახელებული სამი მოწმე პოლიციელიდან, ლევან ბოჭორიშვილი სასამართლოზე ორჯერ იკითხება. მის მიერ 25 ივნისს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება 10 ოქტომბრის ჩვენებისგან. ორივე კი - ზემოთ მოყვანილი მისი ჩვენებისგან, რომელიც წინასწარ გამოძიებას მისცა. ლევან ბოჭორიშვილი 25 ივნისს ამბობს: პიროვნება იყო დაბალი ტანის, ეცვა მუქი ლურჯი, საკმაოდ დიდი ზომის პერანგი, გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. 10 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე აცხადებს: განსასჯელს ეცვა ლურჯი ფერის „კლეჩატი საროჩკა“. შარვალი მუქი ფერის იყო. „საროჩკის“ შიგნით ეცვა შავი ფერის მაისური.
მკვლელის „კლეჩატი საროჩკა“ საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომელმა - ზაზა კაკაშვილმაც შენიშნა და ეს სასამართლო პროცესზეც აღნიშნა: განსასჯელს ეცვა მუქი ფერის მაისური, მუქი ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის „კლეჩატი საროჩკა“. სისხლი სდიოდა, „საროჩკა“ სისხლიანი ჰქონდა.
2007 წლის 5 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე თავად გიორგი ბარათელი ამბობს: „იმ დღეს მეცვა მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი „საროჩკა“ და ლურჯი ჯინსის შარვალი. შიგნით შავი, მოკლემკლავიანი მაისური მეცვა.“
მაშ, ასე: მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაში ფიგურირებს ღია ფერის მაისური და მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებას ადასტურებს დოკუმენტური მასალა.
ეს არის ბარათელის დაკავების ამსახველი ფოტო.
ფოტოზე აღბეჭდილი სამხილი ცრუ მოწმეების წინააღმდეგ
ამ ფოტოების არსებობა სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. არადა, ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ მკვლელობის დროს აყვანილ ბარათელს თეთრი მაისური აცვია და არა შავი ან მუქი ლურჯი როგორც ამას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებენ. ფოტოზე ისიც ჩანს, რომ ბარათელს თმა გადაპარსული აქვს, წვერი - გაუპარსავი. აცვია მუქი ლურჯი ფერის, განსაკუთრებით დიდი ზომის (2-3 ზომით დიდი) პერანგი. პერანგის ზედა 2 ღილი გახსნილია. შიგნით აცვია თეთრი მაისური. ლურჯი პერანგი მარცხენა მხარეს, ყელისა და მხრის მიდამოებში, დასვრილია სისხლით. პერანგის მარჯვენა მხარეს საერთოდ არ ჩანს სისხლის კვალი. ფოტო რომ ნამდვილად ბარათელის დაკავების პროცესს ასახავს, იმითაც დასტურდება, რომ დაკავებულის მარცხნივ დგას თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი - აცვია სამსახურებრივი ჟილეტი. მარჯვნივ დგას მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი, გრძელმკლავიანი მაისური და შავი შარვალი. ბარათელს სახეზე აღენიშნება დაზიანებები.
ხაზს ვუსვამთ, რომ ფოტოსურათის მიხედვით, ბარათელის პერანგის მარცხენა მხარეა სისხლით დასვრილი. ეს ფოტო ნივთმტკიცებად რომ მიეღო სასამართლოს, მაშინ პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა კითხვა: როგორ დაისვარა სისხლით პერანგის მარცხენა მხარე მაშინ, როცა სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელიც საქმეშია ჩადებული, ბარათელი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი. ხომ ალოგიკურია, რომ მარჯვენა მხარეს მიყენებულ ჭრილობას პერანგის მარცხენა მხარე დაესვარა ისე, რომ მარჯვენას არაფერი დასტყობოდა?
რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი დეტალები?
„ალდაგის“ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოფირი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობას ასახავს, საქმეში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლომ მტკიცებულებად არ ცნო იმ არგუმენტით, რომ ფირი ექსპერტიზისთვის უვარგისია. არადა, ვიდეოფირი ამტკიცებს იმას, რომ მკვლელი ბარათელისგან განსხვავებული გარეგნობის არის. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, რომელზეც კადრები შემდეგს ასახავენ: ჭაღარათმიან კაცს, ანუ გურამ შარაძეს, უკან მიჰყვება მასზე მაღალი, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი შავი თმა, არის ბარათელის გარეგნობისგან სრულიად განსხვავებული. ბარათელი არის დაბალი, დაახლოებით 165 სმ-ის, ეს პიროვნება კი - 175 სმ-ზე მეტი, რადგან შარაძეზე მაღალია. პიროვნება კადრში ჩნდება 20:30:56 სთ-ზე. აღნიშნული პირი 20:31:28 სთ-ზე ჭაღარათმიან მამაკაცს ესვრის. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მისი კადრში შემოსვლიდან ზუსტად 32 წამში, კადრში ჩნდება ავტომანქანა, რომელიც რჩება ადგილზე 20:34:46 სთ-მდე. იღება მანქანის უკანა კარი, გადმოდის პიროვნება, რომელიც ელაპარაკება მასთან მისულ მეორე პიროვნებას.
ვფიქრობთ, ეს დეტალი მართლმსაჯულებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. რადგან მკვლელობის წუთებში მანქანის აკრძალულ ადგილას გაჩერება (მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით) მეტად საეჭვოდ გამოიყურება. მით უმეტეს, რომ მანქანა ჩნდება მკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე და მიდის მკვლელობის დასრულებისთანავე.
იმის მიუხედავად, როგორი ხარისხის არის ფირი, ასეთ ფაქტს მიუკერძოებელი სასამართლო აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას, ტექნიკური საშუალებებით ეცდებოდა მანქანის მარკისა და ნომრის დადგენას.
ვიდეოფირის ნივთმტკიცებად ცნობა კიდევ ერთ დეტალს ახდიდა ფარდას: გიორგი ბარათელი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ ქუჩაში სეირნობდა, როცა დაინახა მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი გურამ შარაძე, ცოტათი გასცდა კიდეც... მერე... „მე გავჩერდი ერთი-ორი წამი, მერე შემოვტრიალდი, გავყევი და ვესროლე.“
თუკი შარაძესთან ბარათელის შეხვედრა, მართლაც, მოულოდნელად მოხდა და წამებში ესროლა, ეს ფირზე უნდა ასახულიყო. „ალდაგის“ ვიდეოთვალს უნდა დაეფიქსირებინა ეს წამი და ეს მოძრაობა, თუმცა ასეთი რამ ფირზე არ არის ასახული. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გიორგი ბარათელმა ასეთი რამეც თქვა: შარაძეს რუსთაველზე შევხვდიო, მაგრამ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ეს ფაქტი უარყო და ძველი ჩვენება გაიმეორა, რომელიც სასამართლომ სიმართლედ ჩათვალა - მიუხედავად ზემოთ აღნიშნული წინააღმდეგობებისა.
მთავარი კვანძი - მკვლელობის მოტივაცია
გურამ შარაძის მკვლელობის მოტივად თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგი არგუმენტი დაასახელა: გიორგი ბარათელმა გურამ შარაძეს იმიტომ ესროლა, რომ განაწყენებული იყო. ამ უკანასკნელმა და მისმა შვილმა - გიორგი შარაძემ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნეს. რამდენიმე წლის წინ გიორგი ბარათელი და გიორგი შარაძე ერთად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. შარაძემ ბარათელი მიატოვა და თავად საქართველოში დაბრუნდა. მკვლელობა მას წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია. გადაწყვეტილება მიიღო უეცრად, როცა მელიქიშვილის ქუჩაზე შემთხვევით შეხვდა გურამ შარაძეს.
მკვლელობის მოტივი სასამართლომ დაადგინა ბარათელის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე (აგრეთვე იმ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ და რომლებიც უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს). მაგრამ ეს აღიარება არ არის გამყარებული მტკიცე არგუმენტებით, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ ჩათვალა ეს აღიარება სასამართლომ მტკიცებულებად?
წინააღმდეგობები
ჩვენებების მიხედვით, გიორგი შარაძესთან გიორგი ბარათელი შვეიცარიაში 2000 წელს წავიდა შარაძის მიწვევით ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ოპერატორის სტატუსით და ანაზღაურების პირობით. გიორგი ბარათელის ძმა, მამუკა ბარათელიც, აგრეთვე ბიძა, როლანდ გრიქუროვი, შვეიცარიაში გიორგი ბარათელის წასვლის მიზეზად ასახელებენ ფილმის გადაღებას. მაგრამ სასამართლო საქმეში არსებობს სპეციალური მასალა, ბარათელთან საუბრის ფარული ჩანაწერი. გიორგი ბარათელი შვეიცარიაში წასვლის მიზეზს აქ სხვაგვარად განმარტავს: „96-ში გავიცანი მაგის (იგულისხმება გურამ შარაძე. ავტ.) შვილი გიორგი, მერე დავმეგობრდით, მერე წამიყვანა, ჩემთან იქნებიო. ცოლს დავშორდიო, რაღაცაო და წამოდიო.“
სამართლიან სასამართლოს უნდა დაედგინა, ნამდვილად იღებდა თუ არა იმ პერიოდში (2000 წელს) გიორგი შარაძე ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტურ ფილმს; რომელი პროექტის ფარგლებში მზადდებოდა ფილმი? იყო თუ არა განსაზღვრული ოპერატორის ჰონორარი და როგორი ოდენობით? ამ საკითხების გარკვევის მიზნით მას შეეძლო, დაკავშირებოდა შვეიცარიაში საქართველოს საკონსულოს, სადაც მსგავსი ინფორმაცია ინახება; აგრეთვე შეეძლო, მოეძია შვეიცარიაში საქართველოს მაშინდელი კონსული. გიორგი შარაძე საკონსულოში კულტურის ატაშე გახლდათ და კონსული აუცილებლად გაიხსენებდა მის მიერ განხორციელებულ პროექტებს. კონსულის ან საკონსულოს მაშინდელი სხვა თანამშრომლების მოძიებას ის აზრიც ექნებოდა, რომ ისინი ისაუბრებდნენ გიორგი შარაძის მაშინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ბარათელი ხომ მას ფაქტობრივად ბრალს სდებს მკვლელობის განზრახვაში, თანაც მეტად პათოლოგიური ფორმით: თირკმელების ამოცლისა და გაყიდვის ორგანიზებაში!
სასამართლოს შეეძლო სხვა გზებითაც დაედგინა, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ბარათელის ჩვენება - რომ იგი ნოე ჟორდანიაზე ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ჩვენთან საუბარში გიორგი შარაძის დამ, რუსუდანმა თქვა, რომ ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმების სერია მას აქვს გადაღებული და არა მის ძმას. „2000 წელს ჩემი ძმა შვეიცარიაში დოკუმენტურ ფილმებს გრიგოლ რობაქიძესა და ხარიტონ შავიშვილზე ამზადებდა. დამფინანსებელი არ გამოუჩნდა. ის, რომ ბარათელს ფულს დაჰპირდა გიორგი, არის სიცრუე! გიორგის არავინ აფინანსებდა. თავისი ბინა ჰქონდა გაქირავებული თბილისში უცხოელების ოჯახზე და იმით ირჩენდა თავს ჟენევაში. ბარათელი თბილისიდან, სტუდია „აუდიენციიდან“ მიავლინეს შვეიცარიაში დამხმარე ოპერატორად.“ სასამართლოს მარტივად შეეძლო, გამოეკვლია ისიც, „აუდიენციიდან“ იყო თუ არა მივლინებული შვეიცარიაში გიორგი ბარათელი. თუმცა, არც ამ მიზნით გააკეთა რამე. რაც მთავარია, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ იმ პირის მოძიება, რომელმაც, გიორგი და მამუკა ბარათელების ჩვენებების მიხედვით, ჟენევაში მყოფ გიორგი შარაძესთან დააკავშირა ბარათელი. რატომ არ დაინტერესდა სასამართლო ამ პირის მოძიებით? დაადასტურებდა თუ არა იგი ბარათელის ჩვენებას? მისი მოწმედ დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა ბარათელის ადვოკატებმა დააყენეს, სასამართლომ ადვოკატებს დააკისრა მისი პროცესზე მიყვანის ვალდებულება. ამ უკანასკნელებმა მალე უკანვე წაიღეს შუამდგომლობა არგუმენტით, რომ ვერ მოიძიეს კონკრეტული პიროვნება, რომლის ყველა საპასპორტო მონაცემი ცნობილია. თუმცა, არ წარმოუდგენიათ ძებნის დამადასტურებელი არცერთი საბუთი: თუნდაც წერილი უბნის ინსპექტორთან.
მთავარი მოწმე ცოცხალია თუ მკვდარი?
მისი სახელი გახლავთ მიხეილ (მიშა) ჟღენტი. დაბადებულია 1977 წელს, ცხოვრობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 90-იანი წლების ბოლოს მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“ (იცნობდა გიორგი შარაძესაც და გიორგი ბარათელსაც). ჩვენმა საგამოძიები ჯგუფმა, სამართალდამცავებისგან განსხვავებით, ადვილად მიაგნო მის ოჯახს. შევხვდით ჟღენტის დედას, ქალბატონ ნუნუ ჟღენტს, რომელმაც თქვა, რომ შვილი არ უნახავს რამდენიმე წლის განმავლობაში - 2006 წლის მარტის შემდეგ. 2006 წლის აპრილში უკანასკნელად ესაუბრა ტელეფონით საზღვარგარეთ. სამართალდამცავთათვის, ალბათ, ძალზე ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო მთავარი მოწმის ასეთ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარება. ჟღენტის დედამ გვითხრა, რომ ის წლების განმავლობაში არავის უნახავს. გვითხრა ისიც, რომ მის ოჯახში მიშას მოძებნის მიზნით არავინ არასდროს მისულა სამართალდამცავთაგან, არც სასამართლოდან მიუღიათ გამოძახება. ის კი იცის, რომ მისმა შვილმა გიორგი ბარათელს ჟენევაში გამგზავრების წინ მობილური ტელეფონიც უყიდა და თვითმფრინავის ბილეთიც. ქ-ნმა ნუნუმ ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ვიდრე ბარათელი შვეიცარიაში წავიდოდა, მასთან სახლში გურამ შარაძემ დარეკა: „ჩემი მეუღლე იკითხა. ვახტანგს არ ეცალა და მე დაველაპარაკე. ვუთხარი, თუ იცით, თქვენს შვილს სტუმარი რომ უნდა ეწვიოს; გიორგი ბარათელი შვეიცარიაში მიდის-მეთქი. გადაირია, ვაიმეო, რას ჰქვია, მიდისო, ჩემს შვილს კიდევ არევ-დარევა უნდა, რაში სჭირდება იქ ხულიგანი და ჯიბგირიო. მე ვუთხარი - შეუშალე ხელი წასვლაში, აეროპორტში დარეკე და ბილეთი დააბლოკინე, ნუ გაუშვებ-მეთქი. მაგრამ, როგორც შემდეგ გავიგე, ბარათელი მაინც წავიდა შვეიცარიაში.“
რას იტყოდა სასამართლო ასეთი ჩვენების მოსმენისას? მამუკა ბარათელი (გიორგის ძმა) ხომ თავის ჩვენებაში ამტკიცებს, რომ მისი ძმა აეროპორტში გურამ შარაძემ გააცილა! ერთი სიტყვით, სასამართლომ ხელიდან გაუშვა ერთ-ერთი მთავარი მოწმის მოძიების შანსი. აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც შეუძლია. სხვადასხვა სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებთან დადებული ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. თუმცა, სასამართლოს არც ეს უფლება გამოუყენებია.
მნიშვნელოვანი გარემოება, რომლისთვისაც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია
ეს არის მოწმე ალექსანდრა პირუმოვის ჩვენება: „2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. „რუსთავი 2"-ში მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, „აქ აღარ დარეკოო.“
ვინ დაურეკა გიორგი ბარათელს? სად წავიდა ასე სასწრაფოდ? სასამართლოს ეს კითხვები არ დაუსვამს. ეს დრო ხომ ზუსტად ემთხვევა შარაძის მკვლელობის წინა, უახლოეს წუთებს? რატომ და ვისი მითითებით ცხოვრობდა იგი განცალკევებით შარაძის მკვლელობის წინა დღეებში? ვინ გაიყვანა იგი სახლიდან დაახლოებით იმ წუთებში (19-დან 20 საათამდე დროის შუალედში), როცა გურამ შარაძე საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა (სადაც იგი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც გვიანობამდე მუშაობდა) და ფეხით გაემართა ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე სახლისკენ? თუ პირუმოვის ჩვენებას დავუჯერებთ, ბარათელთან განხორციელებული საიდუმლო ზარიდან შარაძის მკვლელობამდე ზუსტად იმდენი დრო გავიდა, რამდენიც ბარათელს მკვლელობის ადგილამდე მისაღწევად დასჭირდებოდა. ვინ და რა მიზნით მიიყვანა იგი მკვლელობის ადგილას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ან აქ, ან სტრასბურგში; ან ახლა, არსებული სასამართლო სისტემის პირობებში, ან მომავალში, როცა სიმართლეს ვეღარ შეურაცხყოფენ გრძელ, რომაულ მანტიებში გამოწყობილი მოსამართლეები. ხოლო ის, შეძლებს თუ არა სასამართლო გურამ შარაძის მკვლელობაზე სიმართლის გარკვევას, გაარკვევს იმასაც, რამდენად სახიფათო გამოწვევების მიღება შეუძლია ქართველ თემიდას.
ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.
პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”