ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 7 ნოემბრის აქცია ბევრი სხვა აქციის მსგავასად „ჩავარდა“. პარლამენტის შენობის წინ აღნიშნული 2007 წლის 7 ნოემბრის სამი წლისთავი „მოკრძალებული“ აღმოჩნდა. 7 ნოემბრის ღონისძიებამ ოპოზიციას ერთიანობისა და ხალხმრავალი პროტესტის იმედი თითქმის სრულად გაუქრო. 7 ნოემბერსვე გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის და(გა)შლის შესახებ.
საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა კუკავამ კონსერვატიული პარტია დატოვა და და ახალი პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ ჩამოაყალიბა. თავად კუკავა ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ საუბრობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ „ეროვნული საბჭო“, რომელიც დღეს კონსერვატიულ და სახალხო პარტიებს აერთიანებს, მალე სამსუბიექტიანი გახდება.
კონსერვატიული პარტია ძიძიგურმა, დავითაშვილმა და კუკავამ წინა მოწვევის პარლამენტში ყოფნის დროს შექმნეს. სამლიდერიანი პარტია ორლიდერიანი მას შემდეგ გახდა, რაც კობა დავითაშვილის ე.წ რესტორნის სკანადალი მედიის საშუალებით გახმაურდა (2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ დავითაშვილი საკუთარი პარტიის წევრს, აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეს, საარჩევნო სიის მოწინავე ადგილის დასაკავებლად გარკვეულ თანხას სთხოვდა).
ლოგიკურად ჩნდება კითხვა: თუ კუკავას ძიძიგურთან უკმაყოფილება არ მოსვლია, რატომ ქმნის ახალ პარტიას და თუ ძიძიგურსა და კუკავას შორის გაურკვევლობაა, რატომ გაერთიანდება კუკავა „ეროვნულ საბჭოში“?
ამ კითხვაზე პასუხი ქართული პოლიტიკის პრაქტიკაშია საძიებელი. საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა მეტნაკლებად რეიტინგული პოლიტიკოსი ყოველთვის ცდილობს საკუთარი პარტიის შექმნას. ჩვენთან კერძო საკუთრება ხშირად კერძო პარტიასთან იგივდება. პოლიტიკური კონკურენცია კი - პარტიის შიგნით, ლიდერების შორის პირდაპირ კონკურენციასთან. ამიტომაც არის ქვეყანაში ერთკაციანი პარტიები და ამიტომაც იზრდება პოლიტიკური პარტიების რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით.
P.S. კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზენტაცია, სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება. პოლიტიკური მოძრაობის ოფისი კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსდება.
0 comments:
Post a Comment