Wednesday, June 9, 2010

ყალბი "კონსტიტუცია"


მადლენა მაჭარაშვილი

ვენეციის კომისიას საქართველოდან საკონსტიტუციო ცვლილებების ისეთი ვარიანტი გაუგზავნეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრებთანაც კი არ იყო შეთანხმებული. ინგლისურენოვან ტექსტში წვრილმანი ხარვეზების გარდა, რატომღაც, ისეთი დეტალებიც მოხვდა, რომელებიც ქართულ ვარიანტში საერთოდ არ ყოფილა. საკონსტიტუციო პროექტის ინგლისური ვერსიის მე–2 მუხლის თანახმად, ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე არის განსაზღვრული.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებულ ერთგვარ სკანდალზე „ახალი 7 დღე“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანს თენგიზ შარმანაშვილს ესაუბრა.

– რატომ განსხვავდება ვენეციის კომისიისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინგლისურენოვანი პროექტი მისი ქართული დედნისგან?

– დედანსა და თარგმანს შორის ერთი არსებითი განსხვავებაა. ინგლისურენოვან ვარიანტში საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადაა მითითებული. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, რადგან საკონსტიტუციო კომისიას ამ საკითხზე კენჭისყრა არ გაუმართავს. გავარკვევთ, რა მოხდა სინამდვილეში. თუმცა ეს დიდი პრობლემა არ არის. ვენეციის კომისიას დამატებით ვაცნობეთ, რომ ამ საკითხზე ჩვენს კომისიაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დასკვნას პროექტის ამ ნაწილის გარეშე დაწერენ.
ქართულ და ინგლისურ ვარიანტებს შორის ტექსტობრივ განსხვავებებთან დაკავშირებითაც არსებობს წვრილმანი პრობლემები. მითხრეს, რომ განხილვის დროს გაუგებრობები წარმოიშვა და დამატებითი შეკითხვები დაისვა თარგმანთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი. ინგლისური იმდენად არ ვიცი, ასეთ დეტალებზე რომ ვისაუბრო. ფაქტი ერთია, ვენეციის კომისიის წევრები მიხვდნენ, რომ თარგმანი შეიძლებოდა ზუსტი არ ყოფილიყო და ადგილზევე განიხილეს პროექტი პუნქტობრივად, იქვე გაარკვიეს, რა იგულისხმებოდა პროექტის თითოეულ პუნქტში. თარგმანიც იქვე შესწორდა. თუ ვენეციის კომისიას კიდევ გაუჩნდა კითხვები, დაგვიკავშირდებიან და პასუხს გავუგზავნით. კონსტიტუციის ტექსტი იმდენად რთულია, რომ ყველას არ შეუძლია მისი ადეკვატური და სრულყოფილი თარგმანი.

– ვინ თარგმნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი? ვინ არის პასუხისმგებელი ტექსტის სისწორეზე?

– არ ვიცი. თარგმნა კომისიის გარეთ მოხდა.

– ვენეციის კომისიისთვის პროექტის ოფიციალური თარგმანი არ მომზადდა?

– არ ვიცი, მაგრამ, მოდით, სხვას ნუ გადავაბრალებთ და მე დავიბრალებ, რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამის შემდეგ ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩვენი კომისიიდან გავა საერთაშორისო დონეზე, უფრო დეტალურად შემოწმდება. შევეცდები, რომ ტექსტი 2–3 სხვა სპეციალისტთან მაინც გადავამოწმო. თუ ძალიან გვინდა ამისგან სკანდალი შევქმნათ, კი ბატონო, თუმცა ეს შეცდომა რამე დიდი უბედურების მომტანი არ არის. ვენეციის კომისია დოკუმენტებში ყველა სიტყვას აზუსტებს. ჩვენს წარმომადგენლებთან ადგილზევე გაარკვიეს ყველაფერი.

– საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის, გარდა ვინ ესწრებოდა ვენეციის კომისიაში პროექტის განხილვას?

– ლევან გოძაშვილი. მათ ერთად განუმარტეს ვენეციის კომისიის წევრებს ყველაფერი.

– თარგმანის დროს დაშვებული შეცდომა ერთია, მაგრამ ცოტა უცნაურია, ინგლისურენოვან ტექსტში ისეთი მონაცემების აღმოჩენა, რომელიც ქართულში უბრალოდ არ არსებობდა...

– მე ვიცი ერთი რამ. რაც უნდა კითხვა გაჩნდეს, ფაქტი არის ერთი. ის, რაზეც კომისიას კენჭი არ უყრია, კომისიის სახელით არსად გავა. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერ დამტკიცდება პარლამენტში. ამიტომ ვამბობ, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ალბათ საქმე გვაქვს ორგანიზაციულ პრობლემასთან. არსებობდა ცვლილებების პროექტის რამდენიმე ვარიანტი. როგორ მოხდა, რომ თარჯიმანს გადასცეს ვადამიწერილი და მერე უარყოფილი პროექტი, ან რატომ არ შემოწმდა საბოლოო ვარიანტი, არ ვიცი. ეს წმინდა წყლის შიდა ადმინისტრაციული პრობლემაა.

– დავუშვათ, ეს არის მექანიკური შეცდომა, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს, უნდა დაეკისროს, თუ არა პასუხისმგებლობა ვინმეს?

– იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ფინანსური პრობლემა, საკონსტიტუციო კომისიის ძირითადი აპარატი უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც შესაძლებლობების ფარგლებში თავდადებით მუშაობენ. ფაქტობრივად, მოხალისეების რესურსს ვეყრდნობით, მხოლოდ ერთი–ორი სრულყოფილი სპეციალისტი გვყავს. კიდევ ვიმეორებ, მთავარი ის არის, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ მომხდარა. მე ვთქვი და ოქმშიც ჩაიწერა, რომ არის სამი საკითხი, რომელიც კომისიამ ვერ განიხილა: პრეამბულაში შესატანი ცვლილებები, კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხები და საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადები. ვენეციის კომისიაში პროექტი, სწორედ, ამ სამი ნაწილის გარეშე უნდა გაგზავნილიყო.

– რამდენად პრინციპულია საკონსტიტუციო კომისიისთვის ცვლილებების პროექტის ამოქმედების ვადა და პირადად თქვენ რომელი ვადა მიგაჩნიათ ოპტიმალურად?

– ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები მაქვს. მიმაჩნია, რომ პროექტის სხვადასხვა მუხლი სხვადასხვა დროს უნდა ამოქმედდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობას ეხება, ჩემი აზრით, უკვე უნდა ამოქმედდეს. უპრიანი იქნებოდა თუ იგი ძალაში თვითმმართველობის არჩევნებამდეც შევიდოდა.
არის ბევრი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც ახლა არ მინდა საუბარი. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხებზე ჯერ კოლეგებთან გავმართავ კონსულტაციებს. მსჯელობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადის განსაზღვრა არ შეიძლება.

– როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო პროექტს? შეგიძლიათ იმის თქმა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს სრულყოფილი კონსტიტუცია ექნება?

– კონსტიტუცია არ იწერება ერთი კაცის მიერ. ეს არის სხვადასხვა პოლიტიკურ და პროფესიულ ჯგუფს შორის მიღწეული კომპრომისების შედეგი. პირადად მე, ერთ კაცს რომ დამეწერა კონსტიტუცია, ცოტა სხვაგვარად დავწერდი. შემუშავებულ პროექტშიც ყველა ძირითად საკითხს ვეთანხმები. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ინსტიტუტი მაქსიმალურად არის დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და აღჭურვილია არბიტრის ფუნქციებით. ძირითადი მოთამაშეები არიან მთავრობა და პარლამენტი.

– საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში როგორ არის განსაზღვრული პრემიერმინისტრის როლი და ფუნქციები, რა დამატებითი უფლებები აქვს „ხვალინდელ“ პემიერმინისტრს დღევანდელთან შედარებით?
– ერთი მთავარი განსხვავებაა. დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო არ არის მთავრობა. ეს სტატუსი არ აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კანონით არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მას ისეთი უფლებამოსილება აქვს აღმასრულებელ სფეროში, რომ ფაქტობრივად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, თანაც თავისუფალი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ანუ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრობლემები შეიქმნება, განტევების ვაცი მთავრობაა, პრეზიდენტს პასუხი არ მოეთხოვება.

პროექტის თანახმად, მთავრობის ფორმირება პარლამენტს ევალება. პრეზიდენტი უკვე აღარ მონაწილეობს ამ პროცესში. პრემიერმინისტრის დასახელების პრეროგატივა აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, არის პრემიერმინისტრი.

რაც შეეხება განსხვავებებს, პრეზიდენტის თანამდებობიდან გაშვება დასაშვებია მხოლოდ იმპიჩმენტით. იმიჩმენტი კი შეიძლება ჩადენილი დანაშაულის ან კონსტიტუციის დარღვევის შედეგი იყოს. პარლამენტს აქვს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება. ამისთვის არსებობს ე.წ. მთავრობის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი. ანუ პარლამენტს აქვს უფლება, შეცვალოს მთავრობა ახალი მთავრობის თავმჯდომარის არჩევის ფორმით. პარლამენტი ირჩევს ახალ პრემიერს და ავალებს მას მთავრობის ფორმირებას, რის შედეგადაც ძველი დათხოვნილი იქნება. პარლამენტი და მთავრობა იქნება უფრო ძლიერი და პრეზიდენტი იქნება არბიტრი. ის არ ჩაერევა პირდაპირ არც მთავრობისა და არც პარლამენტის საქმიანობაში, მისი როლი იკვეთება მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტსა და მთავრობას შორის წარმოიქმნება კრიზისი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვიდრე ფეხბურთელი მეორეს ფეხს არ წამოკრავს და არ წააქცევს, მსაჯი არ დაუსტვენს.

– რამდენად აქვს მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, იმის თეორიული შანსი, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პირდაპირ პრემიერმინისტრის სავარძელში გადაინაცვლოს?

– რა თქმა უნდა, აქვს ამის შანსი. ამის იურიდიული შესაძლებლობა არსებობს ყველა იმ მოდელში, რომელიც საქართველოში არის შემუშავებული – საპარლამენტო მოდელშიც, დღეს მოქმედ მოდელშიც და ჩვენ მიერ შემუშავებულ პროექტშიც. „ეროვნულმა საბჭომ“ შემოიტანა კომისიაში მოსაზრებები საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შესახებ, ამ მოდელითაც თავისუფლად შეუძლია სააკაშვილს, გახდეს პრემიერმინისტრი. ეს აკრძალვა სააკაშვილს მხოლოდ მაშინ შეეხება, თუ ჩვენ გადავალთ ამერიკულ მოდელზე, სადაც მთავრობის მეთაური არის პრეზიდენტი და მინისტრები, ფაქტობრივად, არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაწილი.

„ლეიბორისტების“ განცხადება წავიკითხე ცოტა ხნის წინ, ისინი მოითხოვენ გარდამავალ დებულებებში ჩავწეროთ, რომ ის, ვინც ორჯერ უკვე იყო პრეზიდენტი, არ უნდა გახდეს პრემიერმინისტრი. „ლეიბორისტები“ ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ვერაფერს გეტყვით, მსგავსი არსად წამიკითხავს. არც ჩემს კოლეგებს ახსოვთ მსგავსი პრეცედენტი.

– რა პროცედურები დარჩა კონსტიტუციის საბაზისო პროექტის დამტკიცებამდე?
– ძირითადი ნაწილი არის პროექტის საერთო სახალხო განხილვა. ამას ამ ეტაპზე ვაპირებთ. პროექტის საჯარო განხილვა არაოფიციალურად უკვე დაწყებული გვაქვს. ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი და მე „ხულიგნურად“ დავდიოდით და მთელ საქართველოში ვაცნობდით ხალხს ამ პროექტს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში და მეტი შენიშვნა გავითვალისწინოთ. ახლა იმავეს უკვე ოფიციალურად, კონფერენციების ფორმატში ვაპირებთ.

მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის კონფერენცია, რომელიც ბერლინში ჩატარდება 14–დან 17 ივლისამდე. გერმანიის მთავრობამ თავის თავზე აიღო ამ კონფერენციის მოწყობა. თავად წყვეტს საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებს. კონფერენციაზე ჩამოვლენ, როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი მაღალი რანგის სპეციალისტები. ამის გამო დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოში ისეთ ექსპერტებს გვიგზავნიან, თავიანთ ქვეყანაში რომ არავინ უსმენს. ეს კონფერენცია გერმანიის მიერ არის ორგანიზებული და იქ სერიოზულ კორიფეებთან, კონსტიტუციონალიზმის მამებთან გვექნება საქმე. კონფერენციას დაესწრებიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებმაც საბოლოო დასკვნა უნდა დაწერონ ამ პროექტზე.

უკვე შეჯერებული პროექტი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გავა და ხმათა ორი მესამედით დამტკიცდება. კომისიის მიერ მიღებული პროექტი კი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნება.

0 comments:

Post a Comment