უკვე ორი წელიწადია, ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორის
მოვალეობას ასრულებს. ძირითადად, თელავივშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა და თბილისსაც
ვერ ელევა, თბილისის სიყვარული 2004 წელს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებით დაუფასეს.
საყვარელ ქალაქში მოდის ყოველთვის, როცა ამის დრო და საშუალება აქვს. მწერალს, მთარგმნელსა
და საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ აჯიაშვილს, ჩვენ,
თბილისში, ვერაზე მდებარე სახლში შევხვდით. ბატონი ჯემალი საკუთარი შემოქმედების გარდა,
ემიგრანტების შესახებაც გვესაუბრა და რაფი ბარლავის, როგორც ემიგრანტის, ცხოვრებიდან
საინტერესო ეპიზოდიც მოგვიყვა.
ჯემალ აჯიაშვილი: ბოლო წლებში, ისრაელში საქართველოს საელჩოში უფროსი
მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობდი, შემდეგ
ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესში მთხოვეს დარჩენა. კონგრესი 8 წლის წინ
შეიქმნა. ჩვენი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებულ საქართველოს ებრაელებთან
ურთიერთობაა.
საქართველოს
ებრაელები ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისრაელის
შემდეგ ყველაზე ბევრი ებრაელი საქართველოში
ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ მიზერია იმისა, რაც ადრე იყო. მათი რეპატრიაცია გასული საუკუნის
60-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
ქართველი ებრაელების
დამსახურება ებრაული სამყაროს წინაშე ის იყო,
რომ მათ პირველებმა გახსნეს საბჭოთა რკინის ფარდა. ყველაფერი გააკეთეს დახშული წრის
გასარღვევად. ბოლშევიკური მთავრობა იძულებული გახადეს, დათმობაზე წასულიყო. საბჭოთა
კავშირიდან პირველი დიდი „ალია“ ქართველმა
ებრაელებმა დაიწყეს, მერე მათ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ებრაელებმაც მიბაძეს. დღეს
ისრაელში 80 ათასზე მეტი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.
-ამერიკის შეერთებულ
შტატებში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან თუ გაქვთ კავშირები?
-ამერიკის
შეერთებულ შტატებში - 8 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ხშირად დავდივარ ვაშინგტონში, სადაც ამერიკის ებრაული ლობისა და
ამერიკის ებრაული კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება შეკრება, კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ხარისი ძალიან საინტერესო
პიროვნებაა. ახლო ურთიერთობა აქვს თეთრ სახლთან, პრეზიდენტთან. ებრაული კომიტეტის სხდომებს
ამერიკის პრეზიდენტი თითქმის ყოველთვის ესწრება, სიტყვით გამოდის და ვახშამზეც რჩება
ხოლმე. ეს შეხვედრები, კომიტეტის შექმნის თარიღს
უკავშირდება და, ტრადიციულად, მაისის პირველ
დეკადაში იმართება. ამ შეკრებებზე, სადაც მე
საქართველოს წარმოვადგენ, ხშირად შევხვედრივარ
პრეზიდენტ ბუშს, მადლენ ოლბრაიტს, კლინტონს. ობამას ჯერ არ შევხვედრილვარ.
ქართველი ებრაელები ასევე ცხოვრობენ ბელგიაში, ავსტრიაში,
ავსტრალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში. საფრანგეთში სხვა
ქართველ ებრაელებთან ერთად, იოსებ ელიგულაშვილის ოჯახიც ცხოვრობს, იოსებ ელიგულაშვილი
ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი იყო და მასვე
გაჰყვა ემიგრაციაში, ელიგულაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის იმ ქართული საგანძურის
გადარჩენაში, რომელიც მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა, ამ
საკითხზე მთელი იურიდიული პროცედურა ელიგულაშვილმა უზრუნველყო. მისი ძმისშივილი ლეო ელიგულაშვილი საქართველოშიც
იყო ჩამოსული. ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად.
ქართველი ებრაელების ახალი თაობა ემიგრაციაში იბადება,
იზრდებიან იმ ქვეყნის ტრადიციებით, სადაც ცხოვრობენ. კონგრესის ფუნქცია მათი შეკავშირებაა, ვცდილობთ ახალ
თაობებს ავუხსნათ, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ. ეს თაობა არ უნდა დარჩეს ფესვების
გარეშე.
-ქართველი საზოგადოება
თქვენ გიცნობთ როგორც წარმატებულ პოეტს, მთარგმნელს, როდის და რატომ დაინტერესდით ამ
საქმიანობით?
-ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. ვწერდი სტუდენტობის დროსაც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე - ირანული
ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველად რუსულიდან ვთარგმნე. მეორე კურსზე კი უკვე
სპარსული პოეზია ვთარგმნე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ირანში წავედი
და სამი წელიწადი თარჯიმნად ვმუშაობდი. მაშინ
ირანში შაჰის პერიოდი იყო და ირანი ამერიკული ორიენტაციისა და ევროპული ღირებულებების
პატივისმცემელი ქვეყანად მიიჩნეოდა. მერე ხელისუფლებაში
კლერიკალური ფენა მოვიდა და ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.
1971 წელს შაჰის
ინიციატივით, ირანის სამეფო დინასტიის მმართველობის 2 500 წლის აღსანიშნავად,
უზარმაზარი ზეიმი გაიმართა. გრანდიოზული ზეიმი პერსეპოლისში, ირანის პირველი მეფის
კიროსის საფლავის მიდამოებში მოეწყო. თავის
დროზე ეს ქალაქი ალექსანდრე მაკედონელმა დაანგრია, მაგრამ ნანგრევებიც შთამბეჭდავია
და დიდ გავლენას ახდენს მნახველზე. ზეიმზე
შაჰი დედოფალთან ერთად წარსდგა ხალხის წინაშე და ამაღელვებელი სიტყვით მიმართა თავის
წინაპარს, რომელიც ასეთი ფრაზით დაასრულა,
„იძინე მშვიდად, რამეთუ ჩვენ ვფხიზლობთ“. ეს სიფხიზლე ხანგრძლივი ვერ გამოდგა, ზუსტად
7 წელიწადში ხელისუფლებაში აიათოლა ჰომეინი
მოვიდა და ირანი შუა საუკუნეებში დააბრუნა.
საქართველოში
დაბრუნების შემდეგ ჩემ მიერ თარგმნილი სპარსული პოეზია ჟურნალ „სხივში“ დაიბეჭდა, თარგმანები იბეჭდებოდა
ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარშიც“. 1979 წელს უკვე გამოვიდა ჩემი პირველი კრებული - შუა
საუკუნეების ებრაული პოეზია. დღეს სამი ასეთი გამოცემა არსებობს. ამ კრებულებს დიდი
გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ ასამდე სამეცნიერო წერილი და გამოკვლევა დაიწერა.
„გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა: „მაგიდასთან ჩამომსხდარი ხალხი სუნთქვაშეკრული
ადევნებდა თვალს 1979 წლის საბჭოთა კავშირისთვის გაუგონარ ტელესანახაობას, ეს იყო 50-წუთიანი
პროგრამა, შეღამებულზე, საჩვენებლად ყველაზე მარჯვედ შერჩეულ დროს. მსახიობი ქალი კითხულობდა მე-11 საუკუნის
ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის, ეჰუდა ჰალინის ლექსთა ქართულად თარგმანს.“
საბჭოთა კავშირში ბიბლია და ბიბლიაზე ორიენტირებული ყოველგვარი კულტურა
აკრძალული იყო. თბილისში მომზადებული ტელეგადაცემა
იმდენად გახმაურდა, რომ მოსკოვში საოცარი რეაქცია გამოიწვია. შენიშვნები დავიმსახურეთ:
მანდ რა კულტურულ რევოლუციებს მართავთო.
ამის შემდეგ ვთარგმნე შუა საუკუნეების იაპონური პოემა,
ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა“. ამ
ნაწარმოებზე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლიც
დაიდგა. მერე ეს სპექტაკლი წაიღეს პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში... წაიღეს ტოკიოშიც,
ძალიან წარმატებული სპექტაკლი იყო. ასევე
წარმატებული აღმოჩნდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების თემაზე შექმნილი პიესა „გამოიღვიძე
ქნარო“. მის მიხედვით სპექტაკლი კოტე
მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრში დადგა. პრემიერა
თელავივში გაიმართა.
მსოფლიო კლასიკის ნიმუშების
თარგმანი მოგვიანებით, დიდ წიგნად გამოიცა, მასში შედის პეტრარკა, დანტე, მიქელანჯელო, ანტონიო ვივალდი
(ის ლექსებსაც წერდა), შექსპირის აქამდე უთარგმნელი პოემა, ჩიკამაცუც.
- შექსპირის რომელი
პოემა თარგმნეთ?
- „პატივაყრილი ლუკრეცია“. ეს არ არის დრამატურგია, ეს არის წმინდა პოემა. ამ
თარგმანმა 1991 წელს პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში ილია ჭავჭავაძის სახელობის
პრემია მიიღო.
- ბიბლიური ფსალმუნებიც
გაქვთ ნათარგმნი, ეს არ იყო რთული?
- 150 ფსალმუნი ვთარგმნე, ამ თარგმანებმა ივანე მაჩაბლის
სახელობის პრემია დაიმსახურა. 1994 წელს სახელმწიფო პრემიაც მომანიჭეს. პრემიების მიმართ
ცოტა ზერელე დამოკიდებულება მქონდა, დიდად არ ვიყავი ამით დაინტერესებული. ერთ დღეს
ქუჩაში მივდიოდი და მწერალი რეზო ჯაფარიძე
შემხვდა, მომესალმა და მითხრა, გილოცავო, რას მილოცავ-მეთქი? დღეს კომიტეტის სხდომა
იყო სახელმწიფო პრემიის მინიჭებაზე და კომისიის ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი არც მომხდარა,
66 წევრიდან არც ერთი ყოფილა წინააღმდეგი თქვენთვის სახელმწიფო პრემიის
მინიჭებაზეო. ძალიან ცუდი რამე მითხარი, კარგ კაცს ერთი მტერი მაინც უნდა ჰყავდეს-მეთქი,-
ვუთხარი ხუმრობით. სრული მხარდაჭერა სახელმწიფო
კომისიისგან ჩემ გარდა მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს ჰქონდა.
-შემოქმედებით
სფეროში ასეთი წარმატების მქონე ადამიანმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ ხელისუფლებაში
საქმიანობა? თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი 3-ჯერ იყავით...
-პარლამენტში 1992 წლიდან 2004 წლამდე ვიყავი. ეს მძიმე წლები იყო, ქვეყანას
პრობლემები ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით. საზოგადოებრივ საქმიანობაში პარლამენტარობა
ხელს არ მიშლიდა. ალბათ გინახავთ ებრაული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ერთი თავი
ცისკენ არის მიმართული, მეორე - მიწისკენ. ეს სიმბოლურია და ნიშნავს იმას რომ, ადამიანი
არის ზეცისა და მიწის კავშირი. ცნობილი ებრაული გამოთქმაა: თუ ბიბლია არ არსებობს,
არ არსებობს ფქვილი. ფქვილი არის მატერიალური საწყისი, ყოველდღიური გარჯა, დავარქვათ
ამას პარლამენტი, ბიბლია კი არის სულიერების სფერო, ის, რაც ზეცას მიეკუთვნება. ჩემი
ცხოვრება ისე არის აწყობილი, რომ „ფქვილს“
ვემსახურები დიპლომატიურ სფეროში საქმიანობით, პარლამენტში საქმიანობით, კონგრესის
გენერალური დირექტორობით. დანარჩენი რაც სულის პრეროგატივაა ეს არის ჩემი შემოქმედება,
რომელიც ღამის განმარტოების, ჩემ თავთან მარტო დარჩენისა და ჩაძიების შედეგად იქმნება.
თუ ადამიანი საკუთარ თავს ჩაეძიება აუცილებლად იპოვის იქ სულიერ ფასეულობებს.
სტუდენტებთან ლექციებს რომ ვკითხულობდი, ყოველთვის ვეუბნებოდი,
ყოველი ებრაელი, რომელიც არაებრაულ ქვეყანაში ცხოვრობს, ორსახოვანია - აქვს ფასადი
და ინტერიერი, ეს ტენდენცია სინაგოგებსაც ეტყობა,
ყველა სინაგოგა აგებულია იმ არქიტექტურული ლოკალის მიხედვით, რომელიც იმ ქვეყანაშია
სადაც ეს სინაგოგა მდებარეობს, ინტერიერი კი ყველას ერთი აქვს - ებრაული ფასეულობები,
პრინციპები, პოსტულატები.
-თქვენ ბრძანდებით
საპატიო თბილისელი. რა შეგიძლიათ უთხრათ ქართველ
ემიგრანტებს დღევანდელი თბილისის შესახებ? რით განსხვავდება დღევანდელი თბილისი, თუნდაც
90-იანი წლების თბილისისგან?
- თბილისი საოცარი ქალაქია, აქ რომ ხარ ამას ვერ აცნობიერებ,
მაგრამ საკმარისია, რამდენიმე თვით წახვიდე
და უკვე გენატრება. თბილისის ფენომენს ვერაფერს შეადარებ. ეს არის პოლიფონიური ქალაქი ათასი ხმით, ათასი ფერით...
ამ დღეებში თბილისის ქუჩებში დავდიოდი და ვაკვირდებოდი
ქალაქს, ადამიანებს. თბილისს დღეს ჭეშმარიტი თბილისური იერი აქვს დაბრუნებული. კომუნისტების
დროს ის სხვანაირი ფერუმარილებით იყო შეღებილი.
რუსეთის იმპერიაში ებრაელებს დიდ ქალაქებში დასახლების უფლება არ ჰქონდათ. თბილისში
კი ასეთი აკრძალვა არ იყო, ევროპიდან ჩამოდიოდნენ
და სახლდებოდნენ ებრაელები. ერთ დღეს იმპერიიდან მოითხოვეს, აღერიცხათ, თუ რამდენი
ევროპელი ებრაელი იყო თბილისში. თუ ბევრი აღმოჩნდებოდა, უკან უნდა გაეხმოთ. თბილისის
ხელისუფლებამ პასუხად მისწერა: თბილისში ევროპული წარმომავლობის მხოლოდ ხუთი ებრაელი გვყავს,
ისინი უნიკალურ ხელობებს ემსახურებიან და ქალაქს
ძალიან სჭირდებიან. სინამდვილეში კი მათი რიცხვი ასობით იყო.
-რას უსურვებდით
ჩვენს გაზეთს და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს?
- გაზეთს ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ამერიკაში
მცხოვრებ ემიგრანტებს კი - დიდ სიხარულსა და ბედნიერებას. ისინი ადრე თუ გვიან ამ ქვეყნის
ინტეგრირებული ნაწილი გახდებიან. ვუსურვებდი
არ მოწყვეტოდნენ საკუთარ ფესვებს. ადამიანი მდიდარია მაშინ, როდესაც აქვს ფესვები, სხვაგვარად მხოლოდ მოჭრილ ხეს ჰგავს.
ისრაელში საქართველოს საელჩოში რომ ვმუშაობდი, თელავივში
რაფი ბარლავის სახელობის ქუჩა გაიხსნა. რაფი ბარლავი (ბალუაშვილი) იყო კაცი, რომელმაც
დიდი სიკეთე მოუტანა ისრაელს, მაგრამ არასდროს დავიწყებია თავისი ქართული ფესვები.
ისრაელის ხელისუფლებასთან მეგობრობდა და ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციას
უწყობდა ხელს - ლობიერებდა ქართული ცეკვისა და მუსიკის ანსამბლებს.
რუსთაველის ფრესკის აღმოჩენაში, რომელსაც 1960 წელს
ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი
წერეთელმა მიაკვლიეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის რაფი ბარლავს. ჯვრის მონასტერს მაშინაც
ბერძნები ეპატრონებოდნენ და ჩვენს მეცნიერებს იქ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
ბერძნული საპატრიარქო მათ ამის ნებართვას არ აძლევდა.
რაფი ბარლავი ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა იქ ჩასულ
ქართველ მეცნიერებს და ასეთი „ტრიუკი“ მოიგონა: ჯვრის მონასტრის ბერებთან მივიდა და
სატრაპეზოში დაპატიჟა ქართული ღვინით ყელის გასასველებლად, მალე ისე გამოათრო ბერები,
რომ ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ. ამასობაში
ჩვენი მეცნიერები მონასტრის კედელს ფხეკდნენ და ფხეკდნენ. ფრესკასაც მიაკვლიეს.
მეორე დღეს, ბერები რომ გამოფხიზლდნენ, რაფი ბარლავს პოლიციაში უჩივლეს, ბარლავი დაიჭირეს.
მაგრამ საქმეში ჩაერიენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები და გაათავისუფლეს. რაფი ბარლავი იყო ებრაელი, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა
ისრაელისთვის, მაგრამ თავის ფესვებს, საქართველოს, არასდროს დაშორებია, 1991 წელს,
საქართველოში მიწისძვრა რომ მოხდა, ის თვითმფრინავით ჩამოფრინდა და დაზარალებულებს
მედიკამენტები ჩამოუტანა. 1993 წელს გარდაიცვალა. საოცარი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოს პატრიარქთან
- ისრაელური და ქართული ცხოვრებით ცხოვრობდა. ბარლავის მაგალითი ემიგრანტობის და პატრიოტიზმის
ქრესტომათიული მაგალითია. ყველა ემიგრანტს
ვუსურვებ, დიდი წარმატებული ყოფა ჰქონოდეთ, იმ ქვეყნის ორგანული ნაწილი გამხდარიყვნენ,
სადაც ცხოვრობენ, მაგრამ ფესვები არასდროს დაეკარგოთ.
მადლენა მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი
პუბლიკაცია მომზადებულია ნიუ-იორკში გამომავალი გამოცემისთვის
პუბლიკაცია მომზადებულია ნიუ-იორკში გამომავალი გამოცემისთვის
0 comments:
Post a Comment