Thursday, September 9, 2010

„იმედის“ ობიექტივში სააკაშვილი „უკვდავი“ გმირია


15-03-2010, 20:32

ინტერვიუ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან
მადლენ მაჭარაშვილი
-ბატონო იაგო, როგორც სოციოლოგი, როგორ შეაფასებდით ტელეკომპანია „იმედის“ ე.წ. მოდელირებულ გადაცემას? როგორ ფიქრობთ, რამდენად გაითვალისწინეს იდეის ავტორებმა და შემსრულებლებმა საზოგადოების მოსალოდნელი რეაქცია?

– მოსალოდნელ შედეგზე რომ ეფიქრათ, ამ გადაცემას ალბათ არ გააკეთებდნენ. ფაქტობრივად, არ მოიძებნა საქართველოში არც ერთი ინტერესთა ჯგუფი, რომელიც ამ რეპორტაჟს გაამართლებდა. გადაცემა იყო საყოველთაოდ მიუღებელი. მოსალოდნელი შედეგი არ იყო გათვლილი, მაგრამ, არ იქნება მართებული, ვთქვათ, რომ ეს უნებლიედ გააკეთეს. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია, რომელიც ბევრ რამეს ისახავდა მიზნად.
დღეს ნაციონალური (ე.ი. სახელისუფლო) მედიაარხებით ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დაირღვა „მაუწყებლის ქცევის კოდექსი“ და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, „ქრონიკის“ მიმდინარეობისას მაყურებელი ტიტრების ან სხვა ფორმის გამოყენებით საქმის კურსში ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მხოლოდ მოდელირებაა და არა რეალური ამბავი.

მაყურებლის შეცდომაში შეყვანა, ცხადია, პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაა. თუმცა, აქ უფრო მთავარი თავად ამ სიუჟეტის შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, „ქრონიკა“ გამაფრთხილებელი ტიტრების თანხლებით წავიდოდა, თუ არა.

-სიუჟეტის შინაარსობრივი მხარე რომ განვიხილოთ, საშიში ტექსტის გარდა რა საშიშ გზავნილებს შეიცავდა გადაცემის სიუჟეტი?

– საქართველოს ჰყავს მხოლოდ „ჩასარეცხი“ პოლიტიკური ოპოზიცია (გამონაკლისის გარეშე), რომელიც არის მოღალატე, გამყიდველი და მომართულია ამბოხის გზით ხელისუფლების დამხობისკენ და მზადაა, ამ საქმეში შეურთდეს რუსეთის აგრესიას საქართველოს და სააკაშვილის წინააღმდეგ;

ქართულ ჯარში არსებობენ მოღალატეები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის ბედი და თავისუფლება ხელისუფლების დამხობაში გაცვალონ. ქართული ჯარი არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს.

რუსეთი „შეუქცევადი“ მტერია, ანუ აბსოლუტური ილუზიაა მასთან მოლაპარაკებები და თანამშრომლობა, თუნდაც პერსპექტივაში;

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ერთადერთი, უალტერნატივო პატრიოტული ძალაა ქვეყნის შიგნით, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია;

სანამ რუსეთი არსებობს (და ის ყოველთვის იარსებებს), საქართველო უნდა ცხოვრობდეს მუდმივი უსაფრთხოების და ომისათვის საყოველთაო მობილიზაციის რეჟიმში;

რუსეთის მხრიდან ასეთი საყოველთაო და მოულოდნელი აგრესიის პირობებშიც კი სააკაშვილის მოკვლა მხოლოდ ნოღაიდელისთანა მოღალატეების ფანტაზიის ნაყოფია – სინამდვილეში სააკაშვილი უკვდავი გმირია, რომელსაც რუსული ტყვიაც კი ვერასოდეს „დაეწევა“;

ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკის ქვაკუთხედია რუსეთთან კონფრონტაცია, საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ანუ ბლეფია არგუმენტი იმის შესახებ, რომ დასავლეთი მოგვიწოდებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის.

- რა არის ამ გზავნილების მთავარი მიზანი?

– საქართველოს მოსახლეობის დაშინება და მოქალაქეებში უმწეობის განცდის ჩანერგვა, რაც განაპირობებს მათი პროტესტის მოჩლუნგებას ხელისუფლების მიმართ და ყურადღების გადატანას გარე საფრთხეებზე; მიზნებს შორის ასევე არის: პოლიტიკური ოპოზიციის უპირობო დისკრედიტაცია; სააკაშვილის ხელისუფლების უალტერნატივობა; საქართველოს „ისრაელიზაცია“, ანუ მუდმივი მოლოდინი იმისა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს, ისე ქვეყნის არსებობას საფრთხე ემუქრება; რუსეთის „სიტუაციური მტრის ხატის“ გადაქცევა „მარადიულ მტრის ხატად“; მუდმივი საფრთხის არსებობის ფონზე ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისა და დემოკრატიაზე ზრუნვის უსაზრისოდ გამოცხადება.

- სხვადასხვა კვლევის თანახმად საქართველოში საზოგადოება ენდობოდა მედიას გაცილებით მეტად, ვიდრე, ვთქვათ, სასამართლოს. „იმიტირებული ქრონიკის“ შემდეგ შეიცვლება თუ არა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი?

- მედია ნდობის დიდი ხარისხით არ გამოირჩეოდა. ეს სამარცხვინო საქციელი ყველა ტელეარხს არ დააზარალებს. „იმედის“ გადაცემა უარყოფითად შეაფასა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც კი, რომელიც არ გამოირჩევა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კრიტიკით. ამ შემთხვევაში არველაძე, სწორედ, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. „იმიტირებული ქრონიკა“ აუცილებლად დააზარალებს ტელეკომპანია „იმედს“, მაგრამ, რთულია თამამად იმის თქმა, რომ ეს იმოქმედებს სხვა მედიასაშუალებების ნდობის რეიტინგზე.

0 comments:

Post a Comment