Thursday, September 9, 2010

30 მაისს გამოჩნდება, როგორ „გვის ახალი ცოცხი“




11-02-2010, 19:01

მადლენ მაჭარაშვილი
„არჩევნები და მედია“,– ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც 11 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობა შესთავაზა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხზე მედიის ინიციატივების გაზიარებაზე თანხმობა გამოთქვა. შეხვედრას საქართველოში მოქმედი მედიის უმრავლესობა დაესწრო. თუმცა დისკუსია ვერ შედგა. დიალოგის ფორმატი პრესკონფერენციის ფორმატში გადავიდა. ჟურნალისტები კორესპონდენტებად დარჩნენ, ცესკოს წარმომადგენლები – რესპონდენტებად.

ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის ფრაზა – „მე ვარ მეოცნებე, მაგრამ მარტო არ ვარ“ – ზურაბ ხარატიშვილმა მედიისთვის ღია და გამჭვირვალე ურთიერთანამშრომლობის შეთავაზებისთვის გამოიყენა. „დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ოცნება“ კი – მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქცეს რეალობად, თუ პრობლემის მოგვარება ერთ–ერთი მთავარი საკითხით, საარჩევნო სიების სრულყოფით, დაიწყება. საარჩევნო სიების დამაჯერებლობა კი ამ ეტაპზე ეჭვს იწვევს, რადგან, უკანასკნელი აღწერის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 4,3 მილიონი მცხოვრებია, ხოლო უკანასკნელი არჩევნების დროს
არსებული სიების მიხედვით – 3.7 მილიონი ამომრჩეველი.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამომრჩეველთა რიცხვის არგუმენტებით დასაბუთება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის კომპეტენციაა. ზურაბ ხარატიშვილმა მედიას პირობა მისცა, რომ 16 თებერვლის ბრიფინგზე, სწორედ, ბატონ ვაშაძეს მოიწვევს. მანამდე კი საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებით ცესკო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

მედიასა და ცესკოს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლევან გახელაძემ მედიამონიტორინგის შექმნის იდეა წამოაყენა. მისი თქმით, მონიტორინგი მედიამ უნდა ჩაატაროს, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესსა და პროცედურებზე და, მეორე მხრივ, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს თავად მედიის მუშაობაზე.
ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით კი, ცესკო მომავალი კვირიდან მედიასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა, რაც ყოველდღიური პრესრელიზებისა და ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენების მომზადებით გამოიხატება. ხარატიშვილისვე თქმით, ცესკოში ყოველ სამშაბათს გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ყველა მედიასაშუალების კითხვებს კომპეტენტური პირები უპასუხებენ.

მედიის წარმომადგენლები ცესკოს ინიციატივებსა და თანამშრმლობის გამჭვირვალობის იდეას იწონებენ, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება მაინც საეჭვოდ მიაჩნიათ და აცხადებენ: მხოლოდ 30 მაისს გამოჩნდება, როგორ გვის ახალი ცოცხი.

0 comments:

Post a Comment