Thursday, December 10, 2009

გალის მოსახლეობა იზოლაციაშია

ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციებს ელოდება

მადლენა მაჭარაშვილი

„გუშინ აუცილებლად უნდა წავსულიყავი ზუგდიდში და ვერ წავედი, ვიცოდი, რომ საზღვარზე დამიჭერდნენ და წამიყვანდნენ გალში. რუსები დგანან საზღვარზე, ხშირად იმალებიან ხოლმე, თუ დაინახავენ ვინმეს, გამოჩნდებიან და იჭერენ, მიჰყავთ გალში და ფულს ახდევინებენ. ჯარიმა ერთ კაცზე 100 ლარია. ფული თუ არ გადაიხადე, არ გამოგიშვებენ“,_ ეს სიტყვები გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებს, ნანა ხუნწარიას, ეკუთვნის. „ახალი ალიანსი“ მას ტელეფონით დაუკავშირდა. ქალბატონმა ნანამ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ რაიონში სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო დროს გართულდა.
„აუხსნელი სიტუაციაა ჩვენკენ, ყველანაირად დაძაბულია ხალხი, საშინელებები ხდება. ახლა, საახალწლოდ, ვერ წახვალ ზუგდიდში, ვერანაირად იყიდი პროდუქტს. შენ გემოზე ვერსად წახვალ. წინათ ვითარება ასეთი გართულებული არ იყო _ გადასვლა-გადმოსვლა მეტად ჭირს“.
ენგურის ხიდის გვერდის ავლით, ანუ ე.წ. შემოვლითი გზით, ზუგდიდსა და დანარჩენ საქართველოს დღემდე საკმაოდ ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა. მართალია, ეს გზა უსაფრთხო არც აქამდე ყოფილა, მაგრამ, ენგურის ხიდთან შედარებით, მაინც უფრო მოსახერხებლად მიიჩნეოდა.დეკემბრის ბოლომდე რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმას აპირებენ. საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს და, თვითმხილველების თქმით, პირველადი სამუშაოებიც დაიწყეს. ეკლიანი მავთულხლართების გაბმა კონკრეტულად იმ სოფლებთან იგეგმება, რომლებიც დანარჩენ საქართველოს სახმელეთო საზღვრით უკავშირდებიან. საუბარია ფიჩორი-ოტობაია-განმუხურის, ნაბაკევი-ხურჩისა და საბერიო-ფახლანის შემოვლითი გზების გადაკეტვაზე. რაც ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციას გამოიწვევს.სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას მუდმივად ფლობს რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის მავთულხლართებით გამიჯვნის შესახებ ინფორმაცია ნამდვილია და ემსახურება მთავარ რუსულ ინტერესს _ საქართველოს მოწყვიტოს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები და იქ თავისი წესები დაამყაროს. „რუსეთმა აფხაზეთი იმიტომ აღიარა, რომ ხელ-ფეხი მეტად გახსნოდა და ე.წ. სამართლებრივი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების შედეგად იქ საკუთარი წესრიგი დაემყარებინა. ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს კიდეც, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამყარება იმიტომაც უნდათ, რომ ოლიმპიადისთვის სოჭის რეგიონი უფრო უსაფრთხოდ იყოს,“_ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოს ხელისუფლებისგან გალის რაიონში მცხოვრებთა დასახმარებლად რელური ნაბიჯის გადადგმას არც ელის. „ეჭვი მეპარება, რომ გალში მცხოვრებთა დასახმარებლად ხელისუფლებამ რამე რეალური ნაბიჯი გადადგას. რუსეთის ამგვარი აგრესია მათი უნიათობის დამსახურებაა. რუსეთმა სიტუაცია კარგად გამოიყენა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ დაეხმარონ და თუ არ ეხმარებიან, ბრაზობენ. თავად რომ არაფრის გამკეთებლები არიან, ვითომ არაფერი. ძნელია, რაღაც კონსტრუქციულს ელოდე ასეთი ხელისუფლებისგან.“ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველებისთვის მეტნაკლებად სტაბილური საცხოვრებელი პირობების შექმნას საქართველოს ხელისუფლების იმის გამოც უნდა ცდილობდეს, რომ გალთან დანარჩენი საქართველოს კავშირი როგორმე შეინარჩუნოს და დევნილთა მორიგი ტალღა აღარ მიიღოს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ ე.წ. აფხაზურ პასპორტების აღებასაც კი უნდა შეეგუოს.
პაატა ზაქარეიშვილი: „ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე რუსებს აქამდე სამშენებლო მასალები მიჰქონდათ, ახლა უკვე დაიწყეს მუშაობა მავთულხლართების გასამართად, მოსახლეობა შეშფოთებულია, ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მეტი წესრიგი დამყარდება, მაგრამ, სამაგიეროდ თავისუფლად ვეღარ ივლიან ზუგდიდისკენ. ქვედა ზონის მცხოვრებლებისთვის რთული იქნება ზემოთა მხრიდან გალსა და ზუგდიდში სიარული. ბევრი გალელი უკვე ფიქრობს, როგორ მოიქცეს, საერთოდ წამოვიდეს იქიდან და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლდეს, თუ დარჩეს იქ და იქიდან იაროს ახლობლებსა თუ ნათესავებთან უფრო იშვიათად, და კიდევ უფრო რთული გზის _ ენგურის ხიდის _ მეშვეობით. ქვედა ზონაში 25 ათასამდე ქართველი მაინც ცხოვრობს, მავთულხლართების გაბმის შემდეგ ამ ადამიანებს გადაადგილება გაურთულდებათ. არადა, დღეს იმ ტერიტორიაზე მათი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას. რომ ესმოდეს სხვაგვარად მოიქცეოდა, მაგალითად, აფხაზური პასპორტების მიმართ უფრო ამტანი დამოკიდებულება ექნებოდა _ ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ პასპორტებს იღებენ მოღალატეებად არ შეირაცხებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის მაინც უნდა ეღიარებინა აფხაზური პასპორტი. ეს ხელს შეუწყობდა გალის რაიონში ქართველების უფრო მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას.“სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სპეცსამსახურების მიერ მავთულხლართების გაბმისა და გალის მოსახლეობის პრობლემებზე „ახალი ალიანსი“ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიასაც ესაუბრა, იგი იმედოვნებს, რომ 21-ე საუკუნეში ახალი ხელოვნური საზღვრების აღმართვას არავინ შეეგუება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიმართ სანქციებს აამოქმედებენ: შოთა მალაშხია: „რუსეთის მხრიდან თავდაპირველად საზღვარზე ულტრათანამედროვე სტრუქტურის რაღაც მშენებლობაზე საუბრობდნენ, მაგრამ, ამისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ და ახლა ჩვეულებრივი მავთულხლართების გაკეთებას აპირებენ. სწორედ, ასე შენდებოდა თავის დროზე ბერლინის კედელი, რომელიც გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა. როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოწმენდა განხორციელდა და ეს უკვე დადასტურებულია საერთაშორისო დოკუმენტაციით. 21-ე საუკუნეში „ბერლინის კედლის“ მშენებლობას არც ჩვენ დავუშვებთ და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. დრო დადგა, საერთაშორისო ორგანიზაციები რეზოლუციებიდან სანქციების რეჟიმზე გადავიდნენ.აფხაზეთის დე-ფაქტო მარიონეტულ ხელისუფლებასთან ამ მიზნით ნებისმიერ ურთიერთობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ისინი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, აქ საუბარია ოკუპანტებსა და საოკუპაციო რეჟიმზე, მათ მიმართ სანქციები უკვე უნდა ამოქმედდეს. ეუთოს სამიტის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, მათ იანვრამდე მიეცათ დრო. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, რომ რუსეთი, დოკუმენტებზე ხელმოწერის მიუხედავად, ვალდებულებებს არ ასრულებს, ამის შემდეგ არ შეიძლება ერთსა და იმავეზე დიდხანს საუბარი. რეზოლუციები უკვე საკმარისად არის მიღებული, ვფიქრობ, ეს პროცესი თანდათანობით მექანიზმების სახეს მიიღებს. ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი შეზღუდვების დაწესება არ არის მხოლოდ გალის რაიონის 20 ან 25 ათასი ეთნიკურად ქართველი მცხოვრების პრობლემა, ეს აწუხებთ იმ აფხაზებსაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც მათი უფლება და მოვალეობაა.ჩვენ პარასკევს გვქონდა შეკრება, რომელზეც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფხაზებს ქართული პასპორტების აღება სურთ, ამის დასტურად სამოცამდე განცხადება წარმოადგინეს, ამის გარდა, ორასამდე ადამიანი დამატებით ითხოვს ქართული პასპორტების ანუ სამართლებრივი დოკუმენტის აღებას. რადგან მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოშვებულ რაღაც ქაღალდებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.რაც შეეხება რეგიონთან ჩვენს დამოკიდებულებას: ვიცით რა ვითარებაა იქ და ამ საკითხებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაყენებთ. ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოსთან ერთად იმუშავებენ და ამ პრობლემას მსოფლიო გადაწყვეტს. ჩვენ მარტო არ ვართ. შედეგი, ცხადია, დღესვე არ დადგება, იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და მის მიმართ ღონისძიებების გატარებას დრო სჭირდება.“

Wednesday, December 9, 2009

ნაპარლამენტარ-ნაპროკურორალ-ნამინისტრალი სტუდენტი



უცხოეთში ოქრუაშვილმა მხოლოდ ოპოზიციონერობა ისწავლა, რას ისწავლის გვარამია?


ხელისუფლებიდან საკუთარი სურვილით მიდის _ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად“ , _ აღნიშნული ფრაზა სააკაშვილის ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს ხშირად თქმულა, მაგრამ არასდროს გამართლებულა.
საქართველოს ხელისუფლებიდან უცხოეთში მხოლოდ სასწავლებლად არ მიდიან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობების პირები სამკურნალოდაც „მიემგზავრებიან“. მაგალითად, პრემიერმინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა უცხოური „მკურნალობის სრული კურსის“ გავლის შემდეგ მართალია, პრემიერობა ვეღარ, მაგრამ, დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის გაგრძელება მაინც შეძლო. თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებულმა და ევროპაში სასწავლებლად წასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი უცხოეთში „სტუდენტობის ხანა“ ხანმოკლე ვადაში დაასრულა _ მხოლოდ „ოპოზიციონერების კურსები“ გაიარა და, ისიც, მხოლოდ, ავტოტრენინგის მეშვეობით. უკვე ყოფილი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია „მკურნალობას“ გადაურჩა, მაგრამ „სწავლას“ _ ვერა. ძნელი სათქმელია, რას და რა პერიოდში ისწავლის ნიკა გვარამია უცხოეთში. ისე კი, საინტერესოა, რომელ სფეროში დააკლდა განათლების მინისტრს კვალიფიკაცია, ან რომელ თანამდებობაზე უნდა გამოიყენოს მომავალში შეძენილი ცოდნა. საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კვალიფიკაციას რადიკალურად განწყობილი ოპონენტებიც კი არასდროს უწუნებდნენ.

ნიკა გვარამია პროფესიით იურისტია, 2004 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიულ სიაში კი _ ე.წ ზვიადისტების ფრთის _ ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ კვოტით.ზვიად ძიძიგურსა და მის გუნდს პარლამენტში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი აღარაფერი აღმოაჩნდათ საერთო. ჯერ ცალკე ოპოზიციურ ჯგუფად _ „კონსერვატორების“ სახელით ჩამოყალიბდნენ (ზვიად ძიძიგურის, კახა კუკავას, კობა დავითაშვილის და სხვების სახით), შემდეგ ოპოზიციური ფრაქციაც შექმნეს. ნიკა გვარამიამ მათ ჯგუფში გადასვლა არ ისურვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა არჩია _ როგორც ჩანს, ძიძიგურზე მეტად იგრძნო „პასუხისმგებლობა“ ამ პარტიის წინაშე, პარლამენტარის ამპლუა კარგად მოირგო და უფრო დიდი თანამდებობის მოლოდინში „ნაციონალების“ რიგებს წუთითაც არ მოშორებია. პარლამენტს და საზოგადოებას თავი აქტიური მოღვაწეობით დაამახსოვრა, მონაწილეობდა კანონპროექტების მომზადებასა და იურიდიული თვალსაზრისით მათ დახვეწაზე, პარლამენტის მიკროფონსაც იყენებდა და ტრიბუნასაც _ მომხსენებლის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოსული „მოპასუხის“ რანგში. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჰქონდა _ მაშინ ნიკა გვარამია იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საკმაოდ ვრცელი მოხსენებაც წაიკითხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მინისტრის პოსტი შეენარჩუნებინა სალომე ზურაბიშვილს. მანამდეც და მას შემდეგაც ხშირად იცავდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, სარგებლობდა კანონით მინიჭებული „სიტყვის თავისუფლების“ უფლებით, პრინციპში, იცავდა პარლამენტის რეგლამენტსაც, მისი ერთი პუნქტის გარდა, რომელიც პარლამენტარს სხდომათა დარბაზში ჯინსებით და სპორტული სამოსით მისვლას უკრძალავს.

2007 წლის აპრილიდან ნიკა გვარამია პარლამენტიდან გენერალურ პროკურატურაში პირველი პირის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მთავარ ბრალმდებელთა უწყებაში ერთხან სპიკერ-პროკურორის როლს ასრულებდა, შემდეგ საქმეს „მეტი პასუხისმგებლობით“ მოეკიდა და როდესაც ხელისუფლებას დასჭირდა დოკუმენტური ფილმიც მოამზადა თემაზე _ „2007 წლის 7 ნოემბერი“. ფილმი იმდენად „წარმატებული“ აღმოჩნდა და დამკვეთებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მის ავტორს ორიოდ თვეში მინისტრობის პორტფელი უბოძეს. იუსტიციის მინისტრი 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე იყო. შემდეგ განათლების სამინისტროს პირველ პირად გაამწესეს. განათლების მინისტრად გვარამიას დანიშვნამ იმ დროს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ყველა ვარაუდობდა, რომ გვარამიას ადრე თუ გვიან გენერალური პროკურატურის თანამდებობას ან რომელიმე ძალოვან უწყებას ჩააბარებდნენ. საზოგადოება და მედია კიდევ უფრო დაიბნა, როდესაც პრემიერმინისტრ გილაურის მიერ განათლების მინისტრის უცხოეთში განათლების მისაღებად გაგზავნის გადაწყვეტილება მოსიმინა.

გვარამიას, როგორც პოლიტიკოსისა და პარლამენტარის, ნაკლსა და ღირსებებზე მის ოპონენტებს წლების განმავლობაში თითქმის იდენტური პასუხები ჰქონდათ. „ის უდავოდ ნიჭიერი ადამიანი და კარგი პოლემისტია, უჭრის ჭკუაც და ენაც.“ „არის ინტელექტუალური, განათლებული კაცი“

.გვარამიას მინუსად კი ნაციონალური მოძრაობის ერთგულების გამო გაუმართლებელი პოზიციების დაცვას და პრეზიდენტის ხშირ ქება-დიდებას ასახელებდნენ: „ის იყო ყველაზე პირმოთნე და აუტანელი „პათხალიმი“ სააკაშვილის მიმართ.“ გვარამია არასდროს განიხილებოდა პრეზიდენტის კარზე განსაკუთრებული გავლენის მქონე ჯგუფის _ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრად. ერთი პერიოდი პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ დაპირისპირება ჰქონდა გიგა ბოკერიასთან. თავად კი ამას არასდროს ადასტურებდა. ბოკერიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილის გუნდის უშუალო წევრობა და მასთან კარგი ურთიერთობა აინტერესებდა. წლების განმავლობაში ასეც იყო. პრეზიდენტ სააკაშვილისა და პოლიტიკოს ნიკა გვარამიას ჰარმონიული სახელისუფლებო კავშირი მხოლოდ 5 წლის თავზე დასრულდა. გვარამიამ 5 წლის განმავლობაში ნაყოფიერი პოლიტიკური განათლება მიიღო, დღეისთვის, იურიდიული განათლების გარდა უკვე ფლობს ისეთ სპეციფიკურ დისციპლინებს, როგორიცაა „პარლამენტარობა“, „პროკურორობა“, „მინისტრობა“...
P.S. ამ დროისთვის საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, თუ რომელ დისციპლინაში გაივლის წვრთნას საქართველოს უკვე ყოფილი განათლების მინისტრი და სად გამოიყენებს ამ ცოდნას, პასუხი ალბათ ახლო მომავალში გაეცემა.

Friday, December 4, 2009

მერი პრაი(მერი)თ


„ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს“


„ვინც პრაიმერში არ მონაწილეობს, ხელისუფლების თამაშს თამაშობს“


მადლენა მაჭარაშვილი

ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიების გარდა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში ნოღაიდელის პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. პრაიმერი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. დედაქალაქში _ 31 მარტს, ხოლო რეგიონებში ცოტა უფრო ადრე.რატომ არის გამართლებული პრაიმერის წესით ოპოზიციის საერთო ლიდერების გამოვლენა, რა საფრთხეებს შეიცავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და რატომ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ბრძოლას, ეს ის საკვანძო საკითხებია, რომლებზეც „ახალი ალიანსი“ კონსერვატიული პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კუკავას, ესაუბრა.

_ მედიით გავრცელდა მოსაზრება, რომ პრაიმერში მონაწილეობა უნდა მიეღო ოქრუაშვილის პარტიას, მეტიც, ირაკლი ოქრუაშვილი პრაიმერის ფინანსურ მხარდაჭერასაც კი აპირებდა. რატომ გამოეთიშა აღნიშნული პოლიტიკური ძალა წინასწარი არჩევნების პროცესს?

_ ეს ინფორმაცია კონკრეტულმა ჟურნალისტმა სრულიად უსაფუძვლოდ გაავრცელა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მხოლოდ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა _ დამკვირვებლის სტატუსით, საუბარია იმ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც პრაიმერის წესების შექმნაზე მუშაობდა. რაც შეეხება დაფინანსებას _ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა _ ერთ-ერთი ყვითელი გამოცემის მიერ გავრცელებული.

_ გამორიცხავთ, რომ ოქრუაშვილის პარტიის მსგავსად ნოღაიდელის პარტიამაც გადაიფიქროს წინასწარ არჩევნებში მონაწილეობა და პრაიმერი აღარ გაიმართოს?

_ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრაიმერის გამართვა და ერთიანი კანდიდატების გამოვლენა ერთადერთი სწორი გზაა. რამდენიმე კვირის წინ გარკვეული პარტიები (რომლებიც NDI-ს ჯგუფში იყვნენ ჩართულები), აკეთებდნენ კომენტარებს, რომ, თუ მერის არჩევისთვის დაწესდებოდა 50%-იანი ბარიერი, ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელი არ იქნებოდა. ახლა დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც ბარიერი 30%-იანი იქნება. 30%-იანი ბარიერის პირობებში კი არჩევნებში პრაიმერის გარეშე მონაწილეობა წინდაწინ განწირული საქმე და ხელისუფლების თამაშია.

_ „პრაიმერი“ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, თუ მხოლოდ მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებში?

_ ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სისტემით, მაგრამ, ქვეყნის მასშტაბით.

_ ქვეყნის მასშტაბით პრაიმერის ჩატარებას საკმაოდ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდება. პროცესში მონაწილე სამ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა?

_ ადამიანური რესურსები ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. რაც შეეხება ხარჯებს, ხშირად გადაჭარბებულად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესს მილიონები სჭირდება. ეს ასე ნამდვილად არ არის.

_ 50%-იანი ბარიერს ალასანიას პოლიტიკურ გუნდი ითხოვდა. მათ პრაიმერში მონაწილეობაზე უარი კი იმ მოტივითაც თქვეს, რომ თქვენი და „ხალხის პარტიის“ პროექტი ინტერპარტიული პრაიმერია, რომელიც თავის მხრივ ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული.

_ ჩემთვის გაუგებარია მათი ამგვარი არგუმენტები. თუ გინდა ინტერპარტიული კანდიდატის შერჩევა, ინტერპარტიული პრაიმერი ამისთვის ყველაზე ლოგიკური საშუალებაა. ერთი მხრივ, ეთანხმებიან იმას, რომ ერთიანი კანდიდატი არის აუცილებელი, მეორე მხრივ, არ ასახელებენ გზას, თუ როგორ უნდა შეირჩეს იგი. პრაიმერს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ხარვეზები. ბუნებაში არაფერი არის უნაკლო, მაგრამ, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოკვეთილი ფორმა საერთო კანდიდატის შესარჩევად. ზოგი პოლიტიკური ლიდერი ამბობს: მოდით, გავერთიანდეთ ოღონდ, იმ პირობით, რომ მე ვიქნები ლიდერი. ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს.

_ როგორც წესი, პრაიმერი კონკრეტული პარტიის შიგნით ლიდერის გამოვლენას ემსახურება და ამის პრეცენდენტები მართლაც არის პოლიტიკურ პრაქტიკაში. რომელ ქვეყანაში ჩატარდა დღემდე ინტერპარტიული პრამიერი და რამდენად წარმატებული იყო ეს პროექტი?

_ ძალიან ბევრი პრეცენდენტი არსებობს. მაგალითად, სულ ბოლოს ინტერპარტიული პრაიმერი ბულგარეთში ჩატარდა _IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მონაწილეობით. დღეს, ეს ორგანიზაცია ჩვენთან, სწორედ, ბულგარეთის გამოცდილებიდან გამომდინარე თანამშრომლობს. ინტერპარტიული პრაიმერი აქამდე უკვე ორჯერ ჩატარდა საქართველოში და ორივეჯერ ძალიან წარმატებულად. პირველად ეს იყო 2005 წელს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს, მასში „კონსერვატორებთან“ ერთად მონაწილეობდნენ „ლეიბორისტები“, „ახლები“ და პარტია „თავისუფლება“. 2005 წელს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან დიდი დისბალანსი იყო რეიტინგებში, მაგრამ ერთიანი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ხმები დაახლოებით 6/4-ზე გაიყო. ეს, ძალიან დიდი წარმატება იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, არც გირგვლიანის მკვლელობა იყო მომხდარი, არც უნივერსიტეტის ნგრევა და არც 7 ნოემბერი... ანუ მას შემდეგ მოხდა ის ნეგატიური მოვლენები, რომლებმაც ხელისუფლების რეიტინგი დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. მეორე ინტერპარტიული პრაიმერი 2007 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დავასახელეთ. იმ დროს, კენჭისყრა ეროვნულ საბჭოში“ ჩატარდა, ამ პროცესში 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა და კანდიდატი ხმათა უმრავლესობით შეირჩა. შემდეგ უკვე საერთო კანდიდატის ირგვლივ დაირაზმა ოპოზიციურ ძალათა ძირითადი ნაწილი და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ყველა იმ ოლქში, რომლებშიც ოქმები ხელახლა არ გადაწერეს. ამ პრაიმერში „რესპუბლიკელები“~ მონაწილეობდნენ. გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ სხვა არჩევანი გააკეთეს და გაერთიანებულ ოპოზიციას გაემიჯნენ. ამით ჩვენც დავზარალდით და თავად უფრო მეტად დაზარალდნენ. პრაიმერისა და ერთიანი კანდიდატების გარეშე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.

_ რამდენად იოლია ერთიან საარჩევნო სიაზე შეთანხმება და საერთო კანდიდატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით?

_ არანაირი პრობლემა არ არის. რაიონებში ჩვენ, ყველას, გვაქვს საკუთარი წარმომადგენლობები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრაიმერის ჩატარება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს და ამის გამო ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თბილისში, ასე თუ ისე, რაღაც ფორმით, პოლიტიკური ცხოვრება მიდის. პოლიტიკური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს ბათუმში, მაგრამ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პროცესი, რეალურად, მკვდარია. პრაიმერი შესაძლებლობას მოგვცემს პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ. უმართებულოა ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მიდგომა, რომ მთავარი არის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთანხმება. ზოგს, საერთოდ, ესიზმრება, რომ ეს კანდიდატი მალე გახდება პრეზიდენტი და ამ ფონზე ქვეყნის ინტერესები იგნორირებული აქვს. ჩვენთვის თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი კარიერის შექმნის საშუალება არ არის _ ეს, ზოგადად, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის საშუალებაა. ამ თვალსაზრისით კი შეიძლება მარნეულსა და ახალქალაქში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს პრაიმერის ჩატარება, ვიდრე თბილისში. ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც გვექნება პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ისინი მეტად შეეცდებიან ხელები გადაგვიგრიხონ მარნეულსა და ახალქალაქში, ვიდრე ვაკესა და საბურთალოზე.

_ საარჩევნო სიები თუ იქნება პრაიმერში და როგორ უნდა შეადგინოთ იგი?

_ რა თქმა უნდა, იქნება ამომრჩეველთა სიები. სექტემბერში პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების დროს შევთანხმდით (ეს იყო `რესპუბლიკელების~ ინიციატივა), რომ იქნება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია. ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც არის ოპოზიციის მომხრე, წინასწარ დარეგისტრირდება პრაიმერში მონაწილეობისათვის, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს მანიპულირების საშუალება. დარეგისტრირდება მხოლოდ ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველი და ხელისუფლება მათზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს. როდესაც პრაიმერის საკითხზე დისკუსია დაიწყო, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან, თავიდანვე არკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოვლინდა, ამბობდნენ, რომ პრაიმერი და ერთიანი კანდიდატების შერჩევა მართებულია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, როდესაც ტექნიკური საკითხებიც გადავწყვიტეთ, უკვე ამბობენ: უბრალოდ, არ გვინდა პრაიმერში მონაწილეობაო. პრაიმერი არის სამართლიანი კონკურენცია, რომელიც იძლევა გამარჯვების საშუალებას, მაგრამ, არა გამარჯვების გარანტიას. ის გულისხმობს დამარცხების აღიარებასაც. პრაიმერი თანამდებობების გარანტიას არ იძლევა, გარანტიას აძლევს მხოლოდ უძლიერესს. პრაიმერის ეშინია მას, ვინც საკუთარ ძალებში არ არის დარწმუნებული.

_ პრაიმერი რომ ჩატარებულად გამოცხადდეს, რამდენი ამომრჩეველის მონაწილეობა არის საჭირო?

_ ასეთი რამ არ გვაქვს დათქმული _ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს მთელი მოსახლეობის ლეგიტიმაციის პრეტენზია არც აქვს.

_ საარჩევნო კოდექსზეც მინდა გკითხოთ: გასულ კვირაში პოლიტიკურ ძალთა ნაწილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს. თქვენთვის თუ არის მისაღები ეს ცვლილებები?

_ კატეგორიულად არ ვიწონებთ. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი მოსაზრებები, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად მივიღებდით უფრო უარეს საარჩევნო კოდექსს. ჩვენმა ზოგიერთმა გამოუცდელმა კოლეგამ მიიჩნია, რომ ბაიდენის, ან რომელიმე გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსის რეკომენდაციის გამო ამ პროცესში ჩართვით საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებდა. მივიღეთ უარესი კოდექსი. მაგალითისთვის: 30%-იანი ბარიერის პირადაპირ არჩევნებს ჯობდა არაპირდაპირი, მაგრამ 50%-იანი არჩევნები. თბილისის საკრებულოში დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია 50%-ის მიღება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც ტოტალურად გაყალბდა ხელისუფლებამ ხმების 40%-ზე მეტი მაინც ვერ მოიპოვა. ამ სისტემით კი მათ 30% უნდა მიიღონ, რაც რეალობის ჩარჩოებში ჯდება _ ეს არის ადმინისტრაციული რესურსს პლუს მცირე გაყალბება. იგივე შეიძლება ითქვას საკრებულოს არჩევის წესზე, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ თავის დროზე ერთობლივად დავაყენეთ. ჩვენი სურვილი არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, მაგრამ, არც ის იქნება მართებული, როცა რაღაცას აკეთებ და არ გამოგდის, მუდმივად იძახო, რაღაც მაინც გამოვიდაო. ნიშნისმოგებით არა, მაგრამ, რეალურად უნდა ვთქვათ, რომ NDI-ის პროცესმა კრახი განიცადა. თუ ჩვენ ამას არ ვიტყვით და საკუთარ თავს, ამომრჩეველსა და საზოგადოებას მოვატყუებთ, რომ ეს ვარიანტი სჯობს იმას, რაც ადრე იყო, ეს ძალიან ცუდი სტარტი იქნება საარჩევნო კამპანიისთვის.თავის დროზე საპარლამენტო არჩევნების წაგების მიზეზი იყო ისიც, რომ ისეთი მოთხოვნები დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მერე კი ვთქვით: არა უშავს, რომ არ დაკმაყოფილდა. ამით ამომრჩეველმა სერიოზული დემოტივაცია განიცადა და თბილისში საპარლამენტო არჩევნები იმიტომ წავაგეთ, რომ ამომრჩეველი არ მოვიდა. გაყალბების წილი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამომრჩევლის პასიურობა. თუ ახლაც ერთმანეთის მოტყუებას, ერთმანეთზე თავდასხმასა და ზურგისშექცევას დავიწყებთ, ეს იქნება გზა დამარცხებისკენ.

_ თქვენ კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთეთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი მოქმედ კოდექსზე უარესია. ასეთ პირობებში, რამდენად გამართლებულია პრაიმერისა და არჩევნებისთვის მზადება?

_ ცნობილი გამონათქვამია: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ზოგიერთი ჩვენი გამოუცდელი კოლეგა იმედოვნებდა, რომ 7 ნოემბერს ისევ 100 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და სააკაშვილი დაემხობოდა. გამოცდილება საშუალებას გვაძლევს რეალურად შევხედოთ პოლიტიკას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრაიმერი ან თბილისის მერის არჩევნები იქნება ის წერტილი, რომლის შემდეგაც სააკაშვილი გადავარდება ხელისუფლებიდან, ძალიან ცდება. სააკაშვილის ხელისუფლება ეს არის ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი სერიოზული ქსელითა და საცეცებით, მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა შუალედური ეტაპებისგან შედგება. თბილისის არჩევნებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას წავართვათ ბერკეტების ნაწილი და არა მთელი ხელისუფლება. პოლიტიკურ პროცესს თუ ზოგადად შევხედავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ეს არის ბრძოლა შეუირაღებელი ხელებით გოლიათის წინააღმდეგ. მათ ხელშია ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, რეპრესიული აპარატი, პროპაგანდისტული მედიამანქანა... მეორე მხარეს კი არის ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც თითო-თითო ოთახებში არიან გამოკეტილები. თბილისის არჩევნები, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ის (მოგება არის ძალიან რეალური), საშუალებას გვაძლევს, ხელისუფლებას წავართვათ ამ ბერკეტების ნაწილი და ბევრად უფრო თანასწორ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა. ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის წარმატებული ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო. სულ ახლახან მადაგასკარზე დედაქალაქის, ანტანარვიუს, მერმა იმდენად დიდი ძალაუფლება მიიღო ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რომ ბლოკირება მოუწყო პრეზიდენტის რეზიდენციას, რის შემდეგაც იგი ქვეყნიდან გაიქცა.

_ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვება საქართველოშიც გახდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის მიზეზი.

_ სააკაშვილის ბრძოლა შევარდნაძის წინააღმდეგ იმიტომ იყო ეფექტური, რომ, რეალურად, ერთი პარტიის აქტივისტები კი არ ებრძოდნენ შევარდნაძეს, არამედ მთელი თბილისის ადმინისტრაციული აპარატი. კარგად ვიცით, როგორ ეფექტურად იყენებდა სააკაშვილი ამ ინსტრუმენტებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ-ორ კვირაში დავამარცხებთ სააკაშვილს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა. თბილისის არჩევნების შემდეგ ჩვენ რესურსები გვექნება ახალი, უფრო სერიოზული ბრძოლისთვის.

Wednesday, December 2, 2009

უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა












ფოტოებზე: გიორგი ბარათელი, დაკავებისას
ჟურნალისტური გამოძიება
მადლენ მაჭარაშვილი

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს მოხდა 2008 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“ (მკითხველს ვერ ვთავაზობთ დადგენილების პოპულარულ ენაზე განმარტებას). გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ. უზენაეს სასამართლომდე კი სიმართლეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოები ადგენდნენ.
მკვლელობა
მკითხველს შევახსენებთ, რომ აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას ჰყავდა მოწმეები, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ვიდეოთვალმაც ასახა.
ვიდეოფირზე ასახული მკვლელობა

20 სააათი და 30 წუთი - დრო, დაფიქსირებული ვიდეოფირზე: მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობს ხალხი. კადრში ჩანს შანიძის ქუჩიდან ჩამომავალი ავტომანქანები. გამორჩეულად აღიქმება მამაკაცი პორტფელით ხელში, რომელსაც უკან მიჰყვება მეორე მამაკაცი, მას ჯიბეში აქვს ხელი ჩაყოფილი. პიროვნება არის სრული აღნაგობის, თმით (ხაზგასმა: თმით!).
ისევ 20 საათი და 30 წუთი: ჩანს თეთრთმიანი მამაკაცი (იგივე მამაკაცი, რომელიც წინა კადრში პორტფელით გამოირჩევა. აქ შესამჩნევი მისი თმის ფერია), რომელსაც უკან მიჰყვება ახალგაზრდა ქალ-ვაჟი. მათ უკან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გადაუსწრო ქალ-ვაჟს და ისროლა თეთრთმიანი მამაკაცის მიმართულებით. მამაკაცი ტროტუარზე წაიქცა. პიროვნებამ წაქცეულს კიდევ ორჯერ ესროლა და გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. რამდენიმე წამის შემდეგი კადრი: კადრში ჩნდება საპატრულო პოლიციის 2 მანქანა, შემდეგ პოლიციის ფორმიანი პიროვნება, რომელიც ასევე შანიძის ქუჩისკენ გარბის. ამ კადრით ვიდეომასალა მთავრდება.
პირველი კვანძი - მასრები
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, 20:45 საათზე იწყება და დაახლოებით 3 სააათი გრძელდება. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკის განყოფილების სპეციალისტები დათვალიერების პროცესზე მოწმეებს არ ისწრებენ.
დაზარალებული მხარის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე განმარტავს, რომ „კანონი ცალსახად არ ითხოვს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოწმეების დასწრებას, მაგრამ თავად ოქმის ფორმატი ამას მოითხოვს, რადგან იქ არის გრაფა: „მოწმეები“. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, დათვალიერების პროცესს მოწმე დაესწროს უნდობლობის თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იქვე ვიყავი და კატეგორიულად ვითხოვდი დასწრებას, უარი მითხრეს.“
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ჩაიწერა, რომ მელიქიშვილის გამზირზე სამი მოყვითალო ფერის მეტალის მასრა იპოვეს. ერთიც გვამის გადასვენების შემდეგ, სისხლისმაგვარ გუბეში. იმ დღეს ტყვიის სხვა ნარჩენები მკვლელობის ადგილზე არ უპოვიათ. ეძებდნენ უახლესი ტექნიკური საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ „შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში გამოყენებულ იქნა SOVEREICHN FLITE--ის მარკის მეტალოსაძებარი ხელსაწყო, ასევე მაგნიტის მოდიდო ზომის ხელსაწყო,“ იმ დღეს სხვა ჰილზა არ უპოვიათ.
უცნაურია, რომ მეორე დღეს კრიმინალისტიკის განყოფილების თანამშრომლებმა მაინც იპოვეს სხვა ჰილზები (4 ცალი), რომლებიც მეტალოსაძებარ ხელსაწყოებს წინა დღეს რატომღაც გამორჩათ. ეს იყო „ტეტეს“ ტიპის იარაღის მასრები. სასამართლოს გამოძიების ამ ნაწილში უცნაური არაფერი შეუმჩნევია. სამაგიეროდ, დამოუკიდებელმა იურისტებმა, პრესამ, საზოგადოებამ სცადეს მომხდარის ახსნა. როცა გაირკვა, რომ მკვლელობის იარაღად „ტეტეს“ ტიპის იარაღი უნდა ჩათვლილიყო, საჭირო გახდა მისი ვაზნების აღმოჩენა მკვლელობის ადგილზე. საჭირო გახდა ნივთმტკიცება (წინა დღეს ნაპოვნი „ტეტეს“ მასრები დეფორმირების გამო ნივთმტკიცებად არ ჩაითვალა).
მეორე კვანძი - მკვლელი
ვიდრე კრიმინალისტები შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დაიწყებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელს შანიძის ქუჩაზე მისდევს, მისი მეწყვილე რობერტ პანიევი კი მელიქიშვილის ქუჩაზე - გვამთან რჩება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მკვლელი შანიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩაზე გადის, შემდეგ პეტრიაშვილის ქუჩის მიმართულებით და პეტრიაშვილიდან - ბარნოვზე. პოლიცია ეჭვმიტანილს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსში, აკავებს. ეჭვმიტანილი აღმოჩნდება მოქალაქე გიორგი ბარათელი. შანიძის ქუჩის შუაგულში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სირბილით მიმავალ მკვლელს გზად ბევრი ადამიანი ხვდება. მათ მიერ აღწერილი მკვლელის გარეგნობა ემთხვევა ვიდეოფირზე დაფიქსირებული მკვლელის გარეგნობას და სრულიად განსხვავდება იმ კაცის (ბარათელის) გარეგნობისგან, რომელიც პოლიციამ სამარშრუტო ტაქსში აიყვანა. შარაძის ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობას, მოწმეებად დაიკითხონ პირები, რომლებმაც მკვლელი, სწორედ, აქ, შანიძის ქუჩაზე, ნახეს - სანამ იგი მრგვალ ბაღთან გავიდოდა და პოლიციელები დაიჭერდნენ. სასამართლო მათი დაკითხვის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. პროცესზე იძახებს მხოლოდ იმ მოწმეებს, რომლებმაც მრგვალ ბაღთან ნახეს გიორგი ბარათელი. თუმცა, ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც მკვლელის გარეგნობას აღწერენ, თავიანთი შინაარსით, ურთიერთგამომრიცხავია. ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან მოწმეები გიორგი ბარათელის ჩაცმულობის შესახებ.

მიკროავტობუსის მგზავრის, სალომე ნიჟარაძის თქმით, მიკროავტობუსის ბოლოში მჯდარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც შემდეგ პოლიციამ ჩამოიყვანა, მუქი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა.
შალვა ჭანკოტაძის, ტაქსის მძღოლის მტკიცებით, „მელიქიშვილის ქუჩიდან 100 მეტრის დაშორებით დიდი საცობში მოხვედრილს, წინა სავარძელზე ჩაუჯდა უცნობი, 25-28 წლის პიროვნება, დაბალზე გადაპარსული თმებით (ვიდეოფირზე ჩანს, რომ მკვლელს თმა აქვს) მუქი ფერის „საროჩკით“. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ „საროჩკა“ გაიხადა და მუხლებზე დაიდო. ეცვა ღია ცისფერი მაისური.“
რობერტ პანიევი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი როგორც ძიებას, ასევე სასამართლოს უმტკიცებს, რომ პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმით. ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი.
ლევან ბოჭორიშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: პიროვნებას (დაბალი ტანის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით) ეცვა შავი ფერის ან მუქი ლურჯი მაისური. „დაკავების დროს სერიოზული ძალა არ გამოგვიყენებია, რადგან დაჭრილი იყო მარჯვენა მხარში.“
პაატა მაჩალაძე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: „მრგვალ ბაღთან გავაჩერეთ მიკროავტობუსი. პოლიცია შევიდა შიგნით და გამოიყვანა შავი ფერის მაიკიანი დაბალი ბიჭი, რომელიც დაჭრილი იყო მარჯვენა მკლავში.“
ბადრი ზურაბიშვილი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: „პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ქალბატონებთან და ჰალსტუხიან მამაკაცთან ერთად ამოვიდა პიროვნება, 27-28 წლის, დაბალი ტანის, შავგვრემანი. ეცვა შავი ფერის მაისური და შავი კურტკისმაგვარი პიჯაკი.“
მოწმეთაგან სამი პოლიციელია, სამივე შავს ასახელებს ბარათელის მაისურის ფერად. ერთი მოწმე ამბობს, რომ დაკავებულს ღია ფერის მაისური ეცვა. ხოლო ერთი საერთოდაც ამბობს, რომ მას პერანგი კი არა, პიჯაკი ეცვა.
დასახელებული სამი მოწმე პოლიციელიდან, ლევან ბოჭორიშვილი სასამართლოზე ორჯერ იკითხება. მის მიერ 25 ივნისს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება 10 ოქტომბრის ჩვენებისგან. ორივე კი - ზემოთ მოყვანილი მისი ჩვენებისგან, რომელიც წინასწარ გამოძიებას მისცა. ლევან ბოჭორიშვილი 25 ივნისს ამბობს: პიროვნება იყო დაბალი ტანის, ეცვა მუქი ლურჯი, საკმაოდ დიდი ზომის პერანგი, გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. 10 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე აცხადებს: განსასჯელს ეცვა ლურჯი ფერის „კლეჩატი საროჩკა“. შარვალი მუქი ფერის იყო. „საროჩკის“ შიგნით ეცვა შავი ფერის მაისური.
მკვლელის „კლეჩატი საროჩკა“ საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომელმა - ზაზა კაკაშვილმაც შენიშნა და ეს სასამართლო პროცესზეც აღნიშნა: განსასჯელს ეცვა მუქი ფერის მაისური, მუქი ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის „კლეჩატი საროჩკა“. სისხლი სდიოდა, „საროჩკა“ სისხლიანი ჰქონდა.
2007 წლის 5 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე თავად გიორგი ბარათელი ამბობს: „იმ დღეს მეცვა მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი „საროჩკა“ და ლურჯი ჯინსის შარვალი. შიგნით შავი, მოკლემკლავიანი მაისური მეცვა.“
მაშ, ასე: მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაში ფიგურირებს ღია ფერის მაისური და მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებას ადასტურებს დოკუმენტური მასალა.
ეს არის ბარათელის დაკავების ამსახველი ფოტო.
ფოტოზე აღბეჭდილი სამხილი ცრუ მოწმეების წინააღმდეგ
ამ ფოტოების არსებობა სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. არადა, ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ მკვლელობის დროს აყვანილ ბარათელს თეთრი მაისური აცვია და არა შავი ან მუქი ლურჯი როგორც ამას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებენ. ფოტოზე ისიც ჩანს, რომ ბარათელს თმა გადაპარსული აქვს, წვერი - გაუპარსავი. აცვია მუქი ლურჯი ფერის, განსაკუთრებით დიდი ზომის (2-3 ზომით დიდი) პერანგი. პერანგის ზედა 2 ღილი გახსნილია. შიგნით აცვია თეთრი მაისური. ლურჯი პერანგი მარცხენა მხარეს, ყელისა და მხრის მიდამოებში, დასვრილია სისხლით. პერანგის მარჯვენა მხარეს საერთოდ არ ჩანს სისხლის კვალი. ფოტო რომ ნამდვილად ბარათელის დაკავების პროცესს ასახავს, იმითაც დასტურდება, რომ დაკავებულის მარცხნივ დგას თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი - აცვია სამსახურებრივი ჟილეტი. მარჯვნივ დგას მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი, გრძელმკლავიანი მაისური და შავი შარვალი. ბარათელს სახეზე აღენიშნება დაზიანებები.
ხაზს ვუსვამთ, რომ ფოტოსურათის მიხედვით, ბარათელის პერანგის მარცხენა მხარეა სისხლით დასვრილი. ეს ფოტო ნივთმტკიცებად რომ მიეღო სასამართლოს, მაშინ პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა კითხვა: როგორ დაისვარა სისხლით პერანგის მარცხენა მხარე მაშინ, როცა სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელიც საქმეშია ჩადებული, ბარათელი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი. ხომ ალოგიკურია, რომ მარჯვენა მხარეს მიყენებულ ჭრილობას პერანგის მარცხენა მხარე დაესვარა ისე, რომ მარჯვენას არაფერი დასტყობოდა?
რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი დეტალები?
„ალდაგის“ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოფირი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობას ასახავს, საქმეში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლომ მტკიცებულებად არ ცნო იმ არგუმენტით, რომ ფირი ექსპერტიზისთვის უვარგისია. არადა, ვიდეოფირი ამტკიცებს იმას, რომ მკვლელი ბარათელისგან განსხვავებული გარეგნობის არის. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, რომელზეც კადრები შემდეგს ასახავენ: ჭაღარათმიან კაცს, ანუ გურამ შარაძეს, უკან მიჰყვება მასზე მაღალი, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი შავი თმა, არის ბარათელის გარეგნობისგან სრულიად განსხვავებული. ბარათელი არის დაბალი, დაახლოებით 165 სმ-ის, ეს პიროვნება კი - 175 სმ-ზე მეტი, რადგან შარაძეზე მაღალია. პიროვნება კადრში ჩნდება 20:30:56 სთ-ზე. აღნიშნული პირი 20:31:28 სთ-ზე ჭაღარათმიან მამაკაცს ესვრის. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მისი კადრში შემოსვლიდან ზუსტად 32 წამში, კადრში ჩნდება ავტომანქანა, რომელიც რჩება ადგილზე 20:34:46 სთ-მდე. იღება მანქანის უკანა კარი, გადმოდის პიროვნება, რომელიც ელაპარაკება მასთან მისულ მეორე პიროვნებას.
ვფიქრობთ, ეს დეტალი მართლმსაჯულებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. რადგან მკვლელობის წუთებში მანქანის აკრძალულ ადგილას გაჩერება (მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით) მეტად საეჭვოდ გამოიყურება. მით უმეტეს, რომ მანქანა ჩნდება მკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე და მიდის მკვლელობის დასრულებისთანავე.
იმის მიუხედავად, როგორი ხარისხის არის ფირი, ასეთ ფაქტს მიუკერძოებელი სასამართლო აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას, ტექნიკური საშუალებებით ეცდებოდა მანქანის მარკისა და ნომრის დადგენას.
ვიდეოფირის ნივთმტკიცებად ცნობა კიდევ ერთ დეტალს ახდიდა ფარდას: გიორგი ბარათელი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ ქუჩაში სეირნობდა, როცა დაინახა მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი გურამ შარაძე, ცოტათი გასცდა კიდეც... მერე... „მე გავჩერდი ერთი-ორი წამი, მერე შემოვტრიალდი, გავყევი და ვესროლე.“
თუკი შარაძესთან ბარათელის შეხვედრა, მართლაც, მოულოდნელად მოხდა და წამებში ესროლა, ეს ფირზე უნდა ასახულიყო. „ალდაგის“ ვიდეოთვალს უნდა დაეფიქსირებინა ეს წამი და ეს მოძრაობა, თუმცა ასეთი რამ ფირზე არ არის ასახული. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გიორგი ბარათელმა ასეთი რამეც თქვა: შარაძეს რუსთაველზე შევხვდიო, მაგრამ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ეს ფაქტი უარყო და ძველი ჩვენება გაიმეორა, რომელიც სასამართლომ სიმართლედ ჩათვალა - მიუხედავად ზემოთ აღნიშნული წინააღმდეგობებისა.
მთავარი კვანძი - მკვლელობის მოტივაცია
გურამ შარაძის მკვლელობის მოტივად თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგი არგუმენტი დაასახელა: გიორგი ბარათელმა გურამ შარაძეს იმიტომ ესროლა, რომ განაწყენებული იყო. ამ უკანასკნელმა და მისმა შვილმა - გიორგი შარაძემ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნეს. რამდენიმე წლის წინ გიორგი ბარათელი და გიორგი შარაძე ერთად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. შარაძემ ბარათელი მიატოვა და თავად საქართველოში დაბრუნდა. მკვლელობა მას წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია. გადაწყვეტილება მიიღო უეცრად, როცა მელიქიშვილის ქუჩაზე შემთხვევით შეხვდა გურამ შარაძეს.
მკვლელობის მოტივი სასამართლომ დაადგინა ბარათელის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე (აგრეთვე იმ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ და რომლებიც უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს). მაგრამ ეს აღიარება არ არის გამყარებული მტკიცე არგუმენტებით, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ ჩათვალა ეს აღიარება სასამართლომ მტკიცებულებად?
წინააღმდეგობები
ჩვენებების მიხედვით, გიორგი შარაძესთან გიორგი ბარათელი შვეიცარიაში 2000 წელს წავიდა შარაძის მიწვევით ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ოპერატორის სტატუსით და ანაზღაურების პირობით. გიორგი ბარათელის ძმა, მამუკა ბარათელიც, აგრეთვე ბიძა, როლანდ გრიქუროვი, შვეიცარიაში გიორგი ბარათელის წასვლის მიზეზად ასახელებენ ფილმის გადაღებას. მაგრამ სასამართლო საქმეში არსებობს სპეციალური მასალა, ბარათელთან საუბრის ფარული ჩანაწერი. გიორგი ბარათელი შვეიცარიაში წასვლის მიზეზს აქ სხვაგვარად განმარტავს: „96-ში გავიცანი მაგის (იგულისხმება გურამ შარაძე. ავტ.) შვილი გიორგი, მერე დავმეგობრდით, მერე წამიყვანა, ჩემთან იქნებიო. ცოლს დავშორდიო, რაღაცაო და წამოდიო.“
სამართლიან სასამართლოს უნდა დაედგინა, ნამდვილად იღებდა თუ არა იმ პერიოდში (2000 წელს) გიორგი შარაძე ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტურ ფილმს; რომელი პროექტის ფარგლებში მზადდებოდა ფილმი? იყო თუ არა განსაზღვრული ოპერატორის ჰონორარი და როგორი ოდენობით? ამ საკითხების გარკვევის მიზნით მას შეეძლო, დაკავშირებოდა შვეიცარიაში საქართველოს საკონსულოს, სადაც მსგავსი ინფორმაცია ინახება; აგრეთვე შეეძლო, მოეძია შვეიცარიაში საქართველოს მაშინდელი კონსული. გიორგი შარაძე საკონსულოში კულტურის ატაშე გახლდათ და კონსული აუცილებლად გაიხსენებდა მის მიერ განხორციელებულ პროექტებს. კონსულის ან საკონსულოს მაშინდელი სხვა თანამშრომლების მოძიებას ის აზრიც ექნებოდა, რომ ისინი ისაუბრებდნენ გიორგი შარაძის მაშინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ბარათელი ხომ მას ფაქტობრივად ბრალს სდებს მკვლელობის განზრახვაში, თანაც მეტად პათოლოგიური ფორმით: თირკმელების ამოცლისა და გაყიდვის ორგანიზებაში!
სასამართლოს შეეძლო სხვა გზებითაც დაედგინა, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ბარათელის ჩვენება - რომ იგი ნოე ჟორდანიაზე ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ჩვენთან საუბარში გიორგი შარაძის დამ, რუსუდანმა თქვა, რომ ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმების სერია მას აქვს გადაღებული და არა მის ძმას. „2000 წელს ჩემი ძმა შვეიცარიაში დოკუმენტურ ფილმებს გრიგოლ რობაქიძესა და ხარიტონ შავიშვილზე ამზადებდა. დამფინანსებელი არ გამოუჩნდა. ის, რომ ბარათელს ფულს დაჰპირდა გიორგი, არის სიცრუე! გიორგის არავინ აფინანსებდა. თავისი ბინა ჰქონდა გაქირავებული თბილისში უცხოელების ოჯახზე და იმით ირჩენდა თავს ჟენევაში. ბარათელი თბილისიდან, სტუდია „აუდიენციიდან“ მიავლინეს შვეიცარიაში დამხმარე ოპერატორად.“ სასამართლოს მარტივად შეეძლო, გამოეკვლია ისიც, „აუდიენციიდან“ იყო თუ არა მივლინებული შვეიცარიაში გიორგი ბარათელი. თუმცა, არც ამ მიზნით გააკეთა რამე. რაც მთავარია, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ იმ პირის მოძიება, რომელმაც, გიორგი და მამუკა ბარათელების ჩვენებების მიხედვით, ჟენევაში მყოფ გიორგი შარაძესთან დააკავშირა ბარათელი. რატომ არ დაინტერესდა სასამართლო ამ პირის მოძიებით? დაადასტურებდა თუ არა იგი ბარათელის ჩვენებას? მისი მოწმედ დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა ბარათელის ადვოკატებმა დააყენეს, სასამართლომ ადვოკატებს დააკისრა მისი პროცესზე მიყვანის ვალდებულება. ამ უკანასკნელებმა მალე უკანვე წაიღეს შუამდგომლობა არგუმენტით, რომ ვერ მოიძიეს კონკრეტული პიროვნება, რომლის ყველა საპასპორტო მონაცემი ცნობილია. თუმცა, არ წარმოუდგენიათ ძებნის დამადასტურებელი არცერთი საბუთი: თუნდაც წერილი უბნის ინსპექტორთან.
მთავარი მოწმე ცოცხალია თუ მკვდარი?
მისი სახელი გახლავთ მიხეილ (მიშა) ჟღენტი. დაბადებულია 1977 წელს, ცხოვრობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 90-იანი წლების ბოლოს მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“ (იცნობდა გიორგი შარაძესაც და გიორგი ბარათელსაც). ჩვენმა საგამოძიები ჯგუფმა, სამართალდამცავებისგან განსხვავებით, ადვილად მიაგნო მის ოჯახს. შევხვდით ჟღენტის დედას, ქალბატონ ნუნუ ჟღენტს, რომელმაც თქვა, რომ შვილი არ უნახავს რამდენიმე წლის განმავლობაში - 2006 წლის მარტის შემდეგ. 2006 წლის აპრილში უკანასკნელად ესაუბრა ტელეფონით საზღვარგარეთ. სამართალდამცავთათვის, ალბათ, ძალზე ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო მთავარი მოწმის ასეთ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარება. ჟღენტის დედამ გვითხრა, რომ ის წლების განმავლობაში არავის უნახავს. გვითხრა ისიც, რომ მის ოჯახში მიშას მოძებნის მიზნით არავინ არასდროს მისულა სამართალდამცავთაგან, არც სასამართლოდან მიუღიათ გამოძახება. ის კი იცის, რომ მისმა შვილმა გიორგი ბარათელს ჟენევაში გამგზავრების წინ მობილური ტელეფონიც უყიდა და თვითმფრინავის ბილეთიც. ქ-ნმა ნუნუმ ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ვიდრე ბარათელი შვეიცარიაში წავიდოდა, მასთან სახლში გურამ შარაძემ დარეკა: „ჩემი მეუღლე იკითხა. ვახტანგს არ ეცალა და მე დაველაპარაკე. ვუთხარი, თუ იცით, თქვენს შვილს სტუმარი რომ უნდა ეწვიოს; გიორგი ბარათელი შვეიცარიაში მიდის-მეთქი. გადაირია, ვაიმეო, რას ჰქვია, მიდისო, ჩემს შვილს კიდევ არევ-დარევა უნდა, რაში სჭირდება იქ ხულიგანი და ჯიბგირიო. მე ვუთხარი - შეუშალე ხელი წასვლაში, აეროპორტში დარეკე და ბილეთი დააბლოკინე, ნუ გაუშვებ-მეთქი. მაგრამ, როგორც შემდეგ გავიგე, ბარათელი მაინც წავიდა შვეიცარიაში.“
რას იტყოდა სასამართლო ასეთი ჩვენების მოსმენისას? მამუკა ბარათელი (გიორგის ძმა) ხომ თავის ჩვენებაში ამტკიცებს, რომ მისი ძმა აეროპორტში გურამ შარაძემ გააცილა! ერთი სიტყვით, სასამართლომ ხელიდან გაუშვა ერთ-ერთი მთავარი მოწმის მოძიების შანსი. აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც შეუძლია. სხვადასხვა სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებთან დადებული ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. თუმცა, სასამართლოს არც ეს უფლება გამოუყენებია.
მნიშვნელოვანი გარემოება, რომლისთვისაც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია
ეს არის მოწმე ალექსანდრა პირუმოვის ჩვენება: „2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. „რუსთავი 2"-ში მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, „აქ აღარ დარეკოო.“
ვინ დაურეკა გიორგი ბარათელს? სად წავიდა ასე სასწრაფოდ? სასამართლოს ეს კითხვები არ დაუსვამს. ეს დრო ხომ ზუსტად ემთხვევა შარაძის მკვლელობის წინა, უახლოეს წუთებს? რატომ და ვისი მითითებით ცხოვრობდა იგი განცალკევებით შარაძის მკვლელობის წინა დღეებში? ვინ გაიყვანა იგი სახლიდან დაახლოებით იმ წუთებში (19-დან 20 საათამდე დროის შუალედში), როცა გურამ შარაძე საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა (სადაც იგი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც გვიანობამდე მუშაობდა) და ფეხით გაემართა ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე სახლისკენ? თუ პირუმოვის ჩვენებას დავუჯერებთ, ბარათელთან განხორციელებული საიდუმლო ზარიდან შარაძის მკვლელობამდე ზუსტად იმდენი დრო გავიდა, რამდენიც ბარათელს მკვლელობის ადგილამდე მისაღწევად დასჭირდებოდა. ვინ და რა მიზნით მიიყვანა იგი მკვლელობის ადგილას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ან აქ, ან სტრასბურგში; ან ახლა, არსებული სასამართლო სისტემის პირობებში, ან მომავალში, როცა სიმართლეს ვეღარ შეურაცხყოფენ გრძელ, რომაულ მანტიებში გამოწყობილი მოსამართლეები. ხოლო ის, შეძლებს თუ არა სასამართლო გურამ შარაძის მკვლელობაზე სიმართლის გარკვევას, გაარკვევს იმასაც, რამდენად სახიფათო გამოწვევების მიღება შეუძლია ქართველ თემიდას.
ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.
პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”

Sunday, November 29, 2009

სიტყვითა და საქმით პრორუსულები






როდის და როგორ დააფინანსებს კვარაცხელიას პარტიას ებრალიძე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ნეიტრალური საქართველო“ 2007 წელს დაფუძნდა, თუმცა პარტიას დღემდე დიდი პოლიტიკური აქტივობები არ გამოუმჟღავნებია. ჩრდილიდან გამოსვლასა და პოლიტიკური მზის ქვეშ ადგილის დაკავებაზე ვალერი კვარაცხელიას პარტიამ ხმამაღალი პრეტენზია ახლახან განაცხადა. „რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს!“_ ამ პრინციპით „ნეიტრალური საქრთველო“ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეას უპირისპირდება და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.რატომ არის საქართველოს ხელისუფლება კვარაცხელიაზე მეტად პრორუსული; როდის და რა ფორმით დააფინანსებს „ნეიტრალურ საქართველოს“ ალექსანდრე ებრალიძე; იყო თუ არა გამართლებული საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანა და თბილისის აეროპორტიდან ვიაჩესლავ კოვალენკოს ვარდებით გაცილება? გაზეთი „ახალი ალიანსი“ ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა.
_ „ნეიტრალური საქართველო“, _ ასე ჰქვია თქვენს პარტიას, რომლის ხელახალი პრეზენტაცია ახლახან მოეწყო. რატომ მიგაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ოპტიმალური ვარიანტია?
_ არანეიტრალიტეტმა, ანუ რომელიღაცა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისაკენ სწრაფვამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც ვართ _ ეს არის ტერიტორიულად დანაწევრებული, ეკონომიკურად გაპარტახებული, სულიერად, მორალურად დაცემული საქართველო. თუ ამ გზით ვივლით ნგრევის პროცესი გაგრძელდება და, თუ დღეს საქართველო დაშლილია სამ ნაწილად, მალე 6 ნაწილად დაშლილს ვიხილავთ. ქვეყანამ უნდა გადადგას ის აუცილებელი გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს. რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება რომ აუცილებელია, ამას ყველა ამბობს _ ხელისუფლებაც, ე.წ. ოპოზიციაც, საზოგადოების დიდი ნაწილიც, მაგრამ, არავინ ამბობს რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ინტერესები ისეთნაირად უნდა შეჯერდეს, რომ რუსეთიც კმაყოფილი იყოს და საქართველოც. პოლიტიკა კონფრონტაციის ხელოვნება კი არ არის _ კომპრომისებისა და ინტერესთა ჰარმონიზების ხელოვნებაა. რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, განსაკუთრებით კი ნატოში გაწევრიანებაზე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მილიტარისტული ქვეყანა. ჩვენ სულ სხვა ვართ _ მაღალი სულიერების ხალხი, ერი, რომელმაც თავის დროზე `ვეფხისტყაოსანი~ და `გალობანი სინანულისანი~ შექმნა, ერი, რომელმაც `ვეფხისა და მოყმის ბალადა~ შექმნა, ერი, რომელსაც აქვს ტრადიციისა და ზნე-ჩვეულებათა უნიკალური სისტემა. ჩვენ კულტურის განვითარების მიმართულებით უნდა ვიაროთ ჩვენი საქმე არ არის ერაყსა და ავღანეთში ომი. თუ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და ხელისუფლებაში იმ რაოდენობით მოვალთ, რომ საკითხების გადაწყვეტა შეგვეძლება, გამოვაცხადებთ, რომ უნდა ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა _ მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ, რომ აღიარონ ჩვენი ნეიტრალიტეტი.
_ ნეიტრალიტეტი ჰქონდა საქართველოს გამოცხადებული 1918 წელს, მაგრამ `ნეიტრალურმა საქართველომ~ მაშინ 3 წელზე ნაკლებ ხანს იარსება. რატომ გგონიათ, რომ ახლა გაამართლებს ეს პოლიტიკა?
_ შეკითხვა სავსებით ლოგიკურია _ ნეიტრალიტეტის ერთგვარი გამოცდილება საქართველოს მართლაც აქვს, მაგრამ, ვინც საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი კარგად იცის, ისიც იცის, რომ ჩვენ, არ გვივლია ნეიტრალიტეტის გზით. საქართველო, პრაქტიკულად, გაყიდული იყო ამერიკელზე, გერმანელზე, იტალიელზე, ინგლისელზე... იმ ისტორიულ კონტექსტში ნეიტრალიტეტი, რა თქმა უნდა, არ გამოვიდოდა. ნეიტრალიტეტის გამოცხადება პირველ რიგში საკუთარი სუვერენობის მაღალი ხარისხის დეკლარირებას ნიშნავს. როგორც კი გაწევრიანდები რომელიმე სამხედრო ალიანსში სუვერენობა, დამოუკიდებლობა და მსგავსი რამ, მხოლოდ ქიმერად იქცევა _ ემორჩილები იმ წესებსა და ინსტრუქციებს, რომელიც კონკრეტულ ბლოკსა და ალიანსს გააჩნია.
_ ნატოში გაწევრიანება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისთვის თუ არ აღმოჩნდა განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რატომ არის საფრთხისშემცველი საქართველოსთვის?
_ საქმე ის არის, რომ რეალობა შეიცვალა. 2000 წელს დიდ პოლიტიკაში თვისობრივი ხასიათის ცვლილება მოხდა. მანამდე რუსეთის ხელისუფალნი (გორბაჩოვი, ელცინი) ამერიკიდან იმართებოდნენ, მაგრამ 2000 წელს რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის სახით პატრიოტი კაცი მოვიდა, რომელიც არ დაადგა რუსეთის ნგრევისა და ამერიკის დიქტატის ქვეშ მოქცევის გზას. დღეს, ობამა მედვედევს ან პუტინს ყურს ვერ აუწევს. თუმცა ჩვენი მედია ჯერ კიდევ ამ ნოტაზე საუბრობს, როდესაც აცხადებს: ჩამოვიდა ჰილარი კლინტონი და ლავროვს მოუწევს ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემაო. ლავროვი შეკითხვაზე პასუხს გასცემს, მაგრამ, მასაც ექნება შეკითხვა, რომელზეც კლინტონი უპასუხებს. დღეს, სხვა გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩამოყალიბდა. დედამიწაზე ერთპიროვნული ჰეგემონობისაკენ ამერიკის სწრაფვა დასრულდა. ამის ნათელი გამოხატულებაა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განლაგების საკითხში ამერიკელების უკან დახევა. ეს იყო გონივრული უკან დახევა და არა პოზიციების დათმობა რაღაც შიშის გამო. როდესაც დიდ პოლიტიკაში ასეთი ცვლილებები ხდება, ჩვენ, მას, რაღაცნაირად, ფეხი უნდა ავუწყოთ. პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს. დღეს არის დრო, როდესაც საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტის გზა.
_ ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე თქვენი ამგვარი პოზიციების გამო, ქართველ საზოგადოებაში პრორუსულ ძალად მიგიჩნევენ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს მიმართულება მხარდამჭერების ნაცვლად მეტ მოწინააღმდეგეებს გაგიჩენთ?
_ რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს! თუ ეს პრორუსულობაა, კი, ბატონო, ხელს ვაწერ ამაზე. შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკას არ უწოდებენ პრორუსულს, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ, მათი ხელმძღვანელობის დროს მივიღეთ ქვეყანაში პრორუსული ვითარება, როდესაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთმა წაიღო. მართალია, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან გამოცხადებულები, მაგრამ იქ რუსული სამხედრო ბაზების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს, ისინი რუსეთის სატელიტი პატარ-პატარა სახელმწიფოები არიან. და, რა გამოდის? _ პოლიტიკა, რომელმაც რუსეთს აჩუქა ქართული ტერიტორიები არ არის პრორუსული და მე, ვინც ვამბობ, რომ ეს ტერიტორიები როგორმე უნდა დავიბრუნოთ, პრორუსული ვარ. სიტყვით პრორუსულობა უფრო მავნეა, თუ საქმით პრორუსულობა?
_ საკამოდ აქტუალურია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, ალექსანდრე ებრალიძესთან, თქვენი შესაძლო პარტნიორობის თემა. ნამდვილად აწარმოებთ თუ არა მასთან მოლაპარაკებებს და განიხილება, თუ არა ებრალიძის მიერ თქვენი პარტიის დაფინანსების საკითხი?
_ ებრალიძეს მას შემდეგ შევხვდი, რაც მან სოჭში ცნობილი განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, მანამდე მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენი პარტია გაცილებით ადრე, 2007 წლის დეკემბერში დაარსდა. ებრალიძესთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მისი სახით პეტერბურგში, რუსეთში არსებობს ქართული მენტალობის, ცნობიერების, ჯიშის, სისხლისა და სულის კაცი, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად. ებრალიძის პოლიტიკური შეხედულებები ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების იდენტურია. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა მისთვისაც ფუნდამენტური ღირებულებებია. ერთი და ორი შეხვედრით არ წყდება დაფინანსების საკითხი. ებრალიძეს, დღეს, პოლიტიკაში მოღვაწე ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ფული სხვაგან არ აქვს საძებნი. მას ლეგალური ფული და საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით სხვა ქვეყნიდან პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება იზღუდება, მაგრამ, არც ეგ არის პრობლემა. ებრალიძეს შეიძლება საქართველოშიც აქვს ფული. თუმცა მე, არ ვიცი ამის შესახებ. ჩვენ შეხვედრებზე სიტყვა `ფული~ არ გვიხსენებია. ეს არის მხოლოდ მას შემდეგ სალაპარაკო თემა, როდესაც ბოლომდე შევთანხმდებით და ხელშეკრულებას გავაფორმებთ.დარწმუნებული ვარ, რომ ებრალიძე არის უჭკვიანესი კაცი, სხვაგვარად ძნელია იმ მდგომარეობისა და იმ უზარმაზარი კაპიტალის მოპოვება, რაც მას გააჩნია რუსეთში. ჭკვიანი კაცი კი მხოლოდ ერთი კვარაცხელიას იმედზე არ იქნება. მას, სავარაუდოდ, ექნება შეხვედრები სხვა ვიღაცეებთანაც. მაგრამ ის ვიღაცეები ამას არ ახმაურებენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ყველას ეშინია რაღაცის. მე, არ მეშინია, იმიტომ, რომ საშიში და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ყველა პოლიტიკური ნაბიჯი გამჟღავნებულია.
_ იგორ გიორგაძის პარტიასთან, ან პირადად გიორგაძესთან თუ გაქვთ დღეს რაიმე კავშირი? როგორც ვიცი, მას თქვენ 1998 წელს ჟურნალისტის სტატუსით შეხვდით, იმ დროს, გიორგაძე უკვე ძებნაში იყო და ამ ინტერვიუს გამო პროკურატურაშიც კი იყავით დაბარებული.
_ მართალი გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, დღეს მისი პარტია ფუნქციონირებს თუ არა. გაუქმების შესახებ არაფერი გამიგია და ალბათ ქაღალდზე არსებობს. არც აკრძალვის შესახებ გამიგია რამე, თუმცა ვიცი, რომ ნამდვილად უკანონოდ დააპატიმრეს მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი აშკარად პოლიტიკური პატიმრები არიან. რაც შეეხება თავად გიორგაძეს. კარგია, რომ მოგიძებნიათ ასეთი ინფორმაციები. მაშინ, გიორგაძესთან არ მქონდა პოლიტიკური შეხვედრები, როგორც ჟურნალისტი, რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა ადგილას და არა რუსეთში, როგორც მაშინ ითქვა.
_ დსთ-ის ქვეყნების ტერიტორიაზე შეხვდით?
_ ეს არც მაშინ დამიზუსტებია და დღესაც არ ვიტყვი. შევხვდი, ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც, არაფერი დამიმალავს. პროკურატურიდან და უშიშროებიდან მიბარებდნენ და მეკითხებოდნენ: სად არის? ვპასუხობდი: ეს ჰკითხეთ თქვენს ჯაშუშებს, მე, ჟურნალისტი ვარ და რატომ მეკითხებით-მეთქი. ჩვენ ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ და შენ როგორ იპოვეო? თქვენ, ცუდად ეძებთ, მე _ კარგად და ვიპოვე კიდეც-მეთქი. ჩემი ურთიერთობა იგორ გიორგაძესთან არასდროს ყოფილა პოლიტიკური. დღეს, არც ის ვიცი იგორ გიორგაძე სად არის, არც ის, მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუნქციონირებს თუ არა და არც ის _ ქართულ პოლიტიკაში აპირებს, თუ არა ჩართვას. არანაირი კავშირი არ მაქვს.
_ ინტერნეტფორუმებსა და სხვადასხვა გამოცემებში ვნახე ინფორმაციები, რომლებშიც თქვენ მიმართ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება ჩანს. თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ:იყავით 1991-92 წლების გადატრიალების ერთ-ერთი იდეოლოგი;საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი;აგვისტოს ომის შემდეგ ყვავილებით, ბორჯომითა და ხვევნა-კოცნით გააცილეთ კოვალენკო აეროპორტში...რას გვეტყოდით ამ `ბრალდებებზე~?
_ კარგია, რომ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი. ბევრი რამ აქ მართალია, მაგრამ, ის, რომ მე, გადატრიალების იდეოლოგი ვიყავი აბსოლუტური სიცრუეა. ყოველთვის ვიყავი პოლიტიკაში სისხლიანი დაპირისპირებისა და იარაღის შემოტანის წინააღმდეგი. სხვათაშორის, საქართველოს აწ განსვენებულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ვაფრთხილებდი, რომ პიროვნებებთან, ინტელიგენციასთან აშკარა დაპირისპირება და კონფრონტაციული რეჟიმი რთულ პროცესებამდე მიგვიყვანდა. არ დამიჯერა. ნუ, მე, მხოლოდ ჟურნალისტი ვიყავი და ის, პრეზიდენტი იყო. ჩემი განსხვავებული შეხედულებები პირდაპირ დაპირისპირებად აღიქვა და დამაპატიმრეს კიდეც, მაგრამ ბრალი ვერ წამიყენეს. პოპულარული ჟურნალისტი ვიყავი და ეს დაპატიმრება მთელ მსოფლიოში გახმაურდა. გამომიშვეს, მაგრამ მერე ისევ დამაპატიმრეს, მეორედ რომ გამომიშვეს საჭიროდ მივიჩნიე გავცლოდი საქართველოს, დავბრუნდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში პროცესები დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. ასე, რომ, პირველი პრეზიდენტთან პირადი წყენის მორალური უფლება მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემ მიერ დაწერილ წიგნებში ნათლად ავსახე გამსახურდიას ყველა დამსახურება. მის ხსოვნას უდიდეს პატივს ვცემ. გამსახურდია იყო ტრაგიკული პიროვნება, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. რაც შეეხება საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანას _ ეს მართალია. ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის შევარდნაძის ჩამოყვანაში. მიმაჩნდა, რომ საქართველოში შექმნილი იყო უმძიმესი ვითარება _ გამსახურდია წასული იყო, ხელისუფლებაში იყო თოფიანი ხალხი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იარაღის ენაზე საუბრობდნენ. საქართველოში არ არსებობდა ადამიანი, რომელიც სიტუაციის განმუხტვას შეძლებდა. იყო ერთადერთი კაცი, უზარმაზარი ბიოგრაფიის მქონე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელ მსოფლიოში აღიარებული. როგორც ჟურნალისტმა და როგორც პოლიტიკოსმაც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნებულიყო. მან მართლაც მოახერხა თოფიანი კაცის სინდრომის განეიტრალება და ძალაუფლების ხელში აღება. ამის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა. სწორედ, შევარდნაძის დროს დაიწყო ანტირუსული ისტერიები და ნატოსკენ სწრაფვა. მაგრამ, შევარდნაძემ რომ არ გაამართლა, ყველაზე ადრე და ყველაზე მკაცრად მე დავუპირისპირდი.აეროპორტში კოვალენკოს გაცილება კი ისეთი `ბრალდებაა~, რომ ძნელია თავი `იმართლოს~ კაცმა. ვიაჩესლავ ევგენიევიჩ კოვალენკო არის უბრწყინვალესი დიპლომატი, ინტელიგენტი, უბრწყინვალესი პიროვნება და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. გავიცანი მას შემდეგ, რაც ელჩად დაინიშნა და მასთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ის, რაც აგვისტოში მოხდა, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. მაგრამ, კოვალენკო რა შუაშია, მას კი არ დაუწყია ომი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა და კოვალენკო იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ჩემი პირადი მეგობარია, ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს, მიდის და მე, ქართველმა კაცმა, ჩემი მეგობარი არ გავაცილო იმიტომ, რომ ის, რუსეთის ელჩი იყო საქართველოში? რა თქმა უნდა, გავაცილე კოცნით, ამბორით, სიყვარულით. ახლაც მაქვს ურთიერთობა. ცუდი ის იქნებოდა, კონიუნქტურული მოსაზრებით ქართული ადათისთვის წიხლი მეკრა და საქართველოდან მიმავალი მეგობარი არ გამეცილებინა.
_ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში თქვენ ამბობთ, რუსეთმა კი არ დაგვიპყრო, ორჯერ გადაგვარჩინაო და ასახელებთ 1801 და 1921 _ საქართველოს რუსეთთან მიერთებისა და გასაბჭოების წლებს. ახლაც ასე ფიქრობთ? 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლაც ამ კონტექსტში მიგაჩნიათ გამართლებულად?
_ ეს, 3 თვის წინ ვთქვი და, რა თქმა უნდა, ისევ ასე ვფიქრობ. სამ თვეში ხომ არ შევიცვლიდი აზრს? ეს მსოფლმხედველობა ძალიან რთული სათქმელი და ასახსნელია ჩვენი საზოგადოებისთვის. უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში ქართველ ხალხს თავებს იმ აზრებით უტენიან, რომ რუსეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი. არ არის ეს ასე. რუსეთთან ურთიერთობაში ყოფილა ბევრი უსიამოვნო მომენტი, შეცდომა, გაუგებრობა, მაგრამ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და ფაქტი იწონება დიდი სასწორით, დიდი საზომებით. მთავარია, საბოლოო ჯამში რომელი სჭარბობდა. გეორგიევსკის ხელშეკრულების შედეგად საქართველო ფიზიკურად გადარჩა. ეს, ერეკლემ გადაწყვიტა და ერეკლესნაირი მეფე საქართველოს ისტორიას ბევრი არ ჰყავს. ერეკლეს გადაწყვეტილების ასე ვაგლახად ხელის წამოკვრა ვიღაცა ავყია ისტორიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ არ არის მართებული. ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ, როგორ მოხდა, რომ ასი წლის შემდეგ ერის უგვირგვინო მეფემ, ილია ჭავჭავაძემ, თქვა, რომ ერეკლეს ეს ნაბიჯი იყო ყველაზე გამართლებული ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საქართველომ მოისვენა, გაქრა გადაგვარების, სარწმუნოების, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შიში. და, ახლა, როგორ, ილია ჭავჭავაძეს არ დავუჯეროთ?
_ თუმცა, ბატონო ვალერი, ილია ჭავჭავაძე `მგზავრის წერილების~ პერსონაჟს ლელთ ღუნიას იმასაც ათქმევინებს, ძნელია, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეკუთვნისო...
_ ჯერ ერთი, ლელთ ღუნია პერსონაჟია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერსონაჟი ყოველთვის არ მეტყველებს მწერლის მსოფლმხედველობით, მაგრამ, ამ შემთხვევაში ილიასთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის დამოუკიდებლობა და `შენი თავის შენადვე ყუდნება~, არის ერის ცხოვრების უმაღლესი იდეალი. თავისუფლებაზე მაღლა მხოლოდ ერთი რამე დგას _ ერის ფიზიკური არსებობა. დამუკიდებლობადაკარგულმა ერმა შეიძლება ოდესმე მოიპოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დაღუპული ერი ვეღარაფერს მოიპოვებს. 1918 და 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება რუსეთის დამსახურებაცაა, ამის დაუნახავობა არ შეიძლება.ისტორიული პროცესები არის წარსული. წარსულის აწმყოში მექანიკური გადმოტანა უმართებულოა. გერმანიასა და რუსეთს შორის დღეს არის საუკეთესო, პარტნიორული დამოკიდებულება, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ეს სახელმწიფოები ერთმანეთის დიდი მტრები იყვნენ. მომავალი ურთიერთობებისთვის სახელმძღვანელოდ ასეთ ისტორიას არავინ იღებს, აქცენტი მომავლის პერსპექტივებზე უნდა გაკეთდეს.თურქებს რომ ვუძახოთ, ჩვენი ისტორიული მტრები ხართო და მათთან თოფსა და ხიშტზე აგებული ურთიერთობა გვქონდეს, ხომ ვიქნებით გიჟები? ეს ისტორიაა, რომელიც უნდა გადაიფურცლოს. გეთანხმებით, რომ რუსეთთან წყენა და ტკენა იყო, მაგრამ, დავანგრიეთ საქართველო და ვერაფერი დავაკელით რუსეთს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეუთოს ან სტრასბურგის ტრიბუნიდან რაღაც წყალწყალა განცხადების გაკეთება არაფერს ნიშნავს. რეალურად, რუსეთი თავს მშვენივრად გრძნობს _ საქართველო არის დაშლილი და დანგრეული.

Thursday, November 26, 2009

პოლიტიკური სასამართლო


"კანონის დაცვის" სახელით დაპატიმრებულები


მოძრაობა "7 ნოემბრის" აქტივისტები: დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია მიმდინარე კვირაში სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ დააკავეს. ამჯერად მათი დაკავების მიზეზი 23 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო პლაკატებითა და რობაქიძის, გირგვლიანისა და გამცემლიძის ფოტოებით გადაადგილება გახდა.

დაკავებულებს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და `მანიფესტაციების შესახებ~ კანონის დარღვევაში დასდეს ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაბა ჯიშკარიანს, ირაკლი კორძაიასა და დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა და ჯარიმის სახით 500-500 ლარის გადახდა დააკისრა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა, გამოიტანა. გაზეთმა"ახალმა ალიანსმა" მოიპოვა მოსამართლე მეთოფიშვილის მიერ გამოტანილი ერთ-ერთი დადგენილება, გთავაზობთ ციტატას აღნიშნული სასამართლო დოკუმენტიდან:"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, 2009 წლის 23 ნოემბერს დაჩი თენგიზის ძე ცაგურია იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შესასვლელთან დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით რა დროსაც არღვევდა `შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. დაჩი თენგიზის ძე ცაგურიამ პატრულ-ინსპერქტორებს ვერ წარუდგინა სათანადო ნებართვა, აფერხებდნენ ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებას, ზემოაღნიშნულის გამო, პატრულ-ინსპექტორების მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის დროს, დაჩი ცაგურია არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების კანონიერ მოთხოვნას და მათ მიაყენა სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა."

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9:
„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულების ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში; დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.“
როდესაც საუბარია კანონის დაცვაზე, ეს ყველაზე მეტად მაინც მოსამართლეს მოეთხოვება. ბატონ მეთოფიშვილს რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი სცოდნოდა, ან დადგენილების მიღებამდე გადაეკითხა მაინც, აუცილებლად შენიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეტანილი ჩანაწერი „პარლამენტის შესასვლელთან დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით“ კატეგორიულად ნამდვილად არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მე-9 მუხლს, რომელშიც „20 მეტრის რადიუსი“ სრულიად გარკვევით და არაორაზროვნად წერია. საყურადღებოა ისიც, რომ მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულთა ადვოკატების მიერ პროცესზე წარდგენილი დაკავების კადრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მიღებასა და გაცნობაზე და დადგენილება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩანაწერისა და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის ჩვენების საფუძველზე გამოიტანა.
დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ 24 ნოემბერს გათავისუფლდნენ. ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს. იურისტებს ნათქვამის არგუმენტად საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი მოჰყავთ. რომლის თანახმადაც: „ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს შეტყობინების მიღებაზე, უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ გიორგობის დღესასწაულზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ და წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიასთან როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარება იგეგმებოდა.იურისტების თქმით, თბილისის მერიის უარი არაკონსტიტუციური იყო, რადგან, ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებამოსილებაც კანონის თანახმად მერიას ჰქონდა, ეს იყო შეკრების ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციით მიმართვა, რომ მათ შეკრების ჩატარების ადგილი ან დრო შეეცვალათ, რაც მერიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.„საპატრულო პოლიციის მხრიდან იმის განცხადება, რომ ირაკლი კორძაიამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი, მოკლებულია ელემენტარულ სამართლებრივ დასაბუთებას. ტელეკომპანიების “მაესტრო” და აი.ტვ.გე-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები მაქსიმალურად იყვნენ მოცილებული პარლამენტის შენობიდან, ისინი არ გადასულან გზის სავალ ნაწილზე და ხელს არ უშლიდნენ ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად, შეკრების მონაწილეების მხრიდან არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი," _ აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების აზრით, საპატრულო პოლიცია აშკარად გაცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები მომენტალურად, აქციის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის წაყენების გარეშე დააკავა. „მანიფესტაციის შესახებ“ კანონის დარღვევის ბრალდებით მოძრაობა "7 ნოემბრის"
აქტივისტების დაკავება, 25 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველი სამხრეთ კავკასიური ქსელის“ წევრები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, 23 ნოემბერს, ცაგურიას, ჯიშკარიანსა და კორძაიას კანონი არ დაურღვევით, რადგან ისინი პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსის იქით იდგნენ _ შესაბამისად, სამართალდამცველებს მათი დაკავების უფლება არ ჰქონდათ.
P.S. სახალხო დამცველის აპარატმაც აღიარა, რომ მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრები 23 ნოემბერს უკანონოდ დააპატიმრეს.

Friday, November 20, 2009


„ემიგრანტებს ვუსურვებ,  ფესვები არასდროს დაეკარგოთ“
2009 წელი, თბილისი


უკვე ორი წელიწადია, ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ძირითადად, თელავივშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა და თბილისსაც ვერ ელევა, თბილისის სიყვარული 2004 წელს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებით დაუფასეს. საყვარელ ქალაქში მოდის ყოველთვის, როცა ამის დრო და საშუალება აქვს. მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ აჯიაშვილს,  ჩვენ, თბილისში, ვერაზე მდებარე სახლში შევხვდით. ბატონი ჯემალი საკუთარი შემოქმედების გარდა, ემიგრანტების შესახებაც გვესაუბრა და რაფი ბარლავის, როგორც ემიგრანტის, ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდიც მოგვიყვა.

 ჯემალ აჯიაშვილი:  ბოლო წლებში, ისრაელში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობდი,  შემდეგ ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესში მთხოვეს დარჩენა. კონგრესი 8 წლის წინ შეიქმნა. ჩვენი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებულ საქართველოს ებრაელებთან ურთიერთობაა.

 საქართველოს ებრაელები  ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისრაელის შემდეგ ყველაზე ბევრი ებრაელი  საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ მიზერია იმისა, რაც ადრე იყო. მათი რეპატრიაცია გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
 ქართველი ებრაელების დამსახურება  ებრაული სამყაროს წინაშე ის იყო, რომ მათ პირველებმა გახსნეს საბჭოთა რკინის ფარდა. ყველაფერი გააკეთეს დახშული წრის გასარღვევად. ბოლშევიკური მთავრობა იძულებული გახადეს, დათმობაზე წასულიყო. საბჭოთა კავშირიდან პირველი დიდი „ალია“  ქართველმა ებრაელებმა დაიწყეს, მერე მათ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ებრაელებმაც მიბაძეს. დღეს ისრაელში 80 ათასზე მეტი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.

-ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან თუ გაქვთ კავშირები?
-ამერიკის შეერთებულ შტატებში - 8 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ხშირად დავდივარ  ვაშინგტონში, სადაც ამერიკის ებრაული ლობისა და ამერიკის ებრაული კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება  შეკრება, კომიტეტის  აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ხარისი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ახლო ურთიერთობა აქვს თეთრ სახლთან, პრეზიდენტთან. ებრაული კომიტეტის სხდომებს ამერიკის პრეზიდენტი თითქმის ყოველთვის ესწრება, სიტყვით გამოდის და ვახშამზეც რჩება ხოლმე.  ეს შეხვედრები, კომიტეტის შექმნის თარიღს უკავშირდება და,  ტრადიციულად, მაისის პირველ დეკადაში იმართება. ამ შეკრებებზე, სადაც  მე საქართველოს წარმოვადგენ, ხშირად  შევხვედრივარ პრეზიდენტ ბუშს, მადლენ ოლბრაიტს, კლინტონს. ობამას ჯერ არ შევხვედრილვარ.

ქართველი ებრაელები ასევე ცხოვრობენ ბელგიაში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში. საფრანგეთში სხვა ქართველ ებრაელებთან ერთად, იოსებ ელიგულაშვილის ოჯახიც ცხოვრობს, იოსებ ელიგულაშვილი  ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი იყო და მასვე გაჰყვა ემიგრაციაში, ელიგულაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის იმ ქართული საგანძურის გადარჩენაში, რომელიც მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა, ამ საკითხზე მთელი იურიდიული პროცედურა ელიგულაშვილმა უზრუნველყო.  მისი ძმისშივილი ლეო ელიგულაშვილი საქართველოშიც იყო ჩამოსული. ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად.

ქართველი ებრაელების ახალი თაობა ემიგრაციაში იბადება, იზრდებიან იმ ქვეყნის ტრადიციებით, სადაც ცხოვრობენ.  კონგრესის ფუნქცია მათი შეკავშირებაა, ვცდილობთ ახალ თაობებს ავუხსნათ, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ. ეს თაობა არ უნდა დარჩეს ფესვების გარეშე.

-ქართველი საზოგადოება თქვენ გიცნობთ როგორც წარმატებულ პოეტს, მთარგმნელს, როდის და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

-ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. ვწერდი სტუდენტობის დროსაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე - ირანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველად რუსულიდან ვთარგმნე. მეორე კურსზე კი უკვე სპარსული პოეზია  ვთარგმნე.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ირანში წავედი და სამი წელიწადი  თარჯიმნად ვმუშაობდი. მაშინ ირანში შაჰის პერიოდი იყო და ირანი ამერიკული ორიენტაციისა და ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი ქვეყანად მიიჩნეოდა.  მერე ხელისუფლებაში კლერიკალური ფენა მოვიდა და ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

1971 წელს  შაჰის ინიციატივით, ირანის სამეფო დინასტიის მმართველობის 2 500 წლის აღსანიშნავად, უზარმაზარი ზეიმი გაიმართა. გრანდიოზული ზეიმი პერსეპოლისში, ირანის პირველი მეფის კიროსის საფლავის მიდამოებში მოეწყო.  თავის დროზე ეს ქალაქი ალექსანდრე მაკედონელმა დაანგრია, მაგრამ ნანგრევებიც შთამბეჭდავია და დიდ გავლენას ახდენს მნახველზე.  ზეიმზე შაჰი დედოფალთან ერთად წარსდგა ხალხის წინაშე და ამაღელვებელი სიტყვით მიმართა თავის წინაპარს, რომელიც  ასეთი ფრაზით დაასრულა, „იძინე მშვიდად, რამეთუ ჩვენ ვფხიზლობთ“. ეს სიფხიზლე ხანგრძლივი ვერ გამოდგა, ზუსტად 7 წელიწადში ხელისუფლებაში  აიათოლა ჰომეინი მოვიდა და ირანი შუა საუკუნეებში დააბრუნა.

 საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემ მიერ თარგმნილი სპარსული პოეზია  ჟურნალ „სხივში“ დაიბეჭდა, თარგმანები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარშიც“. 1979 წელს უკვე გამოვიდა ჩემი პირველი კრებული - შუა საუკუნეების  ებრაული პოეზია. დღეს  სამი ასეთი გამოცემა არსებობს. ამ კრებულებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ ასამდე სამეცნიერო წერილი და გამოკვლევა დაიწერა.

„გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“  წერდა: „მაგიდასთან ჩამომსხდარი ხალხი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 1979 წლის საბჭოთა კავშირისთვის გაუგონარ ტელესანახაობას, ეს იყო 50-წუთიანი პროგრამა, შეღამებულზე, საჩვენებლად ყველაზე მარჯვედ  შერჩეულ დროს. მსახიობი ქალი კითხულობდა მე-11 საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის, ეჰუდა ჰალინის ლექსთა ქართულად თარგმანს.“
საბჭოთა კავშირში  ბიბლია და ბიბლიაზე ორიენტირებული ყოველგვარი კულტურა აკრძალული იყო.  თბილისში მომზადებული ტელეგადაცემა იმდენად გახმაურდა, რომ მოსკოვში საოცარი რეაქცია გამოიწვია. შენიშვნები დავიმსახურეთ: მანდ რა კულტურულ რევოლუციებს მართავთო.

ამის შემდეგ ვთარგმნე შუა საუკუნეების იაპონური პოემა,  ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა“. ამ ნაწარმოებზე  მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლიც დაიდგა. მერე ეს სპექტაკლი წაიღეს პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში... წაიღეს ტოკიოშიც, ძალიან წარმატებული სპექტაკლი იყო. ასევე წარმატებული აღმოჩნდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების თემაზე შექმნილი პიესა „გამოიღვიძე ქნარო“. მის მიხედვით  სპექტაკლი კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრში დადგა.  პრემიერა თელავივში გაიმართა.

მსოფლიო კლასიკის ნიმუშების თარგმანი მოგვიანებით, დიდ  წიგნად გამოიცა, მასში  შედის პეტრარკა, დანტე, მიქელანჯელო, ანტონიო ვივალდი (ის ლექსებსაც წერდა), შექსპირის აქამდე უთარგმნელი პოემა, ჩიკამაცუც.

- შექსპირის რომელი პოემა თარგმნეთ?

- „პატივაყრილი ლუკრეცია“.  ეს არ არის დრამატურგია, ეს არის წმინდა პოემა. ამ თარგმანმა 1991 წელს პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მიიღო.

- ბიბლიური ფსალმუნებიც გაქვთ ნათარგმნი, ეს არ იყო რთული?

- 150 ფსალმუნი ვთარგმნე, ამ თარგმანებმა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია დაიმსახურა. 1994 წელს სახელმწიფო პრემიაც მომანიჭეს. პრემიების მიმართ ცოტა ზერელე დამოკიდებულება მქონდა, დიდად არ ვიყავი ამით დაინტერესებული. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი და  მწერალი რეზო ჯაფარიძე შემხვდა, მომესალმა და მითხრა, გილოცავო, რას მილოცავ-მეთქი? დღეს კომიტეტის სხდომა იყო სახელმწიფო პრემიის მინიჭებაზე და კომისიის ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი არც მომხდარა,  66 წევრიდან არც ერთი  ყოფილა წინააღმდეგი თქვენთვის სახელმწიფო პრემიის მინიჭებაზეო. ძალიან ცუდი რამე მითხარი, კარგ კაცს ერთი მტერი მაინც უნდა ჰყავდეს-მეთქი,- ვუთხარი ხუმრობით.  სრული მხარდაჭერა სახელმწიფო კომისიისგან ჩემ გარდა მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს ჰქონდა.

-შემოქმედებით სფეროში ასეთი წარმატების მქონე ადამიანმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ ხელისუფლებაში საქმიანობა?  თქვენ  საქართველოს პარლამენტის წევრი 3-ჯერ იყავით...

-პარლამენტში 1992 წლიდან  2004 წლამდე ვიყავი. ეს მძიმე წლები იყო, ქვეყანას პრობლემები ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით. საზოგადოებრივ საქმიანობაში პარლამენტარობა ხელს არ მიშლიდა. ალბათ გინახავთ ებრაული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ერთი თავი ცისკენ არის მიმართული, მეორე - მიწისკენ. ეს სიმბოლურია და ნიშნავს იმას რომ, ადამიანი არის ზეცისა და მიწის კავშირი. ცნობილი ებრაული გამოთქმაა: თუ ბიბლია არ არსებობს, არ არსებობს ფქვილი. ფქვილი არის მატერიალური საწყისი, ყოველდღიური გარჯა, დავარქვათ ამას პარლამენტი, ბიბლია კი არის სულიერების სფერო, ის, რაც ზეცას მიეკუთვნება. ჩემი ცხოვრება ისე არის აწყობილი, რომ  „ფქვილს“ ვემსახურები დიპლომატიურ სფეროში საქმიანობით, პარლამენტში საქმიანობით, კონგრესის  გენერალური დირექტორობით.  დანარჩენი რაც სულის პრეროგატივაა ეს არის ჩემი შემოქმედება, რომელიც ღამის განმარტოების, ჩემ თავთან მარტო დარჩენისა და ჩაძიების შედეგად იქმნება. თუ ადამიანი საკუთარ თავს ჩაეძიება აუცილებლად იპოვის იქ სულიერ ფასეულობებს.

სტუდენტებთან ლექციებს რომ ვკითხულობდი, ყოველთვის ვეუბნებოდი, ყოველი ებრაელი, რომელიც არაებრაულ ქვეყანაში ცხოვრობს, ორსახოვანია - აქვს ფასადი და ინტერიერი, ეს ტენდენცია  სინაგოგებსაც ეტყობა, ყველა სინაგოგა აგებულია იმ არქიტექტურული ლოკალის მიხედვით, რომელიც იმ ქვეყანაშია სადაც ეს სინაგოგა მდებარეობს, ინტერიერი კი ყველას ერთი აქვს - ებრაული ფასეულობები, პრინციპები, პოსტულატები.

-თქვენ ბრძანდებით საპატიო თბილისელი. რა შეგიძლიათ უთხრათ  ქართველ ემიგრანტებს დღევანდელი თბილისის შესახებ? რით განსხვავდება დღევანდელი თბილისი, თუნდაც 90-იანი წლების თბილისისგან?

- თბილისი საოცარი ქალაქია, აქ რომ ხარ ამას ვერ აცნობიერებ, მაგრამ საკმარისია,  რამდენიმე თვით წახვიდე და უკვე გენატრება. თბილისის ფენომენს ვერაფერს შეადარებ.  ეს არის პოლიფონიური ქალაქი ათასი ხმით, ათასი ფერით...

ამ დღეებში თბილისის ქუჩებში დავდიოდი და ვაკვირდებოდი ქალაქს, ადამიანებს. თბილისს  დღეს  ჭეშმარიტი თბილისური იერი აქვს დაბრუნებული. კომუნისტების დროს ის სხვანაირი ფერუმარილებით იყო შეღებილი. 

რუსეთის იმპერიაში ებრაელებს  დიდ ქალაქებში დასახლების უფლება არ ჰქონდათ. თბილისში კი  ასეთი აკრძალვა არ იყო, ევროპიდან ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ ებრაელები. ერთ დღეს იმპერიიდან მოითხოვეს, აღერიცხათ, თუ რამდენი ევროპელი ებრაელი იყო თბილისში. თუ ბევრი აღმოჩნდებოდა, უკან უნდა გაეხმოთ. თბილისის ხელისუფლებამ პასუხად  მისწერა: თბილისში  ევროპული წარმომავლობის მხოლოდ ხუთი ებრაელი გვყავს,  ისინი უნიკალურ ხელობებს ემსახურებიან და ქალაქს ძალიან სჭირდებიან. სინამდვილეში კი მათი რიცხვი ასობით იყო.

-რას უსურვებდით ჩვენს გაზეთს და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს?

- გაზეთს ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს კი - დიდ სიხარულსა და ბედნიერებას. ისინი ადრე თუ გვიან ამ ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილი გახდებიან.  ვუსურვებდი არ მოწყვეტოდნენ საკუთარ ფესვებს. ადამიანი მდიდარია მაშინ, როდესაც აქვს  ფესვები, სხვაგვარად მხოლოდ მოჭრილ ხეს ჰგავს.

ისრაელში საქართველოს საელჩოში რომ ვმუშაობდი, თელავივში რაფი ბარლავის სახელობის ქუჩა გაიხსნა. რაფი ბარლავი (ბალუაშვილი) იყო კაცი, რომელმაც დიდი სიკეთე მოუტანა ისრაელს, მაგრამ არასდროს დავიწყებია თავისი ქართული ფესვები. ისრაელის ხელისუფლებასთან მეგობრობდა და ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს - ლობიერებდა ქართული ცეკვისა და მუსიკის ანსამბლებს.

რუსთაველის ფრესკის აღმოჩენაში, რომელსაც 1960 წელს  ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა მიაკვლიეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის რაფი ბარლავს. ჯვრის მონასტერს მაშინაც ბერძნები ეპატრონებოდნენ და ჩვენს მეცნიერებს იქ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ბერძნული საპატრიარქო მათ ამის ნებართვას არ აძლევდა.

რაფი ბარლავი ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა იქ ჩასულ ქართველ მეცნიერებს და ასეთი „ტრიუკი“ მოიგონა: ჯვრის მონასტრის ბერებთან მივიდა და სატრაპეზოში დაპატიჟა ქართული ღვინით ყელის გასასველებლად, მალე ისე გამოათრო ბერები, რომ ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ. ამასობაში  ჩვენი მეცნიერები მონასტრის კედელს ფხეკდნენ და ფხეკდნენ. ფრესკასაც მიაკვლიეს. მეორე დღეს, ბერები რომ გამოფხიზლდნენ, რაფი ბარლავს პოლიციაში უჩივლეს, ბარლავი დაიჭირეს. მაგრამ საქმეში ჩაერიენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები და  გაათავისუფლეს.  რაფი ბარლავი იყო ებრაელი, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა ისრაელისთვის, მაგრამ თავის ფესვებს, საქართველოს, არასდროს დაშორებია, 1991 წელს, საქართველოში მიწისძვრა რომ მოხდა, ის თვითმფრინავით ჩამოფრინდა და დაზარალებულებს მედიკამენტები ჩამოუტანა. 1993 წელს გარდაიცვალა.   საოცარი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოს პატრიარქთან - ისრაელური და ქართული ცხოვრებით ცხოვრობდა. ბარლავის მაგალითი ემიგრანტობის და პატრიოტიზმის  ქრესტომათიული მაგალითია. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, დიდი წარმატებული ყოფა ჰქონოდეთ, იმ ქვეყნის ორგანული ნაწილი გამხდარიყვნენ, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ ფესვები არასდროს დაეკარგოთ.

მადლენა მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი

პუბლიკაცია მომზადებულია ნიუ-იორკში გამომავალი გამოცემისთვის