Wednesday, December 2, 2009

უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა












ფოტოებზე: გიორგი ბარათელი, დაკავებისას
ჟურნალისტური გამოძიება
მადლენ მაჭარაშვილი

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს მოხდა 2008 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“ (მკითხველს ვერ ვთავაზობთ დადგენილების პოპულარულ ენაზე განმარტებას). გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ. უზენაეს სასამართლომდე კი სიმართლეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოები ადგენდნენ.
მკვლელობა
მკითხველს შევახსენებთ, რომ აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას ჰყავდა მოწმეები, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ვიდეოთვალმაც ასახა.
ვიდეოფირზე ასახული მკვლელობა

20 სააათი და 30 წუთი - დრო, დაფიქსირებული ვიდეოფირზე: მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობს ხალხი. კადრში ჩანს შანიძის ქუჩიდან ჩამომავალი ავტომანქანები. გამორჩეულად აღიქმება მამაკაცი პორტფელით ხელში, რომელსაც უკან მიჰყვება მეორე მამაკაცი, მას ჯიბეში აქვს ხელი ჩაყოფილი. პიროვნება არის სრული აღნაგობის, თმით (ხაზგასმა: თმით!).
ისევ 20 საათი და 30 წუთი: ჩანს თეთრთმიანი მამაკაცი (იგივე მამაკაცი, რომელიც წინა კადრში პორტფელით გამოირჩევა. აქ შესამჩნევი მისი თმის ფერია), რომელსაც უკან მიჰყვება ახალგაზრდა ქალ-ვაჟი. მათ უკან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გადაუსწრო ქალ-ვაჟს და ისროლა თეთრთმიანი მამაკაცის მიმართულებით. მამაკაცი ტროტუარზე წაიქცა. პიროვნებამ წაქცეულს კიდევ ორჯერ ესროლა და გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. რამდენიმე წამის შემდეგი კადრი: კადრში ჩნდება საპატრულო პოლიციის 2 მანქანა, შემდეგ პოლიციის ფორმიანი პიროვნება, რომელიც ასევე შანიძის ქუჩისკენ გარბის. ამ კადრით ვიდეომასალა მთავრდება.
პირველი კვანძი - მასრები
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, 20:45 საათზე იწყება და დაახლოებით 3 სააათი გრძელდება. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკის განყოფილების სპეციალისტები დათვალიერების პროცესზე მოწმეებს არ ისწრებენ.
დაზარალებული მხარის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე განმარტავს, რომ „კანონი ცალსახად არ ითხოვს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოწმეების დასწრებას, მაგრამ თავად ოქმის ფორმატი ამას მოითხოვს, რადგან იქ არის გრაფა: „მოწმეები“. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, დათვალიერების პროცესს მოწმე დაესწროს უნდობლობის თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იქვე ვიყავი და კატეგორიულად ვითხოვდი დასწრებას, უარი მითხრეს.“
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ჩაიწერა, რომ მელიქიშვილის გამზირზე სამი მოყვითალო ფერის მეტალის მასრა იპოვეს. ერთიც გვამის გადასვენების შემდეგ, სისხლისმაგვარ გუბეში. იმ დღეს ტყვიის სხვა ნარჩენები მკვლელობის ადგილზე არ უპოვიათ. ეძებდნენ უახლესი ტექნიკური საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ „შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში გამოყენებულ იქნა SOVEREICHN FLITE--ის მარკის მეტალოსაძებარი ხელსაწყო, ასევე მაგნიტის მოდიდო ზომის ხელსაწყო,“ იმ დღეს სხვა ჰილზა არ უპოვიათ.
უცნაურია, რომ მეორე დღეს კრიმინალისტიკის განყოფილების თანამშრომლებმა მაინც იპოვეს სხვა ჰილზები (4 ცალი), რომლებიც მეტალოსაძებარ ხელსაწყოებს წინა დღეს რატომღაც გამორჩათ. ეს იყო „ტეტეს“ ტიპის იარაღის მასრები. სასამართლოს გამოძიების ამ ნაწილში უცნაური არაფერი შეუმჩნევია. სამაგიეროდ, დამოუკიდებელმა იურისტებმა, პრესამ, საზოგადოებამ სცადეს მომხდარის ახსნა. როცა გაირკვა, რომ მკვლელობის იარაღად „ტეტეს“ ტიპის იარაღი უნდა ჩათვლილიყო, საჭირო გახდა მისი ვაზნების აღმოჩენა მკვლელობის ადგილზე. საჭირო გახდა ნივთმტკიცება (წინა დღეს ნაპოვნი „ტეტეს“ მასრები დეფორმირების გამო ნივთმტკიცებად არ ჩაითვალა).
მეორე კვანძი - მკვლელი
ვიდრე კრიმინალისტები შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დაიწყებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელს შანიძის ქუჩაზე მისდევს, მისი მეწყვილე რობერტ პანიევი კი მელიქიშვილის ქუჩაზე - გვამთან რჩება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მკვლელი შანიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩაზე გადის, შემდეგ პეტრიაშვილის ქუჩის მიმართულებით და პეტრიაშვილიდან - ბარნოვზე. პოლიცია ეჭვმიტანილს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსში, აკავებს. ეჭვმიტანილი აღმოჩნდება მოქალაქე გიორგი ბარათელი. შანიძის ქუჩის შუაგულში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სირბილით მიმავალ მკვლელს გზად ბევრი ადამიანი ხვდება. მათ მიერ აღწერილი მკვლელის გარეგნობა ემთხვევა ვიდეოფირზე დაფიქსირებული მკვლელის გარეგნობას და სრულიად განსხვავდება იმ კაცის (ბარათელის) გარეგნობისგან, რომელიც პოლიციამ სამარშრუტო ტაქსში აიყვანა. შარაძის ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობას, მოწმეებად დაიკითხონ პირები, რომლებმაც მკვლელი, სწორედ, აქ, შანიძის ქუჩაზე, ნახეს - სანამ იგი მრგვალ ბაღთან გავიდოდა და პოლიციელები დაიჭერდნენ. სასამართლო მათი დაკითხვის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. პროცესზე იძახებს მხოლოდ იმ მოწმეებს, რომლებმაც მრგვალ ბაღთან ნახეს გიორგი ბარათელი. თუმცა, ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც მკვლელის გარეგნობას აღწერენ, თავიანთი შინაარსით, ურთიერთგამომრიცხავია. ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან მოწმეები გიორგი ბარათელის ჩაცმულობის შესახებ.

მიკროავტობუსის მგზავრის, სალომე ნიჟარაძის თქმით, მიკროავტობუსის ბოლოში მჯდარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც შემდეგ პოლიციამ ჩამოიყვანა, მუქი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა.
შალვა ჭანკოტაძის, ტაქსის მძღოლის მტკიცებით, „მელიქიშვილის ქუჩიდან 100 მეტრის დაშორებით დიდი საცობში მოხვედრილს, წინა სავარძელზე ჩაუჯდა უცნობი, 25-28 წლის პიროვნება, დაბალზე გადაპარსული თმებით (ვიდეოფირზე ჩანს, რომ მკვლელს თმა აქვს) მუქი ფერის „საროჩკით“. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ „საროჩკა“ გაიხადა და მუხლებზე დაიდო. ეცვა ღია ცისფერი მაისური.“
რობერტ პანიევი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი როგორც ძიებას, ასევე სასამართლოს უმტკიცებს, რომ პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმით. ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი.
ლევან ბოჭორიშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: პიროვნებას (დაბალი ტანის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით) ეცვა შავი ფერის ან მუქი ლურჯი მაისური. „დაკავების დროს სერიოზული ძალა არ გამოგვიყენებია, რადგან დაჭრილი იყო მარჯვენა მხარში.“
პაატა მაჩალაძე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: „მრგვალ ბაღთან გავაჩერეთ მიკროავტობუსი. პოლიცია შევიდა შიგნით და გამოიყვანა შავი ფერის მაიკიანი დაბალი ბიჭი, რომელიც დაჭრილი იყო მარჯვენა მკლავში.“
ბადრი ზურაბიშვილი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: „პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ქალბატონებთან და ჰალსტუხიან მამაკაცთან ერთად ამოვიდა პიროვნება, 27-28 წლის, დაბალი ტანის, შავგვრემანი. ეცვა შავი ფერის მაისური და შავი კურტკისმაგვარი პიჯაკი.“
მოწმეთაგან სამი პოლიციელია, სამივე შავს ასახელებს ბარათელის მაისურის ფერად. ერთი მოწმე ამბობს, რომ დაკავებულს ღია ფერის მაისური ეცვა. ხოლო ერთი საერთოდაც ამბობს, რომ მას პერანგი კი არა, პიჯაკი ეცვა.
დასახელებული სამი მოწმე პოლიციელიდან, ლევან ბოჭორიშვილი სასამართლოზე ორჯერ იკითხება. მის მიერ 25 ივნისს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება 10 ოქტომბრის ჩვენებისგან. ორივე კი - ზემოთ მოყვანილი მისი ჩვენებისგან, რომელიც წინასწარ გამოძიებას მისცა. ლევან ბოჭორიშვილი 25 ივნისს ამბობს: პიროვნება იყო დაბალი ტანის, ეცვა მუქი ლურჯი, საკმაოდ დიდი ზომის პერანგი, გაიქცა შანიძის ქუჩის მიმართულებით. 10 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე აცხადებს: განსასჯელს ეცვა ლურჯი ფერის „კლეჩატი საროჩკა“. შარვალი მუქი ფერის იყო. „საროჩკის“ შიგნით ეცვა შავი ფერის მაისური.
მკვლელის „კლეჩატი საროჩკა“ საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომელმა - ზაზა კაკაშვილმაც შენიშნა და ეს სასამართლო პროცესზეც აღნიშნა: განსასჯელს ეცვა მუქი ფერის მაისური, მუქი ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის „კლეჩატი საროჩკა“. სისხლი სდიოდა, „საროჩკა“ სისხლიანი ჰქონდა.
2007 წლის 5 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე თავად გიორგი ბარათელი ამბობს: „იმ დღეს მეცვა მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი „საროჩკა“ და ლურჯი ჯინსის შარვალი. შიგნით შავი, მოკლემკლავიანი მაისური მეცვა.“
მაშ, ასე: მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაში ფიგურირებს ღია ფერის მაისური და მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებას ადასტურებს დოკუმენტური მასალა.
ეს არის ბარათელის დაკავების ამსახველი ფოტო.
ფოტოზე აღბეჭდილი სამხილი ცრუ მოწმეების წინააღმდეგ
ამ ფოტოების არსებობა სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. არადა, ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ მკვლელობის დროს აყვანილ ბარათელს თეთრი მაისური აცვია და არა შავი ან მუქი ლურჯი როგორც ამას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებენ. ფოტოზე ისიც ჩანს, რომ ბარათელს თმა გადაპარსული აქვს, წვერი - გაუპარსავი. აცვია მუქი ლურჯი ფერის, განსაკუთრებით დიდი ზომის (2-3 ზომით დიდი) პერანგი. პერანგის ზედა 2 ღილი გახსნილია. შიგნით აცვია თეთრი მაისური. ლურჯი პერანგი მარცხენა მხარეს, ყელისა და მხრის მიდამოებში, დასვრილია სისხლით. პერანგის მარჯვენა მხარეს საერთოდ არ ჩანს სისხლის კვალი. ფოტო რომ ნამდვილად ბარათელის დაკავების პროცესს ასახავს, იმითაც დასტურდება, რომ დაკავებულის მარცხნივ დგას თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი - აცვია სამსახურებრივი ჟილეტი. მარჯვნივ დგას მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი, გრძელმკლავიანი მაისური და შავი შარვალი. ბარათელს სახეზე აღენიშნება დაზიანებები.
ხაზს ვუსვამთ, რომ ფოტოსურათის მიხედვით, ბარათელის პერანგის მარცხენა მხარეა სისხლით დასვრილი. ეს ფოტო ნივთმტკიცებად რომ მიეღო სასამართლოს, მაშინ პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა კითხვა: როგორ დაისვარა სისხლით პერანგის მარცხენა მხარე მაშინ, როცა სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელიც საქმეშია ჩადებული, ბარათელი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი. ხომ ალოგიკურია, რომ მარჯვენა მხარეს მიყენებულ ჭრილობას პერანგის მარცხენა მხარე დაესვარა ისე, რომ მარჯვენას არაფერი დასტყობოდა?
რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი დეტალები?
„ალდაგის“ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოფირი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობას ასახავს, საქმეში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლომ მტკიცებულებად არ ცნო იმ არგუმენტით, რომ ფირი ექსპერტიზისთვის უვარგისია. არადა, ვიდეოფირი ამტკიცებს იმას, რომ მკვლელი ბარათელისგან განსხვავებული გარეგნობის არის. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, რომელზეც კადრები შემდეგს ასახავენ: ჭაღარათმიან კაცს, ანუ გურამ შარაძეს, უკან მიჰყვება მასზე მაღალი, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი შავი თმა, არის ბარათელის გარეგნობისგან სრულიად განსხვავებული. ბარათელი არის დაბალი, დაახლოებით 165 სმ-ის, ეს პიროვნება კი - 175 სმ-ზე მეტი, რადგან შარაძეზე მაღალია. პიროვნება კადრში ჩნდება 20:30:56 სთ-ზე. აღნიშნული პირი 20:31:28 სთ-ზე ჭაღარათმიან მამაკაცს ესვრის. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მისი კადრში შემოსვლიდან ზუსტად 32 წამში, კადრში ჩნდება ავტომანქანა, რომელიც რჩება ადგილზე 20:34:46 სთ-მდე. იღება მანქანის უკანა კარი, გადმოდის პიროვნება, რომელიც ელაპარაკება მასთან მისულ მეორე პიროვნებას.
ვფიქრობთ, ეს დეტალი მართლმსაჯულებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. რადგან მკვლელობის წუთებში მანქანის აკრძალულ ადგილას გაჩერება (მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით) მეტად საეჭვოდ გამოიყურება. მით უმეტეს, რომ მანქანა ჩნდება მკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე და მიდის მკვლელობის დასრულებისთანავე.
იმის მიუხედავად, როგორი ხარისხის არის ფირი, ასეთ ფაქტს მიუკერძოებელი სასამართლო აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას, ტექნიკური საშუალებებით ეცდებოდა მანქანის მარკისა და ნომრის დადგენას.
ვიდეოფირის ნივთმტკიცებად ცნობა კიდევ ერთ დეტალს ახდიდა ფარდას: გიორგი ბარათელი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ ქუჩაში სეირნობდა, როცა დაინახა მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი გურამ შარაძე, ცოტათი გასცდა კიდეც... მერე... „მე გავჩერდი ერთი-ორი წამი, მერე შემოვტრიალდი, გავყევი და ვესროლე.“
თუკი შარაძესთან ბარათელის შეხვედრა, მართლაც, მოულოდნელად მოხდა და წამებში ესროლა, ეს ფირზე უნდა ასახულიყო. „ალდაგის“ ვიდეოთვალს უნდა დაეფიქსირებინა ეს წამი და ეს მოძრაობა, თუმცა ასეთი რამ ფირზე არ არის ასახული. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გიორგი ბარათელმა ასეთი რამეც თქვა: შარაძეს რუსთაველზე შევხვდიო, მაგრამ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ეს ფაქტი უარყო და ძველი ჩვენება გაიმეორა, რომელიც სასამართლომ სიმართლედ ჩათვალა - მიუხედავად ზემოთ აღნიშნული წინააღმდეგობებისა.
მთავარი კვანძი - მკვლელობის მოტივაცია
გურამ შარაძის მკვლელობის მოტივად თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგი არგუმენტი დაასახელა: გიორგი ბარათელმა გურამ შარაძეს იმიტომ ესროლა, რომ განაწყენებული იყო. ამ უკანასკნელმა და მისმა შვილმა - გიორგი შარაძემ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნეს. რამდენიმე წლის წინ გიორგი ბარათელი და გიორგი შარაძე ერთად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. შარაძემ ბარათელი მიატოვა და თავად საქართველოში დაბრუნდა. მკვლელობა მას წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია. გადაწყვეტილება მიიღო უეცრად, როცა მელიქიშვილის ქუჩაზე შემთხვევით შეხვდა გურამ შარაძეს.
მკვლელობის მოტივი სასამართლომ დაადგინა ბარათელის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე (აგრეთვე იმ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ და რომლებიც უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს). მაგრამ ეს აღიარება არ არის გამყარებული მტკიცე არგუმენტებით, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ ჩათვალა ეს აღიარება სასამართლომ მტკიცებულებად?
წინააღმდეგობები
ჩვენებების მიხედვით, გიორგი შარაძესთან გიორგი ბარათელი შვეიცარიაში 2000 წელს წავიდა შარაძის მიწვევით ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ოპერატორის სტატუსით და ანაზღაურების პირობით. გიორგი ბარათელის ძმა, მამუკა ბარათელიც, აგრეთვე ბიძა, როლანდ გრიქუროვი, შვეიცარიაში გიორგი ბარათელის წასვლის მიზეზად ასახელებენ ფილმის გადაღებას. მაგრამ სასამართლო საქმეში არსებობს სპეციალური მასალა, ბარათელთან საუბრის ფარული ჩანაწერი. გიორგი ბარათელი შვეიცარიაში წასვლის მიზეზს აქ სხვაგვარად განმარტავს: „96-ში გავიცანი მაგის (იგულისხმება გურამ შარაძე. ავტ.) შვილი გიორგი, მერე დავმეგობრდით, მერე წამიყვანა, ჩემთან იქნებიო. ცოლს დავშორდიო, რაღაცაო და წამოდიო.“
სამართლიან სასამართლოს უნდა დაედგინა, ნამდვილად იღებდა თუ არა იმ პერიოდში (2000 წელს) გიორგი შარაძე ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტურ ფილმს; რომელი პროექტის ფარგლებში მზადდებოდა ფილმი? იყო თუ არა განსაზღვრული ოპერატორის ჰონორარი და როგორი ოდენობით? ამ საკითხების გარკვევის მიზნით მას შეეძლო, დაკავშირებოდა შვეიცარიაში საქართველოს საკონსულოს, სადაც მსგავსი ინფორმაცია ინახება; აგრეთვე შეეძლო, მოეძია შვეიცარიაში საქართველოს მაშინდელი კონსული. გიორგი შარაძე საკონსულოში კულტურის ატაშე გახლდათ და კონსული აუცილებლად გაიხსენებდა მის მიერ განხორციელებულ პროექტებს. კონსულის ან საკონსულოს მაშინდელი სხვა თანამშრომლების მოძიებას ის აზრიც ექნებოდა, რომ ისინი ისაუბრებდნენ გიორგი შარაძის მაშინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ბარათელი ხომ მას ფაქტობრივად ბრალს სდებს მკვლელობის განზრახვაში, თანაც მეტად პათოლოგიური ფორმით: თირკმელების ამოცლისა და გაყიდვის ორგანიზებაში!
სასამართლოს შეეძლო სხვა გზებითაც დაედგინა, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ბარათელის ჩვენება - რომ იგი ნოე ჟორდანიაზე ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ჩვენთან საუბარში გიორგი შარაძის დამ, რუსუდანმა თქვა, რომ ნოე ჟორდანიაზე დოკუმენტური ფილმების სერია მას აქვს გადაღებული და არა მის ძმას. „2000 წელს ჩემი ძმა შვეიცარიაში დოკუმენტურ ფილმებს გრიგოლ რობაქიძესა და ხარიტონ შავიშვილზე ამზადებდა. დამფინანსებელი არ გამოუჩნდა. ის, რომ ბარათელს ფულს დაჰპირდა გიორგი, არის სიცრუე! გიორგის არავინ აფინანსებდა. თავისი ბინა ჰქონდა გაქირავებული თბილისში უცხოელების ოჯახზე და იმით ირჩენდა თავს ჟენევაში. ბარათელი თბილისიდან, სტუდია „აუდიენციიდან“ მიავლინეს შვეიცარიაში დამხმარე ოპერატორად.“ სასამართლოს მარტივად შეეძლო, გამოეკვლია ისიც, „აუდიენციიდან“ იყო თუ არა მივლინებული შვეიცარიაში გიორგი ბარათელი. თუმცა, არც ამ მიზნით გააკეთა რამე. რაც მთავარია, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ იმ პირის მოძიება, რომელმაც, გიორგი და მამუკა ბარათელების ჩვენებების მიხედვით, ჟენევაში მყოფ გიორგი შარაძესთან დააკავშირა ბარათელი. რატომ არ დაინტერესდა სასამართლო ამ პირის მოძიებით? დაადასტურებდა თუ არა იგი ბარათელის ჩვენებას? მისი მოწმედ დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა ბარათელის ადვოკატებმა დააყენეს, სასამართლომ ადვოკატებს დააკისრა მისი პროცესზე მიყვანის ვალდებულება. ამ უკანასკნელებმა მალე უკანვე წაიღეს შუამდგომლობა არგუმენტით, რომ ვერ მოიძიეს კონკრეტული პიროვნება, რომლის ყველა საპასპორტო მონაცემი ცნობილია. თუმცა, არ წარმოუდგენიათ ძებნის დამადასტურებელი არცერთი საბუთი: თუნდაც წერილი უბნის ინსპექტორთან.
მთავარი მოწმე ცოცხალია თუ მკვდარი?
მისი სახელი გახლავთ მიხეილ (მიშა) ჟღენტი. დაბადებულია 1977 წელს, ცხოვრობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 90-იანი წლების ბოლოს მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“ (იცნობდა გიორგი შარაძესაც და გიორგი ბარათელსაც). ჩვენმა საგამოძიები ჯგუფმა, სამართალდამცავებისგან განსხვავებით, ადვილად მიაგნო მის ოჯახს. შევხვდით ჟღენტის დედას, ქალბატონ ნუნუ ჟღენტს, რომელმაც თქვა, რომ შვილი არ უნახავს რამდენიმე წლის განმავლობაში - 2006 წლის მარტის შემდეგ. 2006 წლის აპრილში უკანასკნელად ესაუბრა ტელეფონით საზღვარგარეთ. სამართალდამცავთათვის, ალბათ, ძალზე ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო მთავარი მოწმის ასეთ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარება. ჟღენტის დედამ გვითხრა, რომ ის წლების განმავლობაში არავის უნახავს. გვითხრა ისიც, რომ მის ოჯახში მიშას მოძებნის მიზნით არავინ არასდროს მისულა სამართალდამცავთაგან, არც სასამართლოდან მიუღიათ გამოძახება. ის კი იცის, რომ მისმა შვილმა გიორგი ბარათელს ჟენევაში გამგზავრების წინ მობილური ტელეფონიც უყიდა და თვითმფრინავის ბილეთიც. ქ-ნმა ნუნუმ ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ვიდრე ბარათელი შვეიცარიაში წავიდოდა, მასთან სახლში გურამ შარაძემ დარეკა: „ჩემი მეუღლე იკითხა. ვახტანგს არ ეცალა და მე დაველაპარაკე. ვუთხარი, თუ იცით, თქვენს შვილს სტუმარი რომ უნდა ეწვიოს; გიორგი ბარათელი შვეიცარიაში მიდის-მეთქი. გადაირია, ვაიმეო, რას ჰქვია, მიდისო, ჩემს შვილს კიდევ არევ-დარევა უნდა, რაში სჭირდება იქ ხულიგანი და ჯიბგირიო. მე ვუთხარი - შეუშალე ხელი წასვლაში, აეროპორტში დარეკე და ბილეთი დააბლოკინე, ნუ გაუშვებ-მეთქი. მაგრამ, როგორც შემდეგ გავიგე, ბარათელი მაინც წავიდა შვეიცარიაში.“
რას იტყოდა სასამართლო ასეთი ჩვენების მოსმენისას? მამუკა ბარათელი (გიორგის ძმა) ხომ თავის ჩვენებაში ამტკიცებს, რომ მისი ძმა აეროპორტში გურამ შარაძემ გააცილა! ერთი სიტყვით, სასამართლომ ხელიდან გაუშვა ერთ-ერთი მთავარი მოწმის მოძიების შანსი. აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც შეუძლია. სხვადასხვა სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებთან დადებული ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. თუმცა, სასამართლოს არც ეს უფლება გამოუყენებია.
მნიშვნელოვანი გარემოება, რომლისთვისაც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია
ეს არის მოწმე ალექსანდრა პირუმოვის ჩვენება: „2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. „რუსთავი 2"-ში მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, „აქ აღარ დარეკოო.“
ვინ დაურეკა გიორგი ბარათელს? სად წავიდა ასე სასწრაფოდ? სასამართლოს ეს კითხვები არ დაუსვამს. ეს დრო ხომ ზუსტად ემთხვევა შარაძის მკვლელობის წინა, უახლოეს წუთებს? რატომ და ვისი მითითებით ცხოვრობდა იგი განცალკევებით შარაძის მკვლელობის წინა დღეებში? ვინ გაიყვანა იგი სახლიდან დაახლოებით იმ წუთებში (19-დან 20 საათამდე დროის შუალედში), როცა გურამ შარაძე საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა (სადაც იგი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც გვიანობამდე მუშაობდა) და ფეხით გაემართა ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე სახლისკენ? თუ პირუმოვის ჩვენებას დავუჯერებთ, ბარათელთან განხორციელებული საიდუმლო ზარიდან შარაძის მკვლელობამდე ზუსტად იმდენი დრო გავიდა, რამდენიც ბარათელს მკვლელობის ადგილამდე მისაღწევად დასჭირდებოდა. ვინ და რა მიზნით მიიყვანა იგი მკვლელობის ადგილას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ან აქ, ან სტრასბურგში; ან ახლა, არსებული სასამართლო სისტემის პირობებში, ან მომავალში, როცა სიმართლეს ვეღარ შეურაცხყოფენ გრძელ, რომაულ მანტიებში გამოწყობილი მოსამართლეები. ხოლო ის, შეძლებს თუ არა სასამართლო გურამ შარაძის მკვლელობაზე სიმართლის გარკვევას, გაარკვევს იმასაც, რამდენად სახიფათო გამოწვევების მიღება შეუძლია ქართველ თემიდას.
ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.
პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”

0 comments:

Post a Comment