Saturday, March 13, 2010
„იმედის“ იმედი საზოგადოებას: ომი გამოვიგონეთ
ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე საზოგადოების წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ. საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროტესტი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ომის ინსცენირებას მოჰყვა.
„იმედმა“ „ომობანას თამაშით“ ტელემაყურებელი შოკში ჩააგდო. 13 მარტის საღამოს რვა საათიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახური საგანგებო რეჟიმში ამუშავდა. გადაიტვირთა სატელეფონო ხაზებიც. „იმედის ამბებით“ გამოწვეულმა შოკმა პიკს ქვეყნის რეგიონებში მიაღწია. ტელეკომპანიის ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადასცეს უცხოურმა მედიასაშუალებებმაც. პანიკაში ჩავარდნილი საზოგადოების ნაწილმა „დამაიმედებელი“ ინფორმაცია, რომ იმედმა ომი მოიგონა, მოგვიანებით შეიტყო, ბევრისთვის ეს უკვე დაგვიანებული იყო.
20:00 საათზე ეთერში „ქრონიკის“ მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, რომელიც ჟურნალისტ ლაშა ხარაზიშვილს მიჰყავდა. წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ ქვეყანაში ოკუპანტების მობილიზაცია დაიწყო და ნათქვამს „დამადასტურებელი ვიდეომასალებიც“ მიაყოლა. 20 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მძაფრი სიუჟეტები უფრო მძაფრით იცვლებოდა და „ახალი ამბავი“ სულ უფრო მწვავდებოდა.
ტელემაყურებლისათვის ოკუპანტების მობილიზაციის, ადამიანთა დაჭრის, გარდაცვალებისა და რუსეთის მიერ საქართველოს სრული ანექსიის შესახებ ინფორმაციების მიწოდების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების მოღალატეობრივი პოზიცების შესახებ ამცნეს, ბოლოს ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ტელეკომპანიამ ეთერში ე.წ. მოდელირებული გადაცემა გაუშვა, რომელშიც 2010 წლის 7 ივნისის ამბები იყო “ნაწინასწარმეტყველები“.“იმედის“ სცენარის თანახმად, ამ ყველაფრის თავი და თავი მაისის თვითმმართველობის არჩევნებით უკმაყოფილო და აჯანყებული ქართული ოპოზიცია იყო.
დეზინფორმაციით გამოწვეული უკმაყოფილება საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველად სოციალურ ქსელებზე გააპროტესტეს.
„ინგლისურზე ვიყავი და ატყდა რეკვები, რომ ომი დაიწყო და ჯარი შემოვიდა. ხალხი გამორბოდა აუდიტორიებიდან და ტიროდა, წამში დაიცალა შენობა... ვტიროდი და ვერსად ვრეკავდი. ვხედავდი, როგორ იხურებოდა ყველა მაღაზიის ჟალუზები ერთდროულად, ყველას ტელეფონი ეკავა ხელში და ყველა გარბოდა. ქალაქში საცობები შეიქნა.“
„გორელების უმრავლესობამ სახლები დატოვა და ქუჩაში გამოვიდა. რიგები გაჩნდა ბენზინგასამართ სადგურებთან, სადაც მოქალაქეები ბენზინის მომარაგებას ცდილობდნენ. კონფლიქტისპირა სოფლებიდან კი, ქალებისა და ბავშვების გახიზვნა დაიწყეს.“
„ვერ აღგიწერთ, რა დღეში ჩავარდა მთელი ჩემი ოჯახი ამ ინფორმაციის მოსმენით. გორელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ასეთი "ხუმრობა". სასირცხვილოა ასეთი რამ! დასცინიან ხალხს და მათ ნერვებზე თამაშობენ. ხომ არ შეიძლება მუდმივი სტრესი ქვეშ ყოფნა.“
„ხალხო, ეს არის იდეოლოგია? ჯარი მტრის მხარეზე გადავიდა, პრეზიდენტი მოკლეს... ამათ თავში ბურატინო უზით!
ომი რომ დაიწყოს, ხალხს ალბათ ისევ იმიტაცია ეგონება!“
"ფეისბუქში" შეიქმნა რამდენიმე საპროტესტო ჯგუფი და ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქციის მოწყობაც აქვე დაიგეგმა.
P.S. ამონარიდი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან: „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება.“
Sunday, March 7, 2010
კაკუნი კრემლის კარზე
პოლიტიკური კონკურენცია მოსკოვში
ქართულ პოლიტიკაში გამოიკვეთა ტენდენცია: მედვედევი და პუტინი არ ელაპარებიან სააკაშვილს, მაგრამ ელაპარაკებიან სააკაშვილის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებს. ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ კრემლში მაღალი დონის შეხვედრები ნინო ბურჯანაძემ გამართა. 4-6 მარტის მოსკოვური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პრემიერმა პუტინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, მისმა მოადგილემ, კარასინმა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, მირონოვმა, უმასპინძლეს.
რატომ წავიდა ბურჯანაძე კრემლში? ამ კითხვას პოლიტიკის ექსპერტებსა და ოპონენტებზე ადრე თავად ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში გამგზავრებამდე ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
„დღეს საქართველოს დაკარგული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%. ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა, არ არსებობს ქვეყნის გამთლიანების რეალური სახელმწიფო გეგმა. ხელისუფლება შეგუებულია და ცდილობს, საკუთარი მოსახლეობაც შეაგუოს პრობლემის მოგვარების უპერსპექტივობას.რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის აბსოლუტური უნდობლობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისთვის უცნობია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების რეალური სურათი და ის, თუ ამ ურთიერთობების დარეგულირების რა პერსპექტივები არსებობს.“
ორი ქვეყნის ურთიერთობების რეალური სურათის გამოსამზეურებლად ჩრდილოელ მეზობელთან წასულ ბურჯანაძეს კრემლის გავლენიან მესვეურებთან ღიად არ უსაუბრია „ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დეოკუპაციაზე“. უცნობია, რაზე ისაუბრეს ბურჯანაძემ და პუტინმა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ პროტოკოლურ განცხადებებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მისთვის ჩვეული, ზოგადი და არაფრისმთქმელი, სიტყვებით შემოიფარგლა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება გზები და შესაძლებლობები, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს.“
ნოღაიდელის მოსკოვური ვიზიტისგან განსხვავებით, ბურჯანაძის ვიზიტის დროს კონკრეტული ხელშეკრულება არ გაფორმებულა არც „ედინაია როსიასთან“ და არც სხვა რუსულ სამთავრობო პარტიასთან.
ბურჯანაძის მიერვე წინასწარ გაცემული პასუხის მიუხედავად, უპასუხოდ რჩება კითხვები: კონკრეტულად რას ემსახურება ბურჯანაძის ვიზიტი? რამდენად ოპტიმალურად იყო შერჩეული დრო პუტინთან შესახვედრად და რას ნიშნავს მოსკოვში „დიდი პოლიტიკის საკეთებლად“ წასვლა?
ბურჯანაძე და მისი პარტია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებით არ ინტერესდებიან და არც ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობენ. ექსსპიკერის პოლიტიკური ამბიცია რომ საქართველოს პრეზიდენტობაა, ამას არც თავად მალავს. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლამდე არ იგეგმება და საარჩევნო კამპანიის კონტექსტში მოსკოვური ვიზიტის განხილვაც აბსურდულია. სხვაგვარად კი, მას არ აქვს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსი და, შესაბამისად, არ არის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რამე ტიპის გადაწყვეტილების მიმღები მხარე.
ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტის მიზანს თავისებურად ხსნიან ხელისუფლების წარმომადგენელები. მათი თქმით, უკანასკნელი ვიზიტი და პუტინთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბურჯანაძე რუსეთის ემისარია, მისი პარტია კი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი პრორუსული ძალაა.
თუ საქართველოს ხელისუფლების მორიგ რევოლუციურ ცვლილებას გამოვრიცხავთ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო რეიტინგის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად სერიოზული და უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლა მოუწევს. დასჭირდება დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსის იმიჯიც და კრემლის კეთილგანწყობაც. ბურჯანაძის ვიზიტი დღეს, სწორედ, კრემლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არის „დროული“. სხვაგვარად, პუტინთან და „კრემლთან ურთიერთობის ექსკლუზივი“ მხოლოდ მის ყოფილ თანამებრძოლს, ზურაბ ნოღაიდელს, დარჩებოდა. ანუ ის, რაც დღეს „ნაადრევი“ ჩანს, ხვალ უკვე „გვიანი“ იქნებოდა.
მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც, ნოღაიდელ-პუტინის შეხვედრით გამოწვეული „პოლიტიკური შოკი“ ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ასე თუ ისე უკვე ჩამცხრალია და ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრის შემდეგ ახალს და განსაკუთრებულად ცუდს ბურჯანაძეზე ვეღარაფერს იტყოდნენ. ეს ლოგიკა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური თამაშებისთვის არც ისე უცხოა. ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები კი ბურჯანაძემ „პოლიტიკური სტაჟისა“ და თავისი გამზრდელის – ედუარდ შევარდნაძის წყალობით საკმაოდ კარგად იცის. 1995 წელს „მოქკავშირის“ კვოტით გაპარლამენტარებული პოლიტიკოსის კარიერა აღმავალი ხაზით განვითარდა და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც მოირგო. ბურჯანაძის პოლიტიკურმა კარიერამ პიკს ასევე ორჯერ მიაღწია - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა ორჯერ და ორ-ორი თვით შეასრულა: 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე და 2007 წლის 25 ნოემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე. თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი თვალით დაკვირვებოდა შევარდნაძისა თუ სააკაშვილის ხელისუფლებების შიდა სამზარეულოებში მიმდინარე პროცესებს. სწორედ „ინფორმაციის პირველწყაროდან მოპოვების შესაძლებლობით“ იგრძნო შევარდნაძესთან და „მოქკავშირთან“ პოლიტიკური დაპირისპირების აუცილებლობა 2002 წელს და სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის არაპოპულარულობა 2008 წელს.
„ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ვარდების ხელისუფლების“ მიერ 2007 წლის ნოემბერში დაშვებული შეცდომა მხოლოდ 2008 წლის აპრილში „აღმოაჩინა“ და დაგმო. ოპოზიციაში გადასვლის რეალური მიზეზი იმ დროს მმართველ პარტიაში გაღრმავებული კრიზისის ფონზე ბურჯანაძის გავლენის მკვეთრი შესუსტება გახდა - საპარლამენტო არჩევნების წინ შედგენილ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიაში ბურჯანაძის ფავორიტები ვერ მოხვდნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის რადიკალური ოპოზიციონერობის ეტაპი 2009 წლის აპრილ-ივნისის აქციების დროს დაიწყო. იმ დროს ბურჯანაძე უკვე ყოფილ მაღალჩინოსან მეუღლესთან, ბადრი ბიწაძესთან, ერთად სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთგვარ „ვაბანკზე“ წავიდა და ბრძოლის არენაზე უკანდასახევი გზა, ფაქტობრივად, აღარ დაიტოვა.
www.7days.ge