Wednesday, January 5, 2011

ბიზნესმენი და სახელმწიფო


სახელმწიფოს სახელით ბიზნესრეკეტის სქემა მოქმედმა ხელისუფლებამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებიდან აამოქმედა. ჯემალ წიკლაურის, ვალერი გელაშვილისა და „ჯეოსელის“ წილთან დაკავშირებული საქმეები ამის მკაფიო დადასტურებაა.

„ჯეოსელის“ „მობილური“ წილი

შპს „ჯეოსელის“ ერთადერთი მფლობელი დღეს თურქული სააქციო საზოგადოება „გურტელია“. თურქულმა კომპანიამ უკანასკნელი 2.5%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფოსგან 7 მილიონ აშშ დოლარად და პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2009 წლის იანვარში შეიძინა. ეს ის 2.5%-იანი წილია, რომელიც სახელმწიფოსა და ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის დიდი გარიგების საგანი გახდა.

სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, 2006 წლის 6 აპრილს „ჯეოსელის“ საწესდებო კაპიტალი ერთ იურიდიულ და ექვს კერძო პირს შორის ასე ნაწილდებოდა: სს. „გურტელი“ – 83.2%; ავთანდილ იაშვილი - 3.9%; ფრიდონ ინჯია - 7.8%; თეიმურაზ ბერიშვილი - 1.3%; თეიმურაზ ღოღობერიძე - 1.3%; ომარ ზანგურაშვილი - 1.25%; მიხეილ სვანიძე - 1.25%. რვა თვის შემდეგ კი მიხეილ სვანიძისა და ომარ ზანგურაშვილის წილების მფლობელი რეესტრის მონაცემების თანახმად გურამ გოგუა გახდა.

გურამ გოგუა კომპანია „არტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მეგობარი იყო. სწორედ, მის სახელზე გაფორმებულ 2.5%-იან წილზე წარიმართა საქართველოს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღლჩინოსნებს შორის სასამართლო დავა.

„ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილის საკითხზე გამოძიება 2007 წლის 24 სექტემბერს, ბიზნესმენ ჯემალ სვანიძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. სვანიძე სამართალდამცავებს აცნობებდა, რომ 2006 წელს დიმიტრი ქიტოშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის სახელით იძულებით დაათმობინა მისი კუთვნილი წილი „ჯეოსელში“, რომელიც ამ უკანასკნელს ფორმალურად ომარ ზანგურაშვილზე ჰქონდა გაფორმებული. გურამ გოგუაზე წილის გადაცემა, 2006 წლის 21 ნოემბერს, ოფიციალურად, ნოტარიუსში გაფორმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ სვანიძე დაზარალებულად სცნო. მოსამართლე ეკა არეშიძემ გურამ გოგუას წინააღმდეგ გადაწყვეტილება 2007 წლის 8 ოქტომბერს გამოიტანა. სასამართლომ გადაწყვიტა: „გურამ გოგუა ცნობილი იქნას დამნაშავედ... გოგუას მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შპს „ჯეოსელში“ გურამ გოგუაზე რიცხული წილი 2.5% დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.“

წილის „კანონიერ მფლობელად“ სასამართლოს „დაზარალებული“ სვანიძე არ მიუჩნევია. ამის მიზეზი კი სვანიძის სარჩელის განხილვის დაწყებიდან ორ დღეში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გახდა. გენერალურ პროკურატურაში სვანიძის მიერ შპს „ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილის უკანონოდ მოპოვების საკითხი შეისწავლეს.

ჯემალ სვანიძე 1995-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა. სწორედ, ამ პერიოდში სთხოვა მას „ჯთ მობილის“ ხელმძღვანელობამ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებისთვის დახმარება. შემდეგ კი, უკვე გაწეული დახმარებისთვის და მომავალში დახმარების მიღების სანაცვლოდ, საწესდებო კაპიტალის 20% გადასცა. სვანიძემ „ჯი თი მობილის“ წილის 10% საკუთარ კომპანიაზე, „ჯი დი პლუსზე“, გააფორმა, 10% კი - შვილის სახელზე გაფორმებულ ოფშორულ კომპანია „სენდ გრუპზე“ „ჯეოსელთან „ჯი თი მობილის“ შეერთების შემდეგ სვანიძის წილმა „ჯეოსელში“2.5% შეადგინა.

2007 წლის 11 ოქტომბერის გადაწყვეტილებით, პროკურატურამ სვანიძე გაამტყუნა და იმავდროულად გაამართლა კიდეც. „ჯთ მობილის“ მიერ მისთვის გადაცემული 20%-იანი წილი ქრთამად არ ჩათვალა და „უკანონო საჩუქრად“ მიიჩნია. „უკანონო საჩუქარზე“ კი 1998-99 წლებში მოქმედი, 1961 წელს მიღებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმა განუსაზღვრა. იმავდროულად, „ხანდაზმულობის ვადის“ საბაბით სვანიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. სვანიძის „თავისუფლების გამოსასყიდი“ „ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილი გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილის სს „გურტელს“ გადაეცა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წილი დამიბრუნდა, შემდეგ დავუბრუნე „ჯეოსელის“ დამფუძნებელს, რადგან მისგან მქონდა მიღებული. ყველაფერი ოფიციალურად და წესის მიხედვით გაკეთდა, წილი პირადი ნებით გადავეცი. ზეპირად შევთანხმდით, თუ დოკუმენტურად გაფორმდა ეს აღარ მახსოვს. ნამდვილად მახსოვს, წილი დამიბრუნდა და მერე ჩემი ნებით დავუბრუნე „ჯეოსელის“ მფლობელს. რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, ვაჩუქე, თუ მივყიდე წილი „ჯეოსელის“ დამფუძნებელს, ამაზე არაფერს გეტყვით, ეს ჩემი კომერციული საიდუმლოებაა,“-გვითხრა ჯემალ სვანიძემ.

ჯემალ სვანიძე დღეს ამ თემაზე საუბარს იმიტომაც გაურბის, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ სურს. სვანიძემ სახელისუფლებო თამაშში თავისი როლი შესრულა და ხმაურიანი განცხადებების გაკეთების არცუფლებააქვს და არც სურვილი. იგი ხელისუფლებამ საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ გამოიყენა დადაზარალებულისსტატუსიც მიანიჭა. ხელისუფლებამვე იზრუნა იმაზეც, რომ სვანიძესჯეოსელისკუთვნილ წილზე პრეტენზიები აღარ გამოეთქვა, ამ მიზნით მას ძველი საქმეები ამოუჩხრიკეს. „დაზარალებული“ „ბრალდებულადგამოაცხადეს დაზარალში“ „ბრალიგაუბათილეს.

არ ვიცი, კონკრეტულად რა მეთოდები გამოიყენა პროკურატურამ ჯემალ სვანიძის მიმართ, მაგრამ სვანიძის ჩვენებაში არსებული ბევრი წინააღმდეგობა ადასტურებს, რომ იგი არ იყო თავისუფალი ჩვენების მიცემის დროს და იძულებული გახდა ასე ეთქვა,“-ამბობს ადვოკატი ეკა ბესელია, რომელიც იმ დროს სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს იცავდა.

საკმაოდ ბევრ ეჭვსა და კითხვას ბადებს „ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილის საკითხზე „გურტელისა“ და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობაც. დოკუმენტები ერთ რამეს ადასტურებენ: „გურტელს“ მისი „საკუთრება“ რამდენიმე თვეში 7 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2007 წლის ოქტომბერში მიღებული წილის კანონიერ ფლობაზე „გურტელი“ რატომღაც გვიან, 2008 წლის 18 აპრილს, დაფიქრდა და საქართველოს პრემიერმინისტრ ნიკა გილაურს ასეთი შინაარსის წერილით მიმართა: „ჩვენი წერილი ეხება შპს „ჯეოსელის“ 2.5%-იან წილს, რომელიც გარეული იყო საქართველოს მთავრობის კრიმინალურ საქმეში. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „გურტელი“ განიხილებოდა ზემოთ აღნიშნული წილის კანონიერ მფლობელად, რომელიც არაკანონიერად მიითვისა ჯემალ სვანიძემ, და, მოგვიანებით, ასევე არაკანონიერად დარეგისტრირდა გურამ გოგუას სახელზე. „გურტელი“, რომელიც არის დადებითი რეპუტაციის მქონე კომპანია, ასკვნის, რომ არ არის წილის კანონიერი მესაკუთრე.“

2008 წლის 30 ივლისს კი კომპანიამ ასეთი შინაარსის დოკუმენტი შეადგინა: „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია „გურტელი“ არის 2.5%-იანი წილის მფლობელი და რომ ეს წილი რეგისტრირებულია კომპანიის სახელზე, დამტკიცდეს, რომ შპს „ჯეოსელზე“ ზემოაღნიშნული 2.5% წილის საკუთრებაზე უნდა თქვას უარი და უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.“

მერე ყველაფერი იმით დასრულდა, რომ საქართველოს სახელმწიფომ „საჩუქარი“ 6 თვეში „მჩუქებელს“ მიჰყიდა. 2009 წლის 30 იანვარს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ და „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა ნოტარიუსთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით“ სახელმწიფოს კუთვნილი „ჯეოსელის“ 2.5%-იანი წილი 7 მილიონ აშშ. დოლარად გადაეცა „გურტელს“.

გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის!

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი და მისი სამშენებლო კომპანია „ევრა“ დღემდე უშედეგოდ ელის სახელმწიფოსგან კუთვნილი ვალის მიღებას. საქმე ეხება პრეზიდენტის სასახლის მშენებლობაზე კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სარჩელი გვაქვს შეტანილი და განხილვის დაწყებას ველოდებით“,- ამბობს ვალერი გელაშვილი.

„ევრასთვის“ 2005 წელს გადასახდელი 230 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფოს მას შემდეგ მოუწევს თუ სასამართლო ვალერი გელაშვილის სარჩელს დააკმაყოფილებს.

გელაშვილი ელოდა, რომ ამ თანხას ეტაპობრივად მაინც გადაუხდიდნენ, 5 წელი გავიდა და არ გადაიხადეს. 2007 წლის წერილით, რომელიც სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა მოგვწერა, დადგენილი იყო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გადაიხდიდა სახელმწიფო ვალერი გელაშვილის ვალს. 80 ათასი უნდა გადაეხადათ თებერვალში, მერე მარტში და 70 ათასი 31 აპრილამდე. არც ერთი კაპიკი არ გადაუხდიათ. ამიტომაც ვიჩივლეთ,“- ამბობს გელაშვილის ადვოკატი თამაზ რუხაძე.

ვალერი გელაშვილს სახელმწიფომ ასევე დაგვიანებით გადაუხადა პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე მდგარი სახლის ფულიც. ავლაბარში 2300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ვალერი გელაშვილმა 2002 წელს შეისყიდა და კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. 2004 წელს ხელისუფლებამ გელაშვილს ამ შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემა სთხოვა. გელაშვილი დათანხმდა, თუმცა პრეზიდენტის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაობის განხორციელების უფლება მოითხოვა. შეთანხმების თანახმად პრეზიდენტის სასახლის კარკასი გელაშვილის სამშენებლო ფირმას, „ევრას“, უნდა აეშენებინა.

სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას მიიჩნევდა და მიიჩნევს თავად გელაშვილი 2005 წელს ნიღბიანების მიერ სასტიკად ცემის მიზეზად. მაშინ პარლამენტარ გელაშვილის კუთვნილ "მერსედესისჯიპს ორმა მანქანამ გზა გადაუღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გელაშვილი და მისი ორი თანხმლები პირი - დაცვა და კომპანია "ევრასთანამშრომელი - მანქანიდან გადმოიყვანეს და დეპუტატი სასტიკად სცემეს. საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ გელაშვილი საქართველოშიც დაბრუნდა და პარლამენტშიც. თუმცა მისი პარლამენტარობა ვადაზე ადრე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ის სამეწარმეო საქმიანობაში დაადანაშაულა და დეპუტატის მანდატი გაუუქმა. გელაშვილმა ჯერ კიდევ იმ დროს განაცხადა, რომ მთავრობა კომპანია "ევრასთვის“ კუთვნილი ფულის გადახდას აღარ აპირებდა.

რაც შენია, „სახელმწიფოსია“!

ბიზნესმენთან სახელმწიფოს არაჯანსაღი ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გორის მცხოვრების, ჯემალ წიკლაურისთვის, საკოლმეურნეო ბაზრის წართმევის ამბავი. მის ქონებას სახელმწიფოს სახელით ხელისუფლებაში ახლად მოსულმა „ნაციონალებმა“ თვალი ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბრში დაადგეს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, მიხეილ ქარელმა, ჯემალ წიკლაური კაბინეტში დაიბარა და ქონების სახელმწიფოზე გადაფორმება მოსთხოვა. „იმ თანხის მცირედ ნაწილსაც კი არ მთავაზობდნენ, რაც თავის დროზე, ბაზრის კონკურსით წესით ყიდვის დროს, გადავიხადე. უარი რომ ვთქვი, რაღაც აქტი შეთითხნეს და დამაპატიმრეს. ჩემს მეუღლესაც დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ვიდრე ქონების გადაცემაზე არ მოვაწერე ხელი, არ გამომიშვეს. ოთხი თვე ვიჯექი ციხეში,“-ამბობს ჯემალ წიკლაური.

გორის ბაზრის წართმევის საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა ნანა ბიგანიშვილმა 3 წლის წინ ჩაატარა. დოკუმენტურად დასაბუთებული უამრავი დარღვევის მიუხედავად, ოფიციალური უწყებები გამოძიებით არ დაინტერესებულან. ჯემალ წიკლაურის საქმე კი მეტად გართულდა.

ჯემალ წიკლაურს საკუთარი ქონების დაბრუნების შანსი მხოლოდ ერთხელ გაუჩნდა - 2007 წლის შემოდგომაზე. იმ დროს ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის წინააღმდეგ კომპრომატებს ეძებდა. წიკლაურის საქმე კი სწორედ ასეთი იყო.

„ოფიციალური პირები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ქონების წართმევაზე თუ ყველაფერს მოვყვებოდი, ობიექტს დამიბრუნებდნენ. მერე ოქრუაშვილისა და ქარელის წინააღმდეგ სხვა კომპრომატები გამოიყენეს და მე აღარ დავჭირდი,“- იხსენებს ჯემალ წიკლაური.

ამ გზით ქონების დაბრუნებაზე იმედი რომ გადაეწურა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი არ დაუკმაყოფილეს, მიზეზად გასაჩივრების ვადების გასვლა დაუსახელეს.

ჩივილი რომ აღარ გაეგრძელებინა, ფინანსური პოლიციის მიერ, 2004 წლის ივლის-სექტემბერში, ბაზრის შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევების გამო 109 ათასლარიანი ჯარიმა ისევ მას დააკისრეს. არადა, ამ პერიოდში ბაზარი ჯემალ წიკლაურს უკვე ნაჩუქარი ჰქონდა სახელმწიფოსთვის და მას გორის გამგეობის მიერ დანიშნული პირი ხელმძღვანელობდა. ჯემალ წიკლაური კი უკანონო ჯარიმის გამო დღემდე ოფიციალურად ხელფასს ვერ იღებს, რადგან მისი ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია.

„საგადასახადოში ყველანაირი საბუთი წარვადგინე, რომელიც ადასტურებდა, რომ ამ დროს ბაზარი უკვე სახელმწიფოსთვის მქონდა ნაჩუქარი, მაგრამ არავინ ყურს არ იბერტყავს, მპასუხობენ: თქვენ რომ ჩამოგაწეროთ ჯარიმა, აბა ვის დავაწეროთო,“-ამბობს წიკლაური.

გორის ბაზარი 2008 წლამდე სახელმწიფოს მფლობელობაში იყო. შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ 710 ათას დოლარად კერძო კომპანია „ისრაელზე“ გაყიდა. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალი მხოლოდ 200 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას 710 ათას დოლარის გადახდა გაუჭირდებოდა. ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ უცხოური ფირმა მხოლოდ ფასადია, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებს ფარავს.

ჯემალ წიკლაურის საქმე კი ორ წელიწადზე მეტია, სტრასბურგშია და განხილვისთვის კუთვნილ რიგს ელოდება. გორელი მოსარჩელის ინტერესებს სტრასბურგში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.

მადლენა მაჭარაშვილი

სტუდია "მონიტორი"

0 comments:

Post a Comment