Sunday, November 7, 2010

„მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო“


პირიქითა ხევსურეთში, მუცო-არდოტის ხეობაში, სინათლის ნათურები პირველად 2008 წელს აინთო, მას შემდეგ, რაც მუცო ბოლო მოსახლემ დატოვა. დღეს იქ აღარავინ ცხოვრობს, ბოლო ოჯახი 2007 წელს წამოვიდა. 12-სულიანი ოჯახი, რომელსაც 7 შვილი ჰყავდა, კახეთში გადავიდა საცხოვრებლად, ისევე, როგორც მუცოდან მათზე უფრო ადრე წამოსული ხევსურები. კახეთში მუცოელები კომპაქტურად ცხოვრობენ. მუცოში კი დღეს მხოლოდ მესაზღვრეები არიან.

მუცოს ნასახლარის აღდგენითი სამუშაოები 2004 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც მუცოს კომპლექსის აღდგენის იდეა ხევსურ პაატა შეთეკაურს გაუჩნდა. მან მეგობრებთან: ვახო ჯავახიშვილთან და გელა წიკლაურთან ერთად დაიწყო კიდეც ზრუნვა მუცოს რესტავრაციაზე.

პაატა შეთეკაური: 2003 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა პირიქითა ხევსურეთში უნივერსიტეტიდან 40 სტუდენტი წავიყვანეთ. ერთი კვირა ვცხოვრობდით შატილის კოშკებში. სტუდენტებს გავაცანით ხევსურეთი, მუცო...

შემდეგ თანდათან ჩამოვყალიბდით, შევიმუშავეთ გეგმა: რა გვინდოდა და რისი გაკეთება იყო შესაძლებელი. დავწერეთ მცირებიუჯეტიანი პროექტი, რომელიც მუცოს აზომვით სამუშაოებს ითვალისწინებდა. პროექტი თიბისი ბანკსა და კომპანია არსში შევიტანეთ. ორივე კომპანიიდან დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, მართლაც, კარგი იდეააო. მამუკა ხაზარაძეს და გია აბულაძეს ახალგაზრდობის დროს უნახავთ მუცო და თავადაც უფიქრიათ მაშინ: კარგი იქნებოდა ამ კომპლექსის აღდგენაო.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მუცოს აზომვითი სამუშაოები ჩატარდა და კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა. მერე ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც იყო...

მუცოს აწმყო დიდი ტურისტული პოტენციალია, წარსული კი ლეგენდარული და მითიური ხევსურების საინტერესო და იდუმალებით მოცული ცხოვრება.

მუცოს შესახებ დღემდე ბევრი საინტერესო თქმულება შემორჩა. ეს თქმულებები ხევსურთა ზეპირსიტყვიერებაში ცოცხლობს და თაობიდან თაობას გადაეცემა. ხევსური პაატა შეთეკაური საკუთარი წინაპრის, იდუკა შეთეკაურის, ნაამბობზე დაყრდნობით მუცოს ამბების თხრობას ასე იწყებს:

მუცო პირიქითა ხევსურეთის ციხესიმაგრეა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ ქაჯეთის ციხეს შეადარა. ციხე-სოფელი ციცაბო კლდეზეა ნაგები და სამი მხრიდან მიუვალია. ერთადეთი მისადგომი ერთ დროს ორი კაცის სიმაღლის გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომელსაც დღედაღამ მეგალავნენი იცავდნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იფარავდა. მუცოში მეორე სალოცავიც იყო: ბროლისკალოს წმინდა გიორგის სახელობის. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმებად მიიჩნეოდნენ. ჰქონდათ საკუთარი ხატის საგანძური და დროშა, იყვნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც. ორმა კაცმა, სხვადასხვა საბიძაშვილოდან, იცოდა საგანძურის სამალავი, ასევე ორმა სხვა ადამიანმა - დროშის. საგანძურიცა და დროშაც მხოლოდ ხევსურთათვის უდიდეს დღესასწაულზეათენგენობაზეან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ ზარ-ზანზალაკებიან დროშას მედროშენი, ხვდებოდნენ ხატის ყმები მუხლმოყრილნი. გამორჩეულთ საკარგყმოს ჩამოურიგებდნენლუდით სავსე ხატის თასებით. სვამდნენ მუცოელნი ვინმე ლეგუას, ვინმე ბაისერის მოსაგონარს... მათსას, ვისაც ბოროტი სიკვდილის არ შეშინებიათ და სამშობლოთვის სიკვდილი არ დაზარებიათ. მაგრამ დაუდგა საქართველოს მძიმე, წითელი სახადის პერიოდი. ისე წავიდნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც, არავისთვის გაუნდიათ სამალავების საიდუმლო. ვეღარ ნახეს ალბათ ახალგაზრდებში ის საიმედოობა და ერთგულება, რომელიც სჭირდებოდა ხევსურეთის სიწმინდის დაცვას. შეცვალეს პერანგიანხმლიანი და ალალ-მართალი ვაჟები განათლებამიღებულმა, ფართლისტალავრიანმა და ქალაქს ნაზიარებმა ახალგაზრდებმა. ალბათ ამიტომაც დარჩა ლეგენდად განძიცა და დროშაც, სადღაც მუცოს მიუვალ კლდეებში. ლეგენდავე გვეუბნება, რომ მათ ვერავინ იპოვის სანამ თვითონ მუცოს მფარველი ხატი არ ამოარჩევს ღირსეულს, რომელსაც ძილში უჩვენებს მათ ადგილს და ასე აპოვნინებს საგანძურს.”

ეს ერთ-ერთი ლეგენდაა მუცოს შესახებ, ერთ-ერთი და არა ერთადერთი. მუცოელების ამბები ცოცხალ ზღაპრებს ჰგავს. უხუცესი ხევსურები ყვებიან, რომ მუცოელებს ლეგენდარულ საგანძურთან ერთად მშვილდ-ისრებიც სანაქებო ჰქონიათ, მათი ისრები თურმე ყველა სხვა ისრისგან გამოირჩეოდა:

სოფლის დასაცავად ყოველდღე მორიგეობდნენ მუცოვლები ალბათ ამიტომაც იყო რომანდრეზ არ ას მუცოს გატეხა”(არავის შეუძლია მუცოს აღებაო). ღამით გარეთ დარჩენილ კაცს გალავნის შიგნით უნდა გადაეგდო ისარი, მეციხოვნენი ნახავდნენ და როცა დარწმუნდებოდნენ რომ ეს მართლა მუცოელის ისარი იყო, მხოლოდ მაშინ შემოუშვებდნენ.

ხევსურები მაკრატელა ისრებთან დაკავშირებით ხევსურულ კილოზე ასეთ ლეგენდასაც ყვებიან:

მამა შვილნ იყვნეს სანადიროდ. ბევრა ნადირ უნახავ. მამა წასულ სარეკჩი და შვილ გაუწირავ გზის შამკრავად. შვილს მაკრატელა ისრებ ჰქონდ. დაუმთხვავ მამას ნადირ, დაქცეულ ნადირი და ქოოდიოდ სადაც შვილ იყვ იქ გადაუვლავ. მახფარები მამა ერთ კლდეს უკენ და შვილის ნასროლ ისრებ სუ იმის თავზე გადადიოდ. ბრაზობს მამა რახლა სუყველას აცდენს ეგ არდასარჩენივ. არადა შვილს კიდევ სუყველა დაუკრავ და ნადირშიით გავარდნილ ისრებ გდადიოდ მამის თავზე. აესრ დაუხოცავთ მამა შვილთ ნადირ მაშინ, მაშ!”

მუცოზე ისტორიული ლეგენდების მოთხრობის შემდეგ, პაატა შეთეკაურს თავად მუცოს აღწერა ვთხოვეთ. თბილისიდან მუცოს დათვალიერება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგადი წარმოდგენის შექმნისთვის მაინც ღირს.

პაატა შეთეკაური: მუცოს სულ ზემოთა ნაწილს ბროლის კალო ჰქვია. მისი სახელი ალბათ მისი დანიშნულებიდან მომდინარეობს. მართლაც კალოსთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი იქნებოდა, თანაც, თავის დროზე, თუ ბროლებით ყო შემოსაზღვრული, მშვენიერი სანახავიც უნდა ყოფილიყო. სადღეისოდ მას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს. იქ წმინდა გიორგის და მუცოს მფარველი მთავარანგელოზის სახელობის სალოცავია.

თუკი მუცოს აღწერას ზემოდან დავიწყებთ, პირველად თორღვას კოშკს ვნახავთ, შემდეგ ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი და შეთეკაურთ ციხეა _ ოდნავ გადახრილი და კუთხეჩამონგრეული. ეს ციხე თავიდანვე ოდნავ გადახრილი აუგიათ, ამასთან დაკავშირებით ლეგენდა არსებობს:

უცხოვრიათ მუცოში ხუთ ძმა შეთეკაურს. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა. ალბათ ამის გამო ერქვა მას ჩოლოხა. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ სახლიდან. წასულა ჩოლოხა კახეთში და ერთ მემამულესთან 12 წელი პატიოსნად უმსახურია. მერე უთქვამს მემამულეს, ამ პატიოსანი სამსახურისთვის რას ითხოვო. ჩოლოხას ერთი ჯორი მოუთხოვია სხვა მაინც არაფერი გამოდგება აქაური მთაშიო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა ჯორზე პირუკუღმა და გასდგომია გზას. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, ჩემზე ნაწყენი ხომ არა ხარო. არა, უბრალოდ, აქ ამდენი მიშრომია და ვიდრე ჩანს ეს მიწა ზურგს როგორ შევაქცევო, უპასუხა ჩოლოხამ. მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას ნათქვამი და მიუცია მისთვის პატარა ნაკვეთი. ასე დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში. სწორედ აქედან წამოვიდა ჩოლოხაშვილების, მათ საფუძველზე კი ჩოლოყაშვილების გვარი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ნათელისძის შვილი გიგია ახმეტაში ჩასულა. იქ ჩოლოყაშვილებს უკვე დიდი ქონება ჰქონიათ. უთხოვია მათთვის: რამე სამსახური მომეცითო. უარით გამოისტუმრეს თურმე, თან გაუხსენეს: “მუცოში ისევ დგას მრუდე კოშკიო?” დანარჩენი ძმებიდან ზოგი მუცოს დარჩა ზოგი კი მოგვიანებით ხონეში და ხონისჭალაში გადასულა. ერთ-ერთ ძმას, რომელიც ხონეში ცხოვრობდა, ქისტი შემოჰკვდომია და თუშეთში გაქცეულა. მისი შთამომავლობა დღეს უზღარაულების გვარს ატარებს.

შეთეკაურების ძველი უბნის ცოტა ქვემოთ დაიაურების უბანია. დაიაურთა უბანი შედარებით ახალი და მისი კვალიც უკეთ არის შემონახული. უბანში დგას დაიაურების ციხე. უფრო ქვემოთ აკლდამები და სასაფლაოებია. მუცოში სასაფლაოების სხვა გორაც არის, რომელსაც შახე ჰქვია. მუცოსგან მოშორებით არის 11 აკლდამა. მუცოში არის ქისტების სასაფლაოც, რაც იმას ადასტურებს, რომ როცა ადგილობრივებმა მუცოს დატოვება დაიწყეს აქ ქისტები ამოსულან და დამკვიდრებულან.

მხოლოდ მუცოშია სალოცავი სოფლის შიგნით მოქცეული. სხვა ხევსურულ სოფლებში ეს არსად გვხვდება. ეს არის ბროლისკალოს თავად-მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი. აქვეა თორღვას კოშკიც. ხოლო მისი ციხე სოფლისგან ცოტა მოშორებით დგას.

თორღვას სახელს ატარებს მუცოში, ფრიალო კლდეზე განცალკევებით მდგარი ციხე, რომლამდეც მისასვლელი ბილიკი არ არსებობს. ამბობენ, თორღვას იმხელა ლაშქარი ჰყავდა, რომ ციხის ასაგებად ქვები ანატორიდან მუცომდე (დაახლ. 7-8 კმ.) ხელიდან ხელში გადაცემით მიუტანიათ. ეს ციხე კიდევ იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ის ერთადერთი ქონგურებიანი კოშკია პირიქითა ხევსურეთში.

თორღვას ჯაჭვის პერანგი ჰქონია, რომელიც იქ იკუმშებოდა, სადაც მის პატრონს ბრძოლის დროს ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა. ამ პერანგს ქაჯეთში შვიდ წელიწადს ქსოვდნენ თორღვასთვის და მისთვის იგი ძმობილ ქაჯს უჩუქებია. ბრძოლის შემდეგ ჯაჭვის კალთებს რომ ჩამოიბერტყავდა, ერთი ფუთი ტყვია სცვიოდა თურმე. პერანგს რომ გაიხდიდა, პალოზე აბამდა და შვიდპირ დარაჯს უყენებდა, რომ არ გაქცეოდა. ერთხელაც თუშეთში წასულს ბანაობა მონდომებია (დღემდეა მთა-თუშეთში ,,თორღვას აბანო”), ჯაჭვი გაიხადა, მაგრამ არც დააბა, არც ყარაული მიუჩინა. ჯაჭვი გაცურებულა და ყინულის ნაპრალში გაუჩინარებულა. უჯაჭვოდ დარჩენილი თორღვა მოწამლული ისრით მოუკლავს ფშაველ ჩოთას. შემდეგ მუცოელებმა თორღვას გამო შური იძიეს და შვიდი ფშაველი მოკლეს.

პაატა შეთეკაური:ლეგენდარული პიროვნებაა არღუმის შვილი ჩარღუმიც. თურმე გოლიათ არღუმის ჩარღუმს იმხელა თავი ჰქონდა, რომ სახლის საკვამში (სარკმელში) ვერ ეტეოდა, თუმცა დღემდე შემორჩენილ ციხე-კოშკის ნაშთის საკვამში კაცი გაეტევა. გამიგონია, მისი თავის ქალა XX -ის 50-იან წლებამდე იყო შემორჩენილი, შემდეგ კი დაიკარგა. ამბობენ, ჩარღუმი მუცოში ცხვირს რომ დააცემინებდა, მოხკო-რულში (მუცოს მაღლა) ჯიხვები ფრთხებოდნენო.

არ შეიძლება, არ გავიხსენოთ კიდევ ერთი მუცოელი - ტუჩურ შეთეკაური. ეს ადამიანი სულ რამოდენიმე ასეული წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ საკუთარი სიბრძნით ლეგენდად იქცა. ეს ყოფილა დიდი მეანდრეზე, ადამიანი, რომელსაც მრავალი ისტორია სცოდნია და მისგან რჩევის მისაღებად არა მარტო საქართველოს მთიანეთიდან, არამედ ჩეჩნეთ-დაღესტნიდანაც დადიოდნენ...

ეს ამბები და ლეგენდები ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც მუცოზე არსებობს. ყველა ხევსური გეტყვით, და სრულიად სამართლიანადაც, რომ ყველაზე დიდი ლეგენდა თავად მუცოა, და რომ, მუცოს მხოლოდ სიტყვით ვერ შეიცნობ. ის, უბრალოდ, უნდა ნახო...

მუცოს დღევანდელ ყოფას კი ყველაზე მოკლედ და სრულად მუცოელი პოეტის, გელა დაიაურის „მუცოს გოდება“ აღწერს:

..აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.

0 comments:

Post a Comment