Saturday, July 23, 2011


ვახტანგ მაისაია: „დავისაჯე იმიტომ, რომ არ ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია“

ექსკლუზივი ციხიდან
ავტორი: მადლენა მაჭარაშვილი

ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის მაისში დააკავეს. წინასწარი გამოძიების დროს მან აღიარებით ჩვენება მისცა, თუმცა სასამართლოზე ბრალი არ უღიარებია. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაისაია სასჯელს რუსთავის N 2 საპყრობილეში იხდის.
ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ ჯაშუშობის თემა საქართველოში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ამიტომ ინტერნეტგაზეთი „ტრიბუნა.ge" ვახტანგ მაისაიას ციხეში დაუკავშირდა. მკითხველს აქვე ვაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვებზე ბატონი ვახტანგის პასუხები ფოტორეპორტიორთა საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვამდე მომზადდა. რადგან ციხეში რესპონდენტთან დაკავშირება გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს, ინტერვიუსთვის, ფოტოგრაფთა სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, კითხვების დამატება აღარ გვიცდია.

-ბატონო ვახტანგ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა. დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებების მიუხედვად, საზოგადოება არ ენდობა სამართალდამცავების ბრალდებებს და კვლავ აგრძელებს სოლიდარობის აქციებს. თქვენ, როგორც ამავე ბრალდებით დაკავებული ადამიანი, როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის საზოგადოების აქტივობა? რა გავლენას იქონიებს ამ პროცესებზე?

- სოლიდარობის აქციებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი გამარჯვებაა რასაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს. მე მახსსენდება "პირველი ჯაშუშის" სიმონ კილაძის კომენტარი, რომელიც ჩემი დაკავების შემდეგ მისცა ჟურნალისტებს – მე რომ მაისაიას ადგილას ვიყო, ამ გადასახედიდან, არ ვაღიარებდი და ბოლომდე ვიბრძოლებდი, რადგანაც ამ ტვირთით ცხოვრება ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა რომ თავისუფალი ვარო. ამ სიტყვებმა ჩემში გარდატეხა მოახდინა. იმავეს ვეტყოდი ფოტორეპორტიორებს. მათ უაღრესად დიდი მხარდაჭერა აქვთ და ამაყად შეუძლიათ, ბრძოლა გააგრძელონ.

- დაპატიმრების შემდეგ, წინასწარი გამოძიების პერიოდში, თქვენც მიეცით აღიარებითი ჩვენება სამართალდამცავებს. რა იყო ამის მიზეზი - იძულება?

- სამწუხაროდ, ზეწოლა ძალიან დიდი იყო.

-რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა თქვენზე აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად?

- შოკის მომგვრელი იყო, როცა ლექციების მერე დამაკავეს და მოდულის შენობაში აღმოვჩნდი, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. რაღაც ზღაპრებს მიყვებოდნენ, თითქოს, ჩემი კოლეგები უკრაინასა და სლოვაკეთში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით და მათ მე დამასახელეს, როგორც მათი აგენტი.

შემდეგ ჩემს დასაკითხად შემოვიდა ვიღაც "სპარტაკი", რომელიც, თითქოს, „ეფ-ეს-ბეს" აგენტი იყო და ამბობდა, რომ ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ რუსებს. მოკლედ, ძალიან აბსურდული იყო ყველაფერი, აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი. მაიძულებდნენ ნებით მეთანამშრომლა მათთან, რადგან ეს სასიკეთო იქნებოდა ჩემთვის. შემდეგ უკვე დაიწყო მუქარა. გასროლის იმიტაცია, თვითმკვლელობის გათამაშება, მეუღლის მოყვანა მოდულის შენობაში და დაპატიმრება. ბოლო მუქარამ გამტეხა. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მინერალურ წყალში, რომელსაც დიდი მონდომებით მთავაზობდნენ, რაღაც ფსიქოტროპული ნივთიერება იყო გარეული. მინდა გითხრათ, რომ ეს მუქარებიც, რომ არ ყოფილიყო ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია, როცა გეუბნებიან, რომ ორი არჩევანი გაქვს, ერთი – აღიარება და საპროცესო გარიგების შედეგად პირობითი სასჯელი (ანუ თავისუფლება), და მეორე – 20 წლით პატიმრობა და ჯოჯოხეთის მოწყობა საპყრობილეში. ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგები...

-სასამართლო პროცესებზე წაყენებულ ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ მიიჩნიეთ. ამ დროს აღარ იყო ზეწოლა?

- ორი თვე სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. ადვოკატი, ფაქტობრივად, პროკურორზე კარგად მუშაობდა. მერე სხვა ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ მითხრა, რომ ჩემს ოჯახს საფრთხე არ ემუქრებიოდა და მუქარა გაზვიადებული იყო. რაც მთავარია, ჩემი კოლეგების ჯაშუშობა კონტდაზვერვის ზღაპრები იყო და გამოძიებასთან ჩემი თანამშრომლობა ნიშნავდა ჩემი ჩვენების საფუძველზე უდანაშაულო ხალხის დაჭრას.

ეს ისეთი სიბინძურეა, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, არ უნდა იკადრო. ზეწოლა ძალიან დიდი იყო, მაგრამ მე სასამართლოზე არ ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ არასდროს მიღიარებია "ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ". თუ ყურადღებით მოისმენთ ჩემს სატელევიზიო ეგრეთწოდებულ "აღიარებით ჩვენებას", იქ მე ვამბობ, რომ სლოვაკეთის დაზვერვას ვაწვდიდი ვითომ ოპერატიულ მასალებს, რაც ნიშნავდა, რომ მე ვიყავი ჩვენი მოკავშირე ქვეყნის "ჯაშუში".

-გთავაზობდნენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას აღიარების სანაცვლოდ და შესაბამისი თანხის გარდა რა "ვალდებულებებს" გაკისრებდათ თქვენ ამ წინადადებაზე დათანხმება?

-როგორც აღვნიშნე, აღიარებას მოჰყვებოდა საპროცესო გარიგება: წელიწადნახევარი რეალური სასჯელი და რამდენიმე წელი პირობითი, ბრალს წამიყენებდნენ 314-ე მუხლის I ნაწილით, სლოვაკეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო. ფულად ჯარიმაზე საუბარი არ იყო, რადგანაც სამართალდამცავებთან სხვა პირების დასახელებით უნდა მეთანამშრომლა. რაც, რა თქმა უნდა, აბსურდული ბრალდებები იქნებოდა და მეტად დაამტკიცებდა ჩვენი კონტდაზვერვის არაპროფესიონალიზმს.

-ფოტორეპორტიორების ჯაშუშური საქმიანობის დასაწყისად, სამართალდამცავი უწყებები 2002 და 2004 წლებს ასახელებენ, თქვენ საქმიანობასაც დაახლოებით ამ პერიოდიდან მიიჩნევდნენ ისინი საეჭვოდ. როგორ ფიქრობთ, რატომ? რატომ არის ეს წლები საინტერესო "ჯაშუშობის დაწყების" თვალსაზრისით?

-ეს ვითომდა "დავერბოვკების" წლები, პიარის ნაწილია. და ხაზს უსვამს იმას რომ, თითქოს, შევარდნაძის პერიოდში რუსული პოლიტიკა ტარდებოდა და როგორც კი ახალი პროდასავლური ხელისუფლება მოვიდოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის სახით, რუსეთი დაკარგავდა საკუთარ გავლენას - ინფორმაცია პირდაპირ აღარ გავიდოდა. ამიტომაც იყო საჭირო თადარიგის დაჭერა და "გრანდიოზული ჯაშუშური" ქსელის შექმნა, რომელიც უზრულყოფდა ინფორმაციის გატანას საქართველოდან.

ამავე დროს, სააკაშვილს მუდამ სჭირდება, დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ის და მისი გუნდი საფრთხის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, რადგანაც ის ერთადერთი პროდასავლური ძალაა, და ის თუ დამარცხდება, საქართველოში აუცილებლად პრორუსული ძალები მოვლენ სათავეში.

ფაქტობრივად, სააკაშვილი მუდამ აშანტაჟებს დასავლეთს, და თავს წარმოუდგენს მას რუსეთთან შეურიგებელ ძალად. ხელისუფლებისთვის მაინც რუსეთის "ჯაშუში" ვარ და... ნახევრად ხუმრობით მაინც ვიტყვი - რუსეთის დაზვერვაზე ძალიან მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ, თუ ჰგონიათ, რომ ისინი ჩემს იმედად იყვნენ აგვისტოს ომის დროს, ან ჩვენი ფოტოგრაფების იმედად იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვა "კოჭოიაზე"...

- ადამიანებს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით კვლავ აკავებენ, თუმცა, ბოლო პერიოდში ჯაშუშების თემა გაცილებით უფრო აქტუალური გახდა. თქვენ როგორ ახსნით ამას? რა ტენდენციაზე მიანიშნებს?

-პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა უმრავლესობა სწორედ იარაღისა და ნარკოტიკების მუხლებით არის გასამართლებული. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ამ საქმეების ობიექტურად შესწავლამ ცხადყო, რომ ისინი ძირითადად ერთი ხელწერით არის გაყალბებული. ამაზე უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც დაფიქრდა, ლოგიკური კითხვა გაჩნდა: ყველა პოლიტპატიმარი როგორ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და კრიმინალი? ამიტომ იყო საჭირო რაღაც ახალი სატყუარა გადაეგდოთ დასავლეთისთვის და ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სწამს ამ ხელისუფლების. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პასუხში ნახსენები პიარის ფაქტორი.

-არსებობს ვარაუდი და მას, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო ღალატისა და რუსეთთან ჯაშუშობის თემა ხელისუფლებისთვის უფრო საინტერესო იმის გამოც არის, რომ აღნიშნული ბრალდებით დაკავებული ადამიანების საქმეებით ნაკლებად ინტერესდებიან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

-მართალს ბრძანებთ, დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ "ჯაშუშური" ბრალდებით ტყუილად იჭერენ ხალხს, ძალიან ძნელია და, შესაბამისად, მათი მხარდაჭერაც რთული მოსაპოვებელია. ეს ბრალდება ხომ ყველაზე ამორალურია, კეთროვანივით გაურბის ყველა ამ ბრალდებით გასამართლებულებს. თუმცა ჩვენს სასაცილო სიტუაციაში უკვე ძალიან პოპულარული გახდა ეს „პროფესია".

-სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯათ, რაც იურისტების თქმით, წაყენებული ბრალდებისთვისაც კი მკაცრი სასჯელია. რას გვეტყოდით სამწლიანი პატიმრობის გადასახედიდან, რატომ დაისაჯეთ ასე მკაცრად?

-როგორც ყველა პოლიტპატიმარი, მეც დავისაჯე იმიტომ, რომ არ ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია. ჩვენი ხელისუფლება ხომ ვერ ეგუება თავისუფალი ნების ხალხს. რადგან ჩვენ ყველაზე დიდი მტრები ვართ ამ რეჟიმის, რომელიც დღითიდღე ემსგავსება "პოლპოტის" რეჟიმს.

- რას ურჩევდით ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებს სასამართლოს წინ?

-მათ დიდი მხარდაჭრა აქვთ. ძალიან დიდი გმირობაა, რასაც მათი კოლეგები აკეთებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მართალი საქმე ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს. ჩვენი, უკვე დასჯილი პოლიტპატიმრების თხოვნაა, ნუ დაგვივიწყებს საზოგადოება და მოგვცენ იმის რწმენა, რომ მარტონი არ ვართ. ამ შემთხვევაში ჩვენი შეუპოვრობა უფრო ძლიერი იქნება.

-წლების უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას და როგორ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- ციხეში ბევრი დრო მაქვს, ამაზე რომ დავფიქრდე. არ ვიქნები მკითხველთან და საკუთარ თავთან მართალი, თუ არ გეტყვით, რომ ხშირად მიფიქრია იმაზე, რომელი სიტუაცია უფრო რთულია – იყო ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდი, თუ იყო ციხის გარეთ – თავისუფალი. თუმცა, თავისუფლება სრულიად არ ნიშნავს საპყრობილის გარეთ ცხოვრებას. შეიძლება, ციხეში იჯდე და იყო თავისუფალი, ისევე, როგორც, გარეთ დასეირნობდე და უპრინციპობა არ გაძლევდეს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას

Saturday, February 12, 2011

სააკაშვილის თებერვალობები



სააკაშვილის თებერვალობები


  მადლენა მაჭარაშვილი

11 თებერვალს პარლამენტში სააკაშვილის მისვლის დრო კიდევ ერთხელ დადგა. პრეზიდენტის ამპლუაში მან პარლამენტს ანგარიში მეშვიდედ ჩააბარა.საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის მეშვიდედ მისვლა მედიას პარლამენტართა რეკორდული ტაშითაც დაამახსოვრდება. თუ წინა გამოსვლების დროს პრეზიდენტს პარლამენტარები, საშუალოდ 15-18-ჯერ უკრავდნენ ტაშს, ამჯერად, ხმამაღალი ტაშით სიტყვა  30-ზე მეტჯერ შეაწყვეტინეს. 

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ანგარიში, წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრით დაიწყო და ისეთი სურათი დახატა,  მსმენელთაგან ბევრმა გაიფიქრა რომ, პრეზიდენტს საკუთარი ანგარიშის ნაცვლად ტრიბუნასთან  ოპოზიციის ლიდერის  სიტყვა დაუდეს და ის მექანიკურად კითხულობდა. 

შემდეგ შეცდომა „გამოასწორა“ და  მისთვის ჩვეული ოპტიმიზმით, 2015 წლის ბედნიერი და რევოლუციური ტემპით განვითარებული საქართველო  დახატა. თუ პრეზიდენტს ვენდობით, სულ რაღაც ოთხი წელიწადი მოგვიწევს მოცდა, 2015 წელს კი შვეციისა და ჰოლანდიის მსგავს ქვეყანაში ვიცხოვრებთ. 

პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიში დებატების ნაწილში მაინც საინტერესო გამოვიდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეძლებისდაგვარად „უმასპინძლეს“ - თორთლაძემ კეკლუცად მოიწონა თავი, ჩახვაძემ მსუბუქი უკმაყოფილება გამოთქვა, ქრისტიან-დემოკრატებმა კი სიტყვა ვეღარ მოზომეს და პრეზიდენტი გააბრაზეს... ოპონენტების მოგერიება სააკაშვილს რომც არ ეცადა, საპარლამენტო უმრავლესობა იმდენად იყო მობილიზებული, რომ  ყველა შეტევას თავადვე მოიგერიებდა. 

ამის დასტურად  ნუგზარ წიკლაურის მსოფლიო  ლიტერატურული შედევრებიდან ციტატებით გაჯერებული გამოსვლის მოხმობაც კმარა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი  გაბაშვილის  თქმით, ოპოზიციის ნახევარი არის არაკომპეტენტური, ხოლო მეორეშეურაცხადი, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქვეყანაში გაიმარჯვოს. საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, კი პრეზიდენტის მოხსენებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ის გამოწვევები, პრობლემები და საკითხები, ომლებზეც ხალხი ფიქრობს და რაც ხალხს სტკივა. მისივე თქმით, როდესაც იცი პრობლემა და იცი მისი მოგვარების გზები, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 დეპუტატების გამოსვლების შემდ მიხეილ სააკაშვილი შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა და  დებატების დროს პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.პრეზიდენტის მომავალ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანო ერთი წლის შემდეგ მოისმენს. მანამდე, ალბათ, საინტერესო იქნება პრეზიდენტის წინა ანგარიშების გახსენება. ანგარიშების ქრონიკა კი 2005 წლის თებერვლიდან იწყება.

 2005 წელი, 10 თებერვალი 

პირველი საანგარიშო მოხსენების დროს სააკაშვილის წინაშე ერთი მთავარი ამოცანა იდგა: მისი გამოსვლა რადიკალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო წინამორბედის, შევარდნაძის საპარლამენტო გამოსვლებისგან. მაშინ, ეს მიზანი მიღწეულად ჩაითვალა. სააკაშვილის ანგარიში ნამდვილად განსხვავებული იყო შევარდნაძის ანგარიშებისგან, მაგრამ არ განსხვავდებოდა თავად პრეზიდენტის სხვა საჯარო გამოსვლებისგან  – ემოციური ხასიათით, შთაბეჭდილებების მოხდენაზე მოთამაშე აქცენტებით, მასების დამორჩილების ტექნოლოგიით...

 მიხეილ სააკაშვილმა პირველი ანგარიშის ჩაბარების დროს პარლამენტში ნოვაცი დანერგა. ეს სიახლე წლის გმირების შერჩევა და პრეზენტაცია გახლდათ. მაშინ, პრეზიდენტმა ჩვენი დროის ახალ გმირებად რეზერვისტები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და საქართველოს ჰიმნის მცოდნე ბავშვები გამოაცხადა. გმირად გამოცხადდა მაშინდელი პარლამენტის წევრი დავით კირკიტაძეც, რომლის საგმირო საქმე ასეთი იყო: პარლამენტის დაცვის თანამშრომელს ჯერ სცემა და შემდეგ ბოდიში მოუხადა. პრეზიდენტმა მაშინ ზედმეტადაც კი შეაქო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერმინისტრად გამწესებული ზურაბ ნოღაიდელი. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მანამდე საუკეთესო ფინანსთა მინისტრი იყო, ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი  –  ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრი და ვანო მერაბიშვილი ყველაზე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი.

იმ დროს ეს პერსონები ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და თანამდებობებსა და გავლენებზე ერთმანეთთან თანხმდებოდნენ. დღეს, მათგან სააკაშვილს მხოლოდ ვანო მერაბიშვილი შემორჩა, იმავე თანამდებობით და იმავე ერთგულებით.

 პრეზიდენტის 2005 წლის ანგარიში დებატების რეიმში გაგრძელდა. მაშინ, სააკაშვილის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძე გაილაშქრა, როდესაც  პრეზიდენტის გამოსვლას შოუ უწოდა. ოპონენტის გამოსვლა უპასუხოდ არც სააკაშვილს დაუტოვებია და გამყრელიძის სიტყვა გაჩმახებად შეაფასა.

 2006 წელი, 14 თებერვალი

 მერე... ერთმა პოლიტიკურმა წელმა გაირა. ისევ დადგა პარლამენტში თებერვალი და პრეზიდენტის სტუმრობის დრო. წინა წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოპოზიციასთან დებატები ზედმეტი თავისტკივილი იყო. პრეზიდენტი და მისი უმრავლესობა ამას მოერიდა.
 ოპოზიცია განაწყენდა. მისმა ნაწილმა უარი თქვა პრეზიდენტის მონოლოგზე დასწრებაზე, არგუმენტით  – ამის ნახვა ხომ ტელევიზიითაც შეგვიძლიაო.

 პრეზიდენტმა ერთგული მსმენელებისთვის ანგარიში ასე დაიწყო: იმისთვის, რომ მიხვიდე დასახულ მიზნამდე, სამ მარტივ კითხვაზე უნდა გქონდეს პასუხი: საიდან და რით დავიწყეთ, სადამდე და რით მივდივართ და სად ვართ უკვე მისული.

კითხვები დასვა და პასუხებიც იქვე გასცა. პირველი კითხვის პაუხში საკმაოდ ბევრი უქონლობის პრეფიქსიანი სიტყვა გამოიყენა: დავიწყეთ უიმედობიდან, უპერსპექტივობიდან, უუფლებობიდან, უძლურებიდან, უსამართლობიდან, უდენობიდან, უპენსიობიდან, უხელფასობიდან, უწესრიგობიდან... დავიწყეთ იქიდან, სადაც სახელმწიფოები და ერები, როგორც წესი, არსებობას ამთავრებენ.

მეორე კითხვის პასუხში საკვანძო სიტყვებად ოცნება, რწმენა, და თავისუფლების სიყვარული გამოიყენა. კითხვაზე, თუ სადამდე მოვედით?“ – ასე უპასუხა: დღეს საქართველო სრულფასოვანი და სწრაფად განვითარებადი სახელმ¬წიფოა ყველა სფეროში მიმდინარე რეფორმით. აღმშენებლობისა და ზრდის აქამდე არნახული მაჩვენებლით.

 იმ დროს პრეზიდენტმა მკაცრად გაილაშქრა კანონიერი ქურდების ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასეთი სიტყვებით: სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ქურდები საქართველოში ვეღარ გაიჯეჯილებენ, ამოვძირკვავ ბოლომდე! შემდეგ ზოგადად დამნაშავეებზე ისაუბრა და პირობითი სასჯელის გაუქმების იდეა წამოაყენა: არანაირი პირობითი სასჯელი, ყველანი ციხეებში!

 ქურდებზე გაბრაზებულმა პრეზიდენტმა სიმშვიდე წლის გმირის, ბიზნესმენ კაკალაშვილის ლექსების კითხვაში ჰპოვა. კაკა¬ლაშვილის ლექსებიდან ვეფხისტყაოსნის ციტატებზე გადავიდა და რუსთაველს გრიგოლ ორბელიანის სტრიქონები მიაწერა – „მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!

 14 თებერვლის გამოსვლა ოპოზიციამ ისევ უარყოფითად შეაფასა. ამჯერად ასეთი სიტყვებით: ეს იყო უინტერესო და მოუმზადებელი გამოსვლა, კომუნისტური მოხსენება. საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა მაია ნადირაძემ პრეზიდენტის სტრატეგია ასე გაამართლა: ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი გამოდის და წარუმატებლობებზე საუბრობს, არც შემდგარი ქვეყანაა და არც მისი პრეზიდენტი ღირს მოსასმენად.

 2007 წელი, 15 მარტი

 გავიდა ერთი წელიც და კიდევ... ერთი თვეც. პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუსმინა პრეზიდენტის ანგარიშს. 2007 წელს პრეზიდენტმა 26-გვერდიანი მოხსენება ასე დაიწყო: ჩემი მოხსენება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტის წინაშე. ეს არის ჩვენი საერთო ანგარიში ქართველი ერის წინაშე.

 საყურადღებოა, რომ ამ ფრაზის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში მცირედი, მაგრამ მაინც ადგილი ეთმობა საზოგადოებას, ხალხს, რომლებსაც პრეზიდენტის ანგარიშიც სჭირდებათ და ხელისუფლების ანგარიშის გაწევაც.

იმ დროს  სააკაშვილმა სამომავლო გეგმები ასე დასახა: საქართველოში იქნება განვითარებული ეკონომიკა, აღარ იარსებებს უმუშევრობა, მოქალაქეებიცა და ქვეყანაც იქნებიან დაცულნი და აყვავებულნი.

 პრეზიდენტის ეს გამოსვლა ქმნიდა საფუძველს, მსმენელი დადებითი შეფასებისთვის განეწყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი პირველად იყო საქართველოში და სააკაშვილის გამოსვლას პირველად ისმენდა, სხვებისთვის კი, არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო და ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვის რეალობა პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლასთან მკვეთრ წინააღმდეგობაში იყო.

 ოპოზიციის ნაწილს ამ გამოსვლამ ცეკას რაიკომის მდივნების საანგარიშო მოხსენებები გაახსენა, მეორე ნაწილმა კი, სააკაშვილში ამ გამოსვლის დროს რევოლუციური ბელადის ნაცვლად ბრძოლებისგან დაღლილი ჩინოვნიკი დაინახა.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა შეძლო და შექმნა ძლიერი და თავისუფალი საქართველო და შესაბამისი ანგარიშიც ბრწყინვალედ წარმოადგინა.

 2009 წელი, 12 თებერვალი

 შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. კარგზე მეტი – ცუდი. იყო 2007 წლის 7 ნოემბერისააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები: მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტების, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება.. მერე იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა. 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები... აგვისტოს ომი და კრიზისი... ამ მოვლენების გამო პრეზიდენტის 2008 წლის ანგარიში თებერვალში ვერ შედგა,  იმ დროს პარლამენტმა პრეზიდენტს  შემოდგომაზე მოუსმინა.

  2009 წლის 12 თებერვლის ანგარიშის დროს კი პრეზიდენტი უკვე  ოპოზიციასთან დებატებსაც  დასთანხმდა. დებატებამდე კი შედარებით მოკლე, მოკრძალებული და კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე გათვლილი მოხსენება წარმოადგინა. ეს არ იყო შოუ  – თამამი, ემოციური, იმპულსური, სააკაშვილისეული გამოსვლა. პრეზიდენტის მოხსენებაში შეიმჩნეოდა თუნდაც ხელოვნური, მაგრამ, მაინც სინანული. ის წუხდა გაჭირვებული ოჯახების, დევნილი მოსახლეობის, უმუშევრების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, პენსიონერების, სოფლის მეურნეების, პედაგოგების... გამო.

 როგორც გაირკვა, პრეზიდენტს წელს ყველაზე ნაკლები ჰქონდა სათქმელი. ამიტომაც შეცვალა ტატიკა. ახსენა სიტყვები: გაჭირვება, პრობლემა, უმუშევრობა, კრიზისი, მაგრამ ამის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, პრობლემების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაასახელა, რომელიც გავლენას საქართველოზეც ახდენს.

 2010 წლის 27 თებერვალი

 2010 წელს სააკაშვილი ისევ „თამამ“ პრეზიდენტად იქცა. საპარლამენტო ანგარიშის დროს, ერთსაათიანი საუბრის შემდეგ შესრულებულ დაპირებებზე გადავიდა: „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნილია; პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს, აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრი; ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი მიღებულია; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს დაგპირდითშესრულებულია! შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნაშესრულებულია! ამიტომაც გაიზარდა ორჯერ სასამართლოს მიმართ ნდობა. დაგპირდით, რომ თბილისის მერი და არჩევნები იქნებოდა პირდაპირი, ესეც შესრულებულია! მეორე არხი სრულად გააშუქებს ყველა პოლიტიკური პარტიის ყველა ბრიფინგსჰოი, საშინელებავ, მაგრამ დემოკრატიის სიამოვნება ის არის, რომ შეგიძლია უყურო, შეგიძლია გადართო. ყველა სატელევიზიო არხისთვის სატელიტური მაუწყებლობის უფლების მიცემაც შესრულებულია.“

საპარლამენტო უმრავლესობამ ისევ მოიწონა პრეზიდენტის ანგარიში, ოპოზიციამ კვლავ დაიწუნა და თქვა:წარმატებებს, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა, მხოლოდ თავად და მისი გუნდი ხედავენ. ქვეყანაში კი რეალურად სულ სხვა ვითარებაა.“


 P.S. ექსპერტთა ვარაუდით, 2011 წელი  ბევრი ქვეყნის მსგავსად საქართველოში მძიმე იქნება. მაღალი ფასები, ინფლაცია, მძიმე სოციალური ფონი... ეს ის ფაქტორებია, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე უშუალო გავლენას ახდენს. ძნელი სათქმელია,  როგორ და რის ხარჯზე შეძლებს ამ პირობებში პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური სტაბილიზაციის შენარჩუნებას. ამის გარკვევას დრო დასჭირდება. დრო გვიჩვენებს იმასაც, რამდენად სიტყვამრავალი იქნება პრეზიდენტის მომავალი საპარლამენტო ანგარიში და რამდენად მობილიზებული იქნება პარლამენტართა კორპუსი ქვეყნის პირველი პირისთვის ტაშის დასაკვრელად და 2011 წლის რეკორდის გასაუმჯობესებლად.