Thursday, September 9, 2010
სასამართლო და "ბოდიში"
3-02-2010, 22:52
„ყველას გავაგებინებ, რომ საქართველოში არის კუკავა, რომელიც ლანძღავს ქალბატონებს და მეძავებს ეძახის“
მადლენ მაჭარაშვილი
ნინო ხინიკაძე
კახა კუკავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა 11 თებერვლისთვის გადაიდო. 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე კი მოსამართლე ლევან გვარამიამ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. კონსერვატიული პარტიის გენერალური მდივნის, კახა კუკავას, წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორი მოქალაქე ლელი იაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ( სადავო სიტყვა „ოცლარიანი კახპაა“) კუკავასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და 20 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა. ამჯერად სასამართლო მხოლოდ ბოდიშის მოხდის საკითხზე მსჯელობს, რადგან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20 ათასი ლარის კომპენსაციის სახით გადახდა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და ამ მიზნით 1 ლარის გადახდაც შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი.
თუ კახა კუკავა საჯარო ბოდიშზე დათანხმდება, ამ შემთხვევაში მხარეთა ადვოკატებს შესათანხმებელი ერთი საკითხიღა დარჩებათ: რომელი მედიასაშუალებები უნდა მოიწვიონ კუკავას „საჯარო ბოდიშის“ დასაფიქსირებლად.
მოსამართლის მიერ პროცესის გადადების შემდეგ „ახალი 7 დღე“ ქალბატონ ლელი იაშვილს ესაუბრა.
„თუ კუკავა ბოდიშს არ მოიხდის და მოსამართლეც დაეთანხმება მის პოზიციას, საქმეს შემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებ. თუ სადმე ხმა მიმიწვდება, ყველას გავაგებინებ, რომ საქართვლოში არის კუკავა, რომელიც ლანძღავს ქალბატონებს, და მეძავებს ეძახის. ეს კი სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარესი იქნება. დრო ბევრი მაქვს, მხოლოდ შაბათ-კვირას ვმუშაობ. ყველა ელჩს შემოვივლი და მოვუყვები ამის შესახებ, ამბის გასახმაურებლად ყველაფერს გავაკეთებ, რადგან თავმოყვარეობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია.“
ლელი იაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ამჯერად კუკავას მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდაა. 20 ათას ლარს კი მხოლოდ იმიტომ ითხოვდა, რომ ინვალიდი ბავშვებისთვის დახმარება გაეწია.
თუ კახა კუკავა ტელეკამერების წინ ბოდიშს მოიხდის, სავარაუდოდ, მხოლოდ 600 ლარის გადახდა მოუწევს. ამით ის ლელი იაშვილის მიერ გადახდილ სასამართლო ხარჯებს: ადვოკატის საფასურსა და სასამართლო ბაჟს აანაზღაურებს.
ლელი იაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტებები კახა კუკავას ბრალდებაზეც გააკეთა. ცოტა ხნის წინ კონსერვატორების ლიდერი „ახალ 7 დღესთან“ საუბარში აღნიშნავდა, რომ ლელი იაშვილი პროვოკაციულ საქციელში ადრეც იყო შემჩნეული და მაგალითად სანდრო გირგვლიანის ფოტოების დახევას ასახელებდა (http://7days.ge/index2.php?newsid=169). ლელი იაშვილი ჩვენთან საუბარში გირგვლიანის ფოტოების დახევას უარყოფს.
„რაც შეეხება „დახეულ პლაკატებს“, ამაზე გეტყვით, რომ ქაშუეთის ეკლესიასთან ავკრიფე, პრეზიდენტი რომ ჰალსტუხს ჭამს, ის სურათები. ძალიან გავბრაზდი, ძირს რომ ეყარა. ვაფასებ ამ კაცს, ახალგაზრდაა და ბევრს შრომობს. ყველა ვხედავთ, რას დაამსგავსა ქვეყანა. მართალია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 6 წელი გავიდა მისი პრეზიდენტობიდან. გამოუცდელმა კაცმა ქვეყანა აქამდე მოიყვანა ეს ნამდვილად დასაფასებელია. თორემ მე და ჩემი შვილები არ ვიღებთ პრეზიდენტის ხელფასებს და ამის გამო არ ვართ მადლობლები.“
0 comments:
Post a Comment