მადლენა მაჭარაშვილი „ახალი 7 დღის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან არა მხოლოდ 9 აპრილის აღსანიშნავად მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის შემსწავლელი კომისია დიდ იმედს ამყარებს გამსახურდიას გარდაცვალების მოწმეებისგან ჩვენების აღებაზე. გარდაცვალების მთავარი მოწმე ბესარიონ გუგუშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან მას არ ენდობა. — ბატონო ბესარიონ, 9 აპრილს საქართველოში გლოვისა და დამოუკიდებლობის დღე ერთდროულად კიდევ ერთხელ აღინიშნება. როგორ გაიხსენებდით 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილს? — თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარს წინ უსწრებდა ძალზე მსგავსი და უფრო მასშტაბური სისხლიანი მოვლენები პოლონეთში 1983 წელს, ხოლო მოსდევდა არანაკლებ სისხლიანი მოვლენები ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს (დაიღუპა 124, დაიჭრა 737), რიგაში 1991 წლის 14-20 იანვარს (სადაც სსრკ ჯარებმა დახოცეს ხალხის მხარეს მდგარი ლატვიელი პოლიციელები და ტელეჟურნალისტი), ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს (სსრკ ჯარებმა ლიტვის მთავრობის სახლზე შეტევისას მოკლეს 14 მოქალაქე). ასე რომ, სსრკ–ისა და სოციალისტური ბანაკის დაშლას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მხრიდან მსხვერპლი ახლდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, პრაქტიკულად, ყველგან სადაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აქტიური და მაგალითის მიმცემი იყო. მაგრამ, სწორედ, ამ აქტიურმა, სამაგალითო მოძრაობებმა დაამხეს ბოლოს ის ბოროტების იმპერია, რომელსაც სოცბანაკი და სსრკ ერქვა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთშიც, აზერბაიჯანშიც, ლიტვაშიც და ლატვიაშიც ფართოდ და ყოველწლიურად აღნიშნავენ იქაურ „9 აპრილებს“, თუმცა რატომღაც ეს აღნიშვნა იზოლირებულად ხდება და არასდროს მოიხსენიებენ სხვა რესპუბლიკებში თავგანწირვის მაგალითებს. ნეტა რატომ? — ქართულ ეროვნულ თარიღებზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით იმ მოვლენების მთავარი გმირის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების საკითხს. მითუმეტეს, რომ ეს თემა საქართველოში ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა - საკითხს საპარლამენტო კომისია სწავლობს. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა კომისიის დასკვნის პროგნოზირება? — მოგეხენებათ, ალბათ, რომ, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნილი მთავრობის პრემიერმინისტრი, რომელიც არ გადამდგარა და არც ვინმეს გადაუყენებია კანონიერად -საქართველოში ფაქტობრივად არსებულ რეჟიმს უკანონოდ, არალეგიტიმურად მივიჩნევ და, ამდენად, არალეგიტიმურად ვთვლი მის ყველა ორგანოს ე.წ. პარლამენტის და ამ „პარლამენტის“ ნებისმიერი კომისიისა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოების ჩათვლით. რაც შეეხება „დინების წინააღმდეგ მცურავი“ კოკოს კომისიას - ვინმეს სჯერა ამ კომისიის ობიექტურობის? - თუნდაც თვით ამ კომისიის წევრებს სჯერათ? ღირს, გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ 2004 წელს წამოიწყო. ამ გამოძიებაში ათობით გამომძიებელმა დაკითხა ასობით მოწმე და ჩაატარა ასობით საგამოძიებო პროცედურა, დაწერა ათასობით გვერდი მასალა - სულ ტყუილად? - უშედეგოდ? - საინტერესოა, კოკოს კომისიის დასკვნების შესაბამისად თუ დაისჯება სამაგალითოდ ამ გამოძიების რომელიმე მოხელე და თუ აიძულებენ გამოძიებას, „შეკეროს“ კოკოს კომისიის მიერ დაკვეთილი მკვლელობის საქმე... — მე პრესის არქივში მოვიძიე თქვენ მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ზვიად გამსახურდიას ოჯახმა, კერძოდ, მისმა ქვრივმა, დადო პირობა, რომ გამსახურდიას სიკვდილის შესახებ თვითმკვლელობის ვერსიის გარდა სხვა ვერსიას არასდროს წამოაყენებდა. რატომ გახდა საჭირო ასეთი პირობის ოფიციალურად, დოკუმენტურად გაფორმება? — ოჯახის მიერ დადებული პირობის თანახმად, რომელსაც, მაგალითად, ახმოვანებს ზ.გამსახურდიას გროზნოში გადასვენების საერთაშორისო(!) კომისიის თავმჯდომარე, ჩეჩნეთის ვიცეპრეზიდენტი ზელიმხა იანდარბიევი თბილისში მიცემულ საჯარო ინტერვიუში - გამსახურდიას ოჯახი უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის გარანტი და მცველი! ანუ გამსახურდიას ოჯახს არასდროს უნდა წამოეყენებინა სხვა ვერსია, გარდა თვითმკვლელობისა და ყოველთვის უნდა დაეცვა სწორედ და ზუსტად თვითმკვლელობის ვერსია! — იმავე პირობის თანახმად, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები უარს ამბობდით გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნასა და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობაზე. ამ პირობის გამო უარს იტყვით საქართველოს პარლამენტში დღეს შექმნილ კომისიასთან თანამშრომლობაზე? — არაზუსტი და არასრულია თქვენი ინფორმაცია. ზ.გამსახურდიას გროზნოში გადასვენებისთანავე სიკვდილის მოწმეებმა მოვითხოვეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება სანდო საერთაშორისო სპეციალისტების მიერ (რაც ოჯახის დაჟინებული წინააღმდეგობის გამო არ მოხდა), ხოლო ცხედრის დაკრძალვისთანავე, დაუყონებლივ მივმართე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ოფიციალური მოთხოვნით, შეექმნათ კომისია პრეზიდენტ გამსახურდიას თვითმკვლელობის გარემოებათა შესასწავლად (გამოქვეყნებულია) - ამდენად საკითხის შესწავლა-გამოკვლევა-გამოძიების ინიციატივა ჩვენგან, სიკვდილის მოწმეებისგან, მოდიოდა. ხოლო რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზასა და გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს (რომელზეც თქვენ მიუთითებთ) - ეს ეხებოდა შევარდნაძის არალეგიტიმური რეჟიმის მიერ (რომლის სამართალმემკვიდეც გახლავთ სააკაშვილის არალეგიტიმური რეჟიმი) წამოწყებულ გამოძიებასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. — პირობა ითვალისწინებდა თუ არა სანქციებს მისი დარღვევის შემთხვევაში? რა სანქციებზე იყო საუბარი? — ოჯახის მიერ დადებული და საქვეყნოდ ცნობილი პირობის დაღვევისათვის ალბათ მთავარი სანქცია იყო, არის და იქნება სირცხვილი (თუ ასეთის საზოგადოებრივი გარემო არსებობს და იარსებებს საქართველოში)... არსებობს? — ფიქრობთ თუ არა, რომ ამგვარი პირობის დადება პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხს მეტად ბუნდოვანს ხდის, მსგავსი დოკუმენტის არსებობა ბევრ კითხვას ბადებს და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს... — როდესაც ადამიანს აწყობს, რომ რამე ბუნდოვანი იყოს, ეს „რამ“ ბუნდოვანი იქნება და დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში. ამას ამტკიცებს უზნაძისეული „განწყობის თეორია“... ზოგადად კი ჯობდა, საზოგადოებას (და პრეზიდენტის ზრდასრულ ვაჟებს) „დიდი ინტერესი“ გამოეჩინათ პრეზიდენტის ბედ-იღბლისადმი იმ პერიოდში, როდესაც იგი იძულებული იყო, ტყე-ტყე, კარდაკარ მალვით ეხეტიალა - მძიმე ავადმყოფს (რასაც იოლად და დასაბუთებულად დაასკვნიდა სამედიცინო ექსპერტიზა, თუკი ის გროზნოში გადასვენებისას ჩატარდებოდა)... — ჩვენ ვესაუბრეთ საპარლამენტო კომისიის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თავის ქალაში შემავალი ტყვიის ხვრელი უფრო ვიწროა, ვიდრე ტყვიის სისქე. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ „სტეჩკინის“ ტყვიის სისქე 9.2მმ-ია, პროკურატურის მასალების თანახმად კი, თავის ქალაში შემავალი ხვრელი 7მმ-ის რადიუსისაა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ გარემოებაზე? — მგონია, ცუდად გისაუბრიათ, მრუდედ „გამოკვეთილა“... სასაცილოა „საპარლამენტო კომისიის წევრების“ და ზოგჯერ ჟურნალისტების კომპეტენტურობის დონე. ასე მაგალითად: პირველი, წაიკითხეთ ვიკიპედიაში სტატია „Автоматический пистолет Стечкина“ და გაიგებთ, რომ ამ პისტოლეტის ყალიბია 9 მმ და არა 9.2 მმ! ( თუმცა გაუგებარია, 9მმ–ის რადიუსის ტყვიას როგორ უნდა შეექმნა 7მმ–ის რადიუსის ხვრელი! რედ.). მეორეც, განა ვინ გაზომა თავის ქალაში შემავალი ხვრელი? რომელი პროკურატურის რომელ მასალებზეა ლაპარაკი? სადაა ეს „მასალები“? სულ ტყუილები, ფანტაზიები, მონაჭორები, მონაჩმახები... — კომისია ასევე საეჭვოდ მიიჩნევს გარდაცვლილის ცხედრის პოზას. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეუძლებელია, თვითმკვლელი ადამიანის ცხედარი ბუნებრივ მწოლიარე მდგომარეობაში იყოს, „სტეჩკინიანი“ ხელი კი მუცელზე ედოს. გამორიცხავთ, რომ გარდაცვლილს ხელის მდგომარეობა ვინმემ შეუცვალა? — ძალზე მეეჭვება, რომ ამ კომისიამ რამე დაზუსტებით და დასაბუთებულად იცოდეს ამგვარი თვითმკვლელობების დროს მიცვალებულთა პოზებზე, ან ოდესმე ენახოთ საკუთარი თვალით ასეთი რამეები... თქვენ გინახავთ, როგორ მოძრაობს თვითმკვლელის პისტოლეტიანი ხელი გასროლის შემდეგ? სხვათა შორის, არის ასეთი დოკუმენტური ვიდეომასალა საიტზე - „სიმართლე“(იხილეთ ვიდეო). ფრიად ინფორმაციული ვიდეომასალაა, შეისწავლეთ და თქვენს მკითხველს შთაბეჭდილებები გაუზიარეთ ნამდვილი (და არა კოკოს შეთხზული) თვითმკვლელობის დროს პისტოლეტიანი ხელის მოძრაობაზე - იოლად წარმოიდგენთ, როგორ იმოძრავებდა ხელი, თვითმკვლელი დაწოლილი რომ ყოფილიყო. ზოგადად, ნიშანდობლივია, რომ გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე გამუდმებით და დაჟინებით ყოველთვის არაპროფესიონალები საუბრობენ საზოგადოებასთან - არასდროს სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები, არასდროს არის მოტანილი ფაქტობრივი მასალები, მაგალითები, პრეცენდენტები, შედარებები. მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ასეც უნდა მუშაობდეს არალეგიტიმური პარლამენტის ყალბისმქნელი ორგანო... — საპარლამენტო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე როსტოვში ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის პასუხს. თქვენ თუ იცნობთ ამ ექსპერტიზის შედეგებს, იქნებ გვითხრათ, რა წერია ამ დოკუმენტში? — როსტოვში ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის მასალები მართლაც რომ საინტერესოა... და რადგან მას ასეთი დაჟინებით უმალავს გამსახურდიას ოჯახი საზოგადოებას, მასში ისეთი რამეები წერია, რაც მათ არ აწყობთ... — კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც საპარლამენტო კომისიას თავად ხელმძღვანელობს, სატელევიზიო ეთერით პირდაპირი მინიშნებები გააკეთა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში მონაწილეებსა და მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებზე: გია გულუაზე, შოთა კვირაიაზე, ავთანდილ იოსელიანზე, ავთანდილ მარგიანზე, ედუარდ შევარდნაძეზე... თქვენ გამორიცხავთ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან ამ ადამიანების კავშირს? — „მინიშნებები“, „სავარაუდო“ – „პირდაპირი“ თუ „არაპირდაპირი“ არაა სამართლებრივი, იურიდიული მსჯელობები, ფაქტორები და ასპექტები, რომლითაც უნდა გამოირჩეოდეს ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტები. სამართლებრივი, იურიდიული მსჯელობები, ფაქტორები უზრუნველყოფილი და განმტკიცებული უნდა იყოს გადამოწმებადი ფაქტებით, თვითმხილველთა ჩვენებებით, მოწმეებით და ასე შემდეგ, სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ფანტაზიებია, თუმცა ამ არალეგიტიმური კომისიის „მუშაობა“ ასეთიც უნდა იყოს, მისი მიზანი ხომ პიარია, ჭორიკნობაა და სხვა არაფერი. გამოაქვეყნა თუ არა კოკოს კომისიამ რამე ობიექტური და ცალსახა სამედიცინო-სასამართლო დასაბუთება იმისა, თუ რა გახდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზი? რამ მოკლა ზვიადი? ქართულ მედიაში ასეთი მოსაზრებაც კი წავიკითხე - ზვიადი კიბოთი მოკვდა და მკვლელობა-თვითმკვლელობა კი ინსცენირებულიაო... ვიკიპედიაში ზვიადის თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილიც კია გამოქვეყნებული: „ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი,“ - აი რამდენნაირი „სიმართლეები“ არსებობს... — ბოლოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც მინდა გკითხოთ. ალბათ ადევნებთ თვალს ქართველი ოპოზიციონერების ერთი ნაწილის მოსკოვურ ვიზიტებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის ღალატად ფასდება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? — გახსოვთ? სააკაშვილიც ფრიად ინტენსიურად და რეგულარულად ეახლებოდა მოსკოვს - სანამ მას იქ იღებდნენ. კარგად მახსოვს, საჯაროდ აღნიშნა: გუდაურში თხილამურებზე სრიალს ვსწავლობ, რათა პუტინთან ერთად ვითხილამუროო! გააჩნია, ვის როდის ეთხილამურება... სხვათა შორის, კიევშიც ხშირად დადიოდა სააკაშვილი. ნატო-შიც შედიოდა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც თავისი პრეზიდენტობის რომელიღაც ვადაში აღადგენდა. იცვლება ყველაფერი... არაფერია მუდმივი ამ ქვეყანაზე... ორიოდ წელიწადში სააკაშვილის პრეზიდენტობის ინსტიტუციის დემონტაჟიც დაიწყება და სხვა „სიმართლეების“ დრო დადგება, დაველოდოთ. წყარო: "ახალი7დღე" |
0 comments:
Post a Comment