Thursday, September 9, 2010
ორი ოსეთის გაერთიანების იდეა და თრუსოსა და გუდას ხეობების ბედი
5-02-2010, 01:35
მადლენ მაჭარაშვილი
კოკოითის პარლამენტის ვიცესპიკერის იური ძიცოითის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსგან ძალიან მალე კურორტ გუდაურთან ახლო მდებარე ტერიტორიას - გუდას ხეობას მოითხოვს, ჩრდილოეთი ოსეთი კი - თრუსოს ხეობას.
ედუარდ კოკოითისა და მისი მხარდამჭერების პრეტენზიები ქართულ მიწაზე 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ გაიზარდა. ახალგორის დაპატრონების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა პრეტენზია თრუსოს ხეობაზე გამოთქვეს. 2009 წლის აგვისტოში “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითმა “ისტორიული წიაღსვლებით” “დაადასტურა”, რომ თრუსოს ხეობა ოდითგანვე ოსური მიწა იყო და საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს გაურკვეველი მიზეზით გადაეცა. იმავე პერიოდში რუსულენოვან ინტერნეტგამოცემა „აირონ თაიმსში“ (www.iron-times.ru) გამოქვეყნდა ვინმე ვადიმ თოხსიროვის სტატია. ავტორის „დასაბუთებით“, თრუსოს ხეობა ისევე, როგორც თეთრი არაგვის სათავეების ხეობა, ძირძველი ოსური ტერიტორიაა და ისტორიულად ახალგორს ეკუთვნოდა, ხოლო ახალგორი, თავისთავად, ოსეთია. თოხსიროვს სტატიაში ნათქვამის დასადასტურებლად მეფისნაცვლის პერიოდის მაგალითები მოჰყავდა. მეფის რუსეთის ჩინოვნიკები კი, თავის მხრივ, წყალგამყოფად ჯვრის უღელტეხილს ასახელებდნენ და მის გადაღმა არსებულ ტერიტორიას მთლიანად ვლადიკავკაზის, ანუ ოსეთის, ტერიტორიად განიხილავდნენ. ვადიმ თოხსიროვის პუბლიკაცია ოსი „ისტორიკოსების“ მიერ მოყვანილ „წყაროებს“ ეფუძნებოდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თრუსოს ხეობა, კობის ტაფობი და ხევი-ყაზბეგი თავიდანვე ოსეთის კუთვნილება იყო. ამავე თემაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დარიალიც“.
„ახალი 7 დღე“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის მცხეთა-თიანეთის ყოფილ გუბერნატორს, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს – შალვა ოგბაიძეს დაუკავშირდა.
„ამ სამწუხარო პროგნოზის თაობაზე ადრეც განვაცხადე. თუ იმ დროს მხოლოდ ვინმე თოხსიროვი და არასამთავრობო ორგანიზაციები ახმაურებდნენ ამ თემას და ცდილობდნენ „თვალის დადგმას“ ჩვენს ტერიტორიაზე, ამჯერად უკვე ე. წ. პოლიტიკური პირები საუბრობენ და განცხადებებს ვიცესპიკერი აკეთებს. ეს უკვე არის ოფიციალურად წაყენებული ტერიტორიული პრეტენზია საქართველოს მიმართ. ორი ოსეთის გაერთიანების იდეის ხორცშესხმას აპირებენ და სურთ, ამ პროცესებს ხურდად გააყოლონ გუდას ხეობა. თრუსოს ხეობასა და ყაზბეგს კი უკვე თავისად მიიჩნევენ.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იგნორირების პოლიტიკას მიმართავს. მართალია, ეს ფორმა არის პოლიტიკური პასუხის ერთ-ერთი ნაირსახეობა, მაგრამ ამ ეტაპზე ის არცთუ ეფექტურია. თუ ჩვენ არ შევაჩერეთ „პოლიტიკური ჯაყოიები“, ქვეყანა თეიმურაზ ხევისთავის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
აუცილებელია დიპლომატიური მექანიზმების ამოქმედება. საქართველოს ხელისუფლება კი ამაზე არც ფიქრობს, რაც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს ბადებს და ხეობის მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქადის.“
Labels:
თრუსო,
კოკოითი. ოგბაიძე.
0 comments:
Post a Comment