Saturday, February 13, 2010

პარლამენტარ ცაგარეიშვილს პრეზიდენტისთვის ფეხსაცმლის სროლაზე ეფიქრება


ვინ რას ელის პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისგან

მადლენ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოხსენებას ელის. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ესტუმრება. ეს პროცედურა საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის საქმიანობის კონტროლს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პარლამენტს უკვე მეორედ აბარებს ანგარიშს, წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით ამ უკანასკნელს რომ უფრო სწყალობს, ამას ისიც ადასტურებს, რომ საკუთარი ანგარიშის წაკითხვის შემდეგ პარლამენტს არ ტოვებს და დეპუტატების მოსაზრებებს საკანონმდებლო ორგანოში ისმენს და პასუხობს.
ოპოზიციონერ დეპუტატთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის „კონსტრუქციულობას“ იმით ხსნის, რომ მოქმედ პარლამენტში ის წინა პარლამენტისგან განსხვავებით თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, რადგან აქ ოპონენტთა ნაწილს სიტყვის თქმის უფლება არ აქვს, ხოლო, ვისაც ეს უფლება აქვს, მხოლოდ ფორმალური კრიტიკით იფარგლება.
რის თქმას ელიან ქვეყნის პირველი პირისგან კანონმდებლები და რა აქვთ სტუმრისთვის თავად სათქმელი?
„ახალ 7 დღესთან“ საუბრისას ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე არ მალავს, რომ პრეზიდენტი მოქმედ პარლამენტს ერთგვარად „ათამამებს“.
„რაც ეს პარლამენტი არსებობს, საანგარიშო გამოსვლის შემდეგ დეპუტატებთან დებატებზე ყოველთვის რჩება. შარშან პატივი დაგვდო, პოლიტიკურ დებატებზეც მოვიდა, მერე დამატებით მოვიდა საკუთარი სურვილით და ამით გაგვანებივრა.“

თუმცა ლევან ვეფხვაძეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის „პატივისგების“ მოტივიც ესმის: „ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და უცხოურ ორგანიზაციებთან სათქმელად ჰქონდეს, ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი არსებობსო“. დეპუტატის თქმით, ამიტომ იყო უშედეგო პრეზიდენტის მიერ შარშან გამოცხადებული პოლიტიკური აქცია „დიალოგი ხალხთან“ და მინისტრებისა და დეპუტატების რეგიონებში სიარული. ეს რომ რეალური დიალოგი ყოფილიყო უცვლელი არ დარჩებოდა მდგომარეობა სოფლებში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს გზები; გლეხები ხილს მხოლოდ 3 თეთრად აბარებენ; ხელმისაწვდომი არ არის ჯანდაცვის პროგრამები; უსამართლობის განცდა ასე მძაფრად აღარ ექნებოდათ ადამიანებს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა პროგრამაში“ მოსახვედრად ქულების მინიჭების დროს; ენერგეტიკული პრობლემისა და კოლექტიური მრიცხველების გამო გაჭირვებული ხალხი ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდა...

„პრეზიდენტს ძალიან უადვილდება პოლიტიკურ თემებზე საუბარი. საათობით შეუძლია ისაუბროს პუტინზე, ბუშზე, ობამაზე. მაგრამ თემაზე „მე და ხალხი“ მისი პასუხი არც აქამდე ყოფილა და, ვფიქრობ, არც ამჯერად იქნება ადეკვატური“, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე და იქვე დასძენს: „პრეზიდენტის გამოსვლიდან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, ველოდები ისევ ლაპარაკს და არა საქმეს. არადა, თავად პირიქით ამბობს ხოლმე - საქმე ლაპარაკის ნაცვლადო.“
ამგვარი განწყობის მიუხედავად, მაინც აპირებს, პრეზიდენტს ჰკითხოს: სად არის 2008 წელს დაპირებული 100 საავადმყოფო? რატომ ვერ იღებენ პენსიონერები 100$-ის ეკვივალენტ პენსიას?

დეპუტატ გია ცაგარეიშვილს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტის წინაშე ასე წარმოუდგენია: „ეს იქნება იგივე, ცრუ დაპირებებით გაჯერებული გამოსვლა მისთვის ჩვეულ ფორმაში, პოპულისტური, აგებული სოციალურ პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გაუაზრებელ გზებზე. ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ბიზნესი ყვავის საქართველოში და ქვეყანაში ბრწყინვალე საგადასახადო გარემო არსებობს.“
უფრაქციო დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ხშირად მოუსმენია, მაგრამ არასდროს მისცემია საშუალება, პირადად მიემართა კითხვით.

„რეგლამენტი იმდენად დრაკონულად არის შედგენილი და ისეთი წესები დევს მასში, რომ რიგით დეპუტატს, ფრაქციაში შემავალს ან უფრაქციოს, არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი. ფრაქციის წევრი რომ ვიყო, ფრაქციის თავჯდომარე ჩემს ინტერესს გაითვალისწინებდა. ის 4-5 დეპუტატი, რომლებიც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვლენ, სააკაშვილს პარლამენტში „დიდ საფრთხეს“ ვერ შეუქმნის.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს, მაგრამ პარლამენტში მისთვის ფეხსაცმელების სროლას არ ვაპირებ. ტრიბუნიდან იმდენად შორს ვზივარ, რომ ვერც მივაწვდენ, თორემ ერთ-ერთ ფეხსაცმელს ნამდვილად ვესროდი. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ხუმრობაში ყოველთვის არის სიმართლე. ეს ადამიანი, ჩემი აზრით, მეტის ღირსია და ადრე თუ გვიან მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები აუცილებლად გაასამართლებენ. ის, რაც ამ ადამიანმა გაუკეთა სამშობლოს, უახლესი საქართველოს ისტორიაში არც ქვეყნის მმართველს გაუკეთებია და არც გარეშე მტერს.“
ცაგარეიშვილს პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარი სააკაშვილის წარმოდგენისას მხოლოდ ფეხსაცმლის სროლაზე არ ეფიქრება, აქვს ბევრი კითხვა და მათგან სამ მთავარ
საკითხს გამოყოფს:

მუდმივად ვითხოვ საჯარო ინფორმაციებს პრეზიდენტის აპარატისა და სხვადასხვა სამინისტროდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება კონსტიტუციითა და სხვა მოქმედი კანონებით მაქვს მონიჭებული, ინფორმაციას ვერასდროს ვიღებ. გასული წლის 11 ოქტომბერს მივწერე პრეზიდენტს წერილი: პრეზიდენტის ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ ვითხოვდი ინფორმაციას. დაახლოებით 23 წერილი მაქვს მიწერილი და მუდმივად არ მპასუხობენ. ერთი პასუხი მომივიდა მხოლოდ, რომელიც ჯობდა, საერთოდ არ მოსულიყო. წერილში მხოლოდ საკანონმდებლო აქტების ნომრები და თანხები ეწერა. ეს სტატისტიკა არაფრის მთქმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ მიიღო ეს თანხები და რატომ, რაში დაიხარჯა - ასეთი ინფორმაცია კი არ იყო მითითებული. ეწერა მხოლოდ, რომ 12 მილიონი ლარი გაცემულია 25 თებერვალს. არაფერი იყო ნათქვამი, თუ ვის და რატომ გადაურიცხეს. ეს ჩემი შეურაცხყოფა იყო - ოროსან ბავშვს რომ რაღაცას იძულებით მიუთითებენ, მაინც ვერაფერს გაიგებსო, ისე მიმითითეს.

როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტს მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები ჩამოჰყავს და მათ ვარსკვლავებს არქმევს, მერე თბილისის ცენტრალურ მოედნებზე ტიტვლებს ამღერებს და მილიონებს ხარჯავს, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდება, რომ პრეზიდენტის ფონდი, ძირითადად, არამიზნობრივად იხარჯება. ძალიან მაინტერესებს, რამდენი გადაიხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომღერალ რუსლანას თბილისში ჩამოყვანისთვის, თუ მას არ დაუხარჯავს შესაბამისი თანხები და სხვამ დახარჯა, მაშინ ესეც გამაგებინონ.

ჩემი მეორე კითხვა პირდაპირი მიყიდვის წესით კონკრეტული პირებისთვის გადაცემულ დიდი საბაზრო ღირებულების ქონებას შეეხება. სააკაშვილს მხოლოდ ბურჯანაძისთვის კი არ უჩუქებია 1 ლარად ქონება, ბევრ ადამიანს აჩუქა ასე. და თუ ვის აჩუქა, სწორედ, ამაზე ვითხოვ პასუხს. რადგან არ მპასუხობენ, ვასკვნი, რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ გარიგებებთან.

მესამე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბევრი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაირღვა, მათ უკანონოდ სცემეს და აწამეს. დაახლოებით 80-კაციანი სია მაქვს, ბევრ მათგანზე მტკიცებულებათა ჩამონათვალი მაქვს, რომელიც ადასტურებს ამ ადამიანის ცემას, წამებას, გატაცებას, პირადი ქონების წართმევას. დღემდე საქმეც კი არ აღუძრავთ. მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი, მაგრამ არავინ რეაგირებს. დამნაშავეა მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დამნაშავეებს ხელს აფარებს. ეს მინდა ავუხსნა პოპულარულ ენაზე სააკაშვილს, მომცემენ ამის უფლებას?“

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტისთვის სიტყვის თქმის უფლებას არ მისცემენ, პარლამენტის დარბაზში მხოლოდ მსმენელის როლში მეექვსედ უკვე ვეღარ დაჯდება. პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღებამდე კი კიდევ ერთხელ აცხადებს: „ჩვენ ხომ ვართ დემოკრატიის მესამე ტალღაში და ხომ ვიხრჩობით დემოკრატიაში, მეც მინდა, გამიტაცოს დემოკრატიის ამ დინებამ, მომეცით პრეზიდენტისთვის პირადად მიმართვის საშუალება.“

ცაგარეიშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის საშუალებას არ უჩივის საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატების“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მას ჯერ არ აქვს მოფიქრებული კითხვები, რომლებიც პარლამენტში მოსულ პრეზიდენტს შეიძლება დაუსვას. ამბობს, რომ ბევრი კითხვა არც აქვს, რადგან პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პერიოდულად ხვდება, შეხვედრებზე დასმული კითხვები კი უპასუხოდ არასდროს რჩება. დავით დარჩიაშვილი პრეზიდენტს კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსვამს, თუ ამის საჭიროებას საანგარიშო მოხსენების მოსმენის დროს დაინახავს. დღეს კი ამბობს, რომ საანგარიშო მოხსენების აქცენტების პროგნოზირება უმარტივესია:

„ვფიქრობ, ის ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველოში. აუცილებლად შეეხება რუსული აგრესიის თემას და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს, ისაუბრებს არჩევნების სამზადისზე. ხაზგასმული იქნება ის საკითხები, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აღელვებს: უმუშევრობა, სოციალური დახმარებები, პენსიები, ჯანდაცვა. საუბარი იქნება თბილისსა და რეგიონებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე.“

Sunday, January 31, 2010

ჩრდილოეთ კავკასიის „ოკრუგი“ რუსეთს დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდება


პუტინი და მედვედევი აკეთებენ იმას, რაზეც ვანკა ტაშს დაუკრავს


მადლენა მაჭარაშვილი


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიის სახით მერვე ფედერალური ოლქის შექმნის შესახებ პოლიტიკის ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სურს. სხვა ვერსიის თანახმად კი, ჩრდილოეთ კავკასიაში „ოკრუგის“ შექმნით მედვედევმა ჩრდილოეთი კავკასია ფედერაციის დანარჩენი ტერიტორიისგან გამიჯნა და ამით რეგიონში რუსული გავლენის შესუსტებას თავადვე მოაწერა ხელი. მედვედევის გადაწყვეტილების შეფასება ჩვენ პოლიტიკოს ნოდარ ნათაძეს ვთხოვეთ. „სამხედრო პოლიტიკის რეალური და დემონსტრაციული გამკვეთრება“ – ასე ხსნის მოკლედ ბატონი ნოდარი ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ოლქის შექმნას. ვრცელი შეფასებისთვის კი ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს იმოწმებს.
„რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი როსტოვიდან ვლადიკავკაზში დაახლოებით 12 წლის წინ გადმოიტანეს. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ისინი საქართველოსა და აზერბაიჯანს განიხილავდნენ, როგორც ომის თეატრს. რადგან, როგორც წესი, შტაბი ფრონტის უკან თავსდება და არა ფრონტის წინ. მაშასადამე, მათ ეს ჯარები სჭირდებოდათ არა ჩეჩნებთან, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანთან საომრად. ჩრდილოკავკასიაში ჰყავდათ ორი: 53-ე და 43-ე მოტომსროლელი არმია - ერთი დასავლეთში და მეორე აღმოსავლეთში – ნალჩიკისა და გდანსკის მიდამოებში. ეს ყველაფერი კი განკუთვნილი იყო და არის ფრონტის გასარღვევად. სატანკო არმია კი ზურგში ჰყავდათ - სადღაც, ვოლგოგრადის სამხრეთით. ეს არის რუსების სტრატეგია, რომელსაც დღეს დემონსტრაციულად უსვამენ ხაზს.
ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიმართული, მიმართულია, ზოგადად, დასავლეთის წინააღმდეგ. სურთ, რომ დასავლეთს გზა გადაუკეტონ შუა აზიისკენ. ასეა გაანგარიშებული, რომ, თუ ირანში დაიწყება სამხედრო ოპერაცია, ეს ოპერაცია ვერ შეიზღუდება საჰაერო დარტყმით იმიტომ, რომ ირანელებს საკუთარი ბირთვული ობიექტები დამალული აქვთ გვირაბებში, ამიტომ იძულებულები გახდებიან, რომ სახმელეთო ოპერაცია გამოიყენონ. სწორედ, ამ დროს სურს რუსეთს, რომ დაარტყას ირანს.
რუსებს სტალინის დროს ირანთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თუ ამ ქვეყანაში მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალა აღმოჩნდებოდა, საბჭოთა კავშირს ირანში საკუთარი ჯარი შეჰყავდა. სადღაც 1938 წლის ივნისში - გერმანიასთან ომის დაწყებისთანავე - ვიღაცამ ერთი გერმანელი ოფიცერი დაპატიჟა ხაშზე, მეორემ - აბანოში და ა.შ. რუსებმა ეს საბაბად გამოიყენეს, ითქვა, ირანში გერმანელები დგანანო და, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის თანახმად, სტალინმა ნახევარი ირანი დაიკავა. არ ვიცი, ეს ხელშეკრულება დღეს გაბათილებულია თუ ისევ მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, ეს დოკუმენტი ფსიქოლოგიურად მაინც არსებობს. რუსეთმა ჩვენ რომ გაგვიმართა ომი 2008 წლის აგვისტოში, პერსპექტივაში, სწორედ, ამგვარ ოპერაციას გეგმავდა – თბილისიდან აზერბაიჯანისთვის სურდა დარტყმა და აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე დადგომა. ამ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული სომხეთი, რადგან ეს ქვეყანა მის მოკავშირედ მიიჩნევა.“
ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი „ოკრუგის“ შექმნას კრიტიკულად სხვა მოსაზრებით განიხილავენ რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები. ალექსანდრე დუგინის განმარტებით (რომელიც ინტერნეტით გავრცელდა), პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილება დიდი პოლიტიკური შეცდომაა, რადგან ამ გზით, ფაქტობრივად, გამყოფი ხაზი გაივლო ჩრდილოეთ კავკასიასა და დანარჩენ რუსეთს შორის, რაც, თავის მხრივ, პუტინის პოლიტიკური ხაზიდან გადახვევასა და ვაშინგტონის პოლიტიკის გამარჯვებაზე მიუთითებს. რუსი პოლიტოლოგის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, იკვეთება პუტინსა და მედვედევს შორის დაპირისპირებაც.
ნოდარ ნათაძე დუგინის პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „დუგინი რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგია - ბნელზე ბნელი. მას აქვს ასეთი ფორმულა - „მივაწვები შუბლით ვირულად, ვიდრე არ გამაჩერებენ, როდესაც გამაჩერებენ, ავლოკავ ფეხებს“. მე დუგინის ნათქვამში ლოგიკას ვერ ვხედავ. სახელმწიფოს სამხედრო ოლქის ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს ოლქი გამიჯნულია სახელმწიფოს დანარჩენი ტერიტორიისგან.
რუსეთს აქვს განზრახვა, რომ კავკასიაში მიმდინარე სიტუაციას მისცეს ადგილობრივი ომის ხასიათი. ამ ქვეყნის დიდი სტრატეგია დღეს დამყარებულია ე.წ. მცირე ომების კონცეფციაზე. მას სურს, პატარ-პატარა ლუკმები თავის მეზობლობაში ისე ყლაპოს, რომ ეს პროცესი მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს. ეს საკითხი რუსეთს, პირველ ყოვლისა, სავაჭროდ სჭირდება. ის დიდი ომის მწარმოებელი ვეღარ არის და ვეღარასდროს იქნება. არ არის რუსეთი ის ძალა, რომ მსოფლიოში რაღაცის კარნახი შეეძლოს. დასავლეთს სურს, რომ რუსეთს დააყრევინოს თავისი ბირთვული არსენალი და რუსეთს სურს, ეს დათმობა რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს.
ამ დიდი პოლიტიკის გაანგარიშების დროს ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ არც პუტინი და არც მედვედევი არ არიან იმ მასშტაბის პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოს მომავალზე ფიქრი შეუძლიათ. ესენი მხოლოდ საკუთარ პიარზე ფიქრობენ. აკეთებენ იმას, რაზეც „ვანკა ტაშს დაუკრავს“ და ვანკა ტაშს მით უფრო დაუკრავს, რაც უფრო აგრესიულები გამოჩნდებიან ისინი.“
წყარო: www.7days.ge

Monday, January 18, 2010

უგულავას პენსია


ათლარიანი საჩუქარი ათი თვის განმავლობაში
თბილისის მერის „წყალობა“ სპეციალურად პენსიონერებისთვის

200 ათასამდე თბილისელი პენსიონერი გიგი უგულავას „წინასაარჩევნო საჩუქარს“ 1 მარტიდან მიიღებს. საჩუქარი 10 ლარიანია და არაერთჯერადი - მისი მოქმედების ვადა 10 თვეა. ათი თვის შემდეგ კი... როგორც ქართული ანდაზა ამბობს - „ან ვირი იქნება ან - ვირის პატრონი“.
უგულავას მიერ გაჟღერებული„ინიციატივა“ ქალაქს წლის განმავლობაში 20 მილიონამდე ლარი დაუჯდება. შესაბამისი თანხა დედაქალაქის „არჩევნებზე ორიენტირებულ“ ბიუჯეტში უკვე გაწერილია.
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პენსიის ზრდა პირველი შემთხვევა არ არის. „უგულავას საჩუქარი“ თბილისელმა პენსიონერებმა 2006 წელსაც მიიღეს. მაშინ პენსიონერთა ერთ კატეგორიას 5-5 ლარი დაუმატეს და იქვე განუმარტეს, რომ ეს „სტაჟისა და ნამსახურევის“ მიხედვით პენსიის ზრდა და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაპირების შესრულება იყო. თუმცა რატომღაც არავის განუმარტავს მაშინ, რომ თბილისის ხელისუფლების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის რეალური კანდიდატი პარტია „ნაცმოძრაობა“ საკუთარ ლოზუნგებში მხოლოდ თბილისის მოსახლეობას გულისხმობდა და არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ასე იყო თუ ისე იმ დროს თბილისელ პენსიონერებზე არანაკლები „სტაჟისა და ნამსახურევის“ მქონე სხვა პენსიონერები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან 2010 წლის 1 მარტის შემდეგაც.
თბილისის მერის 2006 წლისა და 2009 წლის გადაწყვეტილებებს ორი რამ აერთიანებს. დედაქალაქის მერის თანამდებობაზე გიგი უგულავას ყოფნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი.
P.S. 200 ათასი მცირედით კმაყოფილი პენსიონერი, მიმდინარე წლის მაისის თბილისის მერის არჩევნებზე უგულავას აქტივში თითქმის გარანტირებულ 200 ათას ბიულეტენს ნიშნავს.

Monday, January 11, 2010

პოლიტიკური ბორკილები



გენერალ კობალაძეს ბორკილები სასამართლო დარბაზში შეხსნეს
სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიკური ქვეტექსტები


მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გამოიტანა. სახელმწიფო გადატრიალებისა და სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით 2009 წლის მაისში სულ 41სამხედრო და სამოქალაქო პირი დააკავეს. მათგან 20, სასამართლო განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, ბრალის აღიარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმებებისა და გირაოს გადახდის საფუძველზე, გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ყოველგვარი გირაოსა და ჯარიმის გარეშე სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა გენერალი კობა კობალაძე. დავით სულხანიშვილს გირაო უკან დაუბრუნდა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი და 20 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენ 19 ბრალდებულზე კი მოსამართლის განაჩენი 2-დან 11 წლამდე სასაჯელით განისაზღვრა.
კობალაძისგან განსხვავებით სასამართლო დარბაზში არ შეუხსნიათ ხელბორკილები ამბოხში ბრალდებულ კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძისათვის. მათ მიმართ მოსამართლე ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა. ოთანაძეს სასჯელი - 29, ხოლო ამირიძეს 28 წლით განუსაზღვრა.
მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის გამო კობალაძისთვის პროკურორი რობერტ გრიგალაშვილი 13 წლიან პატიმრობას ითხოვდა. იარაღის უკანონოდ შენახვისთვის კი დამატებით 1, 5 წელიწადს. მოსამართლემ მას სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალი მოუხსნა, იარაღის უკანონოდ შენახვისთვის კი 8 თვე და 6 დღე, ანუ ზუსტად იმდენი დრო აკმარა, რაც გენერალს უკვე ჰქონდა ციხეში გატარებული.
კობა კობალაძე 2009 წლის 5 მაისს ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემის დროს დააკავეს. დაკავების საფუძვლად მაიორ გია ღვალაძის ჩვენება გამოიყენეს, რომლის თანახმადაც, კობალაძე მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში მასთან ერთად ამბოხის გეგმას განიხილავდა. ღვალაძის ჩვენება, ფაქტობრივად, ერთადერთი „მტკიცებულება“ იყო კობალაძის წინააღმდეგ. მაგრამ მის წინააღმდეგ მუშაობდა უფრო წონადი „მტკიცებულებები“ - საქართველოს შს მინისტრისა და პრეზიდენტის სიტყვა. 2009 წლის 5 მაისის საღამოს, ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს უპატაკა: „ ზოგი უკვე დაკავებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს რამოდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებიც პირდაპირ შემჩნეულნი არიან რუსეთთან კავშირში, მათ შორის დაკავებულია გენერალი კობალაძე.“ კობალაძის ხსენებაზე მერაბიშვილს სიტყვა სააკაშვილმა შეაწყვეტინა და თავად განაგრძო: „გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე.“ ადვოკატებმა მობილური კომპანიებიდან ამოღებული მასალებით დაადასტურეს, რომ კობალაძე ღვალაძის მიერ დასახელებულ დროს მცხეთაში არ ყოფილა. მაგრამ გაცილებით რთული იყო უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპირწონე „მტკიცებულებების“ წარმოდგენა. ამიტომაც იყო, რომ ამბოხში ბრალდებული გენერლის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მისი ადვოკატებისთვისაც ერთგვარად მოულოდნელი იყო. მითუმეტეს „სიურპრიზი“ აღმოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და სასამართლოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მოსამართლის განაჩენის მოლოდინში საქალაქო სასამართლოს რკინის გალავნის მიღმა მეგაფონებით შეკრებილი და საპროტესტოდ გამზადებული ადამიანები (მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერები) რამდენიმე წუთით დაიბნენ კიდეც. კობალაძის გათავისუფლების გადაწყვეტილებამ ოთანაძის, ამირიძისა და სხვათა განაჩენი გადაფარა. ამ შედეგით კი ყველაზე მეტად გამართლდა მუხროვანის საქმის პოლიტიკური მოტივი: ხელისუფლების პირველმა პირებმა მიზანს მიაღწიეს, საზოგადოება კი - სასამართლოს ობიექტურობაზე დადებითი კუთხით დაფიქრდა.
ამბოხის მოთავედ ცნობილი ოთანაძე-ამირიძის დუეტის სამაგალითოდ დასჯით (უმაღლეს მთავარსარდლის წინაშე მათზე მეტად, საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი ამბოხის „მესამე მოთავემ“ სპეცოპერაციის დროს დაღუპულმა გია კრიალაშვილმა) მნიშვნელოვანი და მკაცრი გაფრთხილება „თავისუფლად მოაზროვნე“ ქართველ სამხედროებს გაეგზავნათ.
კობა კობალაძის სასამართლო დარბაზიდან გათვისუფლებით კი ხელისუფლებამ ოპონენტებსა და სასამართლოს მიმართ ნდობადაკარგულ საზოგადოებას ილუსტრირებულად აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია და მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე იღებს - აბა, სხვაგავარად, როგორ გათავისუფლდებოდა კობალაძე?!

წყარო: 7days.ge

Tuesday, January 5, 2010

„ძველი“ კალენდარი


იანვარი
2009 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაა. ქარტიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ხელს 9 იანვარს, ვაშინგტონში, აწერენ. დოკუმენტი ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის, ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტისა და კულტურათა გაცვლის სფეროებში ითვალისწინებს.
ქარტიას ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. მხოლოდ ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ ამგვარი დოკუმენტი საქართველოს “მეგასახელმწიფოებს შორის ღია სამხედრო აგრესიის ეპიცენტრად” აქცევს.

იანვრის შუა რიცხვებში ოპოზიციურ სპექტრში ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ძლიერდება, ოპოზიციონერები მთავარ მოთხოვნას სამ პუნქტად აყალიბებენ: გადადგეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან; ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; შეიქმნას სათანადო პირობები დამოუკიდებელი არჩევნებისთვის - მოთხოვნებზე 12 ოპოზიციური პარტია თანხმდება: ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ქალთა პარტია, ტრადიციონალისტები, “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსათვის“, ლეიბორისტები, მწვანეთა პარტია, მრეწველები და საქართველოს გზა.
თვის ბოლოს საზოგადოებრივი განხილვის საგანი პრემიერმინისტრის, გეგა მგალობლიშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხდება. პრესაში ჩნდება ვარაუდები, რომ პრემიერმინისტრი საქართველოს და თანამდებობას პრეზიდენტთან უთანხმოების გამო ტოვებს (ამ პოსტს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში ფლობდა).
მთავრობაში ორი ახალი სამინისტრო - ინფრასტრუქტურის და სასჯელაღსრულების უწყება იქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით ტყეშელაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კი დიმიტრი შაშკინი ინიშნება, პრემიერმინისტრად ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური გადაჰყავთ.
იანვრის ბოლოს პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო აქტუალურ ხდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ სახელმწიფო მმართველობის რომელი ფორმაა მისაღები საქართველოსთვის, ოპოზიციის ერთი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, სხვები კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას უჭერენ მხარს. მონარქიის კონტექსტში პრესისა და საზოგადოების ყურადღებას ბაგრატიონთა შთამომავლების ქორწინება იპყრობს.


თებერვალი
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, ხვდება - მასთან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. საგამოძიებო მისიის ზოგიერთი ექსპერტის ობიექტურობაში საქართველოს ხელისუფლებას ეჭვი თავიდანვე ეპარება და აპირებს ჰაიდი ტალიავინის წინაშე დასვას ეს საკითხი. ამის შესახებ პრესასთან ღიად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი საუბრობს. “გაზპრომის“ მიერ დაფინანსებული ექსპერტები ჩვენ არ გვჭირდება სიმართლის დასადგენად“,- აცხადებს იაკობაშვილი. ამ ტიპის ექსპერტად კი ლინგტონს მიიჩნევს, რომელსაც საქართველოს მიმართ უარყოფითი პოზიცია კომისიის შექმნამდე აქვს დაფიქსირებული.თებერვლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის ჩაბარება იქცა. სააკაშვილი წინა წლებისგან განსხვავებით უკვე დეპუტატებთან დებატებშიც მონაწილეობს.
ლღობას იწყებს ოპოზიციაში არსებულია პოლიტიკური ყინულიც - 16 თებერვალს - გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია უკვე ოფიციალურად უყენებს პრეტენზიებს ხელისუფლებას და 8-კაციანი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას მართავს. 5 დღის შემდეგ კი ირაკლი ალასანიას გუნდი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები ერთიანდებიან. იქმნება პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის“. ალიანსი 23 თებერვალს, პრეზიდენტს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვს, ამ მიზნით მას 10 დღიან ვადას აძლევს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევის ერთადერთი გზა საპროტესტო აქციებია.
ბურჯანაძის მეუღლე, საზღვრის დაცვის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე, აცხადებს, რომ ძალოვანებში აგვისტოს მოვლენების შემდეგ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობამ იმატა, რომ ქართული პოლიცია და ჯარი 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავს ბრძანებას აღარ შეასრულებს და ხალხის მხარეს დადგება.
ალასანიას მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე საქართველოს გზის ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილს ახალი მოთხოვნით მიმართავს და კონკრეტულ ვადას უწესებს - სააკაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 9 აპრილამდე უნდა მიიღოს!
მარტი
არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ მოწოდებების ფონზე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხება ლეიბორისტული პარტია, 4 მარტს, პრეზიდენტობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილს ასახელებს.
“ალიანსს“ პრეზიდენტობის კანდიდატად ამ დროს უკვე ჰყავს დასახელებული ირაკლი ალასანია. პრეზიდენტობის ამბიცია აქვს ნინო ბურჯანაძესაც.
არცთუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთი “მეამბოხე“ ოპოზიციონერი, დეპუტატი გია თორთლაძე, საჯაროდ აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 9 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, რუსული ფულით ფინანსდებიან. თორთლაძე, მთავარ მინიშნებას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნინო ბურჯანაძეზე, აკეთებს.
9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 3 დღის განმავლობაში შსს ნაწილ-ნაწილ აქვეყნებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომელთა თანახმადაც, რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს იარაღის უკანონო შეძენა და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ბრალდება.
აპრილი
13 ოპოზიციური პარტია 9 აპრილიდან მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვის გადაწყვეტილებას იღებს და აცხადებს, რომ აქციები მიზნის მიღწევამდე არ დაიშლება.
თბილისის მერი გიგი უგულავა კი ოპოზიციისთვის ხელისუფლების მიერ გადაგდებულ ანკესზე საუბრობს და ვარაუდობ, რომ ხელისუფლება შესაძლოა თბილისის მერის პირდაპირ არჩევაზე დასთანხმდეს.
ოპოზიციის მთავარი საპროტესტო აქცია 9 აპრილს, 14:00-ზე იწყება - პარლამენტის შენობის წინ. ქალაქის ოთხი მიმართულებიდან აქციის მონაწილეთა კოლონები პარლამენტთან იყრიან თავს.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი აქციის დროს, 11 აპრილს, Newsweek- თან ინტერვიუში, პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციის დაფინანსების წყაროებზე საუბრობს.
“ფულის უმეტესობა - მილიონობით აშშ დოლარი - რუსი ოლიგარქებისგან მოდის. მე ამის დოკუმენტური საბუთი გამაჩნია, რომელსაც ჯერ არ ვაქვეყნებ.“
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კი აქციებს არ წყვეტენ და მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან. პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის და საკრებულოს შენობის წინ ოპოზიცია ჯერ კარვებს, შემდეგ კი იმპროვიზებულ საკნებს დგამს, რომლებშიც ღამეს პარტიის აქტივისტები მორიგეობით ათევენ.
“ვიწყებთ რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქის მშენებლობას და ეს ქალაქი იქნება მანამდე, ვიდრე არ წავა მიხეილ სააკაშვილი,“- აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკვე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მთავარი მოთხოვნის - პრეზიდენტის გადადგომის - მისაღწევად “უფრო სერიოზულ და ქმედით“ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს.
ოპოზიციის ლიდერები 8 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას გეგმავენ.
მაისი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა 5 მაისს, დილით, ამბოხი მოაწყო. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა “სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხის გეგმა, რომელიც “კოორდინირებული იყო რუსეთთან“ და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.“
შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული მასალით დასტურდება, რომ “ამბოხებულთა ერთ ნაწილს პირდაპირი კავშირი ჰქონდა რუსეთთან და მისგან დავალებებთან ერთად ფულს იღებდა“.
თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეები და პოლიცია 6 მაისს ერთმანეთს უპირისპირდებიან. სამმართველოსთან მომიტინგეები გიორგი გაჩეჩილაძისა (“უცნობი“) და ოპოზიციის ლიდერების წინამძღოლობით მიდიან. მსვლელობა მიზნად იმ სამი ახალგაზრდას გათავისუფლებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არიან დაკავებულნი.
პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად რამოდენიმე ათეული ადამიანი შავდება. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართალდამცველები პლასმასის ტყვიებს იყენებენ.
პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის ოთხი ლიდერი ერთმანეთს 11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად აშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში ხვდებიან. სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციას საკონსტიტუციო რეფორმა, ძლიერი პრეზიდენტითა და ძლიერი პარლამენტით შექმნილი მთავრობა, ასევე პარიტეტულ საფუძველზე საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა შესთავაზა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ თანახმა არიან ჩაერთონ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის პროცესში.
მსგავს წინადადებებს ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალკე გამართულ შეხვედრაზე სთავაზობს. ისინი ამ წინადადებებს არაადეკვატურს უწოდებენ და აქციებს უფრო ამწვავებენ.
დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ოპოზიცია “სახალხო აღლუმს“ მართავს. ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე რკინიგზის ყველა სალიანდაგო ხაზს კეტავენ. მანამდე კი მხარადმჭერებით დინამოს სტადიონს ავსებენ.
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ალექსანდრე ებრალიძე, 29 მაისს, საქართველოს პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამს. ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, წარმოშობით ბათუმიდანაა. რუსეთში 38 წელია ცხოვრობს.
“ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი 30 მაისს აცხადებს, რომ ოპოზიციამ იმპროვიზირებული საკნების თავისუფლების მოედნიდან გატანა გადაწყვიტა. თავისუფლების მოედანი საკნებისგან თავისუფლდება.
მაისში, პრაღაში, საზეიმოდ იხსნება ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა. პროექტი ევროკავშირის თანამშრომლობას 6 ქვეყანასთან - უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან - ითვალისწინებს.
პროგრამის მიზანი თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების გაადვილება და სავიზო რეჟიმების შემსუბუქებაა. პროექტის ფარგლებში 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას 2013 წლამდე, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 350 მილიონი ევრო გამოეყოფა.
ივნისი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ 15 ივნისს მომხდარი შეტაკების დროს ჟურნალისტების დაშავება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა პოლიციის “შეცდომა“ იყო.
ოპოზიციური პარტიების ოფისებში, 30 ივნისს, პარტიის წევრები მოსასმენ აპარატურებს პოულობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს გზისა და კონსერვატიული პარტიის ოფისებში აღმოჩენილი მოსასმენი მოწყობილობა “არ წარმოადგენს სპეცტექნიკას და მსგავს აპარატურას სპეცსამსახურები უკვე 6 წელია აღარ იყენებენ“.
ივლისი
ხელისუფლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს ამკაცრებს. პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენებას უკვე კანონი განსაზღვრავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის, თაოსნობით, 10 ივლისს, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფი იკრიბება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საზოგადოებრივ გაერთიანებას “რუსული კრიმინალური ფულით“ დაფინანსებულ “კახა თარგამაძის პარტიად“ მოიხსენიებენ.
ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის ფიგურას ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, ივნისში, ლევან გაჩეჩილაძისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის “ბერლინური სერობის“ შემდეგ იყენებენ. აღნიშნული შეხვედრის ფარული ჩანაწერები დღეების განმავლობაში ქართული მედიის მთავარი თემაა. ფარული ჩანაწერების გავრცელებამდე კი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ევროპაში ახალი მოძრაობისთვის “ფულის საშოვნელად“ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნავს, რომ თარგამაძესთან დაფინანსების საკითხი არ განუხილავს.
პრეზიდენტი სააკაშვილი 13 ივლისს ანკარას სტუმრობს და ნაბუკოს გაზსადენის პროექტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის სამიტში მონაწილეობს. „ნაბუკოს“ პროექტი, გაზის ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ევროპაში - საქართველოსა და თურქეთის გავლით და რუსეთის გვერდით ავლით ითვალისწინებს.
ნაბუკოს გაზსადენზე სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას ხელს აწერენ თურქეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები.
ყოველდღიური საპროტესტო აქციები, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ჯგუფი 9 აპრილიდან პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მართავდა, 24 ივლისს, დაწყებიდან 107 დღეში, უშედეგოდ სრულდება.
აგვისტო
ერთწლიანი ფორმალური პროცედურის შემდეგ 18 აგვისტოს საქართველო საბოლოოდ ტოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ).
დსთ-ის დატოვების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ორგანიზაციის ფორმატში გაფორმებული 75 მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის ჩაცხრობის პარალელურად პრეზიდენტი საკადრო ცვლილებას ახორციელებს. თავდაცვის მინისტრად 27 აგვისტოს ბაჩო ახალაია ინიშნება.
სექტემბერი
საქართველოს მთავრობა 5 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე პროექტის - “ანგარიში ხალხს“ - ფარგლებში გამოფენას აწყობს და სარეკლამო ბანერებისა და “სლაიდების“ მეშვეობით საზოგადოებას კონკრეტული სამინისტროების მიღწევებს წარუდგენს. მსგავსი ღონისძიებები მოგვიანებით რეგიონებშიც იმართება. ოპოზიცია ამ ღონისძიებას “შაპიტოს ცირკს“ უწოდებს.
აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ორგანოც - დეპუტატთა უმრავლესობა მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის თბილისსა და ქუთაისს შორის გაყოფას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისში გაიმართება; ხოლო საპარლამენტო კომიტეტების მოსმენები კვლავ თბილისში ჩატარდება.
ტალიავინის კომისიის დასკვნა 30 სექტემბერს ოფიციალურად ქვეყნდება. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ტალიავინის მისიის დასკვნაში ასახული ფაქტების უმრავლესობას ეთანხმება, თუმცა ზოგიერთ შეფასებას არ იზიარებს.
ოქტომბერი
ალასანია თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი მისი პოლიტიკური ჯგუფი, ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის კანდიდატურას ასახელებს.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ კონსერვატორები და “ხალხის პარტიაც“.
ნოემბერი2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევის და ტელეკომპანია “იმედში“ პოლიციის შეჭრის ორი წლისთავი პარლამენტის შენობის წინ მიტინგით აღინიშნება.
ასევე 7 ნოემბერს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი სასტუმრო “რედისონში“ იკრიბება. კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს გზის ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების “დანაშაულებრივ ქმედებებს“ აფასებენ.
სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შეფასებითი დოკუმენტით კონფერენციაზე სამი პარტია გამოდის (საქართველოს გზა, კონსერვატიული პარტია და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის). ყველა წარმოდგენილ დოკუმენტში პრეზიდენტის მხრიდან ჩადენილ მთავარ “დანაშაულად“ 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის და ტელეკომპანია “იმედის“ დარბევა და 2008 წლის აგვისტოს ომი მიიჩნევა.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 9 ნოემბერს ხელს აწერს კანონს, რომელიც რუსული ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების პირობებს ადგენს.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენება შეუძლია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე შეიარაღებული თავდასხმისას; ასევე მაშინ, როცა სახეზეა შეიარაღებული თავდასხმა ქვეყნის გარეთ დისლოცირებულ რუსულ ნაწილებზე; როცა სხვა ქვეყანაზე ხდება თავდასხმა და ეს ქვეყანა დახმარებას თხოვს მოსკოვს; ასევე მეკობრეობასთან ბრძოლისა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით.
კონსერვატიული პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატად, 19 ნოემბერს, პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს ასახელებს, რომელიც, პარტიის წევრთა თქმით, შიდა ოპოზიციურ წინასწარ არჩევნებში, ე.წ. “პრაიმერში“ მიიღებს მონაწილეობას.
“ხალხის პარტია“ მერობის კანდიდატად კობა დავითაშვილს ასახელებს. მერობა სურს “ნეიტრალური საქართველოს“ ხელმძღვანელს, ვალერი კვარაცხელიასაც.
ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” წამყვანი მანანა მანჯგალაძე 23 ნოემბერს პრესასთან ურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად, ე.წ. პრესსპიკერად ინიშნება.
ვარდების რევოლუციის ექვსი წლის თავზე, ქვეყანაში “ტრადიციული“ საზეიმო ღონისძიებები არ იმართება. პრეზიდენტი სააკაშვილი მიღწეულ წარმატებებზე საკუთარ გამოსვლაში საუბრობს. აღნიშნავს, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მიღწევა “კრემლის პროპაგანდის ცოცხალი უარყოფაა“.
დეკემბერი
დიმიტრი შაშკინი, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, განათლების მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამიას ცვლის. პრემიერმინისტრი ნიკა გილაური 7 დეკემბერს აცხადებს, რომ ცვლილების მიზეზი განათლების მინისტრის სურვილი გახდა, რომ გვარამია სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავს.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთა, და “ზოგიერთ სხვა მმართველთან“, რაიმე კონტაქტები არ ექნება, თუმცა დასძენს, რომ ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ გადაიდოს სხვა გადაწყვეტილებები, მათ შორის საზღვრის გახსნა და პირდაპირი ფრენების განახლება.
“პრეზიდენტი სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და გაიხსნას ზემო ლარსის საგუშაგო“,- ამ განცხადებით 10 დეკემბერს პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს.
ხელისუფლების წარმომადგენელები და მმართველი პარტიის დეპუტატები 16 დეკემბერს პაატა ზაქარეიშვილის, ვახტანგ კომახიძისა და მანანა მებუკეს ცხინვალში ჩასვლასა და კოკოითთან შეხვედრას აკრიტიკებენ. ე.წ. “სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობის მიხედვით, მოლაპარაკებების დროს ზაქარეიშვილი “მთლიანად დაეთანხმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის შეფასებებს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.“
ახალი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, 18 დეკემბერს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენებას წარადგენს, წინამორბედისგან განსხვავებით, ტუღუში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საკმაოდ მსუბუქ კრიტიკას იმსახურებს.
ქუთაისში 19 დეკემბერს „დიდების მემორიალს“ აფეთქებენ. პარლამენტისთვის განკუთვნილი შენობის ადგილის გათავისუფლების მიზნით განხორციელებულ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ეწირება. ცალკეულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ვარაუდები, რომ მონუმენტის აფეთქება პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღისთვის, 21 დეკემბრისთვის, იგეგმებოდა, საზოგადოების პროტესტის თავიდან აცილების მიზნით კი, ნაჩქარევად, ორი დღით ადრე, განახორციელეს.
მონუმენტის განადგურების პროცესის მსხვერპლიანი დასასრულის შემდეგ პრეზიდენტი იმერეთის გუბერნატორს, მიხეილ ჩოგოვაძეს, ცვლის. უცვლელი რჩება ხელისუფლების გადაწყვეტილება - მონუმენტის ადგილზე პარლამენტის შენობის აშენების შესახებ.
www.axalialiansi.ge

Thursday, December 10, 2009

გალის მოსახლეობა იზოლაციაშია

ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციებს ელოდება

მადლენა მაჭარაშვილი

„გუშინ აუცილებლად უნდა წავსულიყავი ზუგდიდში და ვერ წავედი, ვიცოდი, რომ საზღვარზე დამიჭერდნენ და წამიყვანდნენ გალში. რუსები დგანან საზღვარზე, ხშირად იმალებიან ხოლმე, თუ დაინახავენ ვინმეს, გამოჩნდებიან და იჭერენ, მიჰყავთ გალში და ფულს ახდევინებენ. ჯარიმა ერთ კაცზე 100 ლარია. ფული თუ არ გადაიხადე, არ გამოგიშვებენ“,_ ეს სიტყვები გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებს, ნანა ხუნწარიას, ეკუთვნის. „ახალი ალიანსი“ მას ტელეფონით დაუკავშირდა. ქალბატონმა ნანამ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ რაიონში სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო დროს გართულდა.
„აუხსნელი სიტუაციაა ჩვენკენ, ყველანაირად დაძაბულია ხალხი, საშინელებები ხდება. ახლა, საახალწლოდ, ვერ წახვალ ზუგდიდში, ვერანაირად იყიდი პროდუქტს. შენ გემოზე ვერსად წახვალ. წინათ ვითარება ასეთი გართულებული არ იყო _ გადასვლა-გადმოსვლა მეტად ჭირს“.
ენგურის ხიდის გვერდის ავლით, ანუ ე.წ. შემოვლითი გზით, ზუგდიდსა და დანარჩენ საქართველოს დღემდე საკმაოდ ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა. მართალია, ეს გზა უსაფრთხო არც აქამდე ყოფილა, მაგრამ, ენგურის ხიდთან შედარებით, მაინც უფრო მოსახერხებლად მიიჩნეოდა.დეკემბრის ბოლომდე რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმას აპირებენ. საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს და, თვითმხილველების თქმით, პირველადი სამუშაოებიც დაიწყეს. ეკლიანი მავთულხლართების გაბმა კონკრეტულად იმ სოფლებთან იგეგმება, რომლებიც დანარჩენ საქართველოს სახმელეთო საზღვრით უკავშირდებიან. საუბარია ფიჩორი-ოტობაია-განმუხურის, ნაბაკევი-ხურჩისა და საბერიო-ფახლანის შემოვლითი გზების გადაკეტვაზე. რაც ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციას გამოიწვევს.სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას მუდმივად ფლობს რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის მავთულხლართებით გამიჯვნის შესახებ ინფორმაცია ნამდვილია და ემსახურება მთავარ რუსულ ინტერესს _ საქართველოს მოწყვიტოს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები და იქ თავისი წესები დაამყაროს. „რუსეთმა აფხაზეთი იმიტომ აღიარა, რომ ხელ-ფეხი მეტად გახსნოდა და ე.წ. სამართლებრივი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების შედეგად იქ საკუთარი წესრიგი დაემყარებინა. ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს კიდეც, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამყარება იმიტომაც უნდათ, რომ ოლიმპიადისთვის სოჭის რეგიონი უფრო უსაფრთხოდ იყოს,“_ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოს ხელისუფლებისგან გალის რაიონში მცხოვრებთა დასახმარებლად რელური ნაბიჯის გადადგმას არც ელის. „ეჭვი მეპარება, რომ გალში მცხოვრებთა დასახმარებლად ხელისუფლებამ რამე რეალური ნაბიჯი გადადგას. რუსეთის ამგვარი აგრესია მათი უნიათობის დამსახურებაა. რუსეთმა სიტუაცია კარგად გამოიყენა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ დაეხმარონ და თუ არ ეხმარებიან, ბრაზობენ. თავად რომ არაფრის გამკეთებლები არიან, ვითომ არაფერი. ძნელია, რაღაც კონსტრუქციულს ელოდე ასეთი ხელისუფლებისგან.“ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველებისთვის მეტნაკლებად სტაბილური საცხოვრებელი პირობების შექმნას საქართველოს ხელისუფლების იმის გამოც უნდა ცდილობდეს, რომ გალთან დანარჩენი საქართველოს კავშირი როგორმე შეინარჩუნოს და დევნილთა მორიგი ტალღა აღარ მიიღოს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ ე.წ. აფხაზურ პასპორტების აღებასაც კი უნდა შეეგუოს.
პაატა ზაქარეიშვილი: „ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე რუსებს აქამდე სამშენებლო მასალები მიჰქონდათ, ახლა უკვე დაიწყეს მუშაობა მავთულხლართების გასამართად, მოსახლეობა შეშფოთებულია, ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მეტი წესრიგი დამყარდება, მაგრამ, სამაგიეროდ თავისუფლად ვეღარ ივლიან ზუგდიდისკენ. ქვედა ზონის მცხოვრებლებისთვის რთული იქნება ზემოთა მხრიდან გალსა და ზუგდიდში სიარული. ბევრი გალელი უკვე ფიქრობს, როგორ მოიქცეს, საერთოდ წამოვიდეს იქიდან და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლდეს, თუ დარჩეს იქ და იქიდან იაროს ახლობლებსა თუ ნათესავებთან უფრო იშვიათად, და კიდევ უფრო რთული გზის _ ენგურის ხიდის _ მეშვეობით. ქვედა ზონაში 25 ათასამდე ქართველი მაინც ცხოვრობს, მავთულხლართების გაბმის შემდეგ ამ ადამიანებს გადაადგილება გაურთულდებათ. არადა, დღეს იმ ტერიტორიაზე მათი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას. რომ ესმოდეს სხვაგვარად მოიქცეოდა, მაგალითად, აფხაზური პასპორტების მიმართ უფრო ამტანი დამოკიდებულება ექნებოდა _ ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ პასპორტებს იღებენ მოღალატეებად არ შეირაცხებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის მაინც უნდა ეღიარებინა აფხაზური პასპორტი. ეს ხელს შეუწყობდა გალის რაიონში ქართველების უფრო მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას.“სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სპეცსამსახურების მიერ მავთულხლართების გაბმისა და გალის მოსახლეობის პრობლემებზე „ახალი ალიანსი“ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიასაც ესაუბრა, იგი იმედოვნებს, რომ 21-ე საუკუნეში ახალი ხელოვნური საზღვრების აღმართვას არავინ შეეგუება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიმართ სანქციებს აამოქმედებენ: შოთა მალაშხია: „რუსეთის მხრიდან თავდაპირველად საზღვარზე ულტრათანამედროვე სტრუქტურის რაღაც მშენებლობაზე საუბრობდნენ, მაგრამ, ამისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ და ახლა ჩვეულებრივი მავთულხლართების გაკეთებას აპირებენ. სწორედ, ასე შენდებოდა თავის დროზე ბერლინის კედელი, რომელიც გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა. როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოწმენდა განხორციელდა და ეს უკვე დადასტურებულია საერთაშორისო დოკუმენტაციით. 21-ე საუკუნეში „ბერლინის კედლის“ მშენებლობას არც ჩვენ დავუშვებთ და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. დრო დადგა, საერთაშორისო ორგანიზაციები რეზოლუციებიდან სანქციების რეჟიმზე გადავიდნენ.აფხაზეთის დე-ფაქტო მარიონეტულ ხელისუფლებასთან ამ მიზნით ნებისმიერ ურთიერთობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ისინი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, აქ საუბარია ოკუპანტებსა და საოკუპაციო რეჟიმზე, მათ მიმართ სანქციები უკვე უნდა ამოქმედდეს. ეუთოს სამიტის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, მათ იანვრამდე მიეცათ დრო. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, რომ რუსეთი, დოკუმენტებზე ხელმოწერის მიუხედავად, ვალდებულებებს არ ასრულებს, ამის შემდეგ არ შეიძლება ერთსა და იმავეზე დიდხანს საუბარი. რეზოლუციები უკვე საკმარისად არის მიღებული, ვფიქრობ, ეს პროცესი თანდათანობით მექანიზმების სახეს მიიღებს. ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი შეზღუდვების დაწესება არ არის მხოლოდ გალის რაიონის 20 ან 25 ათასი ეთნიკურად ქართველი მცხოვრების პრობლემა, ეს აწუხებთ იმ აფხაზებსაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც მათი უფლება და მოვალეობაა.ჩვენ პარასკევს გვქონდა შეკრება, რომელზეც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფხაზებს ქართული პასპორტების აღება სურთ, ამის დასტურად სამოცამდე განცხადება წარმოადგინეს, ამის გარდა, ორასამდე ადამიანი დამატებით ითხოვს ქართული პასპორტების ანუ სამართლებრივი დოკუმენტის აღებას. რადგან მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოშვებულ რაღაც ქაღალდებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.რაც შეეხება რეგიონთან ჩვენს დამოკიდებულებას: ვიცით რა ვითარებაა იქ და ამ საკითხებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაყენებთ. ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოსთან ერთად იმუშავებენ და ამ პრობლემას მსოფლიო გადაწყვეტს. ჩვენ მარტო არ ვართ. შედეგი, ცხადია, დღესვე არ დადგება, იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და მის მიმართ ღონისძიებების გატარებას დრო სჭირდება.“

Wednesday, December 9, 2009

ნაპარლამენტარ-ნაპროკურორალ-ნამინისტრალი სტუდენტი



უცხოეთში ოქრუაშვილმა მხოლოდ ოპოზიციონერობა ისწავლა, რას ისწავლის გვარამია?


ხელისუფლებიდან საკუთარი სურვილით მიდის _ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად“ , _ აღნიშნული ფრაზა სააკაშვილის ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს ხშირად თქმულა, მაგრამ არასდროს გამართლებულა.
საქართველოს ხელისუფლებიდან უცხოეთში მხოლოდ სასწავლებლად არ მიდიან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობების პირები სამკურნალოდაც „მიემგზავრებიან“. მაგალითად, პრემიერმინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა უცხოური „მკურნალობის სრული კურსის“ გავლის შემდეგ მართალია, პრემიერობა ვეღარ, მაგრამ, დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის გაგრძელება მაინც შეძლო. თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებულმა და ევროპაში სასწავლებლად წასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი უცხოეთში „სტუდენტობის ხანა“ ხანმოკლე ვადაში დაასრულა _ მხოლოდ „ოპოზიციონერების კურსები“ გაიარა და, ისიც, მხოლოდ, ავტოტრენინგის მეშვეობით. უკვე ყოფილი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია „მკურნალობას“ გადაურჩა, მაგრამ „სწავლას“ _ ვერა. ძნელი სათქმელია, რას და რა პერიოდში ისწავლის ნიკა გვარამია უცხოეთში. ისე კი, საინტერესოა, რომელ სფეროში დააკლდა განათლების მინისტრს კვალიფიკაცია, ან რომელ თანამდებობაზე უნდა გამოიყენოს მომავალში შეძენილი ცოდნა. საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კვალიფიკაციას რადიკალურად განწყობილი ოპონენტებიც კი არასდროს უწუნებდნენ.

ნიკა გვარამია პროფესიით იურისტია, 2004 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიულ სიაში კი _ ე.წ ზვიადისტების ფრთის _ ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ კვოტით.ზვიად ძიძიგურსა და მის გუნდს პარლამენტში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი აღარაფერი აღმოაჩნდათ საერთო. ჯერ ცალკე ოპოზიციურ ჯგუფად _ „კონსერვატორების“ სახელით ჩამოყალიბდნენ (ზვიად ძიძიგურის, კახა კუკავას, კობა დავითაშვილის და სხვების სახით), შემდეგ ოპოზიციური ფრაქციაც შექმნეს. ნიკა გვარამიამ მათ ჯგუფში გადასვლა არ ისურვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა არჩია _ როგორც ჩანს, ძიძიგურზე მეტად იგრძნო „პასუხისმგებლობა“ ამ პარტიის წინაშე, პარლამენტარის ამპლუა კარგად მოირგო და უფრო დიდი თანამდებობის მოლოდინში „ნაციონალების“ რიგებს წუთითაც არ მოშორებია. პარლამენტს და საზოგადოებას თავი აქტიური მოღვაწეობით დაამახსოვრა, მონაწილეობდა კანონპროექტების მომზადებასა და იურიდიული თვალსაზრისით მათ დახვეწაზე, პარლამენტის მიკროფონსაც იყენებდა და ტრიბუნასაც _ მომხსენებლის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოსული „მოპასუხის“ რანგში. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჰქონდა _ მაშინ ნიკა გვარამია იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საკმაოდ ვრცელი მოხსენებაც წაიკითხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მინისტრის პოსტი შეენარჩუნებინა სალომე ზურაბიშვილს. მანამდეც და მას შემდეგაც ხშირად იცავდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, სარგებლობდა კანონით მინიჭებული „სიტყვის თავისუფლების“ უფლებით, პრინციპში, იცავდა პარლამენტის რეგლამენტსაც, მისი ერთი პუნქტის გარდა, რომელიც პარლამენტარს სხდომათა დარბაზში ჯინსებით და სპორტული სამოსით მისვლას უკრძალავს.

2007 წლის აპრილიდან ნიკა გვარამია პარლამენტიდან გენერალურ პროკურატურაში პირველი პირის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მთავარ ბრალმდებელთა უწყებაში ერთხან სპიკერ-პროკურორის როლს ასრულებდა, შემდეგ საქმეს „მეტი პასუხისმგებლობით“ მოეკიდა და როდესაც ხელისუფლებას დასჭირდა დოკუმენტური ფილმიც მოამზადა თემაზე _ „2007 წლის 7 ნოემბერი“. ფილმი იმდენად „წარმატებული“ აღმოჩნდა და დამკვეთებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მის ავტორს ორიოდ თვეში მინისტრობის პორტფელი უბოძეს. იუსტიციის მინისტრი 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე იყო. შემდეგ განათლების სამინისტროს პირველ პირად გაამწესეს. განათლების მინისტრად გვარამიას დანიშვნამ იმ დროს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ყველა ვარაუდობდა, რომ გვარამიას ადრე თუ გვიან გენერალური პროკურატურის თანამდებობას ან რომელიმე ძალოვან უწყებას ჩააბარებდნენ. საზოგადოება და მედია კიდევ უფრო დაიბნა, როდესაც პრემიერმინისტრ გილაურის მიერ განათლების მინისტრის უცხოეთში განათლების მისაღებად გაგზავნის გადაწყვეტილება მოსიმინა.

გვარამიას, როგორც პოლიტიკოსისა და პარლამენტარის, ნაკლსა და ღირსებებზე მის ოპონენტებს წლების განმავლობაში თითქმის იდენტური პასუხები ჰქონდათ. „ის უდავოდ ნიჭიერი ადამიანი და კარგი პოლემისტია, უჭრის ჭკუაც და ენაც.“ „არის ინტელექტუალური, განათლებული კაცი“

.გვარამიას მინუსად კი ნაციონალური მოძრაობის ერთგულების გამო გაუმართლებელი პოზიციების დაცვას და პრეზიდენტის ხშირ ქება-დიდებას ასახელებდნენ: „ის იყო ყველაზე პირმოთნე და აუტანელი „პათხალიმი“ სააკაშვილის მიმართ.“ გვარამია არასდროს განიხილებოდა პრეზიდენტის კარზე განსაკუთრებული გავლენის მქონე ჯგუფის _ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრად. ერთი პერიოდი პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ დაპირისპირება ჰქონდა გიგა ბოკერიასთან. თავად კი ამას არასდროს ადასტურებდა. ბოკერიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილის გუნდის უშუალო წევრობა და მასთან კარგი ურთიერთობა აინტერესებდა. წლების განმავლობაში ასეც იყო. პრეზიდენტ სააკაშვილისა და პოლიტიკოს ნიკა გვარამიას ჰარმონიული სახელისუფლებო კავშირი მხოლოდ 5 წლის თავზე დასრულდა. გვარამიამ 5 წლის განმავლობაში ნაყოფიერი პოლიტიკური განათლება მიიღო, დღეისთვის, იურიდიული განათლების გარდა უკვე ფლობს ისეთ სპეციფიკურ დისციპლინებს, როგორიცაა „პარლამენტარობა“, „პროკურორობა“, „მინისტრობა“...
P.S. ამ დროისთვის საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, თუ რომელ დისციპლინაში გაივლის წვრთნას საქართველოს უკვე ყოფილი განათლების მინისტრი და სად გამოიყენებს ამ ცოდნას, პასუხი ალბათ ახლო მომავალში გაეცემა.