Sunday, November 25, 2012


მამა მიქაელმა საჯარო რეესტრის თანამშრომლები „დოკუმენტურად“ დაწყევლა

ავტორი: მადლენა მაჭარაშვილი
08.08.2011
თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მაჟარა) ასათიანი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის გამო უწყების კონკრეტული თანამშრომლები საჯაროდ დაწყევლა , ამ დღეებში კი მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

  როგორც მამა მიქაელმა „ტრიბუნა"-სთან საუბრისას განმარტა, იგი რეესტრისგან კონკრეტული მიწის ნაკვეთის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის“  სახელზე დარეგისტრირებას ითხოვდა, რეესტრში კი აღნიშნული მიწა საპატრიარქოზე გააფორმეს . მამა მიქაელი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერინეს, არ განუმარტავთ, რომ უძრავ ქონებას საპატრიარქოზე აფორმებდნენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც უნდა შევხვდე და პირადად უნდა მოვახსენო ყველაფერი,“- ამბობს მამა მიქაელი. მისი თქმით, მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებასაც ის ეკლესიის სახელზე ითხოვდა 2000 წლიდან მის მფლობელობაშია.

„2000 წლიდან ვფლობ ამ ტერიტორიას და პატრიარქის მინდობილობაც მქონდა, რომ გაფორმებულიყო ეკლესიაზე და არა საპატრიარქოზე. ვიღაცას რაღაც რომ მოუნდა, ასე არ არის. ეკლესიას აქვს თავისი ქონება და თავადვე უნდა ჰქონდეს ის. ვერ გავიგე, რატომ ხდის ამას პრობლემას საპატრიარქო. საპატრიარქო უნდა იყოს ურთიერთობის დამრეგულირებელი სამღვდელოებას შორის და არა მიწის მფლობელი და ლატიფუნდისტი.

საპატრიარქოსთან საქმე არ მაქვს, ვუჩივი საჯარო რეესტრს, რომელმაც არასწორად გააფორმა ქონება,“- ამბობს მამა მიქაელი.

სასულიერო პირსა და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შორის „დოკუმენტური კონფლიქტი“ ასე დაიწყო:

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა 20 ივლისს საჯარო რეესტრს მიმართა და ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და ონკოლოგიურ ცენტრს შორის მდებარე მიწის ნაკვეთზე (ზონა- თბილისი, სექტორი - ვაკე) მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

რეესტრის თანამშრომლებმა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ჩაიბარეს და რეგისტრაციისთვის, დამატებით, პატრიარქის მინდობილობა მოსთხოვეს. მინდობილობის მიტანის შემდეგ კი უძრავი ქონება ეკლესიის ნაცვლად საპატრიარქოზე გააფორმეს.

ამის შემდეგ მამა მიქაელმა საჯარო რეესტრს უკმაყოფილების გამომხატველი წერილი მისწერა და რეესტრის ოთხი თანამშრომელი დაწყევლა.

„ყველას, ვისაც მიგიძღვით ბრალი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მიწის ნაკვეთის ჩემს დაუკითხავად, ქურდულად, „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიაზე“ გაფორმებაში, მათეს სახარების 16,19; 18;,18 და იოანეს 20,23 მუხლების თანახმად გწყევლით: წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად.
ამის შემდეგ თუ კიდე ყურად არ იღებთ, ეგ წყევლა გადაეცემა თქვენს მოდგმას, რომლებიც თქვენ გამო მწარედ დაიტანჯებიან. წყევლა დამოკლეს მახვილივით თქვენს თავზე იქნება დაკიდებული და იმოქმედებს თქვენზე, მანამ სანამ, მიწას არ გააფორმებთ მთავარნგელოზ მიქაელის ეკლესიაზე,“ - აღნიშნულია რეესტრისთვის მიწერილ წერილში.

პასუხად საჯარო რეესტრმაც მოამზადა წერილი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსმა ელდერ ნეფარიძემ მამა მიქაელს აცნობა, რომ:

„რეგისტრაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით. რეგისტრაციის დოკუმენტი ხელმოწერილია თქვენს მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოს წესით.“

ნეფარიძის წერილს პასუხად მამა მიქაელმა საჯარო რეესტრში კიდევ ერთი წერილი გაგზავნა და, ამჯერად, საჯარო რეესტრის ოთხ თანამშრომელთან ერთად მეხუთე - თავად ნეფარიძეც დაწყევლა.

გთვაზობთ ამონარიდებს აღნიშნული წერილიდან:

„...ბატონო ელდერ თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ! 

..ჩემთვის გაურკვეველია და მაინტერესებს, ვინ დაავალა წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მთავარანგელოზ მიქაელ ეკლესიის კუთვნილი მიწის ფართის საპატრიარქოზე გადაფორმება? მე არ დამივალებია!!! იქნებ თქვენ გამარკვიოთ!!! 

ჩემთვის რომ ეთქვათ, მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მიწის ფართს საპატრიარქოზე ვაფორმებთო, განა გიჟი ვიყავი, რომ თანხმობას მივცემდი?!!! 
...საპატრიარქოსთან კრიმინალური გარიგება გამართეს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა და ამაზე ვედავები - სხვისი ქონება სხვას გადაუფორმეს. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ეს სიტყვიერადაც არ ამიხსნეს. 

...მე მომატყუეს და მოტყუებული დამტოვეს ასჯერ წყეულმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა!!! გესმის თქვენ, მატყუარა და კაცისმკვლელი ლუციფერის შვილებო!!! 

...ღმერთმა ისე აგატკივოთ გული ხუთივეს, რომ გული ხელით გეკავოთ და ჩემს სახელს გამწარებულები გაჰყვიროდეთ. მამა მიქაელ, გვიშველეთ, მოგვიხსენით ეს წყევლაო! 

ჩემზე მათეს სახარების 16,19; 18,18 და იოანეს 20,23 მუხლებით მინიჭებული უფლებით დავწყევლე კონსტანტინე იოსელიანი, ზვიად ტალუაძე, ეკატერინე სისაური, შორენა გაგლოევი და დღეიდან მეხუთე თქვენ მიემატეთ ამ დაწყევლილ ოთხეულს. 

...ბატონო ელდარ თქვენი ახსნა-განმარტებიდან გავიგე, რამდენი ფული მექნება ასლების არქივიდან ამოღების შემთხვევაში გადასახადელი. ამაშიც დამცინით არა? ე.ი. თუ მოვინდომებ ასლების ამოღებას, ფულს გადამახდევინებთ, არა? 

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამინაგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!! 

როგორც თქვენ მპასუხობთ, რომ გაფორმებული საბუთების გაუქმება არ შეიძლება, ასევე ჩემი წყევლის გაუქმებაც შეუძლებელია, მამამ სანამ, ჩემი სიმართლე არ აღსდგება ასჯერ წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლებისა და თქვენი მხრიდან. 

არც პატრიარქს აქვს უფლება მღვდლის მიერ დაწყევლილ ადამიანს მოუხსნას წყევლა, მხოლოდ მე მაქვს წყევლის მოხსნის უფლება.“ 

აღნიშნული წერილის ეგზემპლარები საჯარო რეესტრის გარდა იუსტიციის მინისტრს, პროკურორსა და სასამართლოს გადაეგზავნა.

„მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია დარეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. რომელსაც აქვს წესდება და რომლის გარეშეც შემიძლია საპატრიარქოს გარეშე მოქმედებაც. საჯარო რეესტრმა ეს არ გაითვალისწინა და სისხლის საამართლის დანაშაული ჩაიდინა - სხვისი ქონება სხვას გადაუფორმა,“- აცხადებს მამა მიქაელი.

„ტრიბუნას" კითხვაზე, თუ რამდენად მართებული იყო მის მიერ საჯარო რეესტრის თანამშრომლების დაწყევლა, მამა მიქაელმა ასე უპასუხა:
„სახარებაში პირდაპირ წერია: უფალი იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ ამქვეყნად შეკრავთ, ის ცათა სასუფეველში შეკრულ იყოს და ვისაც აქ გახსნით, ის გახსნილ იყოს ცათა სასუფეველშიო.“ მე ამის უფლება მაქვს. აქამდე არავინ დამიწყევლია, მაგრამ იმდენად გამაწარეს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა, რომ დავწყევლე.“

ტრიბუნა.ge  

Friday, November 16, 2012


40 მილიონ მანეთად ღირებული „ოსების გენოციდი“ და „ემოციური დიპლომატია“


02/07/2011

მადლენა მაჭარაშვილი

ქართველების მიერ ოსების გენოციდის საკითხზე საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადება იმაზე მეტად გახმაურდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქართული მედიისა და საექსპერტო წრეების შემდეგ ელჩის განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაც გამოეხმაურნენ. თუ ქართველ საზოგადოებაში ფურნიეს განცხადება დაგმეს, „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებმა დიპლომატის ნათქვამი უტყუარად და მათ მიერ არაერთხელ თქმული „სიმართლის“ დადასტურებად გამოაცხადეს.

ისტორიის თემაზე დიპლომატის არადიპლომატიურად მოყოლილი ამბის ისტორია ასე დაიწყო: ჟურნალ „თბილისელებში“  ერიკ ფურნიეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომზე საფრანგეთის პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.

ინტერვიუში ელჩმა „გამაღიზიანებელ კითხვას“  „ემოციური“ პასუხი  წერილობით გასცა: „ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს“.

ერიკ ფურნიემ მოგვიანებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში განმარტა, რომ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა და პროვოკაციული პასუხის გაცემის გუნებაზე დადგა. თუმცა, იქვე აღნიშნა:  რაც წარსულში მოხდა, უნდა დავივიწყოთ, თორემ ერთმანეთზე გასაბრაზებელ ფაქტებს ისტორიაში აუცილებლად ვიპოვითო. ანუ ელჩმა „ოსების გენოციდზე“ ნათქვამი არ უარყო, უბრალოდ, მხარეებს მისი დავიწყებისკენ მოუწოდა.

„ტრიბუნამ" ელჩის მიერ ციფრებით აღწერილი „ოსური გენოციდის“ საკითხის კვლევა ისტორიკოსებთან გასაუბრებითა  და ისტორიული წყაროების მეშვეობით სცადა.

გრიფით საიდუმლო და უნიკალური მასალები

ისტორიკოსმა შოთა ვადაჭკორიამ ახლახან დაასრულა შესაბამისი 1917-25 წლებში ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხის კვლევა და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა ამ პერიოდის მოვლენების აქამდე უცნობი ასპექტები დეტალურად და კვალიფიციურად შეისწავლა.

„საკითხზე მუშაობის დროს გავეცანი იმ პერიოდის პრესას, უნიკალურ საარქივო დოკუმენტებს… გრიფით საიდუმლო მასალებს. მაგრამ ამ მასალებს გრიფი რომ ადევთ, არ მაქვს უფლება ზუსტად მივუთითო.

ოსი ისტორიკოსები კი ქართველთა მიერ მათი გენოციდის საკითხზე საუბრისას იყენებენ ე.წ.  „ინალიფას“ მეთოდს, როცა ამბობენ ბებიებისგან ვიცით, რომ ოსები ცხინვალის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ვართო.  ოსმა  ბოლშევიკებმა საგანგებოდ შექმნეს ყალბი დოკუმენტები და დღეს ამითაც მანიპულირებენ“,- აცხადებს შოთა ვადაჭკორია.

თავად კი ამბობს, რომ სხვა სანდო  წყაროებთან ერთად  გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნას და მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც საქართველოს მენშევიკური მთავრობის მხარდამჭერ ანუ მიკერძოებულ მასალად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

რა მოხდა 1920 წელს ანუ  „დოკუმენტური ამბის“ დასაწყისი

ისტორიკოსების განმარტებით, 1918-1919 წლებში საქართველოს მენშევიკურ ხელისუფლებას ევროპის დახმარების იმედი გაუცრუვდა.  ევროპის ქვეყნების მხრიდან საქართველოსადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას კი შესანიშნავად აუღო ალღო რუსეთმა, როცა  ამიერკავკასიაში საყოველთაო აჯანყების გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის ერთი ნაწილი საქართველოში ოსური სეპარატიზმის ამოქმედება იყო.

გთავაზობთ 1920 წელს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენეტების ნუსხას:

დოკუმენტი N  – 100 ათასს პლუს 40 მილიონი მანეთი მოსკოვიდან

1920 წლის 23 მარტის დადგენილებით, საქართველოში შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ რევოლუციური კომიტეტი  – გაგლოევის, ჯატიევისა და სანაკოევის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული „რევკომის“ ამოცანა იმავე დოკუმენტის მიხედვით იყო განსაზღვრული და ცხინვალის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტის თანახმად, ამ ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით,  რუსეთის კომუნისტური პარტიის ბოლშევიკთა  კავკასიის სამხარეო კომიტეტმა „სამხრეთ ოსეთის“ რევკომს  100 ათასი მანეთი გადასცა. საქართველოში აჯანყებული ოსების დასახმარებლად და შეიარაღებული რაზმების დასაქირავებლად, იმავე წლის აპრილში, „რევკომის“ თავმჯდომარეს სანაკოევს მოსკოვიდან დამატებით 40 მილიონი მანეთი გადაუგზავნეს.

ვლავ დოკუმენტი -„ ოსური რევკომი“: შევუერთდეთ რსფსრ-ს

1920 წლის 6 მაისს „რევკომმა“ მიიღო დადგენილება, რომელშიც ეწერა: „ვემორჩილებით რა უმაღლესი პარტიული ორგანოების გადაწყვეტილებას, აუცილებლობად მიგვაჩნია საბჭოთა ხელისუფლება გამოვაცხადოთ ჯერჯერობით როკის რაიონში, ჩავკეტოთ ხეობა, დავიცვათ თავი მშრომელი ხალხის მტრებისგან  და შევუერთდეთ რსფსრ რესპუბლიკას.“

1920 წ, 8 მაისი -როკის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა
საბჭოთა ხელისუფლება როკის ხეობაში ოსებმა  8 მაისს ოფიციალურად გამოაცხადეს.  სწორედ აქედან იწყება 1920 წლის ოსების აჯანყებაც. ოსების ეს ქმედება 1920 წლის პერიოდულ გამოცემებში, კერძოდ, გაზეთ „ერთობასა“ და „სახალხო საქმეში“  საქართველოს მიმართ ღალატად არის შეფასებული.

იმავე პერიოდში გაზეთ კომუნისტში  გამოქვეყნდა მოწოდება ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ოსების მიმართ: „ამხანაგო ოსებო! სამხრეთ ოსეთის ჩვენი ძმები სულსა ღაფავენ საქართველოს მემამულეთა მთავრობის უღლის ქვეშ. თითოეული ოსი, რომელიც თანაუგრძნობს საბჭოთა მთავრობას, უნდა ისწრაფოდეს ამ უღლის მოსაშორებლად. ძალა ორგანიზაციაშია.“

შეტევა ცხინვალზე

1920 წლის 28 მაისს ვლადიკავკაზში გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაზე მიღებული დადგენილებით, ჩრდილოეთ ოსეთის წითელი პარტიზანული რაზმი „სამხრეთ ოსეთის“ აჯანყებულებს უნდა მიშველებოდა. რაზმი სანაკოევის მეთაურობით ვლადიკავკაზიდან 31 მაისს გამოვიდა და სამ კოლონად გადანაწილდა – როკის, ზეკარისა და მაიმისონის უღელტეხილებით საქართველოში შემოვიდა.  შეიარაღებული ოსები სოფელ ჯავაში შეერთდნენ და შტევა ცხინვალზე განახორციელეს.

გაზეთი „ერთობა“  სტატიაში „ოსების გამოსვლები“ წერს: „შიდა ქართლში აჯანყებულ ოსებს  გადაღმა ოსეთიდან ე.ი. რუსეთის სამფლობელოდან ეხმარებიან, რაც ერთნაირად  არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც  ერთი თვის  (1920 წლის 7 მაისი) წინად საბჭოთა რუსეთმა მოაწერა ხელი.“
ოფიციალური მოსკოვის პოზიცია, ანუ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი, 30 ივნისს, საგანგებო ნოტით მიმართავს რუსეთის წარმომადგენლობას საქართველოში. გეგეჭკორის პასუხად 14 ივლისს კიროვი წერს, რომ საბჭოთა  რუსეთის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს ოსების აჯანყებასთან და ყველა მსგავსი ეჭვი გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში დაშვებული შეცდომების ბრალია.

გაზეთი „ერთობა“ ამის პასუხად სტატიაში – „ისევ ოსებზე“ –  წერს: „ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მოსკოვის მთავრობამ ეს არ იცის… შეიძლება, ტაქტიკური მოსაზრებით, დღეს არ უნდოდეს მოსკოვს ჩვენს რესპუბლიკასთან ურთიერთობის გამწვავება. თუ ეს ასე არ არის, მით უარესი მოსკოვის მთავრობისთვის, მაშასადამე, მას არ შესწევს  ძალა, ალაგმოს მისი ბანდები“.

გაზეთი „სახალხო საქმე“ კი სტატიაში „ოსური საფრთხე“ აშეთი შინაარსის ტექსტს ბეჭდავს: „უკვე დააჯერეს ოსები, რომ საქართველომ რუსების წინაშე იარაღი დაყარა, თუ ოსები მოისურვებენ და საქართველოს აუჯანყდებიან, რუსეთის წითელი არმია მას დაეხმარება, თბილისს თუ არა გორის მაზრას ოსეთს მაინც დაუმტკიცებს.  დააჯერეს და ეს შეუგნებელი ბნელი ხალხი უკვე იარაღით ხელში ებრძვის ჩვენს მხედრობას, მათ კიდეც აუღიათ ქალაქი ცხინვალი.“

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების VI მუხლის თანახმად კი: „რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ მისცეს მის ტერიტორიაზე ყოფნისა და საქმიანობის უფლება ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიზანს შეადგენს საქართველოს მთავრობის დამხობა.“
გაზეთ „ერთობის“ მოწინავე სტატიაში „ოსების გამოსვლები“ ვკითხულობთ: „ბ-ნო კომუნისტებო, ბრძანეთ: ხელშეკრულების დარღვევაა თუ არა, როცა რუსეთის მხრიდან ესხმიან ჩვენს რესპუბლიკას თქვენი თანამოაზრე საეჭვო ელემენტები?და თუ დაღვევაა, როგორ აფასებთ თქვენს ასეთ მუხანათობას? გაჩუმება ამ შემთხვევაში უდრის  თქვენს დასტურსა და სოლიდარობას თავდამსხმელებისადმი, ველით პასუხს“.

ბოლშევიკები ზოგადი პასუხებით იფარგელებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი მიიღო გადაწყვეტილება და აჯანყებული ოსების წინააღმდეგ სახალხო გვარდიის რვა ბატალიონი, ორი სამთო ბატარეა და ცხენოსანი პოლკი გაგზავნა. რაც უმალ გააპროტესტა რუსეთის  ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიჩერინმა. მან 1920 წლის 17 მაისს ნოტა საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა, რომელშის წერდა: „შეგვაშფოთა ცნობამ, რომ სამხრეთ ოსეთში, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ამ ხელისუფლების გასანადგურებლად გამოგზავნილია საქართველოს ჯარები, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გაიწვიოთ თქვენი ჯარები ოსეთიდან, რადგან ვთვლით, რომ ოსეთს უნდა ჰქონდეს ის ხელისუფლება, რომელიც მას უნდა. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში ყოვლად გაუმართლებელი ჩარევაა სხვის შინაგან საქმეებში“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – „შხამიანი გველის წიწილები უნდა გაისრისოს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლორთქიფანიძემ 1920 წლის 18 ივნისის N103  ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის მთის ოსებში ბოლშვიკების მიერ  გაწეული ანტიქართული საქმიანობა დაგმო.

„ამ მოსყიდულ მოღალატეებს შიგნიდან უნდათ შეგვიქმნან არეულობა, რათა… მთელი ქართველი ხალხი სისხლის მორევში ჩაგვახრჩონ. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი შრომა და ცხოვრება, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი არეულობა, შფოთი და სისხლისღვრა. მაშ, არ დაინდოთ ეს იუდა-მოღალატენი, ეს გაშმაგებული მგლები, რომლებიც ხშირად ცხვრის ქურქში ეხვევიან, ტკბილსა და მოქარგულ სიტყვებს ჩაგჩურჩულებენ. შხამიანი გველის წიწილები უნდა გაისრისოს. ამას მოითხოვს ქართველი ერის ბედნიერება.“

დაძაბული ბრძოლის შედეგად,  ქართულმა ჯარმა 12 ივნისს დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს აჯანყებულ ოსთა უკანასკნელი ნაწილი როკის უღელტეხილის გავლით ჩრდილოეთით გაუშვა. ჩვენ მიერ მოძიებულ დოკუმენტებში არ წერია კონკრეტული ციფრები იმასთან დაკავშირებით, თუ  რამდენი ადამიანი ემსხვერპლა 1920 წლის ოსეთის აჯანყებას, როგორც ქართული ისე ოსური მხრიდან. როკის უღელტეხილის გავლით 23 ივნისს ჩრილოეთის მიმართულებით გაგზავნილ ოსთა რიცხვი კი, დოკუმენტების თანახმად, დაახლოებით 20 ათასს შეადგენდა.

ოსი ისტორიკოსის  წყაროები

„ოსი ისტორიკოსი აბაევი წერს, რომ 1920 წელს „სამხრეთ ოსეთი“ ცალკე ქვეყანა იყო, რომლის ეკონომიკა „მენშევიკებმა“ ოსების აჯანყების „მხეცურად“ ჩაქრობის შემდეგ დაანგრიეს. მას მოჰყავს 1921 წლის 12 მაისის „სამხრეთ ოსეთის“ რევკომის  მიერ საქართველოს რევკომისადმი წარდგენილი მოხსენება, რომლის თანახმადაც, გორის მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი არაქართულ ტერიტორიად და ცალკე ქვეყნადაა გამოცხადებული, რომელიც ჟორდანიამ და მისმა „დამქაშებმა“ დაიპყრეს. ოსი ისტორიკოსის  თქმით, „სამხრეთ ოსეთად“ გამოცხადებული შიდა ქართლი საქართველოს ნაწილი არ არის. ამგვარი აბსურდული მასალის უკრიტიკოდ დამოწმება, რა თქმა უნდა, ისტორიკოსის ტენდენციურობაზე მიუთითებს,“- განმარტავს შოთა ვადაჭკორია.

შსსკ-ს „უტყუარი ფაქტები“

გასაბჭოებული საქართველოს შინაგან საქმეთა  სახალხო კომისარიატთან არსებული საგანგებო კომისიის მიერ მომზადებულ მოხსენებაში კი  წერია, რომ ქართველებმა „ოსებს 1918 წლის … აჯანყება და მენშევიკების ადგილობრივი ლიდერების ს.კეცხოველისა და გ.მაჩაბლის სიკვდილიც კი აპატიეს. არავითარი ძალმომრეობა მათზე არ უხმარიათ. მხოლოდ აჯანყების გამეორებას  1920 წელში მოჰყვა სასატიკი ზომები ჯარის მხრიდან ოსებისადმი… თბილისში მთავრობას ცნობა მოუვიდა,  ჯარები სახლებს სწვავენო. მთავრობა შეეკითხა სახლების დაწვის მიზეზს. ჯარის უფროსებმა უპასუხეს: ოსეთი მთიანი ადგილებია, ჯარის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთერთობა არ არსებობს და რომ ერთმა ნაწილმა გაიგოს სად იმყოფება მეორე ნაწილი, საჭიროა ცეცხლის გაჩენაო… ალზედ რომ გაიგონ  ნაწილის ადგილსამყოფელი ამისთვის სოფლის განაპირა ძველს და დანგრეულ, უპატრონოდ მიტოვებულ საბძელს ან სხვა ქოხს ვწვავთ, ისიც თითოეულ სოფელში მხოლოდ თითოს. თვითონ ოსები კი ბინის დატოვების დროს სახლებს უკიდებენ ცეცხლს.“

კომისიის მოხსენების დასკვნითი ნაწილის თანახმად: „სოფ. ჯავაში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ მიღებული უტყუარი ფაქტებით, არცერთი სახლი არ არის დამწვარი ან დანგრეული.“

ტოლობის ნიშანი ჩერქეზების გენოციდთან

 როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ოსურ და რუსულ „წყაროებში“ დღეს „ოსების გენოციდად“ წოდებული ოსების აჯანყება რუსული მანეთებით დაფინანსებული  „ღონისძიება“ იყო, რომელსაც რუსეთი, რაღა თქმა უნდა, ღიად არ ადასტურებდა. ოფიციალური მოსკოვი „ღიად“ მხოლოდ საპროტესტო ნოტებს სწერდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობას და აცნობებდა, რომ  საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში გაუმართლებელი იყო.

„ოსების გენოციდის“ თემის დღეს გააქტიურებაც რუსული ინტერესით აიხსნება. პოლიტიკურ კულუარებში უკვე „ხმამაღლა“ საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთი ახლო მომავალში „ქართველების მიერ ოსების გენოციდის“ საკითხს ოფიციალურად ცნობს და ეს იქნება პასუხი „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე.
P.S. დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ – ფურნიემ მართალია „ემოციურად“, მაგრამ კონკრეტული ციფრებით ისაუბრა „ოსების გენოციდზე“. ლოგიკურად ისმება კითხვა: რა როლი აქვს რუსეთის მიერ დაგეგმილ „პოლიტიკურ ღონისძიებაში“, საფრანგეთს, სარკოზის, ფურნიეს???

წყარო: ინტერნეტგაზეთი "ტრიბუნა"



Friday, June 22, 2012

ვაღიარებ, რომ...

ვაღიარებ, რომ… თავისუფალი ჟურნალისტი ვარ. იმასაც ვაღიარებ, რომ ყოველთვის ასეთი ვიყავი. ჟურნალისტობა კი „ვარდების რევოლუციამდე“, ავბედითი 2002 წლიდან დავიწყე.


ვაღიარებ, გუშინდელივით მახსოვს, ბატონო შს მინისტრო, ოპოზიციონერი რომ იყავით, დასავლურ პრესაში ინტერვიუს მეშვეობით რომ „ამხილეთ“ შევარდნაძის რეჟიმი, ვაღიარებ, ისიც მახსოვს, როგორ შიმშილობდით იუსტიციის სამინისტროს მისაღებში – სახელმწიფოს მიერ პენსიონერებისათვის 14-ლარიანი საპენსიო დავალიანებების გასტუმრების მოთხოვნით. მაგრამ, გულწრფელად ვაღიარებ, ვერასდროს ვიფიქრებდი, პესიონერების ბედზე „ძილგამკრთალი“ და „მოშიმშილე“ პოლიტიკოსი “ქვეყნის ხერხემალი” რომ გახდებოდით… მაპატიეთ, რომ ჯეროვნად ვერ შევაფასე თქვენი შესაძლებლობები მაშინ… ვაღიარებ, რომ გადავცდი…

ბატონო მინისტრო, ვაღიარებ იმასაც რომ, ძალიან „ეჭვიანი“ ვარ. ხშირად მიჩნდება ეჭვები და მგონია, რომ თქვენი უწყების მიერ გამოძიებული საქმეები ბევრ უპასუხო კითხვას ტოვებს, ამის გამო არაერთხელ წამიცდა ხელი საგამოძიებო  პუბლიკაციების დაწერაზე…. ვაღიარებ იმასაც, რომ ჩემ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებები, ძირითადად, უცხოური ფულით იყო დაფინანსებული… ჰონორარის ნაწილი საბანკო ანგარიშზე მერიცხებოდა, ნაწილს  - ხელზე ვიღებდი… ბოლოს… თარიღს არ დავასახელებ, არა, კი არ გიმალავთ რამეს, უბრალოდ, არ შემეშალოს და შეცდომაში არ შეგიყვანოთ (ასეც ხომ ხდება, არა?) … ჰო, ბოლოს, ნიუ იორკიდანაც გადმომირიცხეს თანხა ჟურნალისტური, ანუ ჯაშუშური საქმიანობის გამო…

ახლა რომ ვუკვირდები, უფრო ევროპული და ამერიკული თანხები მაქვს მიღებული. ვაღიარებ, იმდენი რუსული არ ვიცი, რომ რუსეთში ვინმესთან დამემყარებინა ჯაშუშური კავშირი…
მე ვარ ჟურნალისტი, ანუ – ჯაშუში!

არ ვიმსახურებდი, მაგრამ ბოროტად ვისარგებლე თქვენი კეთილგანწყობით…მადლობის მეტი აღარაფერი მეთქმის….
გმადლობთ, რომ აღიარების შანსი მომეცით და ჩემი შემდგომი ჯაშუშობისგან იხსენით სახელმწიფო!
გმადლობთ, რომ დროულად აღმკვეთეთ!
დავასრულებ იმით, რითაც მინდოდა, დამეწყო: ბატონო მინისტრო, მე თქვენ „გაღიარებთ“!


მადლენა მაჭარაშვილი
2011 წელი, 20 ივლისი
წყარო: http://opinion.ge/?p=4139

Thursday, March 1, 2012

ირაკლი ალასანია: საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რატომ ვცვლით „ნაციონალურ მოძრაობას“

მადლენა მაჭარაშვილი

თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში მყოფ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ და ბიზნესმენის კარზე არანაირი შიდა კონკურენცია არ არსებობს. იგი „რესპუბლიკელების" წინააღმდეგ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს, რომელშიც „რატომღაც" მხარედ ოპოზიციური ძალებიც ჩაერთნენ.

„ტრიბუნა" ირაკლი ალასანიას აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მაინც გკითხავთ, თქვენ, როგორც დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რას მიიჩნევთ ამ შეხვედრის მთავარ გზავნილად? რა მნიშვნელოვანი ქვეტექსტები ამოიკითხეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში?

ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ერთ ადგილას არ დგას, 20 წელია ვითარდება. უნდა ვთქვათ, რომ ამას საფუძველი ჩაუყარა ედუარდ შევარდნაძემ და ბუნებრივია, ამ ურთიერთობებს თავისი წილი შემატა სააკაშვილმაც. ეს ურთიერთობები დღეს უკვე ახალ ეტაპზე გადასვლას მოითხოვს. მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან მნიშვნელოვანი იყო ყველა დეტალი - სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თეთრ სახლში სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა საარჩევნო წელს შედგა. მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ თუ საქართველოს სურს ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყნად, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და, პირველად საქართველოს 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით.


გამოცდილებიდან შემიძლიათ გითხრათ, რომ ის, რასაც საჯაროდ აცხადებენ, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც შეხვედრებზე განიხილებოდა. შეხვედრა გაიმართა ვიცე-პრეზიდენტთანაც და ვიცი, რომ ამ ძალიან შინაარსიან და დატვირთულ შეხვედრაზე, კონკრეტული საუბარი იყო საქართველოში დემოკრატიის დეფიციტზე. აბსოლუტურად ანალოგიური პოზიციები ექნებათ სააკაშვილთან შეხვედრის დროს სენატორებსა და კონგრესმენებსაც. ეტყვიან, რომ მან უნდა მიბაძოს არა პუტინს, არამედ, ჯორჯ ვაშინგტონს, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა და გზა დემოკრატიას დაუთმო.

საზოგადოებაში დიდი მოლოდინი და ინტერესია ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. თუ არის უკვე გადაწყვეტილი, როდის დაფუძნდება პარტია, რა ერქმევა მას და ვინ იქნება თავმჯდომარე?


პარტნიორი პოლიტიკური ძალები უკვე შეთანხმებული ვართ მთავარ ღირებულებებზე, როგორიცაა ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია, თავისუფალი სასამართლოს, მედიისა და კონკურენტული გარემოს შექმნა ყველა სფეროში. ივანიშვილის პარტია ჩამოყალიბდება უახლოეს მომავალში და ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ჩვენი ერთობა, ჩვენი ალიანსი. ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი იქნება ბიძინა ივანიშვილი.


ბოლო თვეების განმავლობაში 200-ზე მეტი სოფელი მოვიარე და შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხალხში ენთუზიაზმი გაასმაგდა. პოლიტიკური პარტნიორები ვაფასებთ ივანიშვილის ამ გაბედულ ნაბიჯს. მის ირგვლივ იკვრება პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას" დაამარცხებს და უმცირესობაში გადაიყვანს.

პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლიდან, ფაქტობრივად, დღემდე, საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეებად. ბოლო პერიოდში კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძის პარტიები გააქტიურდნენ და გაჩნდა მოსაზრებები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ებრალიძის თანამოაზრეების სახით ე.წ. მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. იქნება თუ არა ეს ძალა თქვენი კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე?

არ მივიჩნევთ მათ კონკურენტებად. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა" და მთავარი ამოცანა არის მისი დამარცხება. დანარჩენებს საერთოდ არ განვიხილავთ, როგორც მოწინააღმდეგეებს.


როზნერის კვლევის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 65%-იანი რეიტინგი აჩვენა. არ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ შედეგის მიღებას შეეცდება?


ჩვენთვის სიახლე არ არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა" სპეციალურად მისთვის „შეკერილ" კვლევის შედეგებს დებს. თავად ვატარებთ კვლევებს და ვაპირებთ, დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტები ჩავრთოთ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგების კვლევების საქმეში და მათვე ჩავატარებინოთ ეგზიტპოლები. გვექნება ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც მივაწვდით საზოგადოებას.

პოლიტიკური ძალების მთავარი მსაჯული იქნება ქართველი საზოგადოება, რომელიც არჩევნების დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების სამსახურები ყოველდღე ნერგავენ შიშს, და ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვისგან ჯერ თავს იკავებს. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციის მანიფესტაცია, სწორედ, არჩევნების დღეს მოხდება.


საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რატომ ვცვლით „ნაციონალურ მოძრაობას". მხოლოდ ცვლილება არავის აინტერესებს, თუ ერთი ავტორიტარი მეორით ჩანაცვლდა, ეს ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს. ძალიან ნათლად უნდა დავანახოთ გლეხს, რას გავაკეთებთ სოფლის მეურნეობაში, ნათლად უნდა ვაჩვენოთ პროფესორს, რას გავაკეთებთ მეცნიერებასა და განათლების სისტემაში, უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რა პერსპექტივა გაუჩნდება ახალგაზრდობას, როცა „ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლია შეიცვლება მრავალპარტიული პარლამენტით და გაიხსნება საზღვრები პოლიტიკური და ბიზნესკონკურენციის თვალსაზრისით.

თუმცა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური პრაქტიკის თანახმად, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კვლევებისა და ეგზიტპოლების შედეგები, ძირითადად, ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგების ანალოგიურია.


როგორც გითხარით, ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანთ ავტორიტეტულ მკვლევარებს. მათ მიერ ჩატარებული ობიექტური ეგზიტპოლები ვერ აცდება რეალობას, ანუ არჩევნებს ვერ გააყალებენ ისე, როგორც აქამდე აყალბებდნენ.


ორი კვირის წინ დეპუტატმა გია თორთლაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა პრეზიდენტობაზე უარი თქვას და არჩევნების დროს პარტიას ჩაუდგეს სათავეში. რამდენად რეალური შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესების ამ გზით განვითარება?


არ დავიწყებ სპეკულაციას იმით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, ჩემთვის ის წარსულის პოლიტიკოსია. გამოჩნდა, რომ ვაშინგტონიც ასე ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ანალოგიურ პოზიციას ღიად გამოხატავს ბრიუსელიც. ამიტომ, სააკაშვილის მომავალზე ფიქრი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ჩემთვის მთავარი საფიქრალია, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან და როგორ დავძლევთ „ნაციონალური მოძრაობის" 8-წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოში არსებულ უკიდურეს სიღატაკეს. დღეს ყოველი სამი ადამიანიდან ორი უმუშევარია და ეს კატასტროფულ სიტუაციას ქმნის არა მხოლოდ სოციალური, არამედ დემოგრაფიული კუთხითაც.


ხელისუფლების გარდა ივანიშვილის პარტნიორების კრიტიკა ოპოზიციის ნაწილმაც დაიწყო. მაგალითად, კახა კუკავა ამბობს, რომ ივანიშვილთან განსაკუთრებით გავლენიანები გახდნენ „რესპუბლიკელები" და ჩრდილში მოექცა ირაკლი ალასანია, მართლა ასეა?

ყველას კარგად გვესმის - ბიძინასაც, მეც, დათოსაც... რომ ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შევედით, პირად და პარტიულ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს. ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ სასწორზე დგას საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი. თანაც, პიროვნულადაც არ ვართ ისეთები, რომ ერთმანეთი კონკურენტებად აღვიქვათ. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს. აბსოლუტურად ჰარმონიულად მიდის მუშაობა, ვემზადებით საარჩევნო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რამე ნაპრალი გაჩნდეს იმ ძალაში, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა. ეს ბუნებრივია. უბრალოდ, კითხვები ჩნდება, თუ რატომ უწყობენ ხელს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი ხმების გავრცელებაში.

თქვენ გაქვთ „რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობის გამოცდილება - „ალიანსის" მაგალითს ვგულისხმობ - რა თავისებურებებით გამოირჩევიან „რესპუბლიკელები" კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობის დროს?


ვმეგობრობ დათო უსუფაშვილთან, თინა ხიდაშელთან. ბევრი საერთო საქმე გვიკეთებია წარსულშიც და ჯანსაღი პარტნიორები ვართ დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ისეთ ძალას ჩამოაყალიბებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას" დაამარცხებს.

პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენა ე.წ. „ექვსიანის" დაშლას დაემთხვა. სწორედ მის გამო ხომ არ დაიშალა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება? პირადად თქვენ თუ იცოდით ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ?

არ ვყოფილვარ საქმის კურსში. ჩემთვისაც, როგორც საქართველოში მცხოვრები უმრავლესობისთვის, ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ეს იყო ტექტონური ცვლილება ქართულ პოლიტიკაში - გაჩნდა იმედი საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში.


ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ივანიშვილმა საკუთარ გუნდში სათანამშრომლოდ მიგიწვიათ. 2011 წლის ოქტომბრამდე, ანუ მის მიერ პოლიტიკური განცხადებების გავრცელებამდე, თუ იცნობდით ივანიშვილს?

არ ვიცნობდი. ფიზიკურადაც არ მყავდა ნანახი. ვიცოდი მხოლოდ მისი საქმიანობა. ვიცოდი, რომ ეს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და ფინანსებს ახმარდა ქართული კულტურისა და სულიერების გადარჩენას და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამას აკეთებდა ისე, რომ არ ხმაურდებოდა.
როცა გავიცანი, მითხრა, რომ იზიარებს იმ პოლიტიკურ ღირებულებებსა და შეხედულებებს, რომლისთვისაც მე პოლიტიკაში ვარ და შემომთავაზა ძალების გაერთიანება. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

ნატოს შესახებაც მინდა გკითხოთ - მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ მერყევი პოზიცია გაქვთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე - ხან ამბობთ, რომ ნატო პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ხან - მხოლოდ მომავლის პერსპექტივად მიგაჩნიათ. გაქვთ თუ არა ამ საკითხზე შეჯერებული პოზიცია ივანიშვილსა და მის პარტნიორებს? ნატო საქართველოსთვის გადაუდებელი აუცილებლობაა, თუ მომავლის პერსპექტივა?

ნატოსთან დაკავშირებით არც მე და არც ჩემს პარტიას არასდროს შეგვიცვლია პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადმა მედიამ სცადა, დარტყმა მიეყენებინა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. რაც, ბუნებრივია, არ გამოუვიდათ. პირადად ჩემი და ჩემი პარტიის საგარეო პოლიტიკური ღირებულებები ძალიან კარგად არის ცნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის - ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სხვაგან და სააკაშვილის უმწეო მცდელობები მას ვერაფერს დააკლებდა.

ქართველი საზოგადოების არჩევანია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები, ნატოში, ისევე როგორც ევროკავშირში, გაწევრიანება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებების არჩევნებით ცვლას. არცერთი ეს პარამეტრი დღეს არ არის დაკმაყოფილებული. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი მომავალი დამოკიდებულია წლევანდელ საპარლამენტო და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვის. რუსეთი ვერ დაბლოკავს ამ საკითხს, მას ეს ფორმალურადაც არ შეუძლია და ვერც საგარეო პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს ნატოს წევრებზე.

ივანიშვილმა პირველ პოლიტიკურ განცხადებებში აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი გუნდი დიდი უმრავლესობით მოვიდოდა. მას შემდეგ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც უშუალოდ ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს. ამ ფონზეც ფიქრობთ, რომ პარლამენტში უმრავლესობის გაყვანას შეძლებთ?

საუბრის დასაწყისშიც ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ უმრავლესობით მოვიდეთ პარლამენტში, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა" და გადავიყვანოთ ისინი უმცირესობაში. მიუხედავად იმ კანონმდებლობისა, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენ მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ისინი ხედავენ უსამართლო გარემოსა და ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი უპირისპირებს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. საზოგადოების დიდი უმრავლესობა მოვა არჩევნებზე და გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს. ამის იმედი მაქვს და ამის რეალურ შესაძლებლობას ვხედავ.

ბატონო ირაკლი, გჯერათ, რომ პოლიტიკური ოცნებები ხდება?

როგორ არ მჯერა! საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. თითოეულ ქართველში ვხედავ შანსს, რომ ქართული ოცნება ერთად ავიხდინოთ და ეს ასეც მოხდება. საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიარა ყველა უბედურება, ყველა წინააღმდეგობა, რაც შეიძლებოდა ქვეყანას გადაეტანა. ამ გამოცდილებით გამდიდრებული საზოგადოება შეცდომას აღარ დაუშვებს და სწორ არჩევანს გააკეთებს.


tribuna.ge