Thursday, September 9, 2010

დაპატიმრებული დამპატიმრებელი... სად ინახავენ ქართველი პოლიციელები ნარკოტიკს




24-03-2010, 16:10

მადლენ მაჭარაშვილი
პოლიტპატიმრის სახელით ცნობილი, ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დაკავებული მერაბ რატიშვილის საქმე ყველამ მიივიწყა. მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელსაც, ალბათ, არასდროს დაავიწყდება მერაბ რატიშვილის დაპატიმრების დღე: ორი მიზეზის გამო - რატიშვილის დაპატიმრებაში მან უშუალო მონაწილეობა მიიღო და სოდ-ის ყოფილ კოლეგებთან ერთად იგი კანონისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით დააპატიმრა; რატიშვილის დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ კი მან ზუსტად გაიზიარა რატიშვილის ბედი. ბედის ირონიით, მისი დაპატიმრების საბაბი და სცენარი ფატალური სიზუსტით ემთხვევა მის მიერ დაპატიმრებულის დაპატიმრების სცენარს.

რატიშვილის საქმე დღეს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოშია და რეგისტრაციის ნომრით განსაზღვრულ რიგს ელოდება. სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ფაჩულია კი, რომელმაც რატიშვილი ნარკოტიკების შენახვის ფაქტის საფუძველზე დააპატიმრა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით დღეს თავად იხდის სასჯელს.

მამუკა ფაჩულია შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის 12 ივლისს დააკავეს. დაკავების მოტივი და დეტალები ტყუპისცალივით ჰგავდა მამუკა ფაჩულიას მიერ არაერთხელ ჩატარებულ დაკავების ოპერაციას. მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ათეულობით აბი აღმოუჩინეს, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი“კოლეგებმა“ საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადაში ჩამოკიდებული პიჯაკის ჯიბიდან გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული აბები უპოვეს. როგორც ჩანს, ფაჩულია სახლში ნარკოტიკებს, სწორედ, იმ ადგილას ინახავდა, სადაც ორი წლის წინ რატიშვილთან პირადად „იპოვა“.

სამართალდამცავებმა 2009 წლის 1 დეკემბერს ასევე დააკავეს რატიშვილის დაკავების ოპერაციის ხელმძღვანელი სოდ-ის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკა კაპანაძე. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობაც შეუფარდეს. დაკავებულს ბრალი თაღლითობაში წაუყენეს, რაც, კანონით, თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა, მაგრამ კაპანაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.

მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმრად რამდენიმე საანგარიშო მოხსენებასა და დასკვნაში არის დასახელებული: კერძოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ 2009 წელს შემუსავებულ დასკვნაში; სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, 2009 წლის 23 იანვარს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ დამტკიცებულ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დასკვნაში. რატიშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკურ მოტივად შემდეგი მიზეზებია დასახელებული: „იყო თბილისის პოლიტიკური დისკუსიის კლუბის დამფუძნებელი, აქტიურად თანამშრომლობდა პარტიასთან „ჩვენ თვითონ“; 2007 წლის ოქტომბერში თბილისში დაწყებული აქციების დროს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდა გაერთიანებულ ოპოზიციას.“

მერაბ რატიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2008 წლის 15 ივლისს მიუსაჯა. მის მიმართ სამართალდამცველთა ინტერესი 2007 წლის ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვლინდა, როცა ვინმე მოქალაქე გია მელაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში აღმოაჩინეს და საეჭვოდ მიიჩნიეს ტელეფონის ნომერი 899 39 88 ... 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანქცია გასცა 2 თვის განმავლობაში ამ ნომერზე განხორციელებული საუბრების ფარულად მოსმენაზე. სანქციის გაცემის მიზნად დასახელდა ნარკორეალიზატორების გამოვლენა, რომლებიც თითქოს ზემოთ ხსენებულ გია მელაძეს ამარაგებდნენ ნარკოტიკით. სწორედ, ამ მობილური ტელეფონის პატრონი იყო მერაბ რატიშვილი.

სამართალდამცავები აღნიშნულ სატელეფონო ნომერთან საუბრებს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22 საათამდე ისმენდნენ. სულ (შემავალი და გამავალი) 33 ზარი აღრიცხეს. აქედან მხოლოდ ორი - ერთსა და იმავე დღეს ერთი და იმავე ნომრიდან შემდგარი საუბრით დაინტერესდნენ. საუბრებს შორის შუალედი 40 წუთი იყო. მრავალიდან ამ ორის არჩევის მოტივი იყო საუბრის დროს გამოყენებული სიტყვა “შაქარი”, რომელიც ნარკოტიკების აღმნიშვნელ კოდურ სიტყვად მიიჩნიეს.
რატომ მიიჩნიეს „შაქარი“ კოდურ სიტყვად, სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროდ არ მიიჩნია. თავად სოდ-ის თანამშრომელმა, რომელიც სასამართლოზე მოწმედ იყო მოწვეული - ამ კითხვაზე ადვოკატს სრულიად გაუგებარი პასუხი გასცა: “იმიტომ, რომ შაქარი არის თეთრი და ტკბილი“.

ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მასალა ადასტურებს, რომ იმ აბონენტის ბარათის მონაცემები, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ნომერი 895 4735... (საიდანაც საეჭვო შინაარსის საუბრებს ახორციელებდნენ) გაყალბებული იყო. მითითებული პირადობის მოწმობის ნომერი ეკუთვნოდა ერთ ადამიანს, სახელი და გვარი - სხვას, რეგისტრაციის ადგილი კი სხვას (უფრო სწორად, არავის: ის გამოიგონეს). დოკუმენტები ადასტურებენ, რომ სოდ-ს სჭირდებოდა სატელეფონო ზარი, როგორც მტკიცებულება, რათა რატიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიეღო. მათ რატიშვილის დაკავების სხვა ოფიციალური საფუძველი არ ჰქონიათ.

სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რატიშვილის დაკავების, მისი პირადი, აგრეთვე მისი ავტომანქანის, ბინისა და ოფისის ჩხრეკის ოქმები დარღვევით იყო შედგენილი. ამ ოქმებს ხელს არ აწერდნენ მოწმეები, ხელს არ აწერდა ადვოკატი, რომლის დასწრებას რატიშვილი დაბეჯითებით ითხოვდა. გარდა ამისა, ოქმს ხელი მოაწერა უფრო ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე, თვითმხილველთა თქმით, რეალურად მონაწილეობდა ჩხრეკაში. მაგალითად, სასამართლო პროცესზე რატიშვილის მეუღლემ მოწმედ მოწვეულ სოდ-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანში ამოიცნო სახლის ჩხრეკის დროს იქ მყოფი პირი ნიკა კაპანაძე, რომელსაც ჩხრეკის ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. მან სასამართლოზე თავის გამართლება ასეთი არგუმენტით სცადა: ხელი იმიტომ არ მოვაწერე ოქმს, რომ ჩხრეკაზე დამსწრის სტატუსით ვიყავი. კანონის თანახმად კი, ყველა, ვინც ჩხრეკას ესწრება, ვალდებულია, ხელი მოაწეროს ჩხრეკის ოქმს.

თუმცა სასამართლოს დარღვევად არ მიუჩნევია ასეთი ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები: ავტომანქანიდან ამოღებული ერთჯერადი მოხმარების შპრიცში გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონი” და სახლის ჩხრეკის დროს დაკავებულის პიჯაკის ჯიბიდან ამოღებული იგივე ნივთიერება.

ეკა ჯიხვაშვილი, მერაბ რატიშვილის მეუღლე: „ნიკა კაპანაძე მერაბის დაკავების ოპერაციას და ჩხრეკას ხელმძღვანელობდა, მამუკა ფაჩულიამ კი პირადად „ამოიღო“ ნარკოტიკი გარდერობში დაკიდებული პიჯაკის ჯიბიდან. რაღაც „ფოკუსებს“ ატარებდა ოთახში. ჩხრეკა უკვე დასრულებული ჰქონდა, რომ მიბრუნდა, ჯიბეში ხელი ჩაყო და „ჰოპ“ დაიძახა. მერე ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.“

რატიშვილის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი 2009 წლის მაისში მისი მეუღლის, ეკა ჯიხვაშვილის, მიმართვის საფუძველზე გაეცნო. საქმის მასალების მიხედვით, სოზარ სუბარმა რატიშვილი პოლიტპატიმრად მიიჩნია და სარეკომენდაციო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს გაუგზავნა. ადეიშვილის უწყებიდან სახალხო დამცველის აპარატს პასუხი არ მიუღია. სოზარ სუბარის შემდეგ სახალხო დამცველად არჩეულმა გიორგი ტუღუშმა კი რატიშვილის საქმის მასალები არქივის საკუთრებად აქცია.

ეკა ჯიხვაშვილი: „სარეკომენდაციო წერილი სოზარ სუბარის დროს არის დაწერილი. მერე მალე მოვიდა ტუღუში, ეს წერილი ჩამოწერა და არქივში გადაიტანა ისე, რომ პასუხსაც კი არ დაელოდა. როცა სამინისტროს წერილს წერ, სულ მცირე, ის მაინც ხომ უნდა გიპასუხონ, არ მიმაჩნია საჭიროდ, პასუხი გაგცეთო. ახალი სახალხო დამცველი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს. ანუ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მის საანგარიშო მოხსენებებში შესაბამისი თავი სულ გაქრება. ვიდრე სოზარ სუბარი წერდა მოხსენებებს, ყველა ანგარიშში ახსენებდა პოლიტპატიმრებს და, მათ შორის, მერაბ რატიშვილის საკითხს. გიორგი ტუღუშს პარლამენტში არასმათავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე პირადად დაუსვა ნანა კაკაბაძემ კითხვა, აღიარებთ, თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობასო. პასუხი არ გაუცია, ყველანაირად აარიდა თავი ამ კითხვას.“

0 comments:

Post a Comment