Wednesday, June 9, 2010

ნარკოამბავი


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწაში დამარხული მილიონობით ევროს აღმოჩენისა და საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების ამბავი გრძელდება. კულუარულად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ესპანელი სამართალდამცავების ხელთ არსებულ მასალებსა და დოკუმენტებში ესპანეთში მოღვაწე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტთან, შაქრო კალაშოვთან, ქართველი მაღალჩინოსნების კავშირი დასტურდება. ასევე კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერეკლე კოდუამ და ვატო ყიფიანმა საქართველო დატოვეს. რა კავშირი აქვს სოდ–ის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას, ნარკოკარტელის წევრების დაკავებასთან და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროს მიერ დიდი ზარ–ზეიმით ჩატარებულ სპეცოპერაციას?

„ახალი 7 დღე“ პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ–ერთ ლიდერს მანანა ნაჭყებიას ესაუბრა.

– ქართული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია ქართველი და ესპანელი ძალოვანი უწყებების შაქრო კალაშოვთან თანამშრომლობისა და მისი ბიზნესინტერესების ლობირების შესახებ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? საქართველოს ხელისუფლებიდან ვინ და რა ფორმით შეიძლება იყოს ამ საქმესთან დაკავშირებული?

– საზოგადოებაში ძალიან ბევრი ჭორი და მითქმამოთქმა იყო ამ საკითხზე. ბევრი კითხვა დაისვა, როგორ მოხდა, რომ ასეთი მასშტაბის ნარკომოვაჭრეები მოქმედებდნენ საქართველოში და ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. მართლაც, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საბაბს იძლევა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ვანო მერაბიშვილის სტრუქტურა, პრაქტიკულად, ყველაფერს აკონტროლებს. გამორიცხულია, რომ ქართველი ძალოვანების გარეშე საქართველოში რამე მსგავს საქმიანობა ეწარმოებინა ვინმეს. საზოგადოებაში ასეთი ეჭვი სპეცოპერაციის დღიდანვე გაჩნდა, თუმცა ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა. დღეს გავრცელებულმა ინფორმაციებმა ეს ეჭვი გაამყარა არგუმენტებით. რადგან უკვე დაიწყო საუბარი, რომ ესპანელი და ქართველი ძალოვანების მონაწილეობით ხდებოდა ეს ყველაფერი და, რადგან სიგნალის დონეზე მაინც გამოჩნდა ამ პროცესში ქართველი ძალოვანების მონაწილეობა, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების ეჭვები საფუძვლიანი იყო. გარდა ამისა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერეკლე კოდუა, ვატო ყიფიანი და კიდევ რამდენიმე პიროვნება საქართველოდან წავიდნენ. ასეთი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა და არ დავიჯერე, მაგრამ რატომღაც სააგენტო „პირველის“ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იმდენად დაემთხვა ერთმანეთს, რომ ვიფიქრე, შეიძლება უკვე ცხადი გახდა ქართველი ძალოვანების ნარკობიზნესთან კავშირი და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ვიღაც გამოააშკარავოს–მეთქი. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და არც ის მინდა, რომ ერეკლე კოდუა ან სხვა ვინმე იყოს გახვეული ამ ამბავში. ვისურვებდი, ჩვენი მაღალჩინოსნები არ იყვნენ ამ საქმის მონაწილეები, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ბევრი ხმაურიანი ამბის მოწმენი გავხდებით. როგორც ჩანს, ხელისუფლება, რომელიც არცთუ ნაკლებად ითბობდა ხელს ნარკობიზნესით, ახლა ფიქრობს, რომ ეს ამბავი, ასე თუ ისე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამის შემდეგ ეცდება, რომ ბიზნესის ეს ხაზი, ეს ტრასა სხვას ჩააბაროს. მოეშვებიან თუ არა ხელისუფლება და ხელისუფლების მაღალჩინოსნები ასეთი გზით ფულის შოვნას, ვერ გეტყვით, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და მე ასეთ ნებას დღეს ვერ ვხედავ. თუ ვინმე შემედავება და მეტყვის, რომ თუ პოლიტიკური ნება იყო იმისთვის, რომ კანონიერი ქურდები და კრიმინალები აღეკვეთათ , რატომ არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება ანალოგიურად ნარკონბიზნესის აკრძალვაზე? ვუპასუხებ, რომ კრიმინალებისა და კანონიერი ქურდებისგან, მართლაც, თავისუფალია დღეს ქვეყანა, მაგრამ ბევრ სხვა სფეროში იჩინა თავი კრიმინალურმა და ქურდულმა მენტალიტეტმა. თავად ხელისუფლებაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი ამ მხრივ, ხელისუფლებას, სწორედ, ქურდული მენტალიტეტით მიუდგა არჩევნებსაც.

– ნარკოკარტელის წევრების დაკავებისა და მიწაში დამარხული მილიონობით ევროს აღმოჩენა, მართლაც, მასშტაბური ოპერაცია იყო. როგორ ფიქრობთ, დღემდე არაფერი იყო ცნობილი ამ დანაშაულების შესახებ თუ დროც საგანგებოდ იყო შერჩეული?

– აქ ორ ვერსიაზე შეიძლება საუბარი. მე, სიმართლე გითხრათ, ვემხრობოდი იმ აზრს, რომ მიწაში დამარხული ევროების აღმოჩენა ხელისუფლებას დასჭირდა არჩევნებისთვის. ხელისუფლებამ უზარმაზარი თანხა დახარჯა არჩევნებში. ოფიციალურად 14 მილიონზეა საუბარი და დარწმუნებული ვარ, სამჯერ მეტი დახარჯეს. ბუნებრივია, ცდილობენ დაცარიელებული სალაროს შევსებას. რატომაც არა, მშვენიერი გზაა.

ვინც საქართველოში ნარკობიზნესს კურირებდა, ბუნებრივია, უთხრეს, რომ მოიტანე ფული. სწორედ, ეს ფული უნდა „გათეთრებულიყო“ იმისთვის, რომ მოხვედრილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ჩვეულებრივი, ტრადიციული სქემა, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების ხელისუფალნიც „ათეთრებენ“ ფულს.
ხოლო, თუ ეს ყველაფერი არ მიჩუმათდა, დადასტურდა ინფორმაცია ქართველი მაღალჩინოსნების ამ საქმესთან კავშირზე და ამ ამბებს ერეკლე კოდუა შეეწირა, მაშინ უკვე საქმე გვექნება სულ სხვა ვითარებასთან. გამოდის, ხელისუფლება მიხვდა, რომ ინფორმაციამ უკვე გაჟონა და შეიძლება ესპანელმა სამართალდამცავებმა გამოამჟღავნონ ბევრი რამ ქართველ მაღალჩინოსნებზე. ამიტომ დაასწრეს მოვლენებს და ასეთი ტიპის ოპერაცია ჩაატარეს.

წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია, არც არაფერს ვადასტურებ, უბრალოდ, ვარაუდებს გამოვთქვამ და ამ ვარაუდებს ნამდვილად აქვს სერიოზული საფუძველი.

– დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამ საქმის ერთ–ერთი მონაწილე თენგიზ გურჩიანი სოდ–ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ახლობელია. ერეკლე კოდუა კი ბოლო დროს ხელისუფლებაში გავლენებს სულ უფრო კარგავს. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული მისი ცოლისძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით იხდის სასჯელს. ამ ფაქტს კი წინ უძღვოდა სოდ–ის ხელმღვანელობიდან კოდუას გათავისუფლება . სოდ–ის მთავარი ფუნქცია კი სწორედ ნარკოტიკებთან ბრძოლაა. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ხელისუფლებისთვის ერთგვარად მიუღებელი ერეკლე კოდუა?

– გეთანხმებით, დღეს რაღაც წრე აშკარად იკვრება კოდუას წინააღმდეგ. დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც ხომ იკითხა, რას აკეთებდა სოდ–ი, თუკი ჩვენს ყურის ძირში ასეთი უბედურება ტრიალებდა და საქართველო პირდაპირ ნარკოტრასის ერთ–ერთი ცენტრალური მონაკვეთი იყო. თქვენ აღნიშნეთ სოდ–ის ხელმძღვანელობიდან მისი გადაყენების ფაქტი და ესეც საკმაოდ სერიოზულ ეჭვს ბადებს. სწორედ ასეთ ფაქტებს ემყარება საზოგადოების კითხვები. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

– კოდუას ძალაუფლების შესუსტებაზე საუბრის პარალელურად სულ უფრო აქტუალურია ახალაიას გაძლიერების თემა. ბოლოდროინდელი მოვლენები მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ გავლენებისათვის ბრძოლა ახალაიას სასარგებლოდ დასრულდა?

– ამ თემაზე, ძირითადად, ჟურნალისტები საუბრობენ. მე ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ. თუმცა ერთი რამის თქმა მაინც შემიძლია: ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ნარკოტიკების კონტროლი არის ხელისუფლების კლანების ხელში. ყველა შემოსავლიანი ბიზნესი ხელისუფლების ხელშია. ვერ ნახავთ მსხვილ ბიზნესს, რომლის უკან არ დგანან ხელისუფლების მაღალჩინოსნები. სწორედ, მაღალჩინოსნები ლობირებენ სამშენებლო კომპანია „მაგი სტილს“, ხორცის შემოტანის ბიზნესს... ქიბარ ხალვაში, რომელიც ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების ყველაზე მსხვილი შემომტანი იყო საქართველოში, მაშინვე დააპატიმრეს, როგორც კი ხელისუფლებიდან წავიდა ირაკლი ოქრუაშვილი. ხალვაშს ყველაფერი წაართვეს, საწყობები გადაუწვეს და ბიზნესის ეს სფერო ხელისუფლების ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა ჩაიბარა. თუკი რამეა შემოსავლიანი, ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს.

0 comments:

Post a Comment