Thursday, September 9, 2010

მერკელს სიყვარულით, რუსული ბომბების მუზეუმად ქცეული საქართველოდან


მერკელს სიყვარულით, რუსული ბომბების მუზეუმად ქცეული საქართველოდან

18-03-2010, 19:09

მადლენ მაჭარაშვილი„მომღერალი ხე“ იმ ჭურვებისგან დამზადდება, რომლებიც რუსებმა აგვისტოს ომის დროს გორსა და თბილისში, 31-ე ქარხნისა და ვაზიანის ტერიტორიაზე ჩამოყარეს. ბომბების ნამსხვრევებისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნა და ამით, ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავყოფა შეიძლება“. სწორედ , ასე წარმოუდგენია დავით გაჩეჩილაძეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველების ხსოვნის მემორიალი.

პროექტის თანახმად, ხსოვნის ხე უჟანგავი რკინის მილებისგან აიწყობა. ჰორიზონტალურად განლაგებული მილები 360 გრადუსიან მრგვალ ღერძს შექმნიან, ვერტიკალური მილაკები კი, ე.წ. ჩინური ზარების პრინციპით ქარის სიჩქარის მიხედვით იწკრიალებენ. ხის მუსიკალური ჟღერადობა ქარის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ყველა მილს, ისევე, როგორც სალამურს, ამოჭრილი ექნება ენა, როდესაც ქარი დაუბერავს, მილები სხვადასხვა მელოდიას გამოსცემენ - ჩიტის სტვენიდან ნაღმის აფეთქების ხმამდე.

„მათ შორის დედის ტირილის ხმაც იქნება და „იავნანაც“. ხმა შემზარავი რომ არ გამოვიდეს, ნოტების მიხდვით დაბალნსდება ტალღის სიგრძე. „იავნანას“ საქართველოში დაღუპულ გმირებსაც უმღერიან და პატარა ბავშვსაც, რომელიც მომავალი ვაჟკაცი და გმირი უნდა გაიზარდოს“, - ამბობს დავით გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ „მომღერალი ხე“ საქართველოში პირველად დაიდგმება. მსგავსი რამ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.


პროექტის განხორციელებას თბილისში აპირებს, აეროპორტის გზაზე. გეოგრაფიული განედისა და გრძედის გათვალისწინებით ეს მონაკვეთი თბილისსა და გორს ერთმანეთთან აკავშირებს, ანუ იმ ქალაქებს, რომლებშიც რუსული ბომბები ჩამოყარეს. ამბობს, რომ პროექტი ბევრმა ნახა და მოიწონა, მაგრამ ვერ იხილა მთავარი გადაწყვეტილების მიმღებმა, ქალაქის თავმა, გიგი უგულავამ. ,,ქუჩაში დახვედრა მე არ შემიძლია, შეხვედრაზე კი არავინ მიღებს“, - წუხს პროექტის ავტორი.

დავით გაჩეჩილაძის კრეატივი მხოლოდ პროექტების წერაში არ ვლინდება. ის განათლებით ჟურნალისტია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ სადოქტორო ხარისხი დაიცვა. 35 წლისაა და 5 შვილი ჰყავს. პროფესორია. ერთხანს „იესემში“ და უნივერსიტეტში ასწავლიდა ჟურნალისტებს, ამჯერად პედაგოგობისთვის გამოყოფილ დროსაც ხელოვნებას უთმობს. წერს ლექსებს, ხატავს, მუშაობს ძერწვაზე, ქანდაკებებზე, წერს მუსიკებს. ხელოვნების დარგებში სპეციალური განათლება არ მიუღია. რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობის ჩარჩოებშიც ვერასდროს ეტევა. ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ „მინდიზმის“ მიმდევარია: „მინდა და ვწერ, მინდა და ვხატავ, მინდა და ვძერწავ... თუ მოგწონთ, მიიღეთ“.

რამდენიმე პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი გერმანიაში მოეწყო. მაშინ დავით გაჩეჩილაძის ნახატები ნაივური მხატვრების გამოფენაზე გამოიტანეს. ნაივი ცოტა პრიმიტიული სტილია შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით, მაგრამ ფილოსოფიური, ღრმა შინაარსით გამოირჩევა. 2006 წელს გერმანიაში მოწყობილ მის გამოფენაზე სხვა საპატიო სტუმართა შორის კანცლერი ანგელა მერკელიც მისულა, დავით გაჩეჩილაძის ნახატი ძალიან მოსწონებია. ასე ერგო საჩუქრად მერკელს ,ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ერთ-ერთი ტილო. სახელად “დრონი მეფობენ და არა მეფენი”.

ლექსებს და ნოველებსაც წერს. ახლო მომავალში მესამე კრებულის გამოცემას აპირებს. კრებული ოთხ ენაზე იქნება - ქართული, რუსული და გერმანული ორიგინალებია, ამ ენებზე დავითი თავად წერს წიგნში შევა ინგლისურად - ნათარგმნი ლექსებიც. 218-გვერდიან წიგნში, 60-მდე ნახატი იქნება. პირველად საქართველოში წიგნს ექნება ანიმაცია და წიგნის გადაფურცვლისას მკითხველი ანიმაციურ გრაფიკას იხილავს. ლექსებს სხვადასხვა მოტივზე ქმნის: ლირიკა, ჰეროიკა, რომანტიკა...
მიაჩნია, რომ პოეტი მოძღვარია, შემოქმედება კი აღსარებაა - საჯაროდ თქმული, გულწრფელი აღსარება. პირველი ლექსი 19 წლის ასაკში დაწერა, პირველი სიმღერა - 25 წლისამ. მის ლექსზე მისივე ავტორობით შექმნილ სიმღერებს სხვადასხვა თაობის ისეთი საუკეთესო მომღერლები ასრულებენ, როგორებიცა არიან: გია ჭირაქაძე და ნანული აბესაძე, თამარ ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი, ანსამბლი ფესვები, ზუკა ხუციშვილი და სალომე გასვიანი, უნიჭიერესი ლოტბარი და სოლისტი დავით ოთიაშვილი.
„ვერ ვიტყვი, რომ ლექსს ან მუსიკას ვწერ, ან ვხატავ... თუ რამე კარგი დამიწერია ან დამიხატავს, არ მახსოვს, როგორ გავაკეთე ეს. ყველაფერი ღვთის ნებაა, ადამიანი, უბრალოდ, გადამწერია, მედიატორია, რომელიც ვალდებულია, შეულამაზებლად მიიტანოს სხვებამდე ის, რაც თავად წაიკითხა.“
მისი მესამე წიგნი სურვილებით მთავრდება. ბოლო გვერდზე საკუთარი ცხოვრების მთავარი პროექტი აქვს მონიშნული.

„ეს არის კვარიათას ღვთისმშობლის გამოცხადების მონუმენტი. რომელიც უნიჭიერეს მხატვარსა და მოქანდაკესთან, თემურ ნინიძესთან ერთად შევქმენი. მონუმენტი მრგვალი ფორმების ქანდაკება არ არის, მისი ფორმატი მართლმადიდებლური გორელიეფის ტიპის კანონიკის შესაბამისია. კვარიათა ღვთისმშობლის გამოცხადების სცენას ასახავს და ისტორიულ ფაქტს ეძღვნება.

1453 წელს, როდესაც კონსტანტინეპოლი დაეცა, ქრისტიანული სიწმინდეები აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ წაიღეს. სწორედ, იმ დროს მოხვდა საქართველოში ღვთისმშობლის კვართი. ეს კვართი დღეს ზუგდიდის მუზეუმშია დაცული, მანამდე ხობის მონასტერში იყო, უფრო ადრე კი გელათში. კვართის ისტორია სოფელ კვარიათთან არის დაკავშირებული. კვარიათი ლაზური სიტყვიდან „კვარი ათადან“ მოდის, მეგრულად - „კვართი ათაშეა“, ლიტერატურულ ქართულზე ეს „კვართი აქას“ ნიშნავს.

105 წლის მუსლიმმა, მუედინ ფერაძემ პირადად მიამბო ღვთისმშობლის კვართის ისტორია. ის ხოჯა იყო და მოლოცვილი ჰქონდა მექა, მაგრამ ბოლომდე საქართველოს დიდ პატრიოტად რჩებოდა. მან მოიტანა ჩვენამდე ეს ლეგენდა.

ბერძნებს ღვთისმშობლის კვართის საბერძნეთში წაღება საქრთველოს გავლით განუზრახავთ, გზად თურქი მდევარი წამოსწევიათ და ბრძოლა გაჩაღებულა. ღვთისმშობლის კვრთი აქვე გადაუმალავთ ნაომარი და დაჭრილი ბერძენნი მიმოფანტულან, მდევარიც გასცლიათ. ბერძენთა ხუცესს ღვთისმშობლის კვართის ძებნა ქართველებთან ერთად დაუწყია. მთელი დღე ეძებდნენ თურმე, ხუცესს საცეცხლური დაუნთია და კმევა კმევითა და ლოცვით კვართის ძებნას შესდგომიან. ამ დროს მოხდა სასწაული, ზეცა გაიხსნა, ცეცხლი გადმოვიდა და ხმა გაისმა: ესე არს ჩემი წილხვედრი ქვეყანა ივერია, რომელიც გადარჩება და გაბრწყინდება, დასტურად ამისა კვართი ჩემი ესე აქ დარჩებაო. ბერძნები იძულებული გახდნენ, ღვთისმშობლის კვართი საქართველოში დაეტოვებინათ.

წინაპრებისგან გადმოცემული ეს ამბავი მუედინ ფერაძემ ასე მომიყვა: „იმ ადგილას, სადაც ცეცხლი გადმოვიდა, ერთი ფოთოლი, ერთი ფიჩხაი დამწვარი არ იყო, რამეთუ იგი ცეცხლი ღვთიური იყო და ხეი და ბუჩქა არ დაუწვავს. და მას შემდეგ სამას წელიწადს თურქობა იყო, ავაზაკობა იყო, უკეთურობა იყო, ცუდკაცობა იყო, მაგრამ იმ ალაგას, იმ ადგილას არავინ მისულა, სახატეი ერქო და არც ფიჩხაი, არც თივაი, არც შეშაი, არც ძროხაი, არც ფარაი იქ აღარ შესულა.“

მხოლოდ კომუნისტების დროს, 1956 წელს,ხრუშოვის პერიოდში, კოლმეურნეობის გაფართოების მიზნით გადაუწყვეტიათ ამ მთაზე ციტრუსების ხეივნის გაშენება. მიწის მოსახნავად ტრაქტორით შესულან. ტრაქტორი გაფუჭებულა და ადგილიდან ვეღარ დაუძრავთ. ტრაქტორისტს შეშინებია და მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთქვამს. მახლობლად ერთი „გულადი“ კომკავშირელი აღმოჩნდა თურმე, მძღოლი აიძულა, ტრაქტორი დაექოქა. ელდა დასცემია და იქვეე გარდაცვლილა.

კვარიათა, ანუ ღვთისმშობლის გამოცხადების მონუმენტი, სახით ზღვისკენ იდგება, სიმბოლურად უყურებს ათონის მთასა და დანარჩენ ევროპას, მარჯვენა ხელით აფხაზეთს აკურთხებს, მარცხენა ხელით - ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთს. ზურგის მხრიდან დაშენებულია მეორე კომპოზიცია - საქართველოს დიდების ხატი, ძელიცხოველი, რომელიც მცხეთის მხარეს, ანუ მეორე იერუსალიმსკენ, იქნება მიმართული. ძელიცხოველი საძირკველში სიმბოლურად იქნება ჩახატული უფლის კვართი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გორელიეფის მხრებსა და ზურგს ქერუბიმები და ანგელოზები დაფარავენ.

დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 12 მილიონამდე ქართველი: ლაზი და გურჯი ცხოვრობს. ამ ქანდაკებას ლაზურ სახელს კვარიათას რომ დავარქმევთ, ეთნიკური წარმოშობის ბევრ ქართველს გაუჩნდება კითხვა, რა არის ქრისტიანობა და პასუხის შემდეგ მეტად ჩაუღმავდება წინაპრების ისტორიას.

კვარიათა მსოფლიოში დღეს არსებულ ღვთისმშობლის გამოსახულებებს შორის ყველაზე დიდი გორელიეფი იქნება, მსოფლიოში არსებულ დიდ მონუმენტებს შორის კი რიგით მე-7.
დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პროექტის ხორცშესხმისთვის ღვთის ნებასთან ერთად პოლიტიკური ხელისუფლების კეთილგანწყობაც არის საჭირო.

„ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ან რელიგიური პროექტი. კვარიათა შავი ზღვის სანაპიროს ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველს გახდის. რიო დე ჟანეირო მაცხოვრის ქანდაკების აღმართვამდე 300-ათასიანი ქალაქი იყო, დღეს რამდენიმე მილიონიანი ქალაქია და უამრავ ტურისტს მასპინძლობს. რამდენიმე ეპისკოპოსს ვესაუბრე და იდეა მოეწონათ. ქანდაკების ესკიზს მოკლე ხანში დავასრულებ და ოფიციალურად მივაწვდი საპატრიარქოს. პირველად უწმინდესსა და უნეტარესს წარვუდგენ და აზრს ვკითხავ. პირად საუბრებში პროექტს დადებითად აფასებენ პოლიტიკურ წრეებშიც, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ პრეზიდენტია და მასთან შეხვედრა ჯერ ვერ შევძელი.“

პროექტის ავტორის თქმით, ინიციატივა მისაღებია თურქებისთვისაც. ინვესტორის საკითხიც თითქმის გადაწყვეტილია. „პროექტის დაფინანსების სურვილი უკვე გამოთქვა ქართველი ეროვნების ადამიანმა, გურჯმა, რომელიც ერთდროულად არის საქართველოს და თურქეთის მოქალაქე. მას საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს და „კვარიათას“ კომერციულ პროექტად განიხილავს. თუ პრეზიდენტის პოლიტიკური ნება იქნება, „კვარიათას“ დასრულება 2012 წლამდეც არის შესაძლებელი.“

0 comments:

Post a Comment