Tuesday, October 12, 2010

ხარაგაულის მღვრიე წყალში თევზი ბაქრაძის სიმამრმა დაიჭირა





წყალში გადაყრილი ფული

მადლენა მაჭარაშვილი

„ერთი წლის წინ გვითხრეს, რომ წყალსადენის სისტემის სამუშაოები დასრულდა, ყველაფერი წესრიგში იყო და წყალიც 24 საათის განმავლობაში გვექნებოდა, მაგრამ ფაქტია, კარგად არ გაუკეთებიათ. წყალი რომ არ გვაქვს, შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ. გრაფიკია დაწესებული. თუ გაწვიმდა, ონკანებში სულ ტალახიანი მოდის. ბავშვებისთვის სასმელი წყალი სოფელ ისლარიდან ჩამოგვაქვს. სახლში, ონკანზე „ბინტი“ ავაკარით, ტალახი და ქვიშა ცოტათი მაინც რომ გაიფილტროს,“- გვითხრეს ხარაგაულელებმა.
ხარაგაულში წყლის პრობლემის შესახებ ადგილობრივების მონათხრობი წყლის წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს. არადა, ეს საკითხი ქაღალდზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოგვარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, სიმამრის კომპანიამ შპს „ელ-რიომ“ ხარაგაულის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი 2009 წლის 30 ნოემბერს დაასრულა. სწორედ, ამ დღეს გაფორმდა პროექტის შესრულების დოკუმენტიც, რომელსაც ხელი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა მოაწერეს.
წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისთანავე ცხადი გახდა, რომ ხარაგაულელები დაპირებულ 24-საათიან წყალს ვერ მიიღებდნენ. უხარისხოდ გაკეთებული ქსელიდან წყალი მიწის ქვეშ იღვრება და ონკანებამდე ვერ აღწევს. წყლის ახალი სისტემა ძველზე უვარგისი აღმოჩნდა - დაბის მოსახლეობა დღეს ისევ მღვრიე წყალს იღებს, კვლავ გრაფიკითა და ძველი წყალსადენის მეშვეობით.

ხარაგულის წყალში გადაყრილი ფულის ისტორია

2009 წლის 23 მარტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაბა ხარაგაულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით, ტენდერი გამართა. მილიონ ექვსას ოცდათხუთმეტიათას ლარიანი პროექტი ტენდერის პირობის მიხედვით 6 თვის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო.
შპს „ნიუ ენერჯი“ წყალსადენის რეაბილიტაციის მიზნით 1.967 ათას ლარს ითხოვდა; ე/ს შპს „ერისიმედი“ და შპს „წყალკანალრემშენი“ – 1,552 ათას ლარს; შპს „გილმარი-2“ 1,180 ათას ლარს; შპს „ინ-სი“ – 1,995 ათას ლარს, ხოლო ე/ს შპს „ელ-რიო“ და შპს „ „მშენებელი 80“ – 803,468 ლარს; გამარჯვებულად ეს უკანასკნელი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიმარტეს, რომ „სატენდერო კომისიამ უპირატესობა უდაბლესი ფასის მქონე კომპანიას, შპს „ელ-რიოს“ მიანიჭა, რომლის ფასი საპროექტო ღირებულების ნახევარიც არ იყო.“
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ზურაბ ჩინჩილაკაშვილის, განმარტებით: „გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული ყველა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა დააკმაყოფილა.“
803 ათას ლარიანი წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „ელ-რიომ“ 2009 წლის 15 აპრილს დაიწყო. მოგვიანებით, პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საკონტრაქტო ფასი დაახლოებით 158 ათასი ლარით შემცირდა. ჯამში წყალსადენის პროექტის რეაბილიტაცია „ელ-რიოს“ 645 ათასი ლარი დაუჯდა. კომპანიამ კუთვნილი თანხა მიიღო, ხარაგაულელებს კი წყლის მიწოდება არც კი გაუმჯობესებიათ.
შპს „ელ-რიო“ იმავე პერიოდში ხარაგაულში ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტზეც მუშაობდა. ტროტუარების მოსაწესრიგებლად კომპანიამ 230 ათასი ლარი მიიღო. ეს თანხა „ელ-რიოს“ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოუყვეს. ხარაგაულელები ამბობენ, რომ დაბაში ბორდიურების პროექტიც სანახევროდ და უხარისხოდ გაკეთდა.
ხარაგაულის წყალსადენისა და ბორდიურების პროექტებს ადგილზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარის, კაკო მაჭავარიანის, სიძე ალეკო ჭუმბურიძე ხელმძღვანელობდა. ჭუმბურიძე დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსია.
წყლისა და ბორდიურების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ხარაგაულელთა დიდი ნაწილი ორივეთი უკმაყოფილოა.
ხარაგაულის მკვიდრი იური ლურსმანაშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, აცხადებს: „წყალგაყვანილობა არასწორად არის მიერთებული და ამის გამო მილებიდან ასხამს. არ ვიცი, რა პირობებში გაიმართა ტენდერი, პროექტის შესახებ ჩვენ გვიან გავიგეთ. წყლის რეაბილიტაციის პროექტი საკანალიზაციო ჭების მოწყობასაც ითვალისწინებდა, მაგრამ ისეთი ჭები გააკეთეს, მასში 3 წლის ბავშვიც ვერ გაიმართება, სარემონტო სამუშაოებისთვის იქ კაცი ვერ ჩავა.
წყლის მილების მოწყობამდე წყლის სათავე ნაგებობის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობდა. გვიან გამოტყდნენ, რომ მუშებმა აქ შეცდომები დაუშვეს. ხელმეორედ გააკეთეს - ასევე უხარისხოდ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ყოველ გაწვიმებაზე მღვრიე წყალი მოდის. აღმოჩნდა, რომ დამატებითი ფილტრების დაყენება არის საჭირო. მათ კი ყველაფერი ზერელედ გააკეთეს.“

„საერთაშორისო კონტრაქტი“

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და იმერეთის გუბერნატორის აპარატიდან მგფ-სა და „ელ-რიოს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის ასლი გამოვითხოვეთ, გუბერნატორის აპარატიდან საერთოდ არ გვიპასუხეს, მგფ-მა კი უარი ასეთი „არგუმენტით“ გვითხრა: „ეს ქვეპროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მასთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ვ ქვეპუნქტის თანახმად, თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება ზემოთაღნიშნული კანონი და იგი არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, რის გამოც ვერ გაწვდით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლებს."
მგფ-ის უარის მიზეზს „აბსურდულს“ უწოდებენ იურისტები. საია-ს იურისტის, ბექა დოჭვირის თქმით, „მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარის სათქმელად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებული მუხლის მოხმობა და იმის მტკიცება, რომ მგფ-სა და კონკრეტულ კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, უბრალოდ, სასაცილოა. მით უმეტეს, რომ პროექტისთვის საჭირო თანხის ნაწილი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყო, საბიუჯეტო თანხების ხარჯვა კი გამჭვირვალე უნდა იყოს.“
მგფ-სა და „ელ-რიოს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებს ჩვენ, არაოფიციალურად, სანდო წყაროს მეშვეობით გავეცანით. კონტრაქტის თანახმად, პროექტის დეფექტებზე პასუხისმგებლობისთვის ერთწლიანი ვადაა გათვალისწინებული, პასუხისმგებლობა საბანკო გარანტიით არის გამყარებული. პროექტის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, რამე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, უფასოდ გამოასწოროს დეფექტი. ეს ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში იწურება.

„ელ-რიოდან“ „ბელდ ინვესტამდე“

„ელ-რიოს“ სახელწოდების მქონე შპს საინფორმაციო ბაზიდან ხარაგაულის წყალსადენის პროექტის შესრულებიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ გაქრა.
2010 წლის 30 აპრილს შპს „ელ-რიოს“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრება შედგა, რომელსაც შპს-ის სამივე პარტნიორი - ლერი მეტრეველი (50%-ის წილის მფლობელი), რამაზ შალამბერიძე ( 45%) და დავით ჯაფარიძე (5%) - დაესწრო. კრების ოქმის თანახმად, პარტნიორებმა სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს: ლერი მეტრეველს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტეს, შპს-ის დირექტორად ბექა დევდარიანი დანიშნეს და შპს „ელ-რიოს“ სახელწოდება შპს „ბელდ ინვესტით“ შეცვალეს.
ლერი მეტრეველს ჩვენ ხარაგაულიდან ჩამოსვლის შემდეგ დავუკავშირდით. შპს „ელ-რიოს“ უკვე ყოფილი დირექტორი ხარაგაულის წყალსადენის საკითხზე სასაუბროდ მარტივად დაგვთანხმდა. გვითხრა, რომ საქმის კურსშია და პროექტის დეტალებიც ზეპირად იცის.

„ხარვეზები არ არის, მაგრამ გამოვასწორებთ“

ლერი მეტრეველი: „წყალსადენის ქსელი გაკეთებულია, მხოლოდ გადაერთებები არის საჭირო. პატარა ხარაგაულში ახალი ქსელი მუშაობს. დაბაშიც მალე ჩაირთვება. 3 დღის წინ თავად ვიყავი ჩასული ხარაგაულში, კომპანიის წარმომადგენლები ჩავიყვანე. დაისახა ღონისძიებები და სამუშაოები რამდენიმე დღეში შესრულდება.
-ბატონო ლერი, თქვენ ბრძანეთ, რომ პატარა ხარაგაულში მოსახლეობა წყალს ახალი სისტემის მეშვეობით უკვე იღებს. გრაფიკი რატომ შენარჩუნდა?
-24-საათიან წყალმომარაგებას ხელს მრიცხველების საკითხი უშლის. პაპანაქება სიცხეები რომ იყო, მოსახლეობა წყალს უკონტროლოდ მოიხმარდა.
-ალბათ დამეთანხმებით, რომ ნათესებს სექტემბერის ბოლოს არავინ რწყავს, დღეს რატომ არ აქვთ 24-საათიანი წყალმომარაგება ხარაგაულელებს?
-ვერ გეტყვით. რეგულირება არის საჭირო. ზედა ზონაში რომ წყალს გაუშვებენ, ქვედა ზონაში უკვე ნაკლებად ექნებათ. ეს უკვე ექსპლოატაციის პრობლემაა.
თუ ხალხს მრიცხველის მიერ დაწერილი თანხის გადახდა არ დაავალდებულეს, წყლის პრობლემა ყოველთვის იქნება.
-მგფ-ს პროექტი წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტს ითვალისწინებდა, თქვენ რატომ შეამცირეთ საპროექტო წინადადება 803 ათას ლარამდე?
- სატენდერო თანხა იყო 1. 4 მილიონი ლარი. ჩვენმა კომპანიამ ტენდერი მოიგო 800 ათასით. ეს საკმარისი იყო სამუშაოების საწარმოებლად. უხარისხოდ არაფერი გაკეთებულა. სამუშაოების ხარისხზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ამის ვალდებულება კონტრაქტითაც გვაქვს.“

„ელ-რიოს“ მიერ მოწყობილი წყალსადენის გამართულად მუშაობას, იმიტომაც არ უნდა ველოდეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი ამის საჭიროებას, უბრალოდ, ვერც ხედავს. ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო „ჩვეულებრივად“ შესრულდა და ხარაგაულელებს წყალი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ არ მიეწოდებათ, რომ წყლის მრიცხველები არ აქვთ დამონტაჟებული.

წყლის მრიცხველი და ტარიფი

წყლის მრიცხველების ჩვენების მიხედვით დღეს საქართველოში წყლის გადასახადს არც ერთი ფიზიკური პირი არ იხდის. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ვასაძემ, გვითხრა, რომ წყლის მრიცხველები ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ 7 ქალაქში აქვთ, თუმცა ამ მრიცხველებს არავინ ამოწმებს, რადგან ფიზიკური პირებისთვის წყლის ტარიფი ჯერ სემეკ-ს არ დაუდგენია და ეს არც ახლო მომავალში იგეგმება.
ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია „ელ-რიოს“ ყოფილი დირექტორისა და ხარაგაულის გამგებლის პასუხები, რომ წყალმომარაგების საკითხი ხარაგაულში წყლის მრიცხველების დამონტაჟებისთანავე გადაწყდება. როგორ უნდა გადაჭრას წყლის მიწოდების პრობლემა მრიცხველმა, როცა ახალი წყალსადენის მილებიდან იმაზე მეტი წყალი იღვრება, რამდენიც ძველი სისტემიდან იღვრებოდა, ან რა აზრი აქვს ხარაგაულში მრიცხველების ფორმალურად დადგმას, როცა ქვეყანაში წყლის ტარიფი ჯერ არავის დაუდგენია.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი რომ არ შესრულებულა და წყლის ახალ სისტემის გაუმართაობას მრიცხველების დაყენება რომ ვერაფერს უშველის, ეს თავად თორნიკე ავალიშვილმაც კარგად იცის, მაგრამ მან დოკუმენტს ხელი სულ სხვა მიზეზის გამო მოაწერა: 2009 წლის 30 ნოემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულზე გაიმართებოდა. ბაქრაძის სიმამრის კომპანიას რომ პრობლემები შექმნოდა, მას მეორედ გამგებლობა აღარ მოუწევდა. თანაც, ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძის ნათესავი, კაკო მაჭავარიანი უნდა გამხდარიყო, რომლის სიძე ალეკო ჭუმბურიძე უშუალოდ კურირებდა წყასადენის პროექტის სამუშაოებს.

ხარაგაულის გამგებლის „ჩვეულებრივი“ სიმართლე

ხარაგაულში ჩასულები მუნიციპალიტეტის გამგებელს, თორნიკე ავალიშვილსაც ვესაუბრეთ:
-ბატონო თორნიკე, დაბა ხარაგაულის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტის მიზნით გამართულ ტენდერში რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ?

-სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. ჩვენთან არც ხელშეკრულება არის გაფორმებული და სამუშაოებს არც თანხობრივად ვაფინანსებდით.

-იმის თქმა გინდათ, რომ პროექტის განხორცილებისთვის თანხის ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გადაუხდია?

-გამგეობიდან თანხის 15%-ი გადაირიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდში.

-და, თქვენ ამ პროექტთან დაკავშირებით არანაირ ხელშეკრულებაში არ ხართ მხარედ წარმოდგენილი?

-აბსოლუტურად არანაირში.

-მე ვნახე დოკუმენტი, რომლზეც პირადად თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი და ამ ხელმოწერით ადასტურებთ , რომ 2009 წლის 30 ნოემბერს წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით დასრულდა.
-ეს პროექტი დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეამოწმა და, მე, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადენელმა, ჩვეულებრივად, მოვაწერე ხელი.

-ხარაგაულელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ ონკანებში წვიმის დროს ტალახიანი წყალი მოდის, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად?

-ჩვენთან, საერთოდ, კასტრული წყლებია. მთის წყალია. სათავე ნაგებობა არის ჩეულებრივად. წყალი დიდი წვიმების დროს იმღვრევა, ისე - არა. უფრო სწორად, კი არ იმღვრევა, შეფერილი წყალი მოდის. გამოსაყენებლად ვარგისია. ყოველი კვირის ბოლოს ლაბორატორიულად მოწმდება. ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ფილტრაცია ბუნებრივად ხდება. შემოწმებაზე რომ ჩამოგვაქვს წყალი, ლაბორატორია დასკვნას გვაძლევს, რომ გამოყენებადია.

-რომელი კომპანია აწარმოებდა წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოებს?
-არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბიუჯეტიდან თანხა ფირმისთვის არ გადაგვირიცხია, გადავრიცხეთ ფონდში, ფირმასთან ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს.

-2009 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტზე მომუშავე შპს „ელ-რიო“ ვალდებულია 1 წლის განმავლობაში დეფექტებზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა და ხარვეზები საკუთარი ხარჯებით გამოსწოროს. ეს ვადა კი ნოემბერში იწურება. თქვენ თუ აპირებთ ამ საკითხით დაინტერესებას და კომპანიისთვის ვალდებულებების შეხსენებას?
- ხარვეზები როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც მრიცხველები არის დასაყენებელი? როდესაც ეს ქსელი გაკეთდა, მართალია, გრაფიკი კვლავ მოქმედებდა, მაგრამ ზაფხული იყო ძალიან ცხელი და მოსახლეობამ წყალი ყანებსა და ბოსტნებში გაუშვა, ქსელში არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემა არის მოხმარება. 24-საათიანი წყალი ჯერ ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ მრიცხველები არის დასაყენებელი. მრიცხველები როდესაც დადგება, მოსახლეობა თავად გააკონტროლებს მოხმარებას და ბოსტნებსა და ნათესებში წყალს აღარ გაუშვებს.
-მაგრამ თუ ბოსტნებისა და ნათესების მორწყვა საჭიროა, რატომ უნდა თქვას უარი ამაზე მოსახლეობამ? გამოდის, წყლის რესურსი დეფიციტურია...
-დეფიციტური არის-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ 500-ტონიანი ავზი გვაქვს. ლოგიკურად რომ ვთქვათ, 24 საათის განმავლობაში თუ მიუშვებთ ნათესებზე წყალს, წყალიც აღარ იქნება.

- თქვით, რომ ხარაგაულში კასტრული წყლებია და წვიმაში წყალი ამის გამო იმღვრევა . ადგილობრივებისგან შევიტყვეთ, რომ „კომუნისტების პერიოდში“ მათ ონკანებში ამგვარი წყალი არასდროს მოდიოდა, ახლა რატომ გახდა წყალი „კასტრული“?
- 90-იანი წლებიდან, როდესაც ხარაგაულის ხელმძღვანელი ნოდარ ებანოიძე იყო, ტყის მასობრივი ჭრა დაიწყო, ურალი ურალზე გამოდიოდა, ხე-ტყე გამოჰქონდათ, ამან გამოიწვია ეს შედეგი.

ხარაგაულის გამგებელი „ჩვეულებრივი“ პასუხებით საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის. მის მიერ „წყლის ამღვრევაში“ დადანაშაულებული ნოდარ ებანოიძე რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამიტომაც წყლის პრობლემის მასზე გადაბრალება იოლიცაა და „მიზანშეწონილიც“. გაცილებით „რთულია“ იმის ახსნა, რატომ აქვთ ხარაგულელებს წყალი გრაფიკით 2010 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ცხელი ზაფხულიც გასულია და ბოსტნებსა და ნათესებსაც აღარავინ რწყავს.






ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა სტუდია "მონიტორის" საგამოძიებო პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობის, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა" და "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით
ჟურნალისტური გამოძიების მოკლე ვერსია დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალში"

0 comments:

Post a Comment