Monday, November 15, 2010

ვანოსა და ჟენიას ტელერაუნდი




ბოლო 2 დღეა ქართული ტელესივრცე მერაბიშვილებმა „შეავსეს“. ჯერ ტელეკომპანია „იმედმა“ მიუძღვნა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს „სპეციალური რეპორტაჟი“, შემდეგ კი გადაცემა „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა, რომ „ეტალონი დირექტორი“ მერაბიშვილის დედა, ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია. ტიტული მხოლოდ ქალბატონ ჟენიას არ გადასცემია, რაღა თქმა უნდა, საპატიო წოდება იმ უწყებამაც დაიმსახურა, სადაც შს მინისტრის დედას "ფეხი დაუდგამს", ასეთი დაწესებულება კი ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლაა. სწორედ, ამ სკოლას დირექტორობს ქალბატონი ჟენია.

ქალბატონი ჟენიას შესახებ ღია და „ამომწურავი კომენტარი“ თავად გადაცემა "ეტალონის" წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა გააკეთა: „არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება.“

„სპეციალურ რეპორტაჟში“ კი „შეფარვით“ ითქვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პირველი პირობისთვის არიან დაბადებულები და ბატონი ვანო, სწორედ, ასეთია.

„ვანო მერაბიშვილი ქვეყნის მთავარი პერსონაა“... „წამოსცდა“ ჟურნალისტს და მერე შეცდომა თავად მერაბიშვილმა გამოასწორებინა. პრინციპში, ფრაზის „ქვეყნის მთავარი პერსონის“ ფრაზა „ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პერსონით“ ჩანაცვლება მაინცდამაინც არ იყო საჭირო რადგან ეს ამ გადაცემამდეც ბევრმა იცოდა. მაგრამ ალბათ მაინც ჰქონდა აზრი ამის თქმას, რადგან ტელეეთერიდან მოსმენილი მაინც სულ სხვაა.

...მერე კი ის, რაც უშუალოდ რეპორტაჟში, ანუ „საველე პირობებში“ ვერ ითქვა, ამავე გადაცემის პირადაპირ ეთერში „დაკონკრეტდა“.

„ვანოს შაბათი“ ინფორმაციული აღმოჩნდა: ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ შსს და მისი მინისტრი დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობენ.

უკვე ვიცით, რომ მინისტრის მანქანის შუშები დაბურულია, მაგრამ მალე გამჭვირვალე გახდება, რომ მერაბიშვილი „ფეისბუქით“ არ სარგებლობს, თუმცა იცის, რომ მისი სახელით ამ სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანი არის რეგისტრირებული.

ასევე შევიტყვეთ, რომ შს „დაუღალავად“ მუშაობს კომპიუტერულ თამაშებზე, რომელშიც მთავარი გმირი პოლიციელია, რომელიც დამნაშავეების წინააღმდეგ ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ნორმებს. ეს პირველი სერიოზული კომპიუტერული თამაში იქნება და მას მსოფლიო ითამაშებს. კომპიუტერული თამაშებით აუცილებლად გამოავლენენ რუს ჯაშუშებსაც. მოკლედ გაზაფხულიდან სულ თამაშ-თამაშით შევიტყობთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს ძლევამოსილების შესახებ.

თურმე მერაბიშვილს პოლიტიკაში დარჩენასა და მომავალ არჩევნებზე ოცნება და ფიქრი არ ეჩქარება. ან კი რატომ იჩქარებს, „ინტუიციით“ გრძნობს, რომ მის გავლენას თუ რამე მოემატება, თორემ, არაფერი დააკლდება. ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც დღეს ეფიქრება, საკუთარი შვილების მამის თანამდებობაა. „ქვეყნის მამობის“ პერიოდის მინისტრობის ხელფასს (2700-2700 ლარობით) ბანკში აგროვებს. ამაყობს პოლიციის 84%-იანი რეიტინგითა და თანამშრომლებს იუმორის გრძნობის კრიტერიუმით აწინაურებს.

ქვეყნის/ხელისუფლების ხერხემალი მიიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია სამი პრინციპი:

საქართველო არ უნდა გახდეს პრორუსული და რუსეთის დანამატი;

არ უნდა დაბრუნდეს კორუფცია და

არ უნდა დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები.

P.S. ვერაფერს ვიტყვით, შს მინისტრმა საკმაოდ კარგად გამოიყენა მისთვის გამოყოფილი ეთერიც და პირდაპირი ეთერიც. გაიმყარა პირადი რეიტინგი ქვეყნის მოსახლეობის იმ 84%-იან აუდიტორიაში, რომელიც, მისივე განცხადებით, პატრულს სრულიად ენდობა. დანარჩენი 16% და მისი ინტერესები კი, აბა, რა მოსატანია ასეთი „უმრავლესობის“ ინტერესებთან...

0 comments:

Post a Comment