Sunday, June 6, 2010

დარიალის კარიდან მომავალი საფრთხე


ფოტო-http://upload.wikimedia.org/

18-05-2010, 20:39

მადლენა მაჭარაშვილი

„დარიალის კარის გახსნა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოსი მოსახლეობისთვის კრემლის პროგრამაა, კრემლს კი „საცეცები“ სომხეთზეც მიუწვდება და მასზე გავლენიან ქვეყნებზეც,“– ეს განცხადება ახალგაზრდულ სათემო კავშირ „სტეფანწმინდის“ წარმომადგენლებს ეკუთვნის.

ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მოხევეებმა 18 მაისს კინოს სახლში კონფერენციის ფორმატში განიხილეს.

მთავარ საფრთხეს კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ზაზა წიკლაური ასე განმარტავს:
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ყაზბეგის რაიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია. აპირებენ დარიალის მიმართულებით შემოჭრას და კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის ხელში ჩაგდებას. ამით მხოლოდ ტერიტორიას კი არ ჩაიგდებენ ხელში, მოაშიშვლებენ სრულიად საქართველოს ზურგს და, ფაქტობრივად, დაშლიან საქართველოს სახელმწიფოს.

საპროვოკაციოდ და საკონფლიქტოდ გამზადებული ჰყავთ ოსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცის ფუნქციას შეასრულებენ. რუსული გეგმის თანახმად, კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენენ ოსები. შემდეგ რუსები მათი დაცვის საბაბით შემოვლენ. საყურადღებოა, რომ ყაზბეგის რაიონს რუსები მოიაზრებენ არა „სამხრეთ ოსეთად“, არამედ, ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილად, ანუ პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ნაწილად.“

ზაზა წიკლაური აცხადებს, რომ ამ ტიპის პროვოკაციები ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის პირველივე დღიდან თვალსაჩინო გახდა. 1–ელ მარტს ლარსის გამშვები პუნქტიდან ქართულმა ტელეარხებმა გადმოსცეს ინფორმაცია, რომ საზღვარზე გავლის მსურველი არ ჩანდა, ეს დეზინფორმაცია იყო, რადგან ნამდვილად იყვნენ მაშინ ლარსის გავლის მსურველები და ეს იყო 50–ზე მეტი ოსი, რომლებიც ერთდროულად, ორგანიზებულად მოადგნენ საზღვარს რუსეთის საგუშაგოს მხრიდან და ითხოვდნენ გადმოსვლას.

„ლარსის პუნქტის გახსნას წინ უძღვოდა საიდუმლო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს ლეგალური სახე მისცეს, თითქოს საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. სინამდვილეში რუსეთმა მოლაპარაკებების დროს შუამავლად ფორმალურად დაიყენა სომხეთი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს შვეიცარიის მეშვეობით წარმოებდა შესაბამისი მოლაპარაკებები. არადა, ამ მოლაპარაკებებში ჩართულები იყვნენ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები.“
ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე არგუმენტით გაამართლა: პირველი და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ამით ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ადამიანები იხეირებდნენ, მათი სოციალური ყოფა გაუმჯობესდებოდა. შემდეგ საკითხი განზოგადდა და ხელისუფლების განცახდებებში ლარსის საზღვრის გახსნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივად დაისახა.

ყაზბეგის რაიონის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დარიალის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე არაერთხელ მიმართეს პრეზიდენტს, პარლამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შს მინისტრს, დიასპორების მინისტრს, შედეგად, საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომამ დახურულ რეჟიმში განიხილა – 2009 წლის შემოდგომაზე. სხდომის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ იმსჯელეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მიიღეს შესაბამისი ზომები. ყაზბეგის მოსახლეობას აუწყეს, რომ რუსულ–ოსური ინტერვენციის აღარ უნდა შეშინებოდათ.

„საკვირველია, ერთსაათიან სხდომაზე როგორ მოაგვარეს ეს ისტორიული პრობლემა,“– კითხულობენ მოხევეები. არც იმ დროს და არც შემდეგ ხელისუფლებას ამ საკითხზე არც დეტალურად და არც კონკრეტულად უთქვამს რამე. დღემდე აცხადებენ მხოლოდ ერთს: საზღვრის გახსნით საქართველოს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები შევა სატრანზიტო გადასახადის სახით.

ხელისუფლების დაპირებას „მოკლეკუდიან სიცრუეს“ უწოდებენ მოხევეები. არგუმენტად საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ასახელებენ, კანონის თანახმად კი, ტრანზიტის გადასახადი ჯერ კიდევ 2007 წლის 1–ელი იანვრიდან გაუქმდა და ამ სახით საქართველოს ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ შედის. უცანაურია, რატომ მოატყუა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები? ზაზა წიკლაური ამბობს რომ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ჰკითხეს, პასუხად მიიღეს: არაპირდაპირი შემოსავლებიც არსებობსო. არაპირდაპირ შემოსავლებში კი აქციზური გადასახადები იგულისხმება. ხოლო აქციზური მარკის მქონე პროდუქციის გადაზიდვა ქართული გადამზიდავი ფირმების მეშვეობით ხორციელდება. ეს ფირმები მხოლოდ ფოთისა და ბათუმის მიმართულებით მოძრაობენ.

ზაზა წიკლაურის თქმით, ლარსის პუნქტის გახსნით საქართველომ მხოლოდ შემდეგი „სარგებელი“ შეიძლება მიიღოს: „გზის ცვეთისა და ეკოლოგიური დაბინძურების გარდა საქართველოს დაემატება საბაჟოს აქტიური ფუნქციონირებით გამოწვეული ხარჯები, მეორე მხრივ, ქართულ გადამზიდავ ფირმებსაც მცირე, მაგრამ მაინც მოაკლდებათ შემოსავალი. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ამ გზის ამუშავებით არც სახელმწიფო და არც საქართველოს მოქალაქეები არანაირ სარგებელს არ იღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი ე.წ. სომხურ სასიცოცხლო აუცილებლობაზე. თურმე დარიალის გზის გახსნა სომხეთის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დ აუცილებელია. თურმე ამის გარეშე სომხები სულს ღაფავენ. ამ არგუმენტს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საპირწონედ დებენ.“
სათემო კავშირ „სტეფანწმინდის“ წარმომადგენლებმა ლარსის გამშვები პუნქტის, იმავე დარიალის გზის, გახსნის საკითხი ეკონომიკური კუთხითაც გააანალიზეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ეკონომისტი შოთა ბუჩუკური განმარტავს, რომ თავად სომეხი ჟურნალისტებიც კი აღნიშნავენ, რომ ლარსის პუნქტის გახსნას სომხეთისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს.

„უმთვრესი სომხური საექსპორტო პროდუქცია არის კონიაკი. ექსპორტირებული პროდუქციის 70%–ს შეადგენს. კონიაკის გატარება ლარსის გამშვები პუნქტით არც 2006 წლამდე შეიძლებოდა და არც ახლა შეიძლება. ამიტომ ექსპორტირებულ პროდუქციაში დარჩენილ 30%–ში ჭარბობს ატამი და გარგარი, რომელიც არის სეზონური პროდუქტი და წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვე შეიძლება მისი გატანა. მხოლოდ ამის გამო 9 თვით ლარსის საზღვრის გახსნა სრულიად გაუგებარია. გზის სირთულიდან და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, ტვირთის გადამზიდავებს ესაჭიროებათ გამცილებელი, საბოლოოდ, ხარჯებს თუ დავითვლით, მივალთ დასკვნამდე, რომ, საშუალოდ, სომხეთიდან მოსკოვამდე კონიაკის ტრანსპორტირება ფოთისა და ბათუმის გზით ჯდება 6500 დოლარამდე. ხოლო გარგარისა და ატმის ტრანსპორტირება 8 500 დოლარი. ანუ განსხვავება ამ შემთხვევაში ფოთისა და ბათუმის პორტებსა და ლარსის გამშვებ პუნქტს შორის თითქმის არ არსებობს. ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარია საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებების განცახდებები, რომ ამ გზით სომხეთის ეკონომიკას გარკვეული შეღავათები აქვს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა ლარსის გამშვები პუნქტი, ანუ 1 მარტიდან, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, მოამარაგოს სურსათით საკუთარი სამხედრო ბაზა სომხეთში – საუბარია გიუმრის ბაზაზე. აქედან გამომდინარე, თუკი რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი მტერი, რატომ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ საკუთარი ბაზა მოამარაგოს სომხეთში და ალყაში მოაქციოს სრულიად საქართველო?“

სათემო კავშირ „სტეფანწმინდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასევე ცრუ აღმოჩნდა ხელისუფლების პირობა, თითქოს ლარსის გამშვები პუნქტი მხოლოდ სატრანზიტო ტვირთებისთვის გაიხსნებოდა, დღეს პუნქტი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, არსებობს სავიზო მიმოსვლა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისი გადალახვა, თუ ექნება ვიზა ან მოწვევა.
წყარო: www.7days.ge

0 comments:

Post a Comment