Saturday, February 13, 2010

პარლამენტარ ცაგარეიშვილს პრეზიდენტისთვის ფეხსაცმლის სროლაზე ეფიქრება


ვინ რას ელის პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისგან

მადლენ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოხსენებას ელის. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ესტუმრება. ეს პროცედურა საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის საქმიანობის კონტროლს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პარლამენტს უკვე მეორედ აბარებს ანგარიშს, წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით ამ უკანასკნელს რომ უფრო სწყალობს, ამას ისიც ადასტურებს, რომ საკუთარი ანგარიშის წაკითხვის შემდეგ პარლამენტს არ ტოვებს და დეპუტატების მოსაზრებებს საკანონმდებლო ორგანოში ისმენს და პასუხობს.
ოპოზიციონერ დეპუტატთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის „კონსტრუქციულობას“ იმით ხსნის, რომ მოქმედ პარლამენტში ის წინა პარლამენტისგან განსხვავებით თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, რადგან აქ ოპონენტთა ნაწილს სიტყვის თქმის უფლება არ აქვს, ხოლო, ვისაც ეს უფლება აქვს, მხოლოდ ფორმალური კრიტიკით იფარგლება.
რის თქმას ელიან ქვეყნის პირველი პირისგან კანონმდებლები და რა აქვთ სტუმრისთვის თავად სათქმელი?
„ახალ 7 დღესთან“ საუბრისას ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე არ მალავს, რომ პრეზიდენტი მოქმედ პარლამენტს ერთგვარად „ათამამებს“.
„რაც ეს პარლამენტი არსებობს, საანგარიშო გამოსვლის შემდეგ დეპუტატებთან დებატებზე ყოველთვის რჩება. შარშან პატივი დაგვდო, პოლიტიკურ დებატებზეც მოვიდა, მერე დამატებით მოვიდა საკუთარი სურვილით და ამით გაგვანებივრა.“

თუმცა ლევან ვეფხვაძეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის „პატივისგების“ მოტივიც ესმის: „ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და უცხოურ ორგანიზაციებთან სათქმელად ჰქონდეს, ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი არსებობსო“. დეპუტატის თქმით, ამიტომ იყო უშედეგო პრეზიდენტის მიერ შარშან გამოცხადებული პოლიტიკური აქცია „დიალოგი ხალხთან“ და მინისტრებისა და დეპუტატების რეგიონებში სიარული. ეს რომ რეალური დიალოგი ყოფილიყო უცვლელი არ დარჩებოდა მდგომარეობა სოფლებში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს გზები; გლეხები ხილს მხოლოდ 3 თეთრად აბარებენ; ხელმისაწვდომი არ არის ჯანდაცვის პროგრამები; უსამართლობის განცდა ასე მძაფრად აღარ ექნებოდათ ადამიანებს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა პროგრამაში“ მოსახვედრად ქულების მინიჭების დროს; ენერგეტიკული პრობლემისა და კოლექტიური მრიცხველების გამო გაჭირვებული ხალხი ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდა...

„პრეზიდენტს ძალიან უადვილდება პოლიტიკურ თემებზე საუბარი. საათობით შეუძლია ისაუბროს პუტინზე, ბუშზე, ობამაზე. მაგრამ თემაზე „მე და ხალხი“ მისი პასუხი არც აქამდე ყოფილა და, ვფიქრობ, არც ამჯერად იქნება ადეკვატური“, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე და იქვე დასძენს: „პრეზიდენტის გამოსვლიდან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, ველოდები ისევ ლაპარაკს და არა საქმეს. არადა, თავად პირიქით ამბობს ხოლმე - საქმე ლაპარაკის ნაცვლადო.“
ამგვარი განწყობის მიუხედავად, მაინც აპირებს, პრეზიდენტს ჰკითხოს: სად არის 2008 წელს დაპირებული 100 საავადმყოფო? რატომ ვერ იღებენ პენსიონერები 100$-ის ეკვივალენტ პენსიას?

დეპუტატ გია ცაგარეიშვილს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტის წინაშე ასე წარმოუდგენია: „ეს იქნება იგივე, ცრუ დაპირებებით გაჯერებული გამოსვლა მისთვის ჩვეულ ფორმაში, პოპულისტური, აგებული სოციალურ პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გაუაზრებელ გზებზე. ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ბიზნესი ყვავის საქართველოში და ქვეყანაში ბრწყინვალე საგადასახადო გარემო არსებობს.“
უფრაქციო დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ხშირად მოუსმენია, მაგრამ არასდროს მისცემია საშუალება, პირადად მიემართა კითხვით.

„რეგლამენტი იმდენად დრაკონულად არის შედგენილი და ისეთი წესები დევს მასში, რომ რიგით დეპუტატს, ფრაქციაში შემავალს ან უფრაქციოს, არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი. ფრაქციის წევრი რომ ვიყო, ფრაქციის თავჯდომარე ჩემს ინტერესს გაითვალისწინებდა. ის 4-5 დეპუტატი, რომლებიც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვლენ, სააკაშვილს პარლამენტში „დიდ საფრთხეს“ ვერ შეუქმნის.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს, მაგრამ პარლამენტში მისთვის ფეხსაცმელების სროლას არ ვაპირებ. ტრიბუნიდან იმდენად შორს ვზივარ, რომ ვერც მივაწვდენ, თორემ ერთ-ერთ ფეხსაცმელს ნამდვილად ვესროდი. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ხუმრობაში ყოველთვის არის სიმართლე. ეს ადამიანი, ჩემი აზრით, მეტის ღირსია და ადრე თუ გვიან მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები აუცილებლად გაასამართლებენ. ის, რაც ამ ადამიანმა გაუკეთა სამშობლოს, უახლესი საქართველოს ისტორიაში არც ქვეყნის მმართველს გაუკეთებია და არც გარეშე მტერს.“
ცაგარეიშვილს პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარი სააკაშვილის წარმოდგენისას მხოლოდ ფეხსაცმლის სროლაზე არ ეფიქრება, აქვს ბევრი კითხვა და მათგან სამ მთავარ
საკითხს გამოყოფს:

მუდმივად ვითხოვ საჯარო ინფორმაციებს პრეზიდენტის აპარატისა და სხვადასხვა სამინისტროდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება კონსტიტუციითა და სხვა მოქმედი კანონებით მაქვს მონიჭებული, ინფორმაციას ვერასდროს ვიღებ. გასული წლის 11 ოქტომბერს მივწერე პრეზიდენტს წერილი: პრეზიდენტის ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ ვითხოვდი ინფორმაციას. დაახლოებით 23 წერილი მაქვს მიწერილი და მუდმივად არ მპასუხობენ. ერთი პასუხი მომივიდა მხოლოდ, რომელიც ჯობდა, საერთოდ არ მოსულიყო. წერილში მხოლოდ საკანონმდებლო აქტების ნომრები და თანხები ეწერა. ეს სტატისტიკა არაფრის მთქმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ მიიღო ეს თანხები და რატომ, რაში დაიხარჯა - ასეთი ინფორმაცია კი არ იყო მითითებული. ეწერა მხოლოდ, რომ 12 მილიონი ლარი გაცემულია 25 თებერვალს. არაფერი იყო ნათქვამი, თუ ვის და რატომ გადაურიცხეს. ეს ჩემი შეურაცხყოფა იყო - ოროსან ბავშვს რომ რაღაცას იძულებით მიუთითებენ, მაინც ვერაფერს გაიგებსო, ისე მიმითითეს.

როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტს მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები ჩამოჰყავს და მათ ვარსკვლავებს არქმევს, მერე თბილისის ცენტრალურ მოედნებზე ტიტვლებს ამღერებს და მილიონებს ხარჯავს, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდება, რომ პრეზიდენტის ფონდი, ძირითადად, არამიზნობრივად იხარჯება. ძალიან მაინტერესებს, რამდენი გადაიხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომღერალ რუსლანას თბილისში ჩამოყვანისთვის, თუ მას არ დაუხარჯავს შესაბამისი თანხები და სხვამ დახარჯა, მაშინ ესეც გამაგებინონ.

ჩემი მეორე კითხვა პირდაპირი მიყიდვის წესით კონკრეტული პირებისთვის გადაცემულ დიდი საბაზრო ღირებულების ქონებას შეეხება. სააკაშვილს მხოლოდ ბურჯანაძისთვის კი არ უჩუქებია 1 ლარად ქონება, ბევრ ადამიანს აჩუქა ასე. და თუ ვის აჩუქა, სწორედ, ამაზე ვითხოვ პასუხს. რადგან არ მპასუხობენ, ვასკვნი, რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ გარიგებებთან.

მესამე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბევრი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაირღვა, მათ უკანონოდ სცემეს და აწამეს. დაახლოებით 80-კაციანი სია მაქვს, ბევრ მათგანზე მტკიცებულებათა ჩამონათვალი მაქვს, რომელიც ადასტურებს ამ ადამიანის ცემას, წამებას, გატაცებას, პირადი ქონების წართმევას. დღემდე საქმეც კი არ აღუძრავთ. მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი, მაგრამ არავინ რეაგირებს. დამნაშავეა მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დამნაშავეებს ხელს აფარებს. ეს მინდა ავუხსნა პოპულარულ ენაზე სააკაშვილს, მომცემენ ამის უფლებას?“

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტისთვის სიტყვის თქმის უფლებას არ მისცემენ, პარლამენტის დარბაზში მხოლოდ მსმენელის როლში მეექვსედ უკვე ვეღარ დაჯდება. პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღებამდე კი კიდევ ერთხელ აცხადებს: „ჩვენ ხომ ვართ დემოკრატიის მესამე ტალღაში და ხომ ვიხრჩობით დემოკრატიაში, მეც მინდა, გამიტაცოს დემოკრატიის ამ დინებამ, მომეცით პრეზიდენტისთვის პირადად მიმართვის საშუალება.“

ცაგარეიშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის საშუალებას არ უჩივის საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატების“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მას ჯერ არ აქვს მოფიქრებული კითხვები, რომლებიც პარლამენტში მოსულ პრეზიდენტს შეიძლება დაუსვას. ამბობს, რომ ბევრი კითხვა არც აქვს, რადგან პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პერიოდულად ხვდება, შეხვედრებზე დასმული კითხვები კი უპასუხოდ არასდროს რჩება. დავით დარჩიაშვილი პრეზიდენტს კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსვამს, თუ ამის საჭიროებას საანგარიშო მოხსენების მოსმენის დროს დაინახავს. დღეს კი ამბობს, რომ საანგარიშო მოხსენების აქცენტების პროგნოზირება უმარტივესია:

„ვფიქრობ, ის ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველოში. აუცილებლად შეეხება რუსული აგრესიის თემას და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს, ისაუბრებს არჩევნების სამზადისზე. ხაზგასმული იქნება ის საკითხები, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აღელვებს: უმუშევრობა, სოციალური დახმარებები, პენსიები, ჯანდაცვა. საუბარი იქნება თბილისსა და რეგიონებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე.“