Sunday, April 25, 2010

"შარდის" თემა ქართულ პოლიტიკაში

მადლენ მაჭარაშვილი
რას ამბობს უგულავა სააკაშვილის ზურგს უკან და რა კავშირი აქვს მასვე ნარკობიზნესთანბევრი მსჯელობის, კონსულტაციისა და პოლიტიკური კინკლაობის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა. ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდა. ლევან გაჩეჩილაძის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მერობის სურვილი მისმა ძმამ, „უცნობმა“, გამოთქვა. ვიდრე „უცნობის“ მერობის კანდიდატობა გადაწყდება, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და ერთმანეთს პოლიტიკური ლოზუნგებით ეჯიბრებიან. მმართველი პარტია კი ოპოზიციურ კამპანიას ჯერ კიდევ შორიდან აკვირდება და საარჩევნო მარათონში ჩართვას არ ჩქარობს.
წინასაარჩევნო პროცესებსა და საარჩევნო კანდიდატების შანსებზე „ახალი 7 დღე“ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელს გოგა ხაინდრავას ესაუბრა.

– დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ გიგი უგულავა არჩევნებში თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიულ კანდიდატად ის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუსახელებია. რით ახსნით ამ გარემოებას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ერთგვარი ყოყმანის მიზეზი პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებაა?

– „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის ფიქცია. აბსოლუტური მითია ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად წარმოსახვა. ეს არის კრიმინალური ჯგუფი, რომელიც გარკვეული ინტერესების ირგვლივ შეიკრიბა. ამ ადამიანებს არანაირი იდეოლოგია არ აერთიანებთ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს ძალიან დიდი ქონება და ძალაუფლება აქვს ხელში ჩაგდებული და, ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასეთ ჯგუფში ერთიანი კანდიდატი ვერ შეირჩევა: ვიწრო ინტერესები და მერკანტილური მოქმედებები მათ აზროვნებასა და ყოფაში იმდენად ძლიერი და მნიშვნელოვანია, რომ საუბარი რაღაც პოლიტიკურ არჩევანზე ზედმეტიც კი არის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური არჩევანი ვერ გაკეთდება. აქ არჩევანის განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის, თუ ვინ უკეთესად მისცემს შესაძლებლობას კრიმინალურ დაჯგუფებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, როგორც კი მაფიოზურ სტრუქტურებსა და მსგავსი ტიპის გაერთიანებებში მომძლავრებას იწყებს ესა თუ ის ფრთა, იმწუთშივე იწყება ეჭვიანობა. განსაკუთრებით ეჭვიანობენ ბოსები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მოძრაობის მთავარი ბოსი არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ეჭვიანობის არეალი არის ძალიან დიდი, აბსოლუტურად ნათელია, რომ უგულავას კანდიდატურის დასახელება მერის თანამდებობაზე მისთვის არის პრობლემური. ამ ნაბიჯით ის რეალურად ხელიდან უშვებს სადავეებს. როგორც კი უგულავა გახდება, ფიქტიურად, მაგრამ მაინც არჩეული მერი და ეს ადამიანი ბოსის კონტროლიდან გამოვა, ყველა სხვა პერსონა მის გვერდით გამოჩნდება, როგორც ძალაუფლების მიმთვისებელი.

განა შეიძლება, უგულავას უყვარდეს სააკაშვილი? მისი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ნათლად გამოჩნდა ერთ–ერთ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში – მიშა რომ ხარაჩოზე აძვრა და ჩამოვარდნის სერიოზული საფრთხე შეიქმნა, უგულავამ გვერდზე მდგომს გადაულაპარაკა: სულ გარეკა ამ უბედურმაო.

პირადული ურთიერთობებიდან და სხვადასხვა ასპექტიდან გამომდინარე, შეუძლებელია, უგულავას სააკაშვილი უყვარდეს, მოსწონდეს, ან მეგობრობდეს მასთან. ურთიერთობები აწყობილია მხოლოდ ანგარებაზე, ინტერესებზე. ამას სააკაშვილიც გრძნობს. იმიტომაც იკავებენ თავს გიგი უგულავას კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებაზე.

– ამ კონტექსტში ალბათ საინტერესოა ძალოვან უწყებაში განხორციელებული დღევანდელი საკადრო გადაწყვეტილება. ვგულისხმობ სოდ–ის ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანლად გადაყვანას, ანუ მის თანამდებობრივად დაქვეითებას.

–ესეც ძალიან მარტივი ასახსნელია. პატრონმა, და, ამ შემთხვევაში, პატრონი არის მერაბიშვილი, არ აპატია მას თავისი ცოლისძმის თავხედობა. მათ ისეთი რამ ჩაიდინეს, რასაც მერაბიშვილი არ დაუშვებს და არ შეურიგდება. მერაბიშვილი და სააკაშვილის რეჟიმი დგას პოლიციაზე. როგორ აპატიებს მერაბიშვილი პოლიციელების შეურაცხყოფას ვინმეს? ამას კოდუას კი არა, საკუთარ ძმას არ აპატიებს.

–ოპოზიციურ პარტიებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები თბილისის მერის თანამდებობაზე ერთიან კანდიდატზე შესათანხმებლად. როგორ ფიქრობთ, რატომ დასრულდა ეს პროცესი უშედეგოდ?

– ეს არის ძველი ქართული ავადმყოფობის შედეგი. ამპარტავნობის შედეგი. ადამიანებს არ შეუძლიათ დათმობა. ქართველებს არ ესმით სიტყვა „ჩვენ“, ესმით მხოლოდ „ჩემი“.

– ვისთვის უნდა დაეთმოთ?

– მე ვფიქრობ, ყველაზე რეიტინგული ფიგურა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს შორის დღეს არის ირაკლი ალასანია. მიმაჩნია, რომ ერთიანი კანდიდატის ირგვლივ ყველას გაერთიანება უპერსპექტივოა, მაგრამ, თუ ახლა ამ გზით აპირებ წასვლას, მხარი ალასანიას უნდა დაუჭირო.

–ლევან გაჩეჩილაძემ უარი თქვა თბილისის მერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერობის სურვილი აქვს მის ძმას გია გაჩეჩილაძეს. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

– „უცნობი“ არის მსახიობი და თან ძალიან ნიჭიერი. აქედან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ მის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა. მე ვფიქრობ, ოპოზიციის ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძე ერთიან კანდიდატად არ დაასახელეს. ეჭვი არ მეპარება, რომ გაჩეჩილაძე დაანგრევდა სააკაშვილსაც და უგულავასაც. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

– რა შანსები აქვს ოპოზიციას დღეს იმისთვის, რომ შეცვალოს თვითმმართველობების და კონკრეტულად თბილისის ხელისუფლება?

– საერთოდ, დიდი შანსი გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ. არ მგონია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს კონკრეტულად ამ არჩევნების გზით, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ამ არჩევნების შედეგად.

– თქვენს იმ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ერთ–ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთეთ: თქვით, რომ გიგი უგულავა პირადად იღებს შემოსავალს ნარკოტიკების რეალიზაციიდან. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– დღეს თბილისში 150 ათასი ნარკომანია. ეს ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ ნარკოტიკს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდეს პოლიციამ? რადგან პოლიციამ იცის და თვალებს ხუჭავს, ეს უკვე იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას. მოგეხსენებათ, მუნიციპალური პოლიცია ქალაქის მერს ექვემდებარება. და, თუ პოლიცია თვალს ხუჭავს, ე.ი. ქალაქის მერიც ხუჭავს ამაზე თვალს.

– თქვენი ინფორმაციით, ვინ აკონტროლებს დღეს საქართველოში ნარკობიზნესს?

– მერაბიშვილი. ეს ყველამ იცის, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მასშტაბით ამ გზით მიღებულ შემოსვლებს მერაბიშვილი უგულავას უნაწილებს, ისინი ერთად მფარველობენ ამ ბიზნესს.

– შინაგან საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი გააქტიურება პოლიტიკოსთა და პოლიტიკის ექსპერტთა ერთმა ნაწილმა მერაბიშვილის მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებლად გამოსვლის მცდელობად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ვანო მერბიშვილის მთავარი პოლიტიკური მიზანი?

– ქართულ პოლიტიკაში პოპულარულია „შარდის“ თემა. როდესაც შარდი გუბდება, წნევის აწევას იწვევს. კაცი ფიქრობს, თუ შეიძლება, სააკშვილი იყოს პრეზიდენტი, რატომ არ შეიძლება, იყოს მერაბიშვილიც?
წყარო: "ახალი7დღე"

0 comments:

Post a Comment