Monday, June 7, 2010
"ნაცვლიშვილის კარიერა"
მადლენა მაჭარაშვილი
ალასანიას „ალიანსს“ კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა. პოლიტიკური ბლოკისა და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტის, რესპუბლიკური პარტიის, რიგები ამჯერად ლაშა ნაცვლიშვილმა დატოვა. ბატონი ლაშა გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს. „ახალ 7 დღესთან“ სატელეფონო საუბრისასაც მოკლე პასუხით შემოიფარგლა. „არ ვაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს. თუმცა გეტყვით, რომ პარტიაში კონფლიქტი არავისთან მქონია.“
თუ პიროვნულ დაპირისპირებებს და კონფლიქტს გამოვრიცხავთ, გამოდის, ნაცვლიშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზი მისთვის მიუღებელი „ალიანსის“ პოლიტიკური ტაქტიკაა. საერთოდ, დაასრულა თუ არა ლაშა ნაცვლიშვილმა პოლიტიკური კარიერა, ამას დრო აჩვენებს. დღეს, ჩვენთან საუბრისას, კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში მისი კარიერა ნამდვილად დასრულდა.
ლაშა ნაცვლიშვილი 1990– 1999 წლებში საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი იყო. 2001 წლამდე კი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა – განყოფილების უფროსად. 2001 წლიდან 2003 წლამდე შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. 2003 წლიდან 2008 წლამდე კი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ლაგოდეხის მაჟორიტარი შევარდნაძის პარტიიდან, მოქალაქეთა კავშირიდან, გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იმ დროს აღარც თბილისში უყვარდათ და აღარც რეგიონებში, ნაცვლიშვილმა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღო. იმ დროს ბევრი ამას იმით ხსნიდა, რომ მან არჩევნებში ბევრი ფული დახარჯა და ადგილობრივ მცხოვრებლებს კონკრეტული „სურვილებიც“ შეუსრულა.
ლაშა ნაცვლიშვილმა უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ დააფინანსა ადგილობრივი ტელევიზია, რის შედეგადაც ორწლიანი პაუზის შემდეგ ლაგოდეხის ტელეარხმა შეძლო მუშაობის განახლება. გაარემონტა რაიონში საავტომობილო გზების ნაწილი, ლაგოდეხში უფასო კინოთეატრი გახსნა და ამით ადგილობრივი ახალგაზრდების კეთილგანწყობა და ხმები მოიპოვა.
ოფიციალურად, ყველა ფინანსური ღონისძიება (ტელევიზიის დაფინანსება, გზების რემონტი, კინოთეატრის გახსნა) ლაშა ნაცვლიშვილის მეგობრებმა განახორციელეს.
პარლამენტარი ლაშა ნაცვლიშვილი 2005 წელს რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა და იმავდროულად „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ მიერ შექმნილ საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიულ ფრონტში“ გაწევრიანდა.
იშვიათად ჩანდა ეკრანზე და ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა.
ერთ–ერთი ბოლო ინტერვიუ, რომელიც რუს ჟურნალისტს მისცა, სკანდალური აღმოჩნდა. ინტერვიუ 2009 წლის 12 აპრილს რუსულ ინტერნეტგამოცემა www.polit.ru-ში გამოქვეყნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები საკნებისა და კარვების თანხლებით მიმდინარეობდა. რუსულ გამოცემასთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ორმაგ ოკუპაციაში ვიმყოფებით. რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. ხოლო დანარჩენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს სააკაშვილის ხელისუფლებას.
მიშა არის ავადმყოფობა, რომლისგანაც ჩვენ უნდა განვიკურნოთ.“ სტატიაში ქართული პუბლიკის ყველაზე მეტი ყურადღება ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ნათქვამმა შემდეგმა სიტყვებმა დაიმსახურა: „ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რუსეთს რომ აეღო თბილისი.“ იმ დროს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ნაცვლიშვილი თავს იმით „იმართლებდა“, რომ ჟურნალისტმა მისი ნათქვამი დაამახინჯა და სხვა კონტექსტში გამოიყენა. თუმცა, ნათქვამის არგუმენტად და მეტი დამაჯერებლობისთვის ინტერვიუს ჩანაწერი არ გამოუქვეყნებია.
მერე ყველას დაავიწყდა ნაცვლიშვილიც და მისი ინტერვიუც. დღეს მედიის ყურადღება საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით მიიპყრო. გადაწყვეტილება კი საინტერესო იმიტომ უფრო აღმოჩნდა, რომ ნაცვლიშვილი იყო მორიგი პოლიტიკოსი, რომელმაც „ალიანსი“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. მართალია, ლაშა ნაცვლიშვილი დღეს არ აკონკრეტებს, გაგრძელებს თუ არა პოლიტიკურ კარიერას რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მან ამ მიზნით კონსულტაციები ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პარტიებთან გამართოს.
0 comments:
Post a Comment