Thursday, September 9, 2010
ოპოზიციის ლიდერის გამოვლენის ფორმულა „თბილისის კრებაზე“ გაირკვევა
ოპოზიციის ლიდერის გამოვლენის ფორმულა „თბილისის კრებაზე“ გაირკვევა სიახლეები, საშინაო
24-02-2010, 20:19
მადლენ მაჭარაშვილი
ოპოზიციის ლიდერები და „საზოგადოებრივი დარბაზის“ წარმომადგენლები ჭადრაკის სასახლეში 24 თებერვალს მხოლოდ შეთანხმებაზე შეთანხმდნენ: ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოვლენის ფორმაზე კი ახლო მომავლაში შეთანხმდებიან. უახლოეს დღეებში გამართულ „თბილისის კრებაზე“ გამოცხადდება, რა პრინციპით შეირჩევა თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი: პრაიმერით, პოლიტიკური შეთანხმებით თუ სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებით.
„თბილისის კრების“ წინ ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი. ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ალასანიას, ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილისა და მათი პარტიების გვერდით არ ჩანდნენ დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე და მათი პარტიები, მაგრამ იქ იყო თბილისური ელიტა: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ქეთი დოლიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, მაკა ასათიანი...
„საზოგადოებრივი დარბაზის“ ინიციატივით გამართულ ყრილობაზე ბევრი განსაკუთრებული მადლობა თბილისის მერობის ერთ–ერთმა სავარაუდო კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დაიმსახურა, დარბაზში შეკრებილთა განსაკუთრებული ტაში კი – ზურაბ ნოღაიდელმა.
საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ოპოზიციური ერთიანობის იდეას მიესალმნენ და პრაიმერის, სოციოლოგიური კვლევებისა და პოლიტიკური შეთანხმების მეთოდების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე იმსჯელეს. მეტ–ნაკლებად შეჯერებულ ვარიანტზე ისაუბრა იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, ჯერ სოციოლოგიური კვლევა უნდა გაიმართოს, კვლევის შედეგად გამოკვეთილ ორ ლიდერს შორის კი ლიდერი პრაიმერით უნდა გამოვლინდეს.
„ჭადრაკის სასახლეში“ არავინ გრძნობდა „უხერხულობას“ პრორუსულ ძალად გამოცხადებული ზურაბ ნოღაიდელის გვერდით, ყველა თანხმდებოდა ფორმულაზე: ყველანი ერთად – სააკაშვილის წინააღმდეგ!
ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დასაპირისპირებლად შეუპოვარი ბრძოლის უპირატესობაზე საუბრობდა:
„მინდა მივმართო ყველას: ჩემს ძმაკაცებს, პოლიტიკურ მეგობრებს – იბრძოლეთ ბოლომდე და რიგით ჯარისკაცად გამოგყვებით. პრინციპი „გაყავი და იბატონე“ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დამთავრდეს“.
ირაკლი ალასანიამ კი ოპოზიციის ერთიანობის პროცესში პარტნიორი პოლიტიკური ძალების ჩართვის იმედი გამოთქვა: „თბილისის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ერთიანი კანდიდატის იდეას. მივდივართ ერთიანობისკენ. ამ პროცესს არავინ უნდა გამოაკლდეს. ჩემთვის მთავარია, საზოგადოებას გაუჩნდეს ერთიანობის განცდა და გამარჯვების რწმენა. ჩვენი მთავარი მეტოქე არის იმედგაცრუება. დიდი იმედი მაქვს, ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩაერთვება ყველა ოპოზიციური ძალა, მათ შორის ჩემი პარტნიორები: „ახალი მემარჯვენეები“ და „რესპუბლიკელები“. პრაიმერთან დაკავშირებით მათ აქვთ საკუთარი პრინციპული პოზიცია. სოზარ სუბარმაც გამოხატა პოზიცია. სუბარის მსგავსად მეც მიმაჩნია, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების გზით კანდიდატის გამოვლენა ბევრად უფრო მართებულია, მაგრამ ჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და კონსულტაციების შედეგს დაველოდოთ. საერთო კანდოიდატის გამოვლენისკენ ერთი გზით უნდა ვიაროთ და ამ პროცესიდან არავინ უნდა გავრიყოთ.“
ნოღაიდელის გარეშე ოპოზიციური ერთიანობა ვერ წარმოუდგენია ქართული ინტელიგენციის ერთ ნაწილსაც.
გურანდა გაბუნია: „მე არ ვიცი, რა არის პოლიტიკა. ზურაბ ნოღაიდელს ვგულშემატკივრობ იმიტომ, რომ ჩემი ახლობელია. ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირიდან“ ვიცნობ და არ მგონია, რომ რამე ცუდი გააკეთოს. მგონია, რომ ხალხი მას აუცილებლად დაუჭერს მხარს. არ მესმის, რუსეთთან ურთიერთობა რატომ არის ცუდი, საომრად ხომ არ მივდივართ? რა დროს ომია? ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. აზერბაიჯანი, სომხეთი – ყველა მეგობარი უნდა იყოს და რატომ უნდა იყოს რუსეთი მტერი? დამიბრუნოს ჩემი აფხაზეთი და არაფერს ვერჩი“.
0 comments:
Post a Comment