Sunday, June 6, 2010

"ალასანიამ სააკაშვილს თბილისი გადააბარა"




მადლენა მაჭარაშვილი
„ალიანსელი“ კოკა გუნცაძე ლევან გაჩეჩილაძის გუნდს შეუერთდა. ამბობს, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ არამყარი და არასრული ოპოზიციური ჯგუფი აღმოჩნდა, მან მოატყუა ამომრჩეველი, ვერ გამოიყენა ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბების შანსი და ოპოზიციურად განწყობილი თბილისი საკუთარი უმოქმედობით გიგი უგულავას და სააკაშვილის ხელისუფლებას კიდევ ოთხი წლით გადააბარა.

კოკა გუნცაძე: ვფიქრობ, „ალიანსმა“ ვერ უპასუხა იმ გამოწვევებს, რომლებიც მის წინაშე იდგა. ეს გამოწვევა იყო ოპოზიციური ერთობის შექმნა. „ალიანსს“ კი არ ჰქონდა საკმარისი ძალა იმისთვის, რომ გამხადარიყო ხელისუფლების ალტერნატივა და დაემარცხებინა არჩევნებში. მე არავისთვის არასდროს მომითხოვია, რომ გარანტირებული გამარჯვების ნაწილი ვყოფილიყავი, თუმცა გარანტირებული დამარცხების ნაწილიც არასდროს ვიქნები. შეიძლება დამარცხდე უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ არ შეიძლება და, მე ვფიქრობ, ფარსია, რომ გარანტირებული დამარცხება დაგეგმო და იმავდროულად ხალხს გამარჯვებას დაჰპირდე. ხალხს უნდა აუხსნან ყველაფერი. თუ არჩევნები ფალსიფიცირებულია, მაშინ რატომ ულოცავენ გამარჯვებას სახელისუფლო კანდიდატს და რატომ არის ეს შედეგი გამარჯვება? ხოლო თუ არჩევნები ფალსიფიცირებული არ არის, მაშინ საქართველოს მასშტაბით მიღებული 9% და თბილისის მასშტაბით მიღებული 19% რატომ არის გამარჯვება? „ალიანსმა“ ოპოზიციურად განწყობილი თბილისი ხელისუფლებას თავად ჩააბარა.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ერთპოლუსიანი და არა ორპოლუსიანი არჩევნები. ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე არის მხოლოდ ხელისუფლება.
ქვეყანაში დღეს არსებული რეჟიმის პირობებში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი თუ არ შეიქმნა, შეუძლებელია ოპოზიციის გამარჯვება. რატომ არ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა „ალიანსმა“? რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ „ალიანსი“ არანაირად არ არის ხელისუფლების ალტერნატივა. ეს არის იმიტირებული გამარჯვება. იმიტაციისა და სიმულაციის მონაწილე კი მე ვერ გავხდები იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვებრძოდით. ეს იყო ყველაზე მანკიერი მხარე ამ ხელისუფლების ბუნებაში. ბუნებრივია, მხარს ვერ დავუჭერ მოდელირებულ გამარჯვებას.

–სოზარ სუბარმა „ალიანსის“ მთავარ შეცდომად მშვიდი და მისი უპერსპექტივო წინასაარჩევნო კამპანია დაასახელა. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას? თუ თქვენ სხვა შეცდომები უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?

–„ალიანსის“ საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი თემაა, მიმაჩნია, რომ სხვაგვარი საარჩევნო კამპანია ვერც იქნებოდა, რადგან „ალიანსს“ არ შესწევდა უნარი, ხელისუფლება დაემარცხებინა. დამარცხების მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ალიანსმა“ ვერ უზრუნველყო საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა.

–„ალიანსმა“ თქვა უარი ოპოზიციურ თანხმობაზე?

–„ალიანსს“ ამ საკითხში სხვა პოლიტიკურ ძალებზე მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ის ვერ გაუმკლავდა ამ პასუხისმგებლობას, ცალკე კი სათანადოდ ვერ შეეწინააღმდეგა ხელისუფლებას.

თუ ოპოზიციური ძალები არ იყვნენ თანახმა ერთიანი ოპოზიციური ბლოკის შექმნაზე, „ალიანსი“ როგორ აიძულებდა მათ ამას?

– რა დათმეს და რა არ დათმეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმა, ეს თავად მათგან შეიძლება გაიგოთ. მე ვიცი ერთი რამ, „ალიანსი“ იყო წამყვანი პოლიტიკური ძალა, ირაკლი ალასანიას ჰქონდა შანსი, გამხდარიყო საერთო ოპოზიციური ლიდერი, სხვა ოპოზიციის ლიდერებს ეს შანსი არ ჰქონიათ, ამიტომაც აკისრია ამ პოლიტიკურ ჯგუფს მეტი პასუხისმგებლობა არჩევნების შედეგზე.

–„ალიანსში“ შესვლამდე თქვენ ბევრი პოლიტიკური პარტია გამოიცვალეთ, ამჯერად რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში გადაწყვიტეთ კარიერის გაგრძელება?

–ჩემი პოლიტიკური საქმიანობა გრძელდება იქ, სადაც აქამდეც ვიყავი. მე ვიქნები ლევან გაჩეჩილაძესთან, გოგა ხაინდარავასთან, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ სხვა დამფუძნებლებთან ერთად. ურთიერთობას გავაგრძელებ ასევე სხვა პოლიტიკურ პარტნიორებთან, რომლებთანაც მძიმე და საინტერესო წლები მაკავშირებს. კონსულტაციებს ვგეგმავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც მზად არიან, სისტემურად ებრძოლონ ქვეყანაში დღეს არსებულ რეჟიმს.

– ბოლო ორი დღეა მედია წერს ბურჯანაძის პარტიაში თქვენს გადასვლაზე და ამ მიზნით წარმოებულ კონსულტაციებზე. პოლიტიკური კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა?

– მე არავის პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ. მთავარია, შეიქმნას დიდი პოლიტიკური თანხმობა. დღეს პოლიტიკური თანხმობის შექმნა ყველა პოლიტიკურ კუთვნილებაზე მნიშვნელოვანია. ხალხს უნდა გაუჩნდეს ნდობა ოპოზიციის მიმართ, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დასახული ამოცანები. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება, ტოტალიტარიზმისკენ მივექანებით და ეს საფრთხე უნდა ავიცილოთ თავიდან. ამისთვის არის საჭირო ხელისუფლების ალტერნატიული ძალის შექმნა. ნამდვილი, რეალური, მყარსაფუძვლიანი და არა იმიტირებული.

-თქვენ საუბრობთ ოპოზიციურ ძალების დიდი პოლიტიკური თანხმობის მიღწევაზე, ვის გარშემო და რომელი პოლიტიკური ძალების მეშვეობით უნდა შეიქმნას ეს ერთობა?

–ამაზე კონკრეტული საუბარი ჯერ ნაადრევია. პოლიტიკური ერთობის მონაწილე იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც ამ იდეას გაიზიარებს და ვინც მზად იქნება, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

– ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილისთვის „პერსონა ნონ გრატა“ არის ზურაბ ნოღაიდელი და, შესაბამისად, მასთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავენ. თქვენ აპირებთ ნოღაიდელთან თანამშრომლობას? ნოღაიდელის პარტიას განიხილავთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ სუბიექტად?

– „ალიანსის“ მიერ წამოყენებული ფორმულა – „ყველა მინუს ნოღაიდელი“ უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო. ეს ფორმულა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და რეალურად, სწორედ, ამ ფორმულამ შეუშალა ხელი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას. თუმცა ყველაფერი მხოლოდ ამ ფორმულის ბრალი არ არის.

– ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხი რიგგარეშე საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხზე?

– საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფორმის შემუშავება, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ჩვენ ყველა ინიციატივას გულდასმით განვიხილავთ. გავაანალიზებთ ყველა იმ წინადადებასა და ინიციატივას, რომელიც შეიძლება გახდეს საერთო ეროვნული გაერთიანების საფუძველი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ავტორი. ჩვენთვის მისაღებია როგორც „ეროვნული ფორუმის“, ისე ნინო ბურჯანაძის ინიციატივაც. აუცილებელია, შეიქმნას საერთო ეროვნული ფრონტი, ეროვნული თანხმობა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც მზად არიან, ქვეყანაში ფორმაცია, სისტემა გამოცვალონ და დაამკვიდრონ დემოკრატია და თავისუფლება.

– სულ რაღაც 3–4 დღის წინ სახელისუფლებო პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 60%–ზე მეტი მიიღო. ასეთ პირობებში რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ რიგგარეშე არჩევნების გამართვა? ქუჩის აქციებით?

– ქუჩის აქციები არ არის ერთადერთი საშუალება. ბევრი პოლიტიკური საშუალება არსებობს ამისთვის. ბევრი პოლიტიკური ხერხი გვაქვს არსენალში. გამოვიყენებთ იმას, რომელიც დაგვჭირდება. ეს იქნება არჩევნებიც, საპროტესტო გამოსვლებიც, მწვავე პოლიტიკური აქციებიც. გააჩნია ვითარებას, როდის რა დაგვჭირდება. რაც მთავარია, ბრძოლის საშუალებები ორიენტირებული იქნება შედეგზე.

– დღეს ბევრს საუბრობენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების არაპოპულარობაზე, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხელისუფლების წარუმატებლობა ოპოზიციის წარმატების უკუპროპორციული არ არის. რატომ? რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?

–აქ მთავარი არის ორი ფაქტორი: არადემოკრატიული საარჩევნო გარემო და დაქსაქსული ოპოზიცია.

–მოძრაობა “დაიცავი საქართველო“ რა სტრატეგიით აპირებს პოლიტიკური ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყებას?

– ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტია კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან, პარტნიორების მოძიება და დიდი პოლიტიკური მოძრაობის შექმნისთვის ხელშეწყობა.

წყარო: "ახალი7დღე"

0 comments:

Post a Comment