Sunday, April 25, 2010

მოძრაობა "ორთავიანი არწივის" სიმბოლოთი



მადლენა მაჭარაშვილი
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა ახლახან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელობაც ითავა. მოძრაობას უკვე შემუშავებული აქვს დეკლარაცია, რომელსაც ორგანიზაციის გერბი – ორთავიანი არწივი ამშვენებს. გულაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ბოლო დროს რაც გაკეთდა, მედვედევთან მისი ურთიერთობის დამსახურებაა, ზურაბ ნოღაიდელმა კი ეს ყველაფერი, უბრალოდ, მიიწერა.

- ბატონო მალხაზ, რას გულისხმობს სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა? რის მიღწევას აპირებთ ამ მოძრაობით?

– ჩვენი მოძრაობის ძირითადი მიზანია, შეინარჩუნოს, დაიცვას და გააძლიეროს საზოგადოების ეროვნული ცნობიერება. ჩვენთვის უმთავრესია სოციალური საკითხების წამოწევა. პოლიტიკოსები საარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს არგებენ, ჩვენ ამომრჩეველზე არ ვმუშაობთ. ქვეყანაში ადამიანთა 98% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. 2% კი სახელისუფლებო ელიტაა, რომელიც ელიტურ კორუფციაშია ჩართული. საქართველოში ბიზნესის კეთება შეუძლიათ მხოლოდ ბენდუქიძეს, კეზერაშვილს, როგორც შევარდნაძის დროს შეეძლო ჯოხთაბერიძეს. ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი პრესა, ტელევიზიებს ხელისუფლება აკონტროლებს. ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხოცავენ. ხალხის ინტერესი არსად არის დაცული. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ სახელმწიფომ ყველა სტუდენტს გადაუხადოს სწავლის საფასურის ნახევარი.
უნდა დავიცვათ ასევე დევნილთა უფლებები. ბევრი მათგანი გამოყარეს საცხოვრებელი სახლებიდან. ხელისუფლება მათ დისკრედიტაციას ეწევა. მათი შემწეობა 235 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

ჩვენი ამოცანაა, გავლენა მოვახდინოთ ეკონომიკაზე. ქვეყანაში დღეს არ არსებობს ანტიმონოპოლისტური სამსახური. შაქრის ბიზნესზე მონოპოლია აქვს კონკრეტულ ადამიანებს. მსოფლიო ბაზარზე 1 კილოგრამი შაქრის ფასი 75 თეთრს არ აღემატება, ჩვენთან კი 2 ლარზე ძვირად ყიდიან.

- ამბობთ, რომ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა აშკარად პოლიტიკური ამოცანები გაქვთ. სად გადის ზღვარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობების მიზნებსა და ამოცანებს შორის?

- პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ კი ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ გვაქვს.

- მაგრამ მომავალში ხომ აპირებთ?

- არ ვიცი, შემდეგ ეტაპზე რას ვიზამთ. ამ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ხვალ რა მოხდება, ვნახოთ.

– საკითხები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, პირველად არ დასმულა. სოციალურ თემებზე მუდმივად აკეთებენ აქცენტს „ლეიბორისტებიც“, სხვებიც... ერთი სიტყვით, პოლიტიკური პარტიებისთვის მომგებიანი თემაა. რითი იქნებით ამ მხრივ მათგან განსხვავებული?

- ჩვენი მექანიზმია საზოგადოებრივი აქტიურობა. ჩვენი თანამოაზრეები ცნობილი ადამიანები არიან. 5 ათასი წევრი უკვე გვყავს. მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

- ბევრს საუბრობთ მართლმადიდებლურ იდეოლოგიაზე და მოძრაობის მიზნებშიც ეს საკითხი პრიორიტეტულად გაქვთ მიჩნეული. საპატრიარქოსთან თუ გაქვთ კავშირი, ან შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე?

- მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზე პატრიარქის ნებართვა არ არის აუცილებელი. ჩვენ ვაკეთებთ მართლმადიდებლურ და ქართულ საქმეს, რომელიც არის ღვთითკურთხეული. დღეს მოდად იქცა ყველა საკითხში პატრიარქის გარევა.

ჩვენ ჯეროვან პასუხს გავცემთ ყველას, ვინც შეეცდება ეკლესიის შეურაცხყოფას, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ პატრიარქი გავხადოთ პასუხისმგებელი ჩვენს მოძრაობაზე. ეს არის თავისუფალი მოძრაობა. მართლმადიდებლობაც ყველაზე თავისუფალი რელიგიაა დედამიწაზე არსებულ რელიგიებს შორის. სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას აქვს გერბი, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული.

- ორთავიანი არწივი რუსეთის გერბზეც არის გამოსახული. ეს ხომ არ მიანიშნებს რუსეთთან თქვენს კავშირზე?

- არაფერი რუსული აქ არ არის. ორთავიანი არწივი არ არის რუსების მოგონილი. ამ სიმბოლოს ჯერ კიდევ შუმერები იყენებდნენ. ორთავიანი არწივის გამოსახულება გვხვდება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებშიც. ეს სიმბოლო მოგვიანებით სხვადასხვა იმპერიამ გამოიყენა. ჩვენ გერბზე ის ორთავიანი არწივია გამოსახული, რომელზეც ვაჟა–ფშაველამ ლექსი დაწერა „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ–ყორნებს ეომებოდა“...

– მაგრამ ვაჟა–ფშაველა ხომ ორთავიან არწივზე არ საუბრობს...

–ეს ის არწივია, რომელსაც მოურჩა ჭრილობები და აპირებს, ყვავ–ყორნებს ეომოს. ვაჟას არწივი დღეს დაწყვილებულია.

- “მეწყვილე“ ვინ არის?

- წყვილს ქმნის ეკლესია და ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოება. ისინი ერთად, ერთიანი ძალისხმევით გაწმენდენ საქართველოს ყვავ–ყორნებისგან.

- რუსული კავშირების გამოყენების გამო პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერად მიგიჩნევენ. აღიარებთ თქვენს პრორუსულ ორიენტაციას?

- ვინ რას ამბობს, ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარია, ჩვენ რას გავაკეთებთ. სააკაშვილზე რუსული ძალა ვინ არის საქართველოში? სერგო ორჯონიკიძემ თუ სოჭი და საინგილო გასცა, სააკაშვილმა ცხინვალი და აფხაზეთი უფეშქაშა რუსებს. საქართველოში თუ რამე მნიშვნელოვანი ობიექტია, ყველა რუსებს აქვთ ნაყიდი. სააკაშვილმა „ენგურჰესი“ ომის შემდეგ ჩუმად მიჰყიდა რუსებს. კიდევ ჩვენ ვართ რუსული ძალა? ვამბობთ, რომ რუს ხალხთან დილოგის შეწყვეტა არ არის მართებული, თუ ეს ნიშნავს პრორუსულ ორიენტაციას, მაშინ ჩათვალეთ, რომ ვარ პრორუსული. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველასთან: ამერიკელთანაც, რუსთანაც, ფრანგთანაც.. ტელევიზიებით რომ „გვაბოლებენ“, რეალურად ასე არ არის საქმე. მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნა. ამ ვითარებაში საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს.

- ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა ის პრინციპებია, რომლებსაც პრორუსული იდეოლოგიის ძალები ემხრობიან.

- ნატო არის უტოპია, რომელიც ქართველ ხალხს თავს მოახვიეს. ნატოს წევრი ქვეყნები -საფრანგეთი და გერმანია, არასდროს დაუჭერენ მხარს ამ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას, არ დაუჭერენ მხარს თუნდაც იმ ფსევდოლიბერალური ღირებულებების გამო, რომლებიც საქართველოში მკვიდრდება.

ჩვენი მიზანია, საქართველომ შექმნას ახალი უსაფრთხოების სისტემა კავკასიაში. ეს ამერიკასა და რუსეთის შეთანხმების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. უნდა შეიქმნას კავკასიის უსაფრთხოების საბჭო, რომელშიც შევლენ რეგიონის მოთამაშეები: რუსეთი, ირანი, თურქეთი და გლობალური მოთამაშეები: ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი. დღეს კავკასიის თემით მთელი მსოფლიო მანიპულირებს. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვმონაწილეობდეთ ამ „გარჩევებში“. ეს პროექტი შევთავაზე ამერიკულ და რუსულ მხარეებს. ორივე ქვეყნის პოლიტიკური წრეებიდან გამომეხმაურნენ. ჩვენთვის კავკასიური ნეიტრალიტეტი ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალია. ჩვენ არც ამერიკას ვეწინააღმდეგებით და არც რუსეთს, თუ ეს უკანასკნელი თავის ბაზებს კავკასიიდან გაიყვანს.

- თვეების წინ მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ებრალიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეთ. რა ურთიერთობა გაქვთ ებრალიძესთან და დაუჭერთ თუ არა მხარს მის ამბიციას საქართველოს პრეზიდენტობაზე?

– ალექსანდრე ებრალიძეს კარგად ვიცნობ. მსგავსი ამბიციები საქართველოშიც ბევრს აქვს, თუმცა ჯერ ვერ ვხედავ პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატს. მითუმეტეს, ასეთი არ არის ებრალიძე. ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით ის ფუჭად შრომობს. ებრალიძე, ხუბუტია და სხვები, თუ სურთ ქართული საქმის კეთება, შემოუერთდნენ ჩვენს მოძრაობას და გაიზიარონ ჩვენი პრინციპები. ამის შემდეგ თუ უნდათ, პრეზიდენტები გახდნენ, თუ უნდათ – პრემიერმინისტრები.

– შესთავაზეთ ებრალიძეს თანამშრომლობა?

– თავის დროზე ვუთხარი ჩვენი პროგრამების შესახებ, თუ ვერ გაიგებს, ორმოცდაათჯერ ვერ გავუმეორებ. დღეს ვინც ცდილობს, საქართველოში პრეზიდენტი გახდეს, აშკარად სჭირდება ფსიქიატრიული შემოწმება. ქვეყანა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მას, ვისაც სურს, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ნამდვილად სჭირდება ფსიქიატრიული შემოწმება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აღარ უნდა დაუშვას შეცდომა და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი არ უნდა აირჩიოს. ჩვენ არ ვართ ოპოზიციური ძალა. მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც ჩვენს პროგრამებსა და მიზნებს დაეთანხმება.

– ანუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობასაც არ გამორიცხავთ?

–„ ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მართლმადიდებლობენ, ვიდრე ოპოზიციონერები.

– იქნებ გვარებიც დაგვისახელოთ, „ნაციონალური“ მოძრაობის“ რომელ წევრებს გულისხმობთ?

– რას ამბობთ, ეს რომ ვთქვა, ხვალ ეს ადამიანები, შესაძლოა, კედელზე გააკრან. ბევრმა დაუჭირა კონკორდატს მხარი. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მრავლად მოიპოვებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ჩვენი იდეოლოგია წამყვანი იყოს. ჩვენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ვახტანგ გორგასლის საქართველო გვინდა. საქართველოს ჰოლანდიად გადაქცევას არ დავუშვებთ.

- 2009 წლის გაზაფხულზე თქვენ „ჯორჯიან თაიმსის“ დახურვის გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღეთ, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა, რა რეაგირება მოჰყვა თქვენს ამ განცხადებას და რამდენიმე თვეში, გაზეთის აღდგენა რომ გადაწყვიტეთ, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეთ?

– არანაირი გარანტია არ მიმიღია. გახსოვთ, ალბათ, იმ დროს ჩემს 16 წლის შვილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს. ბავშვს საფრთხე დაემუქრა. გაზეთის დახურვა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია იყო. ეს ნაბიჯი რეზონანსული აღმოჩნდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამომეხმაურნენ. სხვათა შორის, თავდასხმის ფაქტი დღემდე არ გამოუძიებიათ. პროკურატურამ ვითომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არ დაასრულა.

გაზეთის გამოცემა რომ შეწყდა, ჩვენი იდეოლოგიის მოწინააღმდეგეებმა სიხარულის ტაში შემოჰკრეს: „ჯორჯიან თაიმსი“ ფინანსური კრიზისის გამო დაიხურაო. გამოცემა რომ აღდგა, მერე თქვეს: პუტინი აფინანსებსო. საბედნიეროდ, ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც ქართულ ღირებულებებს იცავს და მზად არის, ამ მიზნით ფინანსებიც გაიღოს.

- „ჯორჯიან თაიმსს“ ბეჟუაშვილის და კირკიტაძის გაზეთად მიიჩნევენ, ეს ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში ზურაბ ნოღაიდელმაც თქვა. მართლა აფინანსებენ თქვენს გამოცემას ეს ადამიანები?

– ნეტავ მართლა დაგვაფინანსონ. ამ საკითხზე ნოღაიდელს პირადად ვესაუბრე. ვუთხარი: 75 მილიონი რომ აქვს, ეს კირკიტაძემ კი არ დაწერა, თავად დავწერე–მეთქი. ნოღაიდელზე კომენტარების გაკეთება არ მსურს, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: რასაც ის იბრალებს, ეს ჩვენი კომისიის გაკეთებულია. ვგულისხმობ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას, ლარსის საბაჟოს გახსნას და მომავალში სავიზო რეჟიმის აღდგენას. მედვედევმა პირადად მხოლოდ ჩემთან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს გააკეთებდა.

– თქვენ უშუალო კავშირი გაქვთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან?

– დიახ, ასეა, რა პრობლემაა. ვხვდები ხოლმე. მედვედევს 2004 წლიდან ვიცნობ. მაშინ ადმინისტრაციის უფროსი იყო. ბევრ კონფერენციაში ერთად ვმონაწილეობდით. რუსეთში ყველა პოლიტიკური წრის წარმომადგენელს ვიცნობ, ვიცნობ იქაურ პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებს და ბიზნესმენებსაც, ამაში კრიმინალური არაფერია. ნაცნობები მხოლოდ რუსეთში არ მყავს, ბევრს ვიცნობ უკრაინაში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ირანში. გეტყვით იმასაც, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მიმოწერა მქონდა ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთანაც.

0 comments:

Post a Comment