Thursday, November 19, 2009

"ხან წაგართმევთ, ხან _ დაგიბრუნებთ"




“მათრახი” და “ფუნთუშა” ბიზნესმენებისათვის

“ბიზნესი მეწველ ძროხას ჰგავს _ თუ სახრეს შემოარტყავ, აღარ მოიწველის”

დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადახდილი 35 მილიონი ლარი ბიზნესს უკან წლის ბოლომდე დაუბრუნდება. ამ მიზნით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მორიგი ცვლილებები შედის. დამატებითი ღირებულების გადასახადის მეწარმეებისათვის უკან დაბრუნება პრეზიდენტის მიერ ახლახან გაჟღერებული ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის ამ ინიციატივაში ბიზნესის ხელშეწყობას ხედავენ, ხელისუფლების ოპონენტები კი _ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას.
ბიზნესმენებისათვის უკან დასაბრუნებელი 35 მილიონი ლარის გარდა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით 10 მილიონი ლარის გამოყოფაც იგეგმება, ის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციას, კერძოდ, კახეთში მომხდარი წყალდიდობისა და რაჭის მიწისძვრის გამო მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოხმარდება. ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თვალსაზრისითაც.
ცვლილებების პროექტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და დასკვნების საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა 18 ნოემბრამდე შეეძლოთ. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი კი საკანონმდებლო ორგანომ 4 დეკემბრისთვის უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
შემჭიდროებულ ვადებში გაწერილი დადგენილების პროექტი პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა წარუდგინა. დადგენილების თანახმად განსაზღვრული კანონპროექტის განხილვის ვადები საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა.
ლევან ვეფხვაძე, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი: „ჩვენ, მუდმივად ვადებზე გვიწევს ხოლმე კამათი, არასდროს გვაქვს ბიუჯეტის ან ცვლილებების პროექტის განხილვისთვის საკმარისი დრო. დადგენილების მიღების მეორე დღეს უნდა წარმოვადგინოთ შენიშვნები კომიტეტში. რამდენად საკმარისია ეს დრო, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ არ არის დარიგებული ფრაქციაში.“
ლევან ვეფხვაძემ პროცედურული საკითხის განხილვის შემდეგ, ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე _ ბიზნესის წახალისების მიზნით მეწარმეებისთვის დღგ-ის დაბრუნებაზეც ისაუბრა.
ლევან ვეფხვაძე: „რამდენად ლოგიკურია დღგ-ის დაბრუნებისა და ამ გზით ბიზნესის წახალისების გადაწყვეტილება იმ მოქმედებებთან, რომელსაც შემოსავლების სამსახური ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახორციელებს _ პრაქტიკულად, არ არსებობს ბიზნესი, რომელშიც არ შესულან და არ დაულუქავთ, არ არსებობს ბიზნესი, რომელში შესვლის შემდეგაც არ ეთქვათ, რომ ჩვენ აქ იმიტომ კი არ შემოვედით, რომ შევამოწმოთ, არამედ იმისთვის, რომ ამდენი და ამდენი თანხა უნდა შეიტანოთ ბიუჯეტშიო. ეს არ არის მართებული დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, ამას ჰქვია მათრახისა და ფუნთუშის პრინციპი _ ერთი მხრივ, ამ დადგენილებას ვიღებთ და „ფუნთუშას“ ვთავაზობთ ჩვენს ბიზნესმენებს და მეორე მხრივ, მარჯვენა ხელში დაჭერილ „მათრახს“ ზურგზე ვურტყავთ. ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური იქნება ამ გადაწყვეტილებების ჰარმონიზაცია მოგვეხდინა.“
ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ ლიდერი: „ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელისუფლება იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ ბიზნესზე ზრუნავს. ბოლო დროს კი, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ შანტაჟსა და რეკეტს უკვე მცირე ბიზნესიც განიცდის. ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც, მაგალითად, აფთიაქში შედიან საგადასახადოს ცალკეული წარმომადგენლები და სხვაგან ამობეჭდილი ჩეკით ფულს სძალავენ მეწარმეს. კონკრეტული მაგალითიც შემიძლიათ გითხრათ: „ჯი-თი-სის“ სავაჭრო ცენტრში შეაგზავნეს ქალბატონი, ვითომ ორსული (მუცელი ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი), რომელმაც გამყიდველს უთხრა, ფეხმძიმედ ვარ, გადასახურდავებლად დაბლა ნუ ჩამიყვანო და მიაწოდა დოლარი. რის გამოც სავაჭრო ცენტრი საგადასახადომ დააჯარიმა. ეს სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულის აშკარა პროვოცირება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უნდა ისჯებოდეს.
თუ ასეთ ფაქტებს სათანადო ყურადღებას არავინ მიაქცევს, თუ ასეთი შანტაჟის ქვეშ დარჩებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რამდენი დღგ-იც არ უნდა დაუბრუნდეს ბიზნესს, არაფერი გამოვა. მეწველ ძროხას სახრეს რომ შემოარტყავ, აღარ მოიწველის. ჩვენი ეკონომიკისთვის მეწველი ძროხა არის ბიზნესი, რომელსაც ხელშეწყობა და გაფრთხილება სჭირდება იმისთვის, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი გადაიხადოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.“
ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნებსა და მოსაზრებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზევე უპასუხა.
ზურაბ მელიქიშვილი: „ბატონო ჯონდი, შეგახსენებთ, რომ `ვითომ ზრუნვის~ კლასიკური მაგალითები, უშუალოდ, თქვენს ნებისმიერ ინიციატივაში იკითხება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვის საკითხს, გიპასუხებთ, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიზნით პრეზიდენტისა თუ პარლამენტის მხრიდან უამრავი ინიციატივა არათუ გაჟღერდა, გატარდა კიდეც რეალურად და ეს, თავისთავად, ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოზიდვასა და ადამიანების დასაქმებას.
დღგ-ის ნაწილში თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებითს კი მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში, ანუ გასულ 10 თვეში ბიზნესს უკვე დავუბრუნეთ 126 მილიონი ლარი. ეს არის იმაზე მეტი, რაც, თუნდაც, 2004-2007 წლებში მთლიანობაში დაუბრუნდა ბიზნესს სახელმწიფოსგან.
ის 35 მილიონი ლარი კი, რომლის დამატებასაც პრეზიდენტის ინიციატივა და ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, თუ მყისიერად დაუბრუნდება საწარმოებსა და ფირმებს, დასაქმების საკითხიც მეტად განვითარდება. რაც შეეხება ბიზნესზე წნეხს _ ბიუჯეტის პროექტის თანმდევი კანონპროექტით, ნებისმიერი საწარმოსა თუ ფირმის დალუქვა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ფინანსთა მინისტრის დონეზე განხორციელდება.
ბიუჯეტის პროექტი კანონისა და რეგლამენტის სრული დაცვით არის წარმოდგენილი, ცვლილებების პროექტს ჩვენ კენჭს მხოლოდ 4 დეკემბერს ვუყრით და მანამდე რამდენი დღე არის, ამის გადათვლას უმაღლესი მათემატიკა ნამდვილად არ სჭირდება.“
P.S. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები მსხვილი კომპანიების შემოწმების პროცესს განაგრძობენ. 9 ნოემბერს დაწყებული „ჯეოსელის“ ფინანსური შემოწმება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. უკვე ვრცელდება ინფორმაციები კახა ბაინდურაშვილის უწყების „მაგთიკომში“ სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებითაც. მობილური ოპერატორების კომპანიებამდე საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს კომპანია „ყაზბეგი“ და სათვალეების მაღაზიების _ „კენარისა“ და „საფილოს“ ქსელები.

1 comments:

Unknown said...

მადლენ, კაი რა, ძროხასაც გააჩნია, ზოგჯერ უნდა შემოარტყა კიდეც და შემომირტყია ბავშობაში, როცა სოფელში ვისვენებდი ხოლმე, ბებია–ბაბუასთან [ნეტა იმ დროს], შენ წარმოიდგინე მაინც იწველებოდა...
და ბიზნესი რასაც გავს მაგაზე მოდი არაფერს ვიტყვი ;)

Post a Comment