Saturday, January 29, 2011

ჭენებით - 175 მილიონი დოლარისკენ


რა კავშირშია ერთმანეთთან თამარ მეფისა და "ჟოკეი კლუბის" სახელები ?(ნაწილი I)

29.01.2008

ჭენებით - 175 მილიონი დოლარისკენ

ჟურნალისტური გამოძიება

გამოძიება შეიცავს უამრავ ციფრს და დოკუმენტს. დანაშაულის დადგენა სწორედ ამ ციფრებსა და დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობების აღმოჩენით შევძელით. მითვისებულია 35 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც უახლოეს მომავალში იწყება ქალაქის მთელი მასივის მშენებლობა. საუბარია ასობით მილიონი დოლარის მოგებაზე. ქალაქს აღარ აქვს ძველი იპოდრომი, ადამიანთა ერთ ჯგუფს აქვს მილიონერად ქცევის გარანტია. ამ ჯგუფში 90-იანი წლების თბილისის ომის „გმირები“ შედიან, ყოფილი მხედრიონელები. ამ ჯგუფის წარმომადგენელია გიორგი რურუაც, პარლამენტარ ნიკოლოზ რურუას ძმა. საგამოძიებო ჯგუფს კრიმინალის მფარველთა ძიება აღარ გაუგრძელებია...

იურიდიული მისამართი - თბილისი, თამარაშვილის N13.

ისტორიული „ასაკი“ - მინიმუმ, 8 საუკუნე.
იურიდიული მფლობელი - 2002 წლის 10 მაისის N949 საკუთრების მოწმობით და საჯარო რეესტრის 2007 წლის 2 თებერვლის ამონაწერით - შპს "ჟოკეი კლუბი"...

ეს მოკლე, მწირი ინფორმაციის შემცველი დოსიე თბილისის სახელმწიფო იპოდრომს ეხება, უფრო სწორად, უკვე ყოფილ იპოდრომს, რომელიც ისტორიული ძეგლიც არის და კრიმინალური ისტორიის ობიექტიც.

ძეგლის ისტორია: იპოდრომის გახსნის შესახებ არსებობს წერილობითი წყარო - სავარაუდოდ, 1200-1210 წლებში დაწერილი იოანე შავთელის „აბდულმესიანი“, რომელშიც თამარ მეფის სამეფოში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავთა შორის საბურთალოზე იპოდრომის გახსნაა მოხსენიებული.

თამარ მეფის იპოდრომი საბურთალოს უმეტეს ნაწილს მოიცავდა - გაცილებით მეტს, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებულ საზღვრებში მოქცეული თბილისის სახელმწიფო იპოდრომი. ტოპონიმი „საბურთალოც“ იპოდრომს უკავშირდება და ცხენბურთის სათამაშო ადგილს ნიშნავს. დღემდე არ არსებობს ზუსტი წერილობითი წყარო იმის შესახებ, თუ როდემდე იარსება მე-13 საუკუნის დასაწყისში გახსნილმა იპოდრომმა. ნიადაგმცოდნეების განმარტებით, ძველი იპოდრომის ტერიტორია საუკუნეების შემდეგ ჭაობიან ადგილად იქცა, ალბათ, ამის გამოც შეწყდა ცხენბურთის თამაში საბურთალოზე...

1840 წელს თბილისის იპოდრომი დიდუბის ტერიტორიაზე აშენდა. წერეთლის გამზირზე დღემდე შემორჩენილია მისი კვალი - დახურული მანეჟის შენობის სახით. 1954 წლისთვის იპოდრომი მჭიდროდ დასახლებული რაიონის ცენტრში მოექცა და დღის წესრიგში ახალი იპოდრომის მშენებლობის საკითხი დადგა. საჭირო ტერიტორია ვერის ხეობასა და დელისის დასახლებას შორის შეირჩა - საუბარია საბურთალოს რაიონზე. ეს ტერიტორია დღეს თამარაშვილის 13 ნომრით აღირიცხება, საბჭოთა პერიოდში კი გურამიშვილის ქუჩის სახელით მოიხსენიებოდა.

იპოდრომის თანამედროვე (კრიმინალური) ისტორია. ინფორმაცია განწყობისთვის: ეს არის ამბავი ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო მიწის მითვისებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მილიონობით ლარის ზარალის მიყენების შესახებ.

1998 წელს, ოფიციალურად, თბილისის სახელმწიფო იპოდრომი 75 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავდა, იპოდრომის მომიჯნავე ფერდის ჩათვლით, რომელიც იპოდრომს 1995 წელს დაემატა. 2004 წლის საკადასტრო მონაცემებით კი, იპოდრომის ფართის შესახებ მონაცემები 62 ჰექტრამდე შემცირდა.

პირველი „მესაკუთრეები“ იპოდრომს 1998 წელს გამოუჩნდნენ. საამისოდ პირობების მომზადება კი უფრო ადრე, 1995 წლიდან, დაიწყო. 1995 წლის 13 ნოემბერს საქართველოს რესპულიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, „თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების“ შრომით კოლექტივს ნება დაერთო, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აეღო გაერთიანების ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება. 1997 წლისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდა და იმავე წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა თბილისის სახელმწიფო იპოდრომის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანაზე. ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ასეთი იყო: შრომით კოლექტივს შეიძლებოდა გადასცემოდა მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, თავად ტერიტორიის საკითხი კი მას შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, რაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებდა საკანონმდებლო აქტს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების თაობაზე.

„თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანება“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარებოდა. 1997 წლის 27 ნოემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობა განაცხადა. პრივატიზება არ უნდა შეხებოდა მაყურებლის ტრიბუნას, საჭენებელ წრეს, თავლებს და ღია მანეჟს. პრივატიზება კომერციული კონკურსის წესით უნდა განხორციელებულიყო, საკონკურსო პირობად პროფილის შენარჩუნება დადგინდა. ობიექტის საწყისი ფასი 708 ათასი დოლარით განისაზღვრა. ინფორმაცია პრესაში, კერძოდ, გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნდა - 1997 წლის 26 დეკემბერს. კონკურსში მონაწილეობის მსურველები 30 დღის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყვნენ. ამავე ვადაში უნდა მიემართათ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთვის, თუმცა სამინისტროში მსგავსი მოთხოვნით 26 იანვრამდე განცხადება არავის შეუტანია.

არადა, უცნაურია, რადგან „თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების“ შრომითი კოლექტივი ორი წლით ადრე, ჯერ კიდევ 1995 წელს, შემდეგ კი განმეორებით 1997 წელს ითხოვდა გაერთიანების ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემას. ახლა კი უარი თქვა მრავალგზის მოთხოვნილზე?

საკონკურსო კომისიაში ერთადერთი განცხადება 1998 წლის 26 იანვარს შევიდა, შპს „ჟოკეი კლუბის“ სახელით, შპს-ის დირექტორის ლაშა ჯაიანის ხელმოწერით. განცხადებას თან ერთვოდა კანონით დადგენილი „ბე-ს“ (გასაყიდი ქონების 10%) გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება - იმის დასადასტურებლად, რომ ლაშა ჯაიანმა 1998 წლის 25 იანვარს „თბილინვესტბანკში“ გადაიხადა 94 146 ლარი.

პირველი კრიმინალი

თუმცა ამ თანხასაც თავისი ორაზროვანი ისტორია აქვს: შპს „ჟოკეი კლუბი“ კომერციულ კონკურსამდე ოთხი დღით ადრე შეიქმნა და 1998 წლის 22 იანვარს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში დარეგისტრირდა. ორგანიზაცია იმავე დღეს აიყვანა აღრიცხვაზე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ. შპს „ჟოკეი კლუბის“ საწესდებო კაპიტალი 4 ათას ლარს შეადგენდა, 50% ლაშა ჯაიანს ეკუთვნოდა, მეორე 50% - ზვიად ყანჩაველს. ლაშა ჯაიანი მანამდე თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო (შესაძლებელია, სწორედ, მისი დაკვეთის შემსრულებელი ან იძულებით შემსრულებელი აღმოჩნდა კოლექტივი, რომელმაც უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე - რედ.). 1997 წლის 20 თებერვალს შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია, რომელსაც ობიექტის პრივატიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადაში მომზადება დაევალა.

1998 წლის 27 და 28 იანვარს საკონკურსო კომისიის სხდომები გაიმართა. 4 თებერვალს კი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „ჟოკეი კლუბი“ გამოცხადდა.

1998 წლის 18 თებერვალს „ჟოკეი კლუბსა“ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება - 5 წლის ვადით და პარალელურად „ჟოკეი კლუბთან“ გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება - 10 წლით. „ჟოკეი კლუბს“ ქირავნობით გადაეცა: ტრიბუნა, ტრიბუნის საპირფარეშო, აგურის „პადოკი“ თავლა, მე-4, მე-5 და მე-6 თავლები; ცხენის სახედნი ღია მანეჟი, თივის საწყობი თავლა, სარწყავ-საწვიმარი აგრეგატი.

ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი იპოდრომის საჭენებელი წრის შესახებ. შპს „ჟოკეი კლუბს“ იჯარა-გამოსყიდვით გადაცემულ ქონებაში 710 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულება მოიჯარეს უყენებდა მოთხოვნებს: პროფილის შენარჩუნებას, 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 3,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობასა და არსებული სამუშაო ადგილების არანაკლებ 70%-ის შენარჩუნებას.

აშკარად საეჭვოდ გამოიყურება შემდეგი ფაქტი: 94 146 ლარი („ჟოკეი კლუბის“ მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალების ფურცელში „ბე-ს“ სახით გადახდილად მითითებული თანხა) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე 2000 წლის მარტში ჯერ კიდევ არ იყო ჩარიცხული, სწორედ, ამ დროს მიმართა სამინისტრომ განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალური წერილით განუმარტა, რომ ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში დასახელებული თანხის გადახდის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ შესულა. ლაშა ჯაიანის მიერ წარმოდგენილი N9 საგადასახადო დავალება არც „თბილინვესტბანკში“ ჩატარებული საბუღალტრო ოპერაციებისა და დღიური დოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა. მეტიც, 2000 წლის 27 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისთვის გაგზანილ წერილში ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი გ. ჯიღაური აღნიშნავდა, რომ ლაშა ჯაიანს არ ჰქონდა გახსნილი ანგარიში „თბილინვესტბანკში“. ეროვნული ბანკის განმარტებით კი, „ფიზიკურ პირს, რომელსაც ბანკში არ აქვს გახსნილი ანგარიში, არ შეეძლო განეხორციელებინა საგადასახადო დავალებით თანხის გადარიცხვის ოპერაცია“. ჩნდება ლოგიკური კითხვა: იყო თუ არა ყალბი ჯაიანის საგადასახადო დავალება? 2007 წლის 11 დეკემბერს ჩვენთვის მოწერილი წერილით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დ. ამაღლობელმა განგვიმარტა, რომ „1998 წელს კომერციულ ბანკებში უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციებს არეგულირებდა 1996 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები“.

ეროვნული ბანკის განმარტებით, „საკონკურსო კომისიაში „ჟოკეი კლუბის“ დირექტორის, ლაშა ჯაიანის, მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალება N9 არ არის დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმებული“.

და ისევ პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ გახდა საჭირო საკონკურსო კომისიისთვის არასწორად შედგენილი საგადასახადო დავალების წარდგენა? რატომ დაგვიანდა ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე „ბე-ს“ სახით გადახდილი თანხის ჩარიცხვა?

ამ კითხვებზე პასუხები არც ისე რთულია: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შპს „ჟოკეი კლუბი“ 1998 წლის 22 იანვარს 4 ათასი ლარის საწესდებო კაპიტალით შეიქმნა, მას ნამდვილად გაუჭირდებოდა საკონკურსო განცხადების შეტანამდე დარჩენილ სამ დღეში 94 146 ლარის გადახდა. იკვეთება ვერსია, რომ შპს „ჟოკეი კლუბის“ ხელმძღვანელობა „თბილინვესტბანკს“ გაურიგდა. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ბანკი საგანგებოდ შეარჩიეს. ეჭვს ბადებს შემდეგი გარემოება: N9 საგადასახადო დავალების გაცემიდან მოკლე ხანში „თბილინვესტბანკის“ ლიკვიდაცია დაიწყო, 1999 წლის 4 მაისს კი მას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიაც გაუუქმდა. „თბილინვესტბანკის“ ბაზაზე 2000 წლის 2 მაისს ახალი შპს „გიორგი XXI“ შეიქმნა. 2000 წლის 20 აპრილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში „გიორგი XXI-ის“ (როგორც „თბილინვესტბანკის“ სამართალმემკვიდრე ორგანიზაციის) მიერ გაგზავნილ წერილში არის მცდელობა, აიხსნას, თუ რატომ დაყოვნდა ამდენ ხანს ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე „ბე-ს“ შესატყვისი თანხის ჩარიცხვა: „მოქალაქე ჯაიანის მიერ ბანკში თანხის შეტანიდან რამდენიმე საათში საბანკო ნორმატივების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თბილინვესტბანკს“ საბანკო ანგარიშები შეუჩერა“.

„გიორგი XXI“ ცრუობს. ამაზე მეტყველებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი წერილი: „1998 წლის იანვარში და შემდგომ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს „თბილინვესტბანკისთვის“ საკორესპონდენტო ანგარიშებიდან თანხის მისაღებად ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვები არ განუხორციელებია“. ეროვნული ბანკი იმასაც გვატყობინებს, რომ „თბილინვესტბანკის“ ლიკვიდატორად საბურთალოს რაიონის სასამართლომ დანიშნა თავად „თბილინვესტბანკის“ წარმომადგენელი მამუკა ელიაშვილი, იგი „ლიკვიდაციის დასრულებამდე ბანკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო. ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა ლიკვიდატორი არ დანიშნულა“. და კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც „გიორგი XXI“ სწერს ქონების მართვის სამინისტროს (20.04.2000 წელი). იგი ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკისგან მას ჰქონდა მიღებული უფლებამოსილება „თბილინვესტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასამთავრებლად. არადა, მაშინ, როცა ეს წერილი იწერება, 2000 წლის 20 აპრილს, აღნიშნული შპს იურიდიულ პირად ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული. იგი დაფუძნდა მხოლოდ 2000 წლის 2 მაისს. „ჟოკეი კლუბის“ მიერ საპრივატიზაციო „ბე-ს“ თანხის გადახდის ისტორია უკვე ნათელ წარმოდგენას ქმნის ამ კომპანიის „კეთილსინდისიერებაზე“.

რა კავშირშია ერთმანეთთან თამარ მეფისა და "ჟოკეი კლუბის" სახელები? (ნაწილი II)

30 იან. '08

თანამოაზრეთა ჯგუფი იზრდება

გადავიდეთ „კეთილსინდისიერების“ მორიგ ფაქტზე: „ჟოკეი კლუბმა“ „დოკუმენტურად დაასაბუთა“ საიჯარო ქირის დროულად, დადგენილ ვადაში გადახდა. ამ შემთხვევაში მას „სამსახური“ აუდიტორმა ვახტანგ ჩაბრაძემ გაუწია. მან იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების რემონტისთვის გაწეული ხარჯები საჭირო თანხების ფარგლებში გაწეულად შეაფასა. შედეგად, „ჟოკეი კლუბი“ აღებული ვალდებულებების სამაგალითო შემსრულებლად გამოცხადდა და დროზე ადრე „ღირსეულად“ გახდა მესაკუთრე.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ჟოკეი კლუბის“ მიერ აღებული ვალდებულებების 2003 წლის 18 თებერვლისთვის შესრულებას. თუმცა 2002 წლის გაზაფხულზე, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ეს ვალდებულებები შესრულებულად გამოცხადდა და 2002 წლის 10 მაისს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N949 გადასცა შპს „ჟოკეი კლუბს“. მოწმობაში გარკვევით წერია, რომ შპს-ს საკუთრებაში გადაეცა „ქ. თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების ქონების ნაწილი“ (მხოლოდ ნაწილი). მიწის ფართობის გადაცემაზე საუბარი არ არის, უბრალოდ, აღნიშნულია, რომ მიწის საკითხი დგინდება მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული მოწმობა ძალაშია 1998 წლის საიჯარო ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

„ჟოკეი კლუბს“ კი დაევალა, რომ 2002 წლის 1 ივლისამდე უნდა წარმოედგინა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციებისა და მომავალში შესასრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების შესახებ.

„ჟოკეი კლუბმა“ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისთვის მიწერილ წერილში განმარტა, რომ უკვე განხორციელებული ინვესტიციები, ძირითადად, მოხმარდა ბიზნესწინადადებებისა და მაკეტის მომზადებას, ამორტიზებული შენობების, საჯინიბოებისა და ოფისის რეკონსტრუქციას, ახალი ნაგებობების მშენებლობას, ბუნებრივი აირისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟს, წმინდა სანაშენე ცხენების შესყიდვას...

იპოდრომის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციად კი შპს ასახელებს „ჟოკეი კლუბის“ საწესდებო კაპიტალში სააქციო საზოგადოება „მატეის“ 1 მილიონ 71 ათასი დოლარის აქციათა პაკეტის დაბანდებას, ბოგდან ხმელნიცკის N50-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთს. ინვესტიციების მოცულობა, „ჟოკეი კლუბის“ დირექტორის განმარტებით, 3,5 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.

„ჟოკეი კლუბს“ ამჯერად „ერთგული“ აუდიტორული მომსახურება გაუწია შპს „აუდიტ-ბერკეტის“ დირექტორმა მარიამ ყარსიმაშვილმა. მან აუდიტორულ დასკვნაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობად მიუთითა ზუსტად იმდენი თანხა, რამდენიც "ჟოკეი კლუბს" საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად სჭირდებოდა. 2004 წლის 2 აგვისტოს "ჟოკეი კლუბი" ეკონომიკის სამინისტროს უკვე თამამად სწერდა: „ს/ს „მატეის“ აქციები უფლებას აძლევს „ჟოკეი კლუბს“, ისარგებლოს ამ საზოგადოების შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდგომ გამოყენებულ იქნება სასტუმროდ. სასტუმროს ექსპლოატაცია მოიტანს როგორც კომერციულ სარგებელს, ასევე საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე ჩამოსული სპორტსმენები და ღონისძიებების სტუმრები... ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს საცხენოსნო სპორტისთვის საჭირო ინვენტარის წარმოება, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მეტალისა და ტყავის სათანადო დამუშავებასთან. ეს პროცესი მიმდინარეობს საამქროებსა და სამჭედლოებში, მაგრამ მათი განთავსება იპოდრომის ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალული და ეკოლოგიურადაც გაუმართლებელია, რადგან იპოდრომი სარგებლობს სახელმწიფო ტყე-პარკის სტატუსით და წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას. სწორედ ამიტომ, ინვესტიციის სახით ჩაიდო ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ობიექტები. ამ შენობებში განთავსდება ზემოთ ხსენებული საამქროები, ასევე ეს ნაგებობები გამოყენებულ იქნება სასაწყობო მეურნეობად მარცვლეულ-ფურაჟისა და სპორტული ინვენტარისთვის."

ვერაფერს ვიტყვით. განმარტებები, ერთი შეხედვით, დამაჯერებელია, თუმცა, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფორმალობა იყო. ზემოთ ხსენებულ ობიექტებს აღნიშნული დატვირთვით არასდროს უმუშავია. ანუ "ჟოკეი კლუბის" "იდეები" განუხორციელებელი დარჩა და არც იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობა-ნაგებობების რემონტი ან ახალი ნაგებობების მშენებლობა დასტურდება 2004 და შემდეგ წლებში იპოდრომზე გადაღებული ფოტომასალით. ამ „ინვესტიციით“ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა - შპს "ჟოკეი კლუბში" "ახალი მოთამაშეები" შევიდნენ - საკუთარი კაპიტალით. საზოგადოების პარტნიორთა 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, "ჟოკეი კლუბის" 4000-ლარიანი საწესდებო კაპიტალი 2 მილიონ 704 ათასი ლარით გაიზარდა. ლაშა ჯაიანის და ზვიად ყანჩაველის გარდა, ამ დროიდან „ჟოკეი კლუბს“ ვლადიმერ კვარაცხელია, ზურაბ ბიგვავა და ზაზა კანდელაკიც წარმოადგენდნენ.

„ჟოკეი კლუბი“ აცხადებს „ახალი ქალაქის“ აშენების იდეას იპოდრომის ტერიტორიაზე

პარტნიორების რიცხვის ზრდასთან ერთად შპს-ის ინტერესები იზრდება. 2005 წლის 2 თებერვალს „ჟოკეი კლუბმა“ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს მიმართა თხოვნით - იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწებისთვის საზოგადოებივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭებინა.

ამ დროისთვის იპოდრომის საზღვრებში არსებულ ტერიტორიას მინიჭებული ჰქონდა ღია საუწყებო ტყე-პარკის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი მშენებლობა, რომელიც მწვანე საფარის შემცირებასა და ხე-ნარგავების დაზიანებას გამოიწვევს. იპოდრომის ტერიტორიის გამწვანებულ ზოლს ღია საუწყებო ტყე-პარკის სტატუსი 1998 წლის 29 დეკემბერს თბილისის პრემიერ გია შერაძის ბრძანებით მიენიჭა.

2005 წლის 4 ოქტომბერს „ჟოკეი კლუბმა“ უკვე ქალაქის მერ გიგი უგულავას მიმართა იმავე, იპოდრომის ტერიტორიისათვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლის, მოთხოვნით. გიგი უგულავასთან გაგზავნილ წერილში ოფიციალურად პირველად გამოიხატა „ჟოკეი კლუბის“ წარმომადგენელთა ინტერესი - თბილისის გარეუბანში იპოდრომის გადატანის შესახებ. შესაბამის ოპტიმალურ ტერიტორიად „ჟოკეი კლუბი“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებდა, იპოდრომის ტერიტორიაზე კი კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი საცხოვრებელი ზონის გაშენება მიაჩნდა პერსპექტიულად.

უფრო ადრე, 2004 წლისთვის, თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო პირველი მშენებლობები. თბილისის საკრებულოში 2004 წლის 21 სექტემბერს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების ქონების პრივატიზების, აგრეთვე მის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის კანონიერების შესწავლა. საკრებულოს კომისიამ (კონტროლის პალატისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან მიღებული მასალებით) გაარკვია, რომ 2004 წლის 4 ოქტომბრისთვის შპს „ჟოკეი კლუბის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 25,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

ამ დროისათვის იპოდრომზე მიმდინარე მშენებლობას აწარმოებს ინდივიდუალ მენაშენეთა ამხანაგობა „იპოდრომი 2003“. მან 2680 კვადრატული მეტრი მიწის ფართი „ჟოკეი კლუბისგან“ იყიდა, რაც 2002 წლის 28 ივნისის სანოტარო ხელშეკრულებით გაფორმდა. მშენებლობის ნებართვა ქალაქის იმდროინდელმა მთავარმა არქიტექტორმა როსტომაშვილმა გასცა.

მომდევნო წლებში თბილისის იპოდრომის ირგვლივ მოვლენები ასე განვითარდა: 2005 წლის 15 დეკემბერს გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება 2005-2006 წლებში დამატებით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ. ნუსხაში უკვე მოხვდა თბილისის იპოდრომის შენობა-ნაგებობებიც: ტრიბუნა, ტრიბუნის საპირფარეშო, აგურის „პადოკი“ თავლა, ცხენების ღია სადგომი მანეჟი, მე-4, მე-5 და მე-6 თავლები; ყულარის ტერიტორიიდან კი: თავლა, თივის საწყობი, საწვიმარი აგრეგატი. ამრიგად, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში სრულად მოხვდა ის სახელმწიფო ქონება, რომელიც 1998 წელს "ჟოკეი კლუბს" ქირავნობის წესით გადაეცა.

რა კავშირშია ერთმანეთთან თამარ მეფისა და "ჟოკეი კლუბის" სახელები? (ნაწილი III)

31 იან. '08

კრიმინალური რბოლა საჭენებელ წრეზე იწყება

შეგახსენებთ, რომ აქამდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრე. ამას ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 5 დეკემბერის ბრძანება (რომლის დანართში მოცემულია სახელმწიფო საკუთრებაში დასატოვებელი ქონების ნუსხა: საჭენებელი წრე, მაყურებლის ტრიბუნა, ცხენის სახედნი ღია მანეჟი, მე-4, მე-5 და მე-6 თავლები, თივის საწყობი თავლა, ღია თავლა "პადოკში", სარწყავ-საწვიმარი აგრეგატი).

2007 წლის 9 იანვარს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტთა თანდართული ნუსხაც, რომელშიც სხვა ობიექტებთან ერთად მოხვდა სოფელ ლისში განთავსებული შენობა-ნაგებობები.

ობიექტის პრივატიზებამდე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, კახა დამენიამ, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურიდან თბილისში თამარაშვილის N13-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე მიმაგრებული 1105 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, აგრეთვე 6069 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის (მაყურებელთა ტრიბუნის კომპლექსი) საზღვრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 2007 წლის 31 იანვარს დამატებით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ლისში მდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად თამარაშვილის N13-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და ტრიბუნის კომპლექსიც მოხვდა. რამდენიმე დღით ადრე, 2007 წლის 24 იანვარს, თბილისის მერმა გამოსცა N 27 განკარგულება, რომლითაც გააუქმა "თბილისის იპოდრომის ტერიტორიის გამწვანებული ზონისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ" თბილისის პრემიერის 1998 წლის 29 დეკემბრის ბრძანება.

2007 წლის 13 მარტს გამართულ აუქციონზე ჩამოთვლილი ობიექტების შესყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ, "ჟოკეი კლუბმა" გამოთქვა. გამარჯვებულადაც, რაღა თქმა უნდა, შპს "ჟოკეი კლუბი" გამოცხადდა. 10 მილიონ 20 ათას აშშ დოლარად მას თამარაშვილის N13-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები (5695; 1105; 6069 კვმ), სოფელ ლისში მდებარე 8781 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. "ჟოკეი კლუბმა" საპრივატიზებო თანხა ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. არაუმეტეს ოთხი წლის განმავლობაში კი, თბილისის ტერიტორიის ფარგლებში 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახალი, თანამედროვე ტიპის თავლები, მანეჟი და სარბენი წრე უნდა მოაწყოს. "ჟოკეი კლუბმა" დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა (?) დაიხმარა. "ჟოკეი კლუბის" საწესდებო კაპიტალში ყაზახური კომპანიის წილი 50%-ით განისაზღვრა.

გიორგი რურუა ნიკოლოზ რურუას ძმაა და იგი „თბილისის იპოდრომის“ დამფუძნებელია

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლაც, დაიწყო იპოდრომის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც შპს „თბილისის იპოდრომის“ დაკვეთით ხორციელდება. შპს „თბილისის იპოდრომი“ 2006 წლის 14 აგვისტოს შეიქმნა და დარეგისტრირდა თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. ფირმის დამფუძნებლებიც „ჟოკეი კლუბის“ დამფუძნებლები არიან, ერთი განსხვავებით - შპს “თბილისის იპოდრომის“ დამფუძნებლებს შორის არის გიორგი რურუა, პარლამენტის თავდაცვისა და ეშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას, ძმა. გიორგი რურუას წილი შპს „თბილისის იპოდრომში“ 16,5%-ია.

„ჟოკეი კლუბსა“ და მის პარტნიორებს თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე დიდი მიზნები და ინტერესები აქვთ. არსებობს მაკეტი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიის ერთ მესამედზე მასობრივ მშენებლობებს ითვალისწინებს. „ჟოკეი კლუბს“ დღევანდელი მდგომარეობით თითქმის სრულად ეკუთვნის იპოდრომის ტერიტორია - 62 ჰექტარი. პარტნიორების მიერ ტერიტორიის საკუთრების უფლებას ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს N949 მოწმობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წლის 2 თებერვალს გაცემული ამონაწერი.

სიცრუეში ამხელენ თავად დოკუმენტები


საჯარო რეესტრის ხსენებული ამონაწერის თანახმად, „ჟოკეი კლუბი“ არის თამარაშვილის N13-ში მდებარე არასასოფლოსამეურნეო მიწის 34,9 ჰექტრის (საუბარია თბილისის იპოდრომის სარბენ-საჭენებელ წრეზე) მესაკუთრე. იპოდრომის სარბენ-საჭენებელ წრეზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ე. წ. მესაკუთრის განყოფილებაში შემდეგი დოკუმენტებია მითითებული:

საჯარო რეესტრის ხსენებული ამონაწერის თანახმად, „ჟოკეი კლუბი“ არის თამარაშვილის N13-ში მდებარე არასასოფლოსამეურნეო მიწის 34,9 ჰექტრის (საუბარია თბილისის იპოდრომის სარბენ-საჭენებელ წრეზე) მესაკუთრე. იპოდრომის სარბენ-საჭენებელ წრეზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ე. წ. მესაკუთრის განყოფილებაში შემდეგი დოკუმენტებია მითითებული:

1. საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“;
2. ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 24 იანვრის N27 განკარგულება;

3. არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1999 წლის 27 იანვარს გაცემული და ზედიზედ სამჯერ (2002 წლის 3 ივნისს, 2007 წლის 12 იანვარს და 2007 წლის 1 თებერვალს) კორექტირებული გეგმა, რომლითაც მონიშნულია თამარაშვილის ქ. N13-ში თბილისის იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორია და დამატებით დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს „ჟოკეი კლუბისადმი“ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N949, გაფორმების თარიღი - 2002 წლის 10 მაისი.

ჯერ პირველ დოკუმენტზე: კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ „კერძო საკუთრების უფლება ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი“. ამავე კანონის თანახმად, მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთია ~ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი“.

არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტმა 1999 წლის 27 იანვარს მოამზადა ქალაქ თბილისის იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორიისა და დამატებით დამაგრებული ნაკვეთის გეგმა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, კერძოდ, მინისტრის მოადგილე კახა დამენიამ, არაერთხელ განგვიმარტა, რომ აღნიშნული კანონი ძალაში, სწორედ, 1999 წელს შევიდა. მაგრამ ჩვენ უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ჩვენთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიუდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი გამოქვეყნებულია 1998 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. თავად კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად კი, „კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვყნებისთანავე“. ანუ კანონი ამოქმედდა 1998 წლის 20 ნოემბრიდან და არა 1999 წელს, რასაც ბატონი დამენია ამტკიცებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონი არ ვრცელდება თამარაშვილის N13-ში მდებარე თბილისის იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორიისა და დამატებით დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმაზე.

რაც შეეხება საკუთრების დამადასტურებელ მეორე დოკუმენტს - თბილისის მერის 2007 წლის 24 იანვრის განკარგულებას, განმარტებისთვის ვიტყვით, რომ განკარგულებით გაუქმდა იპოდრომის ტერიტორიის სტატუსი - გამწვანებული ზონა. მაგრამ ამ დოკუმენტის საკუთრების დამადასტურებლად მოხმობა აბსურდია, რადგან ტერიტორიის სტატუსის გაუქმება არ ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ავტომატურად ხდება „ჟოკეი კლუბი“. ეს დოკუმენტი სხვა მხრივ უფრო არის საყურადღებო: საჯარო რეესტრის 2007 წლის 2 თებერვლის ამონაწერში მერიის განკარგულება 2006 წლის 24 იანვრით არის დათარიღებული, მაგრამ სინამდვილეში იგი 2007 წლის 24 იანვარს გამოიცა. სავარაუდოდ, მონაცემი შემდეგი მიზეზით გაყალბდა: მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში. 2006 წლით დათარიღებულ ადმინისტრაციულ აქტს, რაღა თქმა უნდა, სხვა დაინტერესებული მხარე 2007 წლის თებერვალში (საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის შემდეგ) ვეღარ გაასაჩივრებდა (აქტის გასაჩივრების და მოქმედების შეჩერების შემთხვევაში კი "ჟოკეი კლუბს" რეესტრში დარეგისტრირებისას პრობლემები შეექმნებოდა).

გაგრძელება იქნება

რა კავშირშია ერთმანეთთან თამარ მეფისა და "ჟოკეი კლუბის" სახელები?(ნაწილი IV)

1 თებ. '08

ციფრებით მანიპულირება თავად დოკუმენტშიც ადვილი შესამჩნევია. ქ. თბილისის მერიის N27 განკარგულების ქსეროასლზე დოკუმენტის გაცემის თარიღად დაბეჭდილია 2006 წლის 26 იანვარი, შემდგომ აღნიშნულ თარიღში ციფრი „6“ ავტოკალმით გადასწორებულია და ციფრი „7“ წერია, ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტი განზრახ არის გაყალბებული. ამავე ლოგიკით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტის "კორექტირებაში" ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელი ურევია.

აღნიშნულმა სამსახურმა 2007 წლის 1 თებერვალს („ჟოკეი კლუბის“ მიერ საჯარო რეესტრში განკარგულების წარდგენამდე ერთი დღით ადრე) კორექტირება შეიტანა თბილისის იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორიისა და დამატებით დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმაში. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში თბილისის მერის 2007 წლის 24 იანვრის განკარგულების წარდგენისა და იპოდრომის მიწის ნაკვეთის გეგმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ინიციატორი სწორედ შპს „ჟოკეი კლუბი“ იქნებოდა.


რაც შეეხება მესამე დოკუმენტს: თბილისის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა დ. ახვლედიანმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, როდესაც თბილისის პრემიერის 1998 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული ღია საუწყებო ტყე-პარკის სტატუსი 1999 წლის 27 იანვარს მომზადებულ მიწის ნაკვეთის გეგმაში სათანადოდ არ ასახა. მთავარმა არქიტექტორმა ასეთი სტატუსი მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიის ნაწილისთვის გაიმეტა, „ჟოკეი კლუბის“ მიერ დაკავებული ფართი კი ამ „ვალდებულებისგან“ გაათავისუფლა.


2004 წლის 30 ივლისს თბილისის მთავარი არქიტექტორის, გ. სულაბერიძის, მიერ იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორიის საზღვრების დადგენის შემდეგ მიწის ფართობები ასე დაზუსტდა: საუწყებო ტყე-პარკის ფართობი - 35,6 ჰექტარი; შპს „ჟოკეი კლუბის“ ფართობი - 25,8 ჰექტარი, აქედან სახელმწიფო საკუთრება - 5943 კვ.მ.

მიწის ფართობის გეგმის სულაბერიძის მიერ კორექტირებული ვარიანტის ბოლო მონაცემი (სახელმწიფო საკუთრება) ემყარებოდა წინამორბედი არქიტექტორის, ლოლაშვილის, მიერ 2002 წლის 3 ივნისს ტერიტორიული მოწყობის შესახებ წარმოდგენილ გეგმას.


ლოლაშვილმა და სულაბერიძემ მიწის ნაკვეთის გეგმაში სრულიად გაურკვეველი მიზეზით სახელმწიფო საკუთრებად მხოლოდ 5943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი განსაზღვრეს. ასევე გაურკვეველი მიზეზით გეგმაში არ აღნიშნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები და სარბენ-საჭენებელი წრე.


იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრე „ჟოკეი კლუბის“ საკუთრება რომ არ იყო, ამას ადასტურებს საჯარო რეესტრში 2005 წლის 30 დეკემბრისთვის არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრე (34,9 ჰექტარი) რეგისტრირებული არ იყო კერძო საკუთრებად. „ჟოკეი კლუბის“ საკუთრებად მისი „აღიარების პატივი“, ალბათ, მიხვდით, სწორედ, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ეკუთვნის - სამსახურის უფროსმა მანუჩარ მახათაძემ ზემოაღნიშნული 34,9 ჰექტარი 2007 წლის 12 იანვარს კორექტირებულ იპოდრომის მიერ დაკავებული ტერიტორიის გეგმაში „ჟოკეი კლუბის“ ფართად მოიხსენია. მანუჩარ მახათაძესვე ეკუთვნის იპოდრომის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმაში 2007 წლის 1 თებერვალს შეტანილი ჩანაწერი: „ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 24 იანვრის განკარგულების შესაბამისად, შპს „ჟოკეი კლუბის“ მიერ დაკავებული ტერიტორიის ნაწილს მოეხსნა ღია საუწყებო ტყე-პარკის სტატუსი“. თუმცა, ისევ მახათაძის გასაგონად ვამბობთ, რომ მიწის ნაკვეთის გეგმაში რომელიმე იურიდიული პირის მიერ გარკვეული ტერიტორიის დაკავების აღნიშვნა არ ნიშნავს ამ ტერიტორიის ხსენებული შპს-ის საკუთრებად მიჩნევას.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ჟოკეი კლუბის“ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს შორის არის მიწის ნაკვეთის რამდენიმე გეგმა. მათ შორის არ არის 2004 წლის 30 ივლისს კორექტირებული გეგმა, რომლის თანახმადაც, ~ჟოკეი კლუბის~ საკუთრებად მიჩნეულია მხოლოდ 25,6 ჰექტარი ტერიტორია, ანუ მის საკუთრებაში არ შედის საუწყებო ტყე-პარკი. ჩვენი აზრით, ეს განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული შესწორება ცალსახად ეწინააღმდეგება მანუჩარ მახათაძის მიერ 2007 წლის 12 იანვარს განხორციელებულ კორექტირებას.


რაღა თქმა უნდა, „ჟოკეი კლუბის“ მიერ თბილისის იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად აგრეთვე ვერ გამოდგება საკუთრების მოწმობა N949, რომელიც 1998 წლის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა და მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების იმ ნაწილს ეხება, რომელიც „ჟოკეი კლუბს“ ხელშეკრულების დანართით გადაეცა.


ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით: გადაეცა თუ არა „ჟოკეი კლუბს“ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული რაიმე სახის მიწის ნაკვეთი 1998 წლის 18 თებერვლის საიჯარო ხელშეკრულებითა და N949 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით. თუ ეს არ მომხდარა - რატომ არ არის იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრე სახელმწიფოს საკუთრება?

ეკონომიკის სამინისტრო ყოველნაირად ცდილობს, გვერდი აუაროს ამ კითხვებს და ბუნდოვან და გაურკვეველ პასუხებს გვთავაზობს, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ან - ეკონომიკის სამინისტროში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, ან - მის მაღალჩინოსნებს საკუთარი კერძო ინტერესი აქვთ თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე და გარიგებულები არიან შპს „ჟოკეი კლუბთან“.

მკითხველისთვის რომ ნათელი გახდეს, რა მასშტაბების კორუფციულ გარიგებებზე შეიძლება საუბარი, აღვნიშნავთ: თბილისის იპოდრომსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 1 კვმ მიწის მინიმალური ფასი არის 500 აშშ დოლარი. შესაბამისად, იპოდრომის სარბენ-საჭენებელი წრის მიერ დაკავებული დაახლოებით 35 ჰექტარი მიწის ფართობის ღირებულება 175 მილიონი აშშ დოლარია.


P.S

წერილის მომზადებისას რამდენჯერმე ვცადეთ “ჟოკეი კლუბის” წარმომადგენლებთან დაკავშირება. ორჯერ დავუკავშირდით მონაცემთა ბაზაში არსებული ტელეფონის ნომერზე “ჟოკეი კლუბის” ადმინისტრაციას. პირველ შემთხვევაში ქალბატონმა განგვიმარტა, რომ ხელმძღვანელობა ამ დროისთვის უკვე წასული იყო და მეორე დღეს დილიდან შევძლებდით მათთან დაკავშირებას. მეორე დღეს კი სხვა ქალბატონმა განგვიცხადა, რომ ამ ნომერზე “ჟოკეი კლუბის” ხელმძღვანელობას ვერასდროს დავუკავშირდებოდით. სხვა კოორდინატის შემოთავაზება კი მას არ შეეძლო.

ჩვენ ვიცავთ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და ამჯერად ჟურნალის მეშვეობით ვთხოვთ “ჟოკეი კლუბის” ხელმძღვანელებს, თავად დაგვიკავშირდნენ. მზად ვართ, ჟურნალის ფურცლები დავუთმოთ მათ პოზიციებს და არგუმენტირებულ მსჯელობას - ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში.

მადლენ მაჭარაშვილი, თბილის

ჟურნალი „სიტყვა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

0 comments:

Post a Comment