Saturday, January 29, 2011

კანონი – ეს მე ვარ!


ჟურნალისტური გამოძიება
20.08.2009
როდესაც მართლმსაჯულება პრეზიდენტს თვალებში უყურებს
მადლენ მაჭარაშვილი

მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილებს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისში შეუფარდა. ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადაც გასულია და წინასწარი გამოძიებაც –დასრულებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია საქმის განხილვას 21 აგვისტოს დაიწყებს. მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 42 ადამიანის ბედის განსაზღვრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

სამხედრო ამბოხის მცდელობაში ეჭვმიტანილთა საქმე გრიფით საიდუმლო რეჟიმში განიხილება. შესაბამისად, სასამართლო განხილვებამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია ბრალდებულთა ადვოკატებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი.

ბრალდებულების დიდი ნაწილი გლდანის საპატიმროში, რამდენიმე კი ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ყველა მათგანს უკვე გადაეცა საბრალდებო დასკვნა. მუხროვანის საქმეზე ამ დროისთვის ათეულობით ტომი და 90-გვერდიანი საბრალდებო დასკვნაა დაწერილი. თუმცა, ადვოკატების მტკიცებით, მათთვის ხელმისაწვდომ მასალებში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დამნაშავეობას დაადასტურებდა.


ბრალდება

არშემდგარი სამხედრო ამბოხის ისტორია 5 მაისის მუხროვანის მოვლენებით დაიწყო. შს სამინისტროს მიერ ტელეეთერით გავრცელებული ოპერატიული ვიდეომასალით ცნობილი გახდა, რომ 5 მაისს, დილით, მუხროვანის ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა –ტანკები უკვე დაქოქილი იყო და ბატალიონი საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა.

შსს-ს ვიდეომასალაზე, რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური (90-იან წლებში) გია ღვალაძე და კობა ოთანაძე არიან ასახულები. ვიდეომასალის თანახმად, სწორედ, ისინი უწევდნენ ორგანიზებას სამხედრო ამბოხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო ამბოხი „რუსულ წრეებთან“ იყო შეთანხმებული (მათგან დავალებებთან ერთად ფულსაც იღებდნენ) და ის, მინიმუმ, საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, მაქსიმუმ – ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამხედრო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად.

ბრალდებულთა დიდი ნაწილი სამართალდამცავებმა 5 მაისსვე დააკავეს. ამბოხის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი პირები კი – 20 მაისს, გვიან ღამით.

შსს-ს განცხადებით, ამ უკანასკნელთა დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისის მახლობლად, თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარდა. იმავე უწყების ოფიციალური ცნობის თანახმად, სპეცოპერაციის დროს ორმხრივ სროლაში დაიღუპა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი. კრიალაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს, მძიმედ დაშავებული ოთანაძე და ამირიძე კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალი 21 მაისს საავადმყოფოშივე წაუყენეს.

მძევლები

ეჭვმიტანილების აყვანამდე სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილთა ოჯახის წევრები დააკავეს.

მუხროვანის ამბოხიდან ერთი კვირის თავზე, 12 მაისს, კობა ოთანაძის ძმას ნუგზარ ოთანაძეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

20 მაისს, გამთენიისას, სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ოთანაძის მეორე ძმა, ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე გულო დარიძე და 19 წლის ვაჟი გიორგი ოთანაძე. სამართალდამცავებს „მოდულის“ შენობაში ოთანაძეების სულ11 ნათესავი ჰყავდათ დაკავებული.

ჯიმშერ ოთანაძე და მისი ოჯახის წევრები გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

ჩვენთან საუბრისას ადვოკატმა ონისე მებონიამ აღნიშნა, რომ ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე და შვილი ისე დააკავეს და გაათავისუფლეს სამართალდამცავებმა, რომ არანაირი პროცედურული წესი არ ყოფილა დაცული:

„როგორც წესი, როდესაც ადამიანს აკავებენ, ივსება დაკავების ოქმი, რომელშიც მითითებულია, თუ რაში არის ის ეჭვმიტანილი. შემდეგ, თუ არ დასტურდება ეს ეჭვი, მას ათავისუფლებენ სასამართლოს ცნობით, რომელშიც აღნიშნულია ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავებისა და გათავისუფლების მიზეზების შესახებ. თუ ასეთი დოკუმენტი არ ახლავს ადამიანის გათავისუფლებას და არ არსებობს არც დაკავების ოქმი, გამოდის, რომ ადამიანები ძალოვანებს უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებულები და ისინი მძევლები იყვნენ. მეორე მხრივ, გათავისუფლების დოკუმენტის არარსებობა სამართალდამცავ ორგანოებს ამ ადამიანების თავისუფლების საკითხით მანიპულირების საშუალებას აძლევს: ანუ მათ რჩებათ შესაძლებლობა, იმავე ეჭვის საფუძველზე პიროვნება კიდევ ერთხელ დააკავონ“.

პოლიციის ტყვიები ცხედარში არ რჩებიან

როგორც აღვნიშნეთ, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიალაშვილი პოლიციასთან გაწეული წინააღმდეგობის დროს ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა.

გია კრიალაშვილის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ კი კრიალაშვილის მეუღლემ პრესის წინაშე განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნატყვიარი არ ჰქონდა, საეჭვოდ მიიჩნია ისიც, რომ მიცვალებულს ერთ დღეში თავი გაუსივდა.

ჩვენ დავუკავშირდით გია კრიალაშვილის ახლობლებს. მისი დის, ლია კრიალაშვილის, ოჯახი ამტკიცებს, რომ კრიალაშვილს მუხროვანის ამბოხთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ოჯახს ამის თქმის საფუძველს ის აძლევთ, რომ იმ პერიოდში იგი დის სახლში იმყოფებოდა.

გია კრიალაშვილის დისშვილი: „იმ ღამეს, მუხროვანში რომ ამბოხის მცდელობა იყო, გია ნამდვილად სახლში იყო. დილის 7-8 საათამდე არ მეძინა და ზუსტად ვიცი, რომ სახლში იყო. ერთად გავათენეთ, ფილტვების ანთება მქონდა და ვერ ვიძინებდი. მთელი ღამე ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. 9 საათი იქნებოდა, რომ ჩამეძინა. დილის 10 საათზე კი გია უკვე აღარ იყო სახლში. დედა ტელეფონზე ურეკავდა, მაგრამ გამორთული ჰქონდა. 12-ზე ტელევიზიით შევიტყვეთ მუხროვანის ამბოხის შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იშვიათად იყო. მეუღლესთან გაშორებული იყო და უკრაინაში ცხოვრობდა. 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე ვიზის გასაგრძელებლად, რადგან უკრაინის მოქალაქე არ იყო, ვიზა სჭირდებოდა. 27 აპრილს წავიდა ბოლოს, მერე 3 დღეში ისევ ჩამოვიდა. არადა, ნათქვამი ჰქონდა, რომ დიდი ხანი აღარ ჩამოვიდოდა. არ ვიცი, ვინ და რატომ ჩამოიყვანა. რომ დაბრუნდა, გაგვიკვირდა. აპრილში აღდგომის მარხვას იცავდა. დღე სულ ეკლესიაში დადიოდა, სხვაგან არსად ყოფილა, საღამოობით კი მამაჩემთან ერთად ნარდს თამაშობდა ხოლმე.

როდესაც მკვდარი მოგვიყვანეს სახლში, დედამ თქვა, ადვოკატი ავიყვანოთო. სატელეფონო ზარებით უცნობი პირები გვაფრთხილებდნენ, ჯობს, ხმა არ ამოიღოთ, თორემ უარესი იქნება თქვენთვისო და გავჩერდით. გიას ორი შვილი ჰყავს, ბიჭები, და არ გვინდოდა, იმათთვისაც პრობლემები შეგვექმნა. არ ვიცით, რა გავაკეთოთ.

გვითხრეს, ექსპერტიზა ჩაუტარდაო, მაგრამ ექსპერტიზის პასუხი ჩვენთვის არ მოუციათ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვითხოვეთ. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ოფიციალური ნებართვა არ მოგვცეს. მერე მოვიყვანეთ კერძო ექსპერტი და იმანაც უარი გვითხრა ექსპერტიზაზე, რა აზრი აქვს, ვერაფერს ვიტყვი, თანაც არაოფიციალურ ექსპერტიზას კანონიერი ძალა არ ექნებაო.

ერთი კვირის წინ რაღაც ცნობა დაგვჭირდა და დედამ ვერ აიღო. ვერ მოგცემთ საბუთს, რადგან კომპიუტერული სისტემა აჩვენებს, რომ ძებნაშიაო. საინტერესოა, სადღა ეძებენ მოკლულ კაცს?“

გია კრიალაშვილი რომ სპეცოპერაციის დროს ოთანაძესთან და ამირიძესთან არ იმყოფებოდა, ეს სამართალდამცავებისთვის მიცემული პირველი ჩვენებით კობა ოთანაძემაც დაადასტურა.

მანამდე კი მოახერხა, საავადმყოფოში მისული ადვოკატისთვის, ონისე მებონიასთვის, ეთქვა, რომ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დროს გია კრიალაშვილი მათთან საერთოდ არ ყოფილა. მათ არც იარაღი ჰქონიათ და, ბუნებრივია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმელებს ვერც შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ისინი სამარშრუტო ტაქსში ჩასხეს, შემდეგ კი იქ მყოფმა პირებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ტაქსშივე ჩაცხრილეს.

მოგვიანებით ოთანაძემ გამოძიებისთვის მიცემული ეს ჩვენება უარყო.

ონისე მებონია: „არ ვიცი, ამ წუთებში ოთანაძის რომელი ჩვენება აქვს გამოძიებას. მე რაც ვთქვი, იყო აბსოლუტური სიმართლე. შემდეგ ის იყენებდა დუმილის უფლებას, არ ვიცი, რატომ შეცვალა პოზიცია“.

საინტერესოა, სასამართლო გაითვალისწინებს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ საეჭვო გარემოებებს რომელთათვისაც, ჩვენი ინფორმაციით, ძიებას ყურადღება არ მიუქცევია, და –მათგან ერთ-ერთ ყველაზე მთავარს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია სპეცოპერაციის ამსახველი დეტალები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია გვიან ღამით თბილისის მახლობლად ჩატარდა, სადაც, პოლიციის მტკიცებით, ძებნილებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა საყურადღებოა, რომ არ არსებობს ინფორმაცია სროლის დროს დაზარალებული თუნდაც ერთი პოლიციელის ან ამ ფაქტის დამადასტურებელი რომელიმე ნივთმტკიცების თაობაზე.

კობალაძის დაპატიმრება პრეზიდენტმა ბრძანა

მუხროვანის ამბოხის მომზადებაში სდებენ ბრალს გენერალ კობა კობალაძესაც, სამართალდამცავებმა ის 5 მაისს ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემის დროს დაააკავეს.

ქეთი ბექაური, კობა კობალაძის ადვოკატი: „ცალსახად და კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი გამოძიების მასალებში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ანუ არაფრით დასტურდება, რომ კობა კობალაძემ წინასწარ განზრახული დანაშაული ჩაიდინა.

ბრალდების ერთადერთი, „ოქროს მტკიცებულება“, არის ყოფილი სამხედრო პირის ვინმე გია ღვალაძის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ის ტელესპექტაკლი, რომელიც მან დადგა მთელი საზოგადოების წინაშე“.

კობალაძის ადვოკატები გია ღვალაძის სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვენ. ისინი ღვალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეჭვქვეშ იმის გამოც აყენებენ, რომ მან უკვე რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.

ქეთი ბექაური: „წინასწარი გამოძიების დროს შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილეს. მაგრამ დაცვის მხარემ მოვიპოვეთ გია ღვალაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელმაც ჩვენი ეჭვი დაადასტურა. ჯერ კიდევ 1998-2000 წლებში ავტოკატასტროფის შედეგად მან ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო, ჩაუტარდა ტრეპანაცია, უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა. 45 დღის განმავლობაში ტვინი გათიშული იყო და ადამიანი კომაში იმყოფებოდა, ფაქტობრივად, კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. ლითონის ფირფიტა უდევს თავში და ხელის კიდურშიც. არ შეიძლება, ასეთი ადამიანის ჩვენებას დაეყრდნოს გამოძიება, მას უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა და მისი ფსიქიკური სიჯანსაღე სათანადო კომპლექსურმა ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს. მანამდე ასეთი პიროვნების ჩვენება არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს.

ჩვენ დავკითხეთ ის მედპერსონალი, რომელმაც ღვალაძეს ოპერაცია გაუკეთა. მათი დაკითხვის მასალები გამოძიებას წარვუდგინეთ და საქმის მასალებში დევს. სასამართლოზე კვლავ ვიშუამდგომლებთ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით“.

გია ღვალაძის ჩვენების თანახმად, კობა კობალაძე მასთან ერთად იმყოფებოდა მცხეთაში, რესტორან „არაგვში“, სადაც საუბარი სამხედრო ამბოხსა და სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო. ღვალაძის თქმით, ეს შეხვედრა 25-27 მარტს შედგა.

გელა ნიკოლაიშვილი: „ჩვენ ამოვიღეთ მობილური ტელეფონის დეტალური მონაცემები – ანძების ადგილმდებარეობის განლაგების მიხედვით. დავადგინეთ, რომ 25-27 მარტს გენერალი კობა კობალაძე არ იმყოფებოდა არც მცხეთაში, რესტორან “არაგვში“, და არც ღვალაძის მიერ მითითებულ სხვა რომელიმე ადგილას. ანძამ დააფიქსირა ქუთაისი, კოპიტნარი, სამტრედია, მაგრამ ამ პერიოდში არც ერთხელ დაფიქსირებულა მცხეთა და რესტორანი “არაგვი“. შესაბამისად, ღვალაძის ჩვენება არის გამოგონილი“.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კობა კობალაძის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ ეს მობილური და ნამდვილად ამ ტელეფონით სარგებლობდა იმ დღეებშიც.

ქეთი ბექაური აღნიშნავს იმასაც, რომ რომ დღემდე გია ღვალაძე თბილისის მერვე საპყრობილეში პრივილეგიურ გარემოში იმყოფება, მის ოჯახზე კონსტიტუციურმა უსაფრთხოებამ და კონტრდაზვერვამ თავად იზრუნეს და ჯერ ბინა უქირავეს, მერე დაუგირავეს, მის ოჯახს და ბავშვებს მანქანებით ემსახურებიან. ადვოკატის თქმით, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კობალაძე პრეზიდენტის პირადი სურვილის გამო დააპატიმრეს.

„აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი, მთავარსარდალი, გამოვიდა და ტელეეთერით დასვა კითხვა: რატომ არის გენერალი კობალაძე თავისუფალი? ამით პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა სამართალდამცავებს, რომ მისთვის ამ ადამიანის თავისუფლება დაუშვებელია.

პრეზიდენტის ეს სიტყვები უაპელაციო მესიჯად მიიღო სასამართლომ, როდესაც პირს შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა; როდესაც გავასაჩივრეთ აღმკვეთი ღონისძიება და დაუშვებლად ცნო იგი სისხლის სამართლის სააპელაციო პალატამ; უარი მივიღეთ მაშინაც, როდესაც წინასწარი გამოძიების დასასრულს ვიშუამდგომლეთ, საქმის წარმოება შეწყვეტილიყო კობალაძის მიმართ, რადგან არსებული მტკიცებულებები არასაკმარისი იყო“.

თენგიზ კობალაძე, კობა კობალაძის მამა: „ჩემი შვილი ღვალაძეს საერთოდ არ იცნობდა. თანაც იმ დროს, როდესაც, ღვალაძის თქმით, თითქოს რესტორან „არაგვში“ ერთად ისხდნენ, კობა სინამდვილეში დასავლეთში იყო, გასვენებაში. მერე ერთად წავედით საქმეზე. პირველმა პირმა გადაწყვიტა მისი დაჭერა, იმ ბიჭს, უბრალოდ, ათქმევინეს. რატომ არ უნდა ევლო თავისუფლად? ყაჩაღია თუ რა? 4 შვილის მამაა და თავის ოჯახში იყო. არც ღვალაძეს იცნობდა და არც ოთანაძესთან ჰქონდა ბოლო დროს ურთიერთობა. 2001 წელს მათ შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ. მერე კობა ჩინეთში სწავლობდა – სამხედრო აკადემიაში. გორგასლის ორდენის მფლობელია, პრეზიდენტის მადლობებიც აქვს მიღებული. პირველი ინაუგურაცია მან მოუმზადა და აჭარაშიც გაჰყვა ასლან აბაშიძესთან.

ეროვნული გვარდიის სარდლობიდან თავად წამოვიდა. პრეზიდენტს რომ გამოეგდო, ვიფიქრებდი, გულში რაიმე წყენა ხომ არ ჰქონდა-მეთქი ჩადებული.

5-6 წელია, სამხედრო სამსახურისკენ არ გაუხედავს. შეხებაც კი არ აქვს კაცს ჯართან და ამბოხს ამზადებდაო, რომ ამბობენ, ეს ხომ აბსურდია.

სამი თვეა, გენერალი კაცი ვიღაცა გიჟის ორი სიტყვის გამო ჰყავთ დაჭერილი. გამოძიებამაც ვერაფერი მტკიცებულება მოიპოვა ამის გარდა. არადა, დოკუმენტურად დასტურდება, რომ იმ დღეს კობა არც რესტორანში ყოფილა და არც ღვალაძეს შეხვედრია. საერთოდ არ იყო ქალაქში. ამათ აწყობთ, რომ გამოკეტონ და ამიტომ დააპატიმრეს“.

ის, რაც გამოძიებას საქმის წარმოების დაწყებისთანავე ხელთ ჰქონდა, არის შსს-ს ოპერატიული ვიდეომასალა და შემდეგ უკვე მოწმეთა ჩვენებები. გენერალ კობალაძის ამბოხის მომზადებაში მონაწილეობაზე მაიორი ღვალაძე, სწორედ, 25-27 მარტს, მცხეთაში, რესტორან “არაგვში” შემდგარი შეხვედრის „ფაქტის“ საფუძველზე საუბრობს.

გია ღვალაძე, მაიორი (შსს–ს ოპერატიული ვიდემასალიდან): „მარჯვნივ მიზის გენერალი კობალაძე კობა, ორი უცნობი წინ – არასდროს არ მინახავს. მარცხნივ – ოთანაძე. მე შუაში ვარ – კობალაძე, მე და ოთანაძე. კობალაძემ ესეთი რაღაცა თქვა, ახლა, არ ვიცი რატომ, მაგრამ, „ზამპალიტ“ ასე მომმართა ზედმეტსახელით, „ომეგაში“ მეძახდნენ. ხვდები, რას ნიშნავს ჩემი აქ ყოფნა? მე იქით შევუბრუნე კითხვა: ჩემი აქ ყოფნა რას ნიშნავს?

ესე იგი, ამ მთავრობის საქმე წასულია, დიდი დრო აღარ უწერიათ, მიშა დღესაა, ხვალ მაინც გადადგება, მაგრამ ჩორტ ევო ზნაეტ, ვინ მოვა და რა იქნება, უნდა მოვიდეთ ჩვენ, მაგრამ ა, ის ამბოხი თუ შეიარაღებული გამოსვლა, აბა, ახლა წარმოიდგინეთ 500 კაცი ჯავშანტექნიკით ქალაქში შემოვიდეს, ორკილომეტრიანი კოლონა და ესენი უნდა ამოვძირკვოთ. ნუ, ვიღაცეებს სიკვდილით დასჯიან თუ გაასამართლებენ. ეს უკვე არ ვიცი. გასაგებია-მეთქი. მეთქი _ ტექნიკური საკითხები მინდა დავაზუსტო, გასაგებია, რომ შემოვედით ჯარით, გასაგებია ეს ამბოხი თუ რა ქვია მაგას, აჯანყება თუ რა ჯანდაბა ჰქვია და მერე რა? ტექნიკური საკითხები ოთანაძესთან.

ნუ, გასაგები იყო, ახლა, უფრო მეტი რაღა უნდა მეთქვა. ოთანაძე ჩუმად იყო, 7-8 წინადადება თუ თქვა. უკვე ცხადი იყო, ვინ ვის ხელმძღვანელობს, რომ კობალაძე განსაზღვრავს აქ ყველაფერს“(სტილი დაცულია).

316-ე მუხლი _ ყველას წინააღმდეგ

სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილთა უმეტესობას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 316-ე მუხლებით აქვს წაყენებული.

მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა

1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

სწორედ, სისხლის სამართლის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს ბრალი პაატა ხოხაშვილსა და კიდევ 8 პირს.

ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი: „9-ვე პირის აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. ყველა დაპატიმრებულს 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდა პატიმრობა. ე.ი წინასწარი გამოძიების მიერ ნაწარმოები საქმიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყველამ ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

საყურადღებოა, რომ 316-ე მუხლით კანონი მხოლობით რიცხვში, პიროვნულად ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს, ე.ი დანაშაულზე, როცა ერთი ხელმძღვანელი უკანონოდ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას ან უკანონოდ გადააადგილებს სამხედრო ტექნიკას. სამხედრო ტექნიკის გადაადგილება კი ხელმძღვანელის ბრძანებით შეუძლია მხოლოდ სამხედრო პირთა ჯგუფს და, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულიც ჯგუფური გამოდის, მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულში ბრალი არა ერთ ხელმძღვანელს, არამედ 9-ს წაეყენება. 316-ე მუხლი კი ჯგუფურ დანაშაულს არ ითვალისწინებს. ამდენად, ამ მუხლით ბრალის წაყენება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხოხაშვილისთვის უკანონოა.

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გირაოს საფასურად აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შევედი. საქმის მასალები 21 ტომში იყო განთავსებული. 11-საათზე შუამდგომლობა უკვე სასამართლოში იდო. 6-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ მზად არის სასამართლოს დადგენილება თქვენი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებო. გამოდის, იმდენად ყოჩაღი მოსამართლე იყო, რეკორდულად მოკლე დროში მოასწრო 21 ტომის წაკითხვა. დადგენილებაში მოსამართლე გოგინაშვილი აღნიშნავს: „გავეცანი საქმის მასალებს“. დამეთანხმებით, რომ ამ დადგენილებაში მოსამართლე ცრუობს, რადგან 6 საათში 21 ტომს არა მხოლოდ ვერ წაიკითხავ, არამედ ვერც გადაფურცლავ. ცხადი იყო, რომ მოსამართლემ საქმის შეუსწავლელად დაწერა დადგენილება. დადგენილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიამ არ გააუქმა პირველი ინსტანცის დადგენილება. საქმეს სტრასბურგის ევროპული სასამართლოსთვის ვამზადებ“.

ინგა ხოხაშვილი, პაატა ხოხაშვილის მეუღლე: „ჩემთან პირად საუბარში მუხროვანის ბატალიონის ჯარისკაცები ამბობენ, რომ ამბოხის შესახებ თავად 12 საათიანი „კურიერით“ შეიტყვეს. მაგრამ რომ ვთხოვ, მოწმედ გამოვიდნენ პროცესზე, ან თუნდაც წერილობით დაწერონ ჩვენება, აბსოლუტურად ყველა უარს ამბობს. ამბობენ, რომ დიდი ზეწოლა და მუქარები იყო და ეშინიათ, რომ სიმართლე თქვან.

ჩემს მეუღლეს თავიდან სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს – მერაბ წკრიალაშვილი. სასამართლო პარასკევ დღეს იყო და პროცესი რომ დამთავრდა, ადვოკატს ვკითხე, ახლა რა შეიძლება გავაკეთო-მეთქი. მიპასუხა: მონახეთ ადვოკატი, მე სახელმწიფო სამაგისო ფულს

არ მიხდის, რომ ციხეებში თქვენს პატიმარს ვდიო, ახლა შაბათ-კვირა მოდის და მაინც არაფერი იქნება, ყველგან დასვენების დღეებია, ორშაბათს მონახეთ ახალი ადვოკატი და ის მიყვება საქმესო.

თურმე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადები ყოფილა განსაზღვრული. თუ არ ვეთანხმებოდით, 48 საათის განმავლობაში, აუცილებლად უნდა შესულიყო საჩივარი და უნდა გაგვესაჩივრებინა გადაწყვეტილება.

როგორ შეიძლება, ადვოკატს არ სცოდნოდა ეს კანონი? თავად თუ არ ეცალა, ის ხომ მაინც შეეძლო, ეთქვა, რომ ეს ვადა გაქვთ და გაითვალისწინეთო“.

ჩვენ დავუკავშირდით ადვოკატ მერაბ წკრიალაშვილს, რომელმაც თავი შემდეგი არგუმენტით გაიმართლა: „მე ვუთხარი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ იქნებოდა აღმოჩენილი რამე ახალი გარემოება.

ოჯახის გაფრთხილება არც მევალებოდა და მის მეუღლესთან არც მილაპარაკია. ქალბატონთან მხოლოდ ორი სიტყვით ვისაუბრე ხოხაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ სიცრუეა, თითქოს მე მეთქვას, რომ ადვოკატი აიყვანეთ და რაც გინდათ, ის ქენით–მეთქი, ასეთი რამ არ ყოფილა“.

„ყველა ჩახოცეთ!“

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა თავად მუხროვანის ბატალიონის ჯარისკაცებისგან მოიპოვა რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია. წყაროს კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე, მათ ვინაობას არ ვასახელებთ.

მათი თქმით, როდესაც მუხროვანის ინციდენტი ამოიწურა და ბოქსები (ადგილი, სადაც დგას სამხედრო ტექნიკა და საიდანაც შტაბის უფროსის ბრძანების გარეშე არ შეიძლება მისი გადაადგილება) გახსნეს, იქ მდგარი სამხედრო ტექნიკა სარკესავით პრიალებდა. 5 მაისის დილას კი საშინლად ცუდი ამინდი და წვიმა რომ იყო, ამის დადასტურება სატელევიზიო კადრებითაც შეიძლება.

„ტანკებს, ჩვეულებრივ, წყლით არ რეცხავენ, სპეციალური სითხით აპრიალებენ. როგორ შეიძლებოდა, გარეთ გამოყვანილი და შემდეგ ბოქსებში დაბრუნებული ტექნიკა ისეთი გაპრიალებული ყოფილიყო? ამ ფაქტისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. გარეთ რომ ყოფილიყო ეს ტექნიკა გამოყვანილი, წვიმისა და ტალახის კვალი ხომ უნდა ჰქონოდა?

ერთი „ბე-ემ-პე“ კი, რომელიც გარეთ იდგა, დაზიანებული იყო, ზეთი გასდიოდა და 5 მაისამდე რამდენიმე დღით ადრეც გარეთ იდგა“.

ჩვენ მიერ მოძიებული ანონიმური წყაროს ცნობით, სპეცნაზში განგაში დილის 4 საათზე გამოაცხადეს _ მუხროვანი არის აჯანყებული და მოემზადეთ, ალყა უნდა შემოვარტყათო. არადა, მუხროვანში „დაუმორჩილებლობა“ დილის 8-ის 15 წუთზე გამოცხადდა. სპეცნაზში კი ჯერ კიდევ დილის 4 საათზე გასცეს ბრძანება: თუ არ დაგემორჩილებიან, ესროლეთ და ყველა ამოხოცეთო.“

უკომენტაროდ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 5მაისი, 2009 წელი: „ოთანაძე არ უნდა ყოფილიყო თავისუფლად, კრიალაშვილი არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი, არ უნდა ჩამოსულიყო და გასულიყო, კიტოვანის მთელ „ბრიაჟკას“ არ უნდა ევლო თავისუფლად თბილისში. მართლა ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. არსებობს მოთმენა რაღაცის, მაგრამ ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ!“

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი

პუბლიკაცია მომზადებულია „ადანიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ პროექტის – „სამართლიანი სასამართლოს უფლების მონიტორინგის“ ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერი – „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.“

0 comments:

Post a Comment