Sunday, June 6, 2010

"პრეზიდენტის იმპიჩმეტობანა"



მადლენა მაჭარაშვილი


მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის ხელისუფლება ვერ შეცვალა, ისევ ცენტრალური ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრი დაიწყო. პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის მიერ არაერთგზის წამოყენებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეას 1-ელ ივნისს ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. „პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფში“ მონაწილეობის სურვილი თითქმის ყველა ოპოზიციურმა გაერთიანებამ გამოთქვა, მათ შორის ისეთებმაც, როგორებიც არის „ალიანსი საქართველოსთვის“, „ეროვნული საბჭო“, და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“ „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფი“ სააკაშვილის გადაყენებას რეფერენდუმის გზით აპირებს.

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დღეს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტის მეთაურობით თვითმმართველობის არჩევნებში 60%–იანი გამარჯვება იზეიმა?

„მრეწველთა“ ლიდერს, გოგი თოფაძეს, ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს: 60% კი არა, 90% რომ დაუწერონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არაფერს შეცვლის. ხალხის განწყობა სულ სხვაგვარია. სააკაშვილი არ არის პოპულარული საქართველოს მოსახლეობაში. არჩევნების შედეგად დაწერილი ციფრები მხოლოდ გლობალური გაყალბების შედეგია. ჩვენ არჩევნებს ასი წელი ვერ მოვუგებთ ხელისუფლებას, ისე არიან დახელოვნებულები ამ საქმეში. იმპიჩმენტის იდეას სწორედ ამიტომ ვეთანხმები. თუმცა ცხადია ისიც, რომ ეს არარეალურია. იმპიჩმენტის პროცედურა იმდენად ბუნდოვანი და გაურკვეველია, რომ ოპოზიცია ამას ვერასდროს მიაღწევს. საკითხი ყველა ვარიანტში უნდა გავიდეს პარლამენტში. დღევანდელი პარლამენტი კი, კარგად მოგეხსენებათ, ვისაც ეკუთვნის.

ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის მთავარია, ეს ხელისუფლება გავაცილოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ. ამიტომაც ვუჭერთ მხარს ყველა იდეას, რომელიც ამ საკითხს პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება.“

იმპიჩმენტის საკითხს რეალურ და პერსპექტიულ თემად არც „ეროვნული საბჭოს“ ლიდერი, „კონსერვატორი“ კაკა კუკავა განიხილავს.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, მესმის, რომ ეს არ განხორციელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალური გზა არის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მხოლოდ ქუჩის აქციების ან საერთაშორისო ზეწოლის შედეგად. თუმცა, ამის მიუხედავად, იმპიჩმენტის იდეის ავტორებს წარმატებას ვუსურვებ. გარკვეული პროპაგანდისტული მნიშვნელობა მაინც აქვს მათ ღონისძიებას. ამიტომაც ვართ ამ პროცესის მონაწილეები.“

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მსოფლიო პოლიტიკის პრაქტიკიდანაც ვერ ასახელებენ მაგალითს, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა რეფერენდუმის გზით გადააყენა. საქართველოს კონსტიტუცია კი იმპიჩმენტის პროცედურას ასე განმარტავს:

კონსტიტუციის 63–ე მუხლის თანახმად, იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოს.

თუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ - კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების საკითხი. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა. თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია პრეზიდენტისთვის იმავე ბრალდების წარდგენა.

რეფერენდუმის საკითხსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს. 74–ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

ცხადია, „პრეზიდენტის იმპიჩმენტის“ უპერსპექტივო იდეა არც პროპაგანდისტული მიზნით გამოდგება. როცა პოლიტიკური ძალა სვამს საკითხს, რომელიც თავადაც არარეალურად მიაჩნია, სულ ცოტა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის მხოლოდ სასაუბრო თემად გამოყენება პრეზიდენტის ძალაუფლებას ვერაფერს დააკლებს, მეტიც, თავად ოპოზიციის დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს.
წყარო:www.7days.ge

0 comments:

Post a Comment