Thursday, September 9, 2010

"დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ"


18-03-2010, 16:24

მადლენ მაჭარაშვილი
ტელეკომპანია „იმედი“ საზოგადოების აღშფოთების საგანი უკვე მეორედ გახდა. პირველი დიდი აქცია „იმედის“ რკინის ჭიშკართან 2007 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ საზოგადოება ხელისუფლების მიერ დარბეულ „იმედს“ და ჟურნალისტებს უჭერდა მხარს. მერე ყველამ დაივიწყა „იმედიც“ და უფლებაშელახული ჟურნალისტებიც, რომელთა უმეტესობა ხელისუფლებამ იძულებული გახადა, სამსახური დაეტოვებინა. ჟურნალისტები კი დღემდე აგრძელებენ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას. მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ უფლებებს იურისტი ლია მუხაშავრია დაიცავს.

ევროპულ სასამართლოში სამართალს ათზე მეტი ქართველი ტელეჟურნალისტი მოითხოვს. მათ შორის ერთ-ერთი „იმედის“ ყოფილი კორესპონდენტი დიანა ტრაპაიძეა. „ახალი 7 დღე“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

–თქვენ იყავით ტელეკომპანია „იმედის“ ერთ–ერთი წამყვანი ჟურნალისტი. რატომ მიიღეთ თავის დროზე ტელეარხის დატოვების გადაწყვეტილება?

- დაუმსახურებლად აღმოვჩნდით სხვა რეალობაში და სხვა მფლობელის ხელში. იმ რეალობიდან გამომდინარე, სრულიად დამსახურებულად დავტოვე „იმედი“. ჩემს მოკლე განცხადებაში, რომელიც „იმედის“ გენერალური დირექტორის სახელზე დავწერე, ასეთი ტექსტი იყო: აღარ ვიმუშავებ „იმედში“, რადგან პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულება აქ უკვე შეუძლებლად მიმაჩნია.

–13 მარტს, როცა მთელი საზოგადოება აღშფოთებული იყო „მოდელირებული ქრონიკით“, თქვენ როგორი განცდა გქონდათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ტელეკომპანია „იმედი“ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა...

- მოვისმინე ბევრი შეფასება. „მომავალი ომის“ სცენარის ავტორები და შემსრულებლები ამბობენ, რომ სწორად მოიქცნენ, როდესაც მომავლის საფრთხეები ასახეს. მე კი ვფიქრობ, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან. ეს ადამიანები რომ კინემატოგრაფიაში ყოფილიყვნენ, ის სფერო იხეირებდა და არც ჟურნალისტიკა დაზარალდებოდა. ეს იყო მარაზმი, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა გადაცემას იმიტირებულის მიმანიშნებელი ტიტრი. ეს იყო უგემოვნებობა და ბოდვა, საზოგადოების შოკში ჩაგდების მცდელობა

– 2007 წლამდე არსებულ „იმედზეც“ ხშირად ამბობდნენ, რომ არ იყო თავისუფალი, რომ ის კონტროლდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და მათ უკან მდგარი ქვეყნის მიერ. რა განმარტებას გააკეთებდით ამაზე?

-ზუსტად იმის გამო დავრჩი „იმედში“ თავის დროზე, რის გამოც წამოვედი ორი წლის შემდეგ. იმ „იმედში“, რომლის კრიტიკაც ახლაც მესმის, მე ვიყავი თავისუფალი. ჟურნალისტიკა არის პირადი პასუხისმგებლობის პროფესია, თუ ვინმეს რომელიმე რეპორტაჟი ან გადაცემა არ მოგწონდათ, ეს მხოლოდ იმ წამყვანს და იმ ჟურნალისტს დააბრალეთ, რომელიც მასზე მუშაობდა. „იმედში“ იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა. გეთანხმებით, არხი იყო კრიტიკული, მაგრამ დამეთანხმეთ, თავისუფლება იქ, სადაც ბევრი რამ არის გასაკრიტიკებელი, ბუნებრივად გულისხმობს კრიტიკის არსებობას.

-მოკლედ მოგვიყევით იმ ამბებზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ 2007 წლის ნოემბერში ხდებოდა.

-ჩვეულებრივად იგეგმებოდა გამოშვებები. რაც არ მომწონდა, იყო ის, რომ პირდაპირ ეთერში დიდი დოზით გვქონდა აქციები. თუმცა 4 ნოემბერს ჩვენ უკვე შევწყვიტეთ აქციების ტრანსლირება. ის, რომ ხელისუფლება არ მოდიოდა ჩვენს არხზე პოლიტიკურ თოქშოუებში მონაწილეობის მისაღებად, იმით იყო გამოწვეული, რომ არხის მარგინალიზაციას ცდილობდნენ.

-რატომ გადაწყვიტეთ სტრასბურგში სარჩელის შეტანა დღეს? რა არის სარჩელის მთავარი მოთხოვნა?

-ორ წელიწადზე მეტია, მაინტერესებს, 7 ნოემბერს მე ვიყავი დამნაშავე თუ ხელისუფლება. ფაქტია, რომ მოხდა დანაშაული. ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ვინმეს. თუ მე ვმონაწილეობდი ანტისახელმწიფოებრივ საქმეებში, უნდა განმიმარტოს და დამიმტკიცოს ეს ვინმემ.

ძალიან მაინტერესებს, ვაწყობდი თუ არა იმ დღეს სახელმწიფო გადატრიალებას. თუ არ ვაწყობდი, მაშინ რატომ დაირღვა ჩემი უფლებები. მე, როგორც ერთი კონკრეტული ჟურნალისტი, ჩემს უფლებას თუ არ დავიცავ, მითუმეტეს, ვერ დავიცავ სხვის უფლებას.

– ვიცი, რომ ერთგვარ უხერხულობას განიცდით სარჩელის ოფიციალური სახელწოდების გამო (დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ), სტრასბურგამდე მიმართეთ თუ არა საქართველოს სასამართლოს ამ მიზნით, ან თუ გიფიქრიათ ამ საკითხზე?

-მე ჩემი შელახული უფლების დასაცავად ვჩივი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ძალიან მაწუხებდა ამ საქმის სათაური: დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა გამოსავალი ასეთ ფორმულირებაში ვიპოვე: დიანა ტრაპაიძე უკეთესი საქართველოსთვის, სადაც 7 ნოემბერი აღარ განმეორდება.

ქართული სასამართლოსთვის არ მიმიმართავს. ჯერ კიდევ 10 ნოემბერს დავწერე სარჩელი, რომელიც „იმედის“ ახალმა მფლობელმა გასაგები მიზეზების გამო არ მიიყვანა ბოლომდე. ახლა იურიდიული მომსახურება შემოგვთავაზა ლია მუხაშავრიამ და მე სიამოვნებით მივიღე ეს შეთავაზება.

- როგორც ვიცი, „იმედის“ სხვა ჟურნალისტებიც აპირებენ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას, ვინ არიან ისინი და სარჩელები ინდივიდუალური იქნება თუ ერთობლივი?

-ყველა საქმე იქნება ინდივიდუალური. სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მეც ძალიან ბევრი ვიფიქრე სარჩელზე. უხერხულობას მიქმნიდა სათაური, მაგრამ არც ის მინდოდა, ჩემ გამო ვინმე რიგითი პოლიციელი ან სოდ-ის თანამშრომელი დასჯილიყო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მივხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო.

– „იმედის“ ყველაზე ცნობილი სახეები: გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია არ გამხდარან სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების ინიციატორები. როგორ გგონიათ, რატომ?

-გიორგი თარგამაძე თავიდან იყო ამის ერთ ერთი ინიციატორი. ინგა გრიგოლია კი საერთოდ არ ჩართულა ამ პროცესში, თქვა, რომ ლონდონში მიდიოდა და იმიტომ. შეგიძლით თავად მათ ჰკითხოთ მიზეზი. ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.

–როდის გაიგზავნება სარჩელი სტრასბურგში და რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი?

- ამ ყველაფერს არეგულირებს ლია მუხაშავრიას ორგანიზაცია. იურიდიული მომსახურების ხარჯებსაც ორგანიზაცია ფარავს. თუმცა, კონტრაქტის თანახმად, თუ საქმე მივა ფინანსურ კომპენსაციამდე, ორგანიზაცია საკომპენსაციო თანხის 40 პროცენტს მიიღებს. საკომპენსაციო თანხის საკითხი კიდევ ერთი უხერხულობაა. ჩემს მოთხოვნაში დასახელებული იქნება მინიმალური თანხა, ჩემთვის საკუთარი უფლებების დაცვა არის მნიშვნელოვანი, ფინანსურ კომპენსაციას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

0 comments:

Post a Comment