Thursday, September 9, 2010
შიდა პოლიტიკა: ედპ „პოსტმოდერნისტ ჯაშუშებს“ ამხელს, კობა დავითაშვილი კი „კუებზე“ კომენტარს არ აკეთებს პოლიტიკა » საშინაო
8-02-2010, 23:34
მადლენ მაჭარაშვილი
საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია ქართველი პოლიტიკოსების რუსულ პოლიტიკასთან კავშირს გმობს და ამ კონტექსტში ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილს საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებლებსა და „პუტინის ბიჭებს“ უწოდებს.
ქართველი ერის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები და რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველები – ამ საკითხს მიეძღვნა ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატების მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც ქაშუეთიდან, გია ჭანტურიას საფლავიდან, დაიწყო და გმირთა მოედანზე დასრულდა.
პროკლამაციებში ქართველი ერის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის არასრული ჩამონათვალი 1801 წლის რუსული მანიფესტით იწყება და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით მთავრდება; რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველების არასრულ სიას კი სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძისა და იგორ გიორგაძის შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრის, ნოღაიდელის, გვარი ამშვენებს. კონკრეტული სია ზოგადი ფრაზით სრულდება: „მათ საქმეებს აგრძელებს ყველა პოლიტიკოსი, რომელიც უარს ამბობს ნატოზე და ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურება.“
ვიდრე პარტიის ახალგაზრდული აქტივი თემატურ პროკლამაციებს ხალხში არიგებდა, პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ნოღაიდელის, კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას აშკარა და დაფარულ პოლიტიკურ პოზიციებს საჯაროდ გმობდა. ბაჩუკი ქარდავას თქმით, ეს ადამიანები რუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან.
„მოვისმინე დავითაშვილის განცხადება და აშკარად ვამჩნევ მას, რომ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერია და არც ცდილობს ამის შენიღბვას. გავა დრო და ყველა გამოამჟღავნებს რეალურ სახეს. ასე ფიქრობს ყველა, ვინც ხელი მოაწერა „პრაიმერს“: ძიძიგური, კუკავა, დავითაშვილი – ეს ადამიანები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იყო შეცდომა – ანუ ჩვენ დასავლეთისკენ კი არა ჩრდილოეთისკენ უნდა ვიაროთო.
ნოღაიდელმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინტენსიურად მიაწვდის ინფორმაციას რუსულ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ედინაია როსიასა“ და მის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს. ეს რაღაც ახალი პოსტმოდერნული ჯაშუშობაა. სწორედ, ამგვარ პოლიტიკას ატარებენ ზურაბ ნოღაიდელი და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტი და უარი თქვას ნატოზე, ისინი მოგვიწოდებენ, რომ უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკოსი ვერ მიიჩნევა ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლად. რუსული პოლიტიკისა და, კონკრეტულად, პუტინის პოლიტიკის გამტარებლები არიან.
როდესაც დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოზე ჯვარი არ დაუწერია, ეს რუსული პოლიტიკის შეფარული მხარდაჭერაა. კუკავა და ძიძიგური ამ ეტაპზე „წვალობენ“, პოზიციას ღიად არ გამოხატავენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნოღაიდელს არც ისინი უღალატებენ და მის გვერდით იქნებიან.“
„ახალი 7 დღე“ ბაჩუკი ქარდავას ბრალდებაზე კომენტარისთვის „ხალხის პარტიის“ ლიდერს, კობა დავითაშვილს დაუკავშირდა. ბატონმა კობამ საკუთარი პასუხი მოკლედ ასე ჩამოაყალიბა: „არ ვაპირებ კომენტარს კუებზე“,– შემდეგ კი განგვიმარტა, რომ კუს სინონიმები ედპ და მისი ლიდერები არიან, რომლებმაც დღეს რატომღაც ფეხი გამოყვეს.
Labels:
დავითაშვილი,
ედპ,
ჯაშუშები. ნატო.
0 comments:
Post a Comment