„ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს“
„ვინც პრაიმერში არ მონაწილეობს, ხელისუფლების თამაშს თამაშობს“
მადლენა მაჭარაშვილი
ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიების გარდა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში ნოღაიდელის პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. პრაიმერი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. დედაქალაქში _ 31 მარტს, ხოლო რეგიონებში ცოტა უფრო ადრე.რატომ არის გამართლებული პრაიმერის წესით ოპოზიციის საერთო ლიდერების გამოვლენა, რა საფრთხეებს შეიცავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და რატომ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ბრძოლას, ეს ის საკვანძო საკითხებია, რომლებზეც „ახალი ალიანსი“ კონსერვატიული პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კუკავას, ესაუბრა.
_ მედიით გავრცელდა მოსაზრება, რომ პრაიმერში მონაწილეობა უნდა მიეღო ოქრუაშვილის პარტიას, მეტიც, ირაკლი ოქრუაშვილი პრაიმერის ფინანსურ მხარდაჭერასაც კი აპირებდა. რატომ გამოეთიშა აღნიშნული პოლიტიკური ძალა წინასწარი არჩევნების პროცესს?
_ ეს ინფორმაცია კონკრეტულმა ჟურნალისტმა სრულიად უსაფუძვლოდ გაავრცელა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მხოლოდ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა _ დამკვირვებლის სტატუსით, საუბარია იმ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც პრაიმერის წესების შექმნაზე მუშაობდა. რაც შეეხება დაფინანსებას _ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა _ ერთ-ერთი ყვითელი გამოცემის მიერ გავრცელებული.
_ გამორიცხავთ, რომ ოქრუაშვილის პარტიის მსგავსად ნოღაიდელის პარტიამაც გადაიფიქროს წინასწარ არჩევნებში მონაწილეობა და პრაიმერი აღარ გაიმართოს?
_ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრაიმერის გამართვა და ერთიანი კანდიდატების გამოვლენა ერთადერთი სწორი გზაა. რამდენიმე კვირის წინ გარკვეული პარტიები (რომლებიც NDI-ს ჯგუფში იყვნენ ჩართულები), აკეთებდნენ კომენტარებს, რომ, თუ მერის არჩევისთვის დაწესდებოდა 50%-იანი ბარიერი, ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელი არ იქნებოდა. ახლა დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც ბარიერი 30%-იანი იქნება. 30%-იანი ბარიერის პირობებში კი არჩევნებში პრაიმერის გარეშე მონაწილეობა წინდაწინ განწირული საქმე და ხელისუფლების თამაშია.
_ „პრაიმერი“ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, თუ მხოლოდ მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებში?
_ ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სისტემით, მაგრამ, ქვეყნის მასშტაბით.
_ ქვეყნის მასშტაბით პრაიმერის ჩატარებას საკმაოდ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდება. პროცესში მონაწილე სამ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა?
_ ადამიანური რესურსები ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. რაც შეეხება ხარჯებს, ხშირად გადაჭარბებულად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესს მილიონები სჭირდება. ეს ასე ნამდვილად არ არის.
_ 50%-იანი ბარიერს ალასანიას პოლიტიკურ გუნდი ითხოვდა. მათ პრაიმერში მონაწილეობაზე უარი კი იმ მოტივითაც თქვეს, რომ თქვენი და „ხალხის პარტიის“ პროექტი ინტერპარტიული პრაიმერია, რომელიც თავის მხრივ ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული.
_ ჩემთვის გაუგებარია მათი ამგვარი არგუმენტები. თუ გინდა ინტერპარტიული კანდიდატის შერჩევა, ინტერპარტიული პრაიმერი ამისთვის ყველაზე ლოგიკური საშუალებაა. ერთი მხრივ, ეთანხმებიან იმას, რომ ერთიანი კანდიდატი არის აუცილებელი, მეორე მხრივ, არ ასახელებენ გზას, თუ როგორ უნდა შეირჩეს იგი. პრაიმერს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ხარვეზები. ბუნებაში არაფერი არის უნაკლო, მაგრამ, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოკვეთილი ფორმა საერთო კანდიდატის შესარჩევად. ზოგი პოლიტიკური ლიდერი ამბობს: მოდით, გავერთიანდეთ ოღონდ, იმ პირობით, რომ მე ვიქნები ლიდერი. ლიდერის ვაკანსია ერთია, ლიდერობის ამბიცია კი ბევრს აქვს.
_ როგორც წესი, პრაიმერი კონკრეტული პარტიის შიგნით ლიდერის გამოვლენას ემსახურება და ამის პრეცენდენტები მართლაც არის პოლიტიკურ პრაქტიკაში. რომელ ქვეყანაში ჩატარდა დღემდე ინტერპარტიული პრამიერი და რამდენად წარმატებული იყო ეს პროექტი?
_ ძალიან ბევრი პრეცენდენტი არსებობს. მაგალითად, სულ ბოლოს ინტერპარტიული პრაიმერი ბულგარეთში ჩატარდა _IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მონაწილეობით. დღეს, ეს ორგანიზაცია ჩვენთან, სწორედ, ბულგარეთის გამოცდილებიდან გამომდინარე თანამშრომლობს. ინტერპარტიული პრაიმერი აქამდე უკვე ორჯერ ჩატარდა საქართველოში და ორივეჯერ ძალიან წარმატებულად. პირველად ეს იყო 2005 წელს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს, მასში „კონსერვატორებთან“ ერთად მონაწილეობდნენ „ლეიბორისტები“, „ახლები“ და პარტია „თავისუფლება“. 2005 წელს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან დიდი დისბალანსი იყო რეიტინგებში, მაგრამ ერთიანი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ხმები დაახლოებით 6/4-ზე გაიყო. ეს, ძალიან დიდი წარმატება იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, არც გირგვლიანის მკვლელობა იყო მომხდარი, არც უნივერსიტეტის ნგრევა და არც 7 ნოემბერი... ანუ მას შემდეგ მოხდა ის ნეგატიური მოვლენები, რომლებმაც ხელისუფლების რეიტინგი დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. მეორე ინტერპარტიული პრაიმერი 2007 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დავასახელეთ. იმ დროს, კენჭისყრა ეროვნულ საბჭოში“ ჩატარდა, ამ პროცესში 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა და კანდიდატი ხმათა უმრავლესობით შეირჩა. შემდეგ უკვე საერთო კანდიდატის ირგვლივ დაირაზმა ოპოზიციურ ძალათა ძირითადი ნაწილი და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ყველა იმ ოლქში, რომლებშიც ოქმები ხელახლა არ გადაწერეს. ამ პრაიმერში „რესპუბლიკელები“~ მონაწილეობდნენ. გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ სხვა არჩევანი გააკეთეს და გაერთიანებულ ოპოზიციას გაემიჯნენ. ამით ჩვენც დავზარალდით და თავად უფრო მეტად დაზარალდნენ. პრაიმერისა და ერთიანი კანდიდატების გარეშე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.
_ რამდენად იოლია ერთიან საარჩევნო სიაზე შეთანხმება და საერთო კანდიდატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით?
_ არანაირი პრობლემა არ არის. რაიონებში ჩვენ, ყველას, გვაქვს საკუთარი წარმომადგენლობები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრაიმერის ჩატარება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს და ამის გამო ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თბილისში, ასე თუ ისე, რაღაც ფორმით, პოლიტიკური ცხოვრება მიდის. პოლიტიკური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს ბათუმში, მაგრამ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პროცესი, რეალურად, მკვდარია. პრაიმერი შესაძლებლობას მოგვცემს პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ. უმართებულოა ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მიდგომა, რომ მთავარი არის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთანხმება. ზოგს, საერთოდ, ესიზმრება, რომ ეს კანდიდატი მალე გახდება პრეზიდენტი და ამ ფონზე ქვეყნის ინტერესები იგნორირებული აქვს. ჩვენთვის თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი კარიერის შექმნის საშუალება არ არის _ ეს, ზოგადად, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის საშუალებაა. ამ თვალსაზრისით კი შეიძლება მარნეულსა და ახალქალაქში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს პრაიმერის ჩატარება, ვიდრე თბილისში. ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც გვექნება პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ისინი მეტად შეეცდებიან ხელები გადაგვიგრიხონ მარნეულსა და ახალქალაქში, ვიდრე ვაკესა და საბურთალოზე.
_ საარჩევნო სიები თუ იქნება პრაიმერში და როგორ უნდა შეადგინოთ იგი?
_ რა თქმა უნდა, იქნება ამომრჩეველთა სიები. სექტემბერში პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების დროს შევთანხმდით (ეს იყო `რესპუბლიკელების~ ინიციატივა), რომ იქნება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია. ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც არის ოპოზიციის მომხრე, წინასწარ დარეგისტრირდება პრაიმერში მონაწილეობისათვის, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს მანიპულირების საშუალება. დარეგისტრირდება მხოლოდ ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველი და ხელისუფლება მათზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს. როდესაც პრაიმერის საკითხზე დისკუსია დაიწყო, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან, თავიდანვე არკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოვლინდა, ამბობდნენ, რომ პრაიმერი და ერთიანი კანდიდატების შერჩევა მართებულია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, როდესაც ტექნიკური საკითხებიც გადავწყვიტეთ, უკვე ამბობენ: უბრალოდ, არ გვინდა პრაიმერში მონაწილეობაო. პრაიმერი არის სამართლიანი კონკურენცია, რომელიც იძლევა გამარჯვების საშუალებას, მაგრამ, არა გამარჯვების გარანტიას. ის გულისხმობს დამარცხების აღიარებასაც. პრაიმერი თანამდებობების გარანტიას არ იძლევა, გარანტიას აძლევს მხოლოდ უძლიერესს. პრაიმერის ეშინია მას, ვინც საკუთარ ძალებში არ არის დარწმუნებული.
_ პრაიმერი რომ ჩატარებულად გამოცხადდეს, რამდენი ამომრჩეველის მონაწილეობა არის საჭირო?
_ ასეთი რამ არ გვაქვს დათქმული _ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს მთელი მოსახლეობის ლეგიტიმაციის პრეტენზია არც აქვს.
_ საარჩევნო კოდექსზეც მინდა გკითხოთ: გასულ კვირაში პოლიტიკურ ძალთა ნაწილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს. თქვენთვის თუ არის მისაღები ეს ცვლილებები?
_ კატეგორიულად არ ვიწონებთ. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი მოსაზრებები, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად მივიღებდით უფრო უარეს საარჩევნო კოდექსს. ჩვენმა ზოგიერთმა გამოუცდელმა კოლეგამ მიიჩნია, რომ ბაიდენის, ან რომელიმე გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსის რეკომენდაციის გამო ამ პროცესში ჩართვით საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებდა. მივიღეთ უარესი კოდექსი. მაგალითისთვის: 30%-იანი ბარიერის პირადაპირ არჩევნებს ჯობდა არაპირდაპირი, მაგრამ 50%-იანი არჩევნები. თბილისის საკრებულოში დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია 50%-ის მიღება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც ტოტალურად გაყალბდა ხელისუფლებამ ხმების 40%-ზე მეტი მაინც ვერ მოიპოვა. ამ სისტემით კი მათ 30% უნდა მიიღონ, რაც რეალობის ჩარჩოებში ჯდება _ ეს არის ადმინისტრაციული რესურსს პლუს მცირე გაყალბება. იგივე შეიძლება ითქვას საკრებულოს არჩევის წესზე, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ თავის დროზე ერთობლივად დავაყენეთ. ჩვენი სურვილი არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, მაგრამ, არც ის იქნება მართებული, როცა რაღაცას აკეთებ და არ გამოგდის, მუდმივად იძახო, რაღაც მაინც გამოვიდაო. ნიშნისმოგებით არა, მაგრამ, რეალურად უნდა ვთქვათ, რომ NDI-ის პროცესმა კრახი განიცადა. თუ ჩვენ ამას არ ვიტყვით და საკუთარ თავს, ამომრჩეველსა და საზოგადოებას მოვატყუებთ, რომ ეს ვარიანტი სჯობს იმას, რაც ადრე იყო, ეს ძალიან ცუდი სტარტი იქნება საარჩევნო კამპანიისთვის.თავის დროზე საპარლამენტო არჩევნების წაგების მიზეზი იყო ისიც, რომ ისეთი მოთხოვნები დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მერე კი ვთქვით: არა უშავს, რომ არ დაკმაყოფილდა. ამით ამომრჩეველმა სერიოზული დემოტივაცია განიცადა და თბილისში საპარლამენტო არჩევნები იმიტომ წავაგეთ, რომ ამომრჩეველი არ მოვიდა. გაყალბების წილი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამომრჩევლის პასიურობა. თუ ახლაც ერთმანეთის მოტყუებას, ერთმანეთზე თავდასხმასა და ზურგისშექცევას დავიწყებთ, ეს იქნება გზა დამარცხებისკენ.
_ თქვენ კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთეთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი მოქმედ კოდექსზე უარესია. ასეთ პირობებში, რამდენად გამართლებულია პრაიმერისა და არჩევნებისთვის მზადება?
_ ცნობილი გამონათქვამია: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ზოგიერთი ჩვენი გამოუცდელი კოლეგა იმედოვნებდა, რომ 7 ნოემბერს ისევ 100 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და სააკაშვილი დაემხობოდა. გამოცდილება საშუალებას გვაძლევს რეალურად შევხედოთ პოლიტიკას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრაიმერი ან თბილისის მერის არჩევნები იქნება ის წერტილი, რომლის შემდეგაც სააკაშვილი გადავარდება ხელისუფლებიდან, ძალიან ცდება. სააკაშვილის ხელისუფლება ეს არის ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი სერიოზული ქსელითა და საცეცებით, მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა შუალედური ეტაპებისგან შედგება. თბილისის არჩევნებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას წავართვათ ბერკეტების ნაწილი და არა მთელი ხელისუფლება. პოლიტიკურ პროცესს თუ ზოგადად შევხედავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ეს არის ბრძოლა შეუირაღებელი ხელებით გოლიათის წინააღმდეგ. მათ ხელშია ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, რეპრესიული აპარატი, პროპაგანდისტული მედიამანქანა... მეორე მხარეს კი არის ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც თითო-თითო ოთახებში არიან გამოკეტილები. თბილისის არჩევნები, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ის (მოგება არის ძალიან რეალური), საშუალებას გვაძლევს, ხელისუფლებას წავართვათ ამ ბერკეტების ნაწილი და ბევრად უფრო თანასწორ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა. ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის წარმატებული ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო. სულ ახლახან მადაგასკარზე დედაქალაქის, ანტანარვიუს, მერმა იმდენად დიდი ძალაუფლება მიიღო ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რომ ბლოკირება მოუწყო პრეზიდენტის რეზიდენციას, რის შემდეგაც იგი ქვეყნიდან გაიქცა.
_ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვება საქართველოშიც გახდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის მიზეზი.
_ სააკაშვილის ბრძოლა შევარდნაძის წინააღმდეგ იმიტომ იყო ეფექტური, რომ, რეალურად, ერთი პარტიის აქტივისტები კი არ ებრძოდნენ შევარდნაძეს, არამედ მთელი თბილისის ადმინისტრაციული აპარატი. კარგად ვიცით, როგორ ეფექტურად იყენებდა სააკაშვილი ამ ინსტრუმენტებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ-ორ კვირაში დავამარცხებთ სააკაშვილს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა. თბილისის არჩევნების შემდეგ ჩვენ რესურსები გვექნება ახალი, უფრო სერიოზული ბრძოლისთვის.
0 comments:
Post a Comment