Sunday, November 29, 2009

სიტყვითა და საქმით პრორუსულები






როდის და როგორ დააფინანსებს კვარაცხელიას პარტიას ებრალიძე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ნეიტრალური საქართველო“ 2007 წელს დაფუძნდა, თუმცა პარტიას დღემდე დიდი პოლიტიკური აქტივობები არ გამოუმჟღავნებია. ჩრდილიდან გამოსვლასა და პოლიტიკური მზის ქვეშ ადგილის დაკავებაზე ვალერი კვარაცხელიას პარტიამ ხმამაღალი პრეტენზია ახლახან განაცხადა. „რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს!“_ ამ პრინციპით „ნეიტრალური საქრთველო“ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეას უპირისპირდება და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.რატომ არის საქართველოს ხელისუფლება კვარაცხელიაზე მეტად პრორუსული; როდის და რა ფორმით დააფინანსებს „ნეიტრალურ საქართველოს“ ალექსანდრე ებრალიძე; იყო თუ არა გამართლებული საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანა და თბილისის აეროპორტიდან ვიაჩესლავ კოვალენკოს ვარდებით გაცილება? გაზეთი „ახალი ალიანსი“ ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა.
_ „ნეიტრალური საქართველო“, _ ასე ჰქვია თქვენს პარტიას, რომლის ხელახალი პრეზენტაცია ახლახან მოეწყო. რატომ მიგაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ოპტიმალური ვარიანტია?
_ არანეიტრალიტეტმა, ანუ რომელიღაცა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისაკენ სწრაფვამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც ვართ _ ეს არის ტერიტორიულად დანაწევრებული, ეკონომიკურად გაპარტახებული, სულიერად, მორალურად დაცემული საქართველო. თუ ამ გზით ვივლით ნგრევის პროცესი გაგრძელდება და, თუ დღეს საქართველო დაშლილია სამ ნაწილად, მალე 6 ნაწილად დაშლილს ვიხილავთ. ქვეყანამ უნდა გადადგას ის აუცილებელი გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს. რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება რომ აუცილებელია, ამას ყველა ამბობს _ ხელისუფლებაც, ე.წ. ოპოზიციაც, საზოგადოების დიდი ნაწილიც, მაგრამ, არავინ ამბობს რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ინტერესები ისეთნაირად უნდა შეჯერდეს, რომ რუსეთიც კმაყოფილი იყოს და საქართველოც. პოლიტიკა კონფრონტაციის ხელოვნება კი არ არის _ კომპრომისებისა და ინტერესთა ჰარმონიზების ხელოვნებაა. რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, განსაკუთრებით კი ნატოში გაწევრიანებაზე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მილიტარისტული ქვეყანა. ჩვენ სულ სხვა ვართ _ მაღალი სულიერების ხალხი, ერი, რომელმაც თავის დროზე `ვეფხისტყაოსანი~ და `გალობანი სინანულისანი~ შექმნა, ერი, რომელმაც `ვეფხისა და მოყმის ბალადა~ შექმნა, ერი, რომელსაც აქვს ტრადიციისა და ზნე-ჩვეულებათა უნიკალური სისტემა. ჩვენ კულტურის განვითარების მიმართულებით უნდა ვიაროთ ჩვენი საქმე არ არის ერაყსა და ავღანეთში ომი. თუ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და ხელისუფლებაში იმ რაოდენობით მოვალთ, რომ საკითხების გადაწყვეტა შეგვეძლება, გამოვაცხადებთ, რომ უნდა ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა _ მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ, რომ აღიარონ ჩვენი ნეიტრალიტეტი.
_ ნეიტრალიტეტი ჰქონდა საქართველოს გამოცხადებული 1918 წელს, მაგრამ `ნეიტრალურმა საქართველომ~ მაშინ 3 წელზე ნაკლებ ხანს იარსება. რატომ გგონიათ, რომ ახლა გაამართლებს ეს პოლიტიკა?
_ შეკითხვა სავსებით ლოგიკურია _ ნეიტრალიტეტის ერთგვარი გამოცდილება საქართველოს მართლაც აქვს, მაგრამ, ვინც საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი კარგად იცის, ისიც იცის, რომ ჩვენ, არ გვივლია ნეიტრალიტეტის გზით. საქართველო, პრაქტიკულად, გაყიდული იყო ამერიკელზე, გერმანელზე, იტალიელზე, ინგლისელზე... იმ ისტორიულ კონტექსტში ნეიტრალიტეტი, რა თქმა უნდა, არ გამოვიდოდა. ნეიტრალიტეტის გამოცხადება პირველ რიგში საკუთარი სუვერენობის მაღალი ხარისხის დეკლარირებას ნიშნავს. როგორც კი გაწევრიანდები რომელიმე სამხედრო ალიანსში სუვერენობა, დამოუკიდებლობა და მსგავსი რამ, მხოლოდ ქიმერად იქცევა _ ემორჩილები იმ წესებსა და ინსტრუქციებს, რომელიც კონკრეტულ ბლოკსა და ალიანსს გააჩნია.
_ ნატოში გაწევრიანება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისთვის თუ არ აღმოჩნდა განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რატომ არის საფრთხისშემცველი საქართველოსთვის?
_ საქმე ის არის, რომ რეალობა შეიცვალა. 2000 წელს დიდ პოლიტიკაში თვისობრივი ხასიათის ცვლილება მოხდა. მანამდე რუსეთის ხელისუფალნი (გორბაჩოვი, ელცინი) ამერიკიდან იმართებოდნენ, მაგრამ 2000 წელს რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის სახით პატრიოტი კაცი მოვიდა, რომელიც არ დაადგა რუსეთის ნგრევისა და ამერიკის დიქტატის ქვეშ მოქცევის გზას. დღეს, ობამა მედვედევს ან პუტინს ყურს ვერ აუწევს. თუმცა ჩვენი მედია ჯერ კიდევ ამ ნოტაზე საუბრობს, როდესაც აცხადებს: ჩამოვიდა ჰილარი კლინტონი და ლავროვს მოუწევს ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემაო. ლავროვი შეკითხვაზე პასუხს გასცემს, მაგრამ, მასაც ექნება შეკითხვა, რომელზეც კლინტონი უპასუხებს. დღეს, სხვა გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩამოყალიბდა. დედამიწაზე ერთპიროვნული ჰეგემონობისაკენ ამერიკის სწრაფვა დასრულდა. ამის ნათელი გამოხატულებაა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განლაგების საკითხში ამერიკელების უკან დახევა. ეს იყო გონივრული უკან დახევა და არა პოზიციების დათმობა რაღაც შიშის გამო. როდესაც დიდ პოლიტიკაში ასეთი ცვლილებები ხდება, ჩვენ, მას, რაღაცნაირად, ფეხი უნდა ავუწყოთ. პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს. დღეს არის დრო, როდესაც საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტის გზა.
_ ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე თქვენი ამგვარი პოზიციების გამო, ქართველ საზოგადოებაში პრორუსულ ძალად მიგიჩნევენ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს მიმართულება მხარდამჭერების ნაცვლად მეტ მოწინააღმდეგეებს გაგიჩენთ?
_ რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს! თუ ეს პრორუსულობაა, კი, ბატონო, ხელს ვაწერ ამაზე. შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკას არ უწოდებენ პრორუსულს, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ, მათი ხელმძღვანელობის დროს მივიღეთ ქვეყანაში პრორუსული ვითარება, როდესაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთმა წაიღო. მართალია, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან გამოცხადებულები, მაგრამ იქ რუსული სამხედრო ბაზების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს, ისინი რუსეთის სატელიტი პატარ-პატარა სახელმწიფოები არიან. და, რა გამოდის? _ პოლიტიკა, რომელმაც რუსეთს აჩუქა ქართული ტერიტორიები არ არის პრორუსული და მე, ვინც ვამბობ, რომ ეს ტერიტორიები როგორმე უნდა დავიბრუნოთ, პრორუსული ვარ. სიტყვით პრორუსულობა უფრო მავნეა, თუ საქმით პრორუსულობა?
_ საკამოდ აქტუალურია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, ალექსანდრე ებრალიძესთან, თქვენი შესაძლო პარტნიორობის თემა. ნამდვილად აწარმოებთ თუ არა მასთან მოლაპარაკებებს და განიხილება, თუ არა ებრალიძის მიერ თქვენი პარტიის დაფინანსების საკითხი?
_ ებრალიძეს მას შემდეგ შევხვდი, რაც მან სოჭში ცნობილი განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, მანამდე მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენი პარტია გაცილებით ადრე, 2007 წლის დეკემბერში დაარსდა. ებრალიძესთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მისი სახით პეტერბურგში, რუსეთში არსებობს ქართული მენტალობის, ცნობიერების, ჯიშის, სისხლისა და სულის კაცი, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად. ებრალიძის პოლიტიკური შეხედულებები ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების იდენტურია. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა მისთვისაც ფუნდამენტური ღირებულებებია. ერთი და ორი შეხვედრით არ წყდება დაფინანსების საკითხი. ებრალიძეს, დღეს, პოლიტიკაში მოღვაწე ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ფული სხვაგან არ აქვს საძებნი. მას ლეგალური ფული და საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით სხვა ქვეყნიდან პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება იზღუდება, მაგრამ, არც ეგ არის პრობლემა. ებრალიძეს შეიძლება საქართველოშიც აქვს ფული. თუმცა მე, არ ვიცი ამის შესახებ. ჩვენ შეხვედრებზე სიტყვა `ფული~ არ გვიხსენებია. ეს არის მხოლოდ მას შემდეგ სალაპარაკო თემა, როდესაც ბოლომდე შევთანხმდებით და ხელშეკრულებას გავაფორმებთ.დარწმუნებული ვარ, რომ ებრალიძე არის უჭკვიანესი კაცი, სხვაგვარად ძნელია იმ მდგომარეობისა და იმ უზარმაზარი კაპიტალის მოპოვება, რაც მას გააჩნია რუსეთში. ჭკვიანი კაცი კი მხოლოდ ერთი კვარაცხელიას იმედზე არ იქნება. მას, სავარაუდოდ, ექნება შეხვედრები სხვა ვიღაცეებთანაც. მაგრამ ის ვიღაცეები ამას არ ახმაურებენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ყველას ეშინია რაღაცის. მე, არ მეშინია, იმიტომ, რომ საშიში და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ყველა პოლიტიკური ნაბიჯი გამჟღავნებულია.
_ იგორ გიორგაძის პარტიასთან, ან პირადად გიორგაძესთან თუ გაქვთ დღეს რაიმე კავშირი? როგორც ვიცი, მას თქვენ 1998 წელს ჟურნალისტის სტატუსით შეხვდით, იმ დროს, გიორგაძე უკვე ძებნაში იყო და ამ ინტერვიუს გამო პროკურატურაშიც კი იყავით დაბარებული.
_ მართალი გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, დღეს მისი პარტია ფუნქციონირებს თუ არა. გაუქმების შესახებ არაფერი გამიგია და ალბათ ქაღალდზე არსებობს. არც აკრძალვის შესახებ გამიგია რამე, თუმცა ვიცი, რომ ნამდვილად უკანონოდ დააპატიმრეს მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი აშკარად პოლიტიკური პატიმრები არიან. რაც შეეხება თავად გიორგაძეს. კარგია, რომ მოგიძებნიათ ასეთი ინფორმაციები. მაშინ, გიორგაძესთან არ მქონდა პოლიტიკური შეხვედრები, როგორც ჟურნალისტი, რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა ადგილას და არა რუსეთში, როგორც მაშინ ითქვა.
_ დსთ-ის ქვეყნების ტერიტორიაზე შეხვდით?
_ ეს არც მაშინ დამიზუსტებია და დღესაც არ ვიტყვი. შევხვდი, ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც, არაფერი დამიმალავს. პროკურატურიდან და უშიშროებიდან მიბარებდნენ და მეკითხებოდნენ: სად არის? ვპასუხობდი: ეს ჰკითხეთ თქვენს ჯაშუშებს, მე, ჟურნალისტი ვარ და რატომ მეკითხებით-მეთქი. ჩვენ ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ და შენ როგორ იპოვეო? თქვენ, ცუდად ეძებთ, მე _ კარგად და ვიპოვე კიდეც-მეთქი. ჩემი ურთიერთობა იგორ გიორგაძესთან არასდროს ყოფილა პოლიტიკური. დღეს, არც ის ვიცი იგორ გიორგაძე სად არის, არც ის, მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუნქციონირებს თუ არა და არც ის _ ქართულ პოლიტიკაში აპირებს, თუ არა ჩართვას. არანაირი კავშირი არ მაქვს.
_ ინტერნეტფორუმებსა და სხვადასხვა გამოცემებში ვნახე ინფორმაციები, რომლებშიც თქვენ მიმართ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება ჩანს. თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ:იყავით 1991-92 წლების გადატრიალების ერთ-ერთი იდეოლოგი;საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი;აგვისტოს ომის შემდეგ ყვავილებით, ბორჯომითა და ხვევნა-კოცნით გააცილეთ კოვალენკო აეროპორტში...რას გვეტყოდით ამ `ბრალდებებზე~?
_ კარგია, რომ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი. ბევრი რამ აქ მართალია, მაგრამ, ის, რომ მე, გადატრიალების იდეოლოგი ვიყავი აბსოლუტური სიცრუეა. ყოველთვის ვიყავი პოლიტიკაში სისხლიანი დაპირისპირებისა და იარაღის შემოტანის წინააღმდეგი. სხვათაშორის, საქართველოს აწ განსვენებულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ვაფრთხილებდი, რომ პიროვნებებთან, ინტელიგენციასთან აშკარა დაპირისპირება და კონფრონტაციული რეჟიმი რთულ პროცესებამდე მიგვიყვანდა. არ დამიჯერა. ნუ, მე, მხოლოდ ჟურნალისტი ვიყავი და ის, პრეზიდენტი იყო. ჩემი განსხვავებული შეხედულებები პირდაპირ დაპირისპირებად აღიქვა და დამაპატიმრეს კიდეც, მაგრამ ბრალი ვერ წამიყენეს. პოპულარული ჟურნალისტი ვიყავი და ეს დაპატიმრება მთელ მსოფლიოში გახმაურდა. გამომიშვეს, მაგრამ მერე ისევ დამაპატიმრეს, მეორედ რომ გამომიშვეს საჭიროდ მივიჩნიე გავცლოდი საქართველოს, დავბრუნდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში პროცესები დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. ასე, რომ, პირველი პრეზიდენტთან პირადი წყენის მორალური უფლება მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემ მიერ დაწერილ წიგნებში ნათლად ავსახე გამსახურდიას ყველა დამსახურება. მის ხსოვნას უდიდეს პატივს ვცემ. გამსახურდია იყო ტრაგიკული პიროვნება, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. რაც შეეხება საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანას _ ეს მართალია. ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის შევარდნაძის ჩამოყვანაში. მიმაჩნდა, რომ საქართველოში შექმნილი იყო უმძიმესი ვითარება _ გამსახურდია წასული იყო, ხელისუფლებაში იყო თოფიანი ხალხი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იარაღის ენაზე საუბრობდნენ. საქართველოში არ არსებობდა ადამიანი, რომელიც სიტუაციის განმუხტვას შეძლებდა. იყო ერთადერთი კაცი, უზარმაზარი ბიოგრაფიის მქონე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელ მსოფლიოში აღიარებული. როგორც ჟურნალისტმა და როგორც პოლიტიკოსმაც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნებულიყო. მან მართლაც მოახერხა თოფიანი კაცის სინდრომის განეიტრალება და ძალაუფლების ხელში აღება. ამის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა. სწორედ, შევარდნაძის დროს დაიწყო ანტირუსული ისტერიები და ნატოსკენ სწრაფვა. მაგრამ, შევარდნაძემ რომ არ გაამართლა, ყველაზე ადრე და ყველაზე მკაცრად მე დავუპირისპირდი.აეროპორტში კოვალენკოს გაცილება კი ისეთი `ბრალდებაა~, რომ ძნელია თავი `იმართლოს~ კაცმა. ვიაჩესლავ ევგენიევიჩ კოვალენკო არის უბრწყინვალესი დიპლომატი, ინტელიგენტი, უბრწყინვალესი პიროვნება და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. გავიცანი მას შემდეგ, რაც ელჩად დაინიშნა და მასთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ის, რაც აგვისტოში მოხდა, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. მაგრამ, კოვალენკო რა შუაშია, მას კი არ დაუწყია ომი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა და კოვალენკო იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ჩემი პირადი მეგობარია, ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს, მიდის და მე, ქართველმა კაცმა, ჩემი მეგობარი არ გავაცილო იმიტომ, რომ ის, რუსეთის ელჩი იყო საქართველოში? რა თქმა უნდა, გავაცილე კოცნით, ამბორით, სიყვარულით. ახლაც მაქვს ურთიერთობა. ცუდი ის იქნებოდა, კონიუნქტურული მოსაზრებით ქართული ადათისთვის წიხლი მეკრა და საქართველოდან მიმავალი მეგობარი არ გამეცილებინა.
_ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში თქვენ ამბობთ, რუსეთმა კი არ დაგვიპყრო, ორჯერ გადაგვარჩინაო და ასახელებთ 1801 და 1921 _ საქართველოს რუსეთთან მიერთებისა და გასაბჭოების წლებს. ახლაც ასე ფიქრობთ? 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლაც ამ კონტექსტში მიგაჩნიათ გამართლებულად?
_ ეს, 3 თვის წინ ვთქვი და, რა თქმა უნდა, ისევ ასე ვფიქრობ. სამ თვეში ხომ არ შევიცვლიდი აზრს? ეს მსოფლმხედველობა ძალიან რთული სათქმელი და ასახსნელია ჩვენი საზოგადოებისთვის. უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში ქართველ ხალხს თავებს იმ აზრებით უტენიან, რომ რუსეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი. არ არის ეს ასე. რუსეთთან ურთიერთობაში ყოფილა ბევრი უსიამოვნო მომენტი, შეცდომა, გაუგებრობა, მაგრამ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და ფაქტი იწონება დიდი სასწორით, დიდი საზომებით. მთავარია, საბოლოო ჯამში რომელი სჭარბობდა. გეორგიევსკის ხელშეკრულების შედეგად საქართველო ფიზიკურად გადარჩა. ეს, ერეკლემ გადაწყვიტა და ერეკლესნაირი მეფე საქართველოს ისტორიას ბევრი არ ჰყავს. ერეკლეს გადაწყვეტილების ასე ვაგლახად ხელის წამოკვრა ვიღაცა ავყია ისტორიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ არ არის მართებული. ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ, როგორ მოხდა, რომ ასი წლის შემდეგ ერის უგვირგვინო მეფემ, ილია ჭავჭავაძემ, თქვა, რომ ერეკლეს ეს ნაბიჯი იყო ყველაზე გამართლებული ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საქართველომ მოისვენა, გაქრა გადაგვარების, სარწმუნოების, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შიში. და, ახლა, როგორ, ილია ჭავჭავაძეს არ დავუჯეროთ?
_ თუმცა, ბატონო ვალერი, ილია ჭავჭავაძე `მგზავრის წერილების~ პერსონაჟს ლელთ ღუნიას იმასაც ათქმევინებს, ძნელია, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეკუთვნისო...
_ ჯერ ერთი, ლელთ ღუნია პერსონაჟია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერსონაჟი ყოველთვის არ მეტყველებს მწერლის მსოფლმხედველობით, მაგრამ, ამ შემთხვევაში ილიასთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის დამოუკიდებლობა და `შენი თავის შენადვე ყუდნება~, არის ერის ცხოვრების უმაღლესი იდეალი. თავისუფლებაზე მაღლა მხოლოდ ერთი რამე დგას _ ერის ფიზიკური არსებობა. დამუკიდებლობადაკარგულმა ერმა შეიძლება ოდესმე მოიპოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დაღუპული ერი ვეღარაფერს მოიპოვებს. 1918 და 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება რუსეთის დამსახურებაცაა, ამის დაუნახავობა არ შეიძლება.ისტორიული პროცესები არის წარსული. წარსულის აწმყოში მექანიკური გადმოტანა უმართებულოა. გერმანიასა და რუსეთს შორის დღეს არის საუკეთესო, პარტნიორული დამოკიდებულება, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ეს სახელმწიფოები ერთმანეთის დიდი მტრები იყვნენ. მომავალი ურთიერთობებისთვის სახელმძღვანელოდ ასეთ ისტორიას არავინ იღებს, აქცენტი მომავლის პერსპექტივებზე უნდა გაკეთდეს.თურქებს რომ ვუძახოთ, ჩვენი ისტორიული მტრები ხართო და მათთან თოფსა და ხიშტზე აგებული ურთიერთობა გვქონდეს, ხომ ვიქნებით გიჟები? ეს ისტორიაა, რომელიც უნდა გადაიფურცლოს. გეთანხმებით, რომ რუსეთთან წყენა და ტკენა იყო, მაგრამ, დავანგრიეთ საქართველო და ვერაფერი დავაკელით რუსეთს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეუთოს ან სტრასბურგის ტრიბუნიდან რაღაც წყალწყალა განცხადების გაკეთება არაფერს ნიშნავს. რეალურად, რუსეთი თავს მშვენივრად გრძნობს _ საქართველო არის დაშლილი და დანგრეული.

Thursday, November 26, 2009

პოლიტიკური სასამართლო


"კანონის დაცვის" სახელით დაპატიმრებულები


მოძრაობა "7 ნოემბრის" აქტივისტები: დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია მიმდინარე კვირაში სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ დააკავეს. ამჯერად მათი დაკავების მიზეზი 23 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო პლაკატებითა და რობაქიძის, გირგვლიანისა და გამცემლიძის ფოტოებით გადაადგილება გახდა.

დაკავებულებს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და `მანიფესტაციების შესახებ~ კანონის დარღვევაში დასდეს ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაბა ჯიშკარიანს, ირაკლი კორძაიასა და დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა და ჯარიმის სახით 500-500 ლარის გადახდა დააკისრა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა, გამოიტანა. გაზეთმა"ახალმა ალიანსმა" მოიპოვა მოსამართლე მეთოფიშვილის მიერ გამოტანილი ერთ-ერთი დადგენილება, გთავაზობთ ციტატას აღნიშნული სასამართლო დოკუმენტიდან:"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, 2009 წლის 23 ნოემბერს დაჩი თენგიზის ძე ცაგურია იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შესასვლელთან დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით რა დროსაც არღვევდა `შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. დაჩი თენგიზის ძე ცაგურიამ პატრულ-ინსპერქტორებს ვერ წარუდგინა სათანადო ნებართვა, აფერხებდნენ ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებას, ზემოაღნიშნულის გამო, პატრულ-ინსპექტორების მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის დროს, დაჩი ცაგურია არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების კანონიერ მოთხოვნას და მათ მიაყენა სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა."

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9:
„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულების ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში; დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.“
როდესაც საუბარია კანონის დაცვაზე, ეს ყველაზე მეტად მაინც მოსამართლეს მოეთხოვება. ბატონ მეთოფიშვილს რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი სცოდნოდა, ან დადგენილების მიღებამდე გადაეკითხა მაინც, აუცილებლად შენიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეტანილი ჩანაწერი „პარლამენტის შესასვლელთან დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით“ კატეგორიულად ნამდვილად არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მე-9 მუხლს, რომელშიც „20 მეტრის რადიუსი“ სრულიად გარკვევით და არაორაზროვნად წერია. საყურადღებოა ისიც, რომ მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულთა ადვოკატების მიერ პროცესზე წარდგენილი დაკავების კადრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მიღებასა და გაცნობაზე და დადგენილება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩანაწერისა და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის ჩვენების საფუძველზე გამოიტანა.
დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ 24 ნოემბერს გათავისუფლდნენ. ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს. იურისტებს ნათქვამის არგუმენტად საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი მოჰყავთ. რომლის თანახმადაც: „ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს შეტყობინების მიღებაზე, უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ გიორგობის დღესასწაულზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ და წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიასთან როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარება იგეგმებოდა.იურისტების თქმით, თბილისის მერიის უარი არაკონსტიტუციური იყო, რადგან, ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებამოსილებაც კანონის თანახმად მერიას ჰქონდა, ეს იყო შეკრების ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციით მიმართვა, რომ მათ შეკრების ჩატარების ადგილი ან დრო შეეცვალათ, რაც მერიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.„საპატრულო პოლიციის მხრიდან იმის განცხადება, რომ ირაკლი კორძაიამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი, მოკლებულია ელემენტარულ სამართლებრივ დასაბუთებას. ტელეკომპანიების “მაესტრო” და აი.ტვ.გე-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები მაქსიმალურად იყვნენ მოცილებული პარლამენტის შენობიდან, ისინი არ გადასულან გზის სავალ ნაწილზე და ხელს არ უშლიდნენ ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად, შეკრების მონაწილეების მხრიდან არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი," _ აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების აზრით, საპატრულო პოლიცია აშკარად გაცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები მომენტალურად, აქციის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის წაყენების გარეშე დააკავა. „მანიფესტაციის შესახებ“ კანონის დარღვევის ბრალდებით მოძრაობა "7 ნოემბრის"
აქტივისტების დაკავება, 25 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველი სამხრეთ კავკასიური ქსელის“ წევრები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, 23 ნოემბერს, ცაგურიას, ჯიშკარიანსა და კორძაიას კანონი არ დაურღვევით, რადგან ისინი პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსის იქით იდგნენ _ შესაბამისად, სამართალდამცველებს მათი დაკავების უფლება არ ჰქონდათ.
P.S. სახალხო დამცველის აპარატმაც აღიარა, რომ მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრები 23 ნოემბერს უკანონოდ დააპატიმრეს.

Friday, November 20, 2009


„ემიგრანტებს ვუსურვებ,  ფესვები არასდროს დაეკარგოთ“
2009 წელი, თბილისი


უკვე ორი წელიწადია, ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ძირითადად, თელავივშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა და თბილისსაც ვერ ელევა, თბილისის სიყვარული 2004 წელს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებით დაუფასეს. საყვარელ ქალაქში მოდის ყოველთვის, როცა ამის დრო და საშუალება აქვს. მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ აჯიაშვილს,  ჩვენ, თბილისში, ვერაზე მდებარე სახლში შევხვდით. ბატონი ჯემალი საკუთარი შემოქმედების გარდა, ემიგრანტების შესახებაც გვესაუბრა და რაფი ბარლავის, როგორც ემიგრანტის, ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდიც მოგვიყვა.

 ჯემალ აჯიაშვილი:  ბოლო წლებში, ისრაელში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობდი,  შემდეგ ისრაელის ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესში მთხოვეს დარჩენა. კონგრესი 8 წლის წინ შეიქმნა. ჩვენი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებულ საქართველოს ებრაელებთან ურთიერთობაა.

 საქართველოს ებრაელები  ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისრაელის შემდეგ ყველაზე ბევრი ებრაელი  საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ მიზერია იმისა, რაც ადრე იყო. მათი რეპატრიაცია გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
 ქართველი ებრაელების დამსახურება  ებრაული სამყაროს წინაშე ის იყო, რომ მათ პირველებმა გახსნეს საბჭოთა რკინის ფარდა. ყველაფერი გააკეთეს დახშული წრის გასარღვევად. ბოლშევიკური მთავრობა იძულებული გახადეს, დათმობაზე წასულიყო. საბჭოთა კავშირიდან პირველი დიდი „ალია“  ქართველმა ებრაელებმა დაიწყეს, მერე მათ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ებრაელებმაც მიბაძეს. დღეს ისრაელში 80 ათასზე მეტი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.

-ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან თუ გაქვთ კავშირები?
-ამერიკის შეერთებულ შტატებში - 8 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ხშირად დავდივარ  ვაშინგტონში, სადაც ამერიკის ებრაული ლობისა და ამერიკის ებრაული კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება  შეკრება, კომიტეტის  აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ხარისი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ახლო ურთიერთობა აქვს თეთრ სახლთან, პრეზიდენტთან. ებრაული კომიტეტის სხდომებს ამერიკის პრეზიდენტი თითქმის ყოველთვის ესწრება, სიტყვით გამოდის და ვახშამზეც რჩება ხოლმე.  ეს შეხვედრები, კომიტეტის შექმნის თარიღს უკავშირდება და,  ტრადიციულად, მაისის პირველ დეკადაში იმართება. ამ შეკრებებზე, სადაც  მე საქართველოს წარმოვადგენ, ხშირად  შევხვედრივარ პრეზიდენტ ბუშს, მადლენ ოლბრაიტს, კლინტონს. ობამას ჯერ არ შევხვედრილვარ.

ქართველი ებრაელები ასევე ცხოვრობენ ბელგიაში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში. საფრანგეთში სხვა ქართველ ებრაელებთან ერთად, იოსებ ელიგულაშვილის ოჯახიც ცხოვრობს, იოსებ ელიგულაშვილი  ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი იყო და მასვე გაჰყვა ემიგრაციაში, ელიგულაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის იმ ქართული საგანძურის გადარჩენაში, რომელიც მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა, ამ საკითხზე მთელი იურიდიული პროცედურა ელიგულაშვილმა უზრუნველყო.  მისი ძმისშივილი ლეო ელიგულაშვილი საქართველოშიც იყო ჩამოსული. ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად.

ქართველი ებრაელების ახალი თაობა ემიგრაციაში იბადება, იზრდებიან იმ ქვეყნის ტრადიციებით, სადაც ცხოვრობენ.  კონგრესის ფუნქცია მათი შეკავშირებაა, ვცდილობთ ახალ თაობებს ავუხსნათ, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ. ეს თაობა არ უნდა დარჩეს ფესვების გარეშე.

-ქართველი საზოგადოება თქვენ გიცნობთ როგორც წარმატებულ პოეტს, მთარგმნელს, როდის და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

-ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. ვწერდი სტუდენტობის დროსაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე - ირანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველად რუსულიდან ვთარგმნე. მეორე კურსზე კი უკვე სპარსული პოეზია  ვთარგმნე.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ირანში წავედი და სამი წელიწადი  თარჯიმნად ვმუშაობდი. მაშინ ირანში შაჰის პერიოდი იყო და ირანი ამერიკული ორიენტაციისა და ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი ქვეყანად მიიჩნეოდა.  მერე ხელისუფლებაში კლერიკალური ფენა მოვიდა და ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

1971 წელს  შაჰის ინიციატივით, ირანის სამეფო დინასტიის მმართველობის 2 500 წლის აღსანიშნავად, უზარმაზარი ზეიმი გაიმართა. გრანდიოზული ზეიმი პერსეპოლისში, ირანის პირველი მეფის კიროსის საფლავის მიდამოებში მოეწყო.  თავის დროზე ეს ქალაქი ალექსანდრე მაკედონელმა დაანგრია, მაგრამ ნანგრევებიც შთამბეჭდავია და დიდ გავლენას ახდენს მნახველზე.  ზეიმზე შაჰი დედოფალთან ერთად წარსდგა ხალხის წინაშე და ამაღელვებელი სიტყვით მიმართა თავის წინაპარს, რომელიც  ასეთი ფრაზით დაასრულა, „იძინე მშვიდად, რამეთუ ჩვენ ვფხიზლობთ“. ეს სიფხიზლე ხანგრძლივი ვერ გამოდგა, ზუსტად 7 წელიწადში ხელისუფლებაში  აიათოლა ჰომეინი მოვიდა და ირანი შუა საუკუნეებში დააბრუნა.

 საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემ მიერ თარგმნილი სპარსული პოეზია  ჟურნალ „სხივში“ დაიბეჭდა, თარგმანები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარშიც“. 1979 წელს უკვე გამოვიდა ჩემი პირველი კრებული - შუა საუკუნეების  ებრაული პოეზია. დღეს  სამი ასეთი გამოცემა არსებობს. ამ კრებულებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ ასამდე სამეცნიერო წერილი და გამოკვლევა დაიწერა.

„გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“  წერდა: „მაგიდასთან ჩამომსხდარი ხალხი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 1979 წლის საბჭოთა კავშირისთვის გაუგონარ ტელესანახაობას, ეს იყო 50-წუთიანი პროგრამა, შეღამებულზე, საჩვენებლად ყველაზე მარჯვედ  შერჩეულ დროს. მსახიობი ქალი კითხულობდა მე-11 საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის, ეჰუდა ჰალინის ლექსთა ქართულად თარგმანს.“
საბჭოთა კავშირში  ბიბლია და ბიბლიაზე ორიენტირებული ყოველგვარი კულტურა აკრძალული იყო.  თბილისში მომზადებული ტელეგადაცემა იმდენად გახმაურდა, რომ მოსკოვში საოცარი რეაქცია გამოიწვია. შენიშვნები დავიმსახურეთ: მანდ რა კულტურულ რევოლუციებს მართავთო.

ამის შემდეგ ვთარგმნე შუა საუკუნეების იაპონური პოემა,  ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა“. ამ ნაწარმოებზე  მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლიც დაიდგა. მერე ეს სპექტაკლი წაიღეს პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში... წაიღეს ტოკიოშიც, ძალიან წარმატებული სპექტაკლი იყო. ასევე წარმატებული აღმოჩნდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების თემაზე შექმნილი პიესა „გამოიღვიძე ქნარო“. მის მიხედვით  სპექტაკლი კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრში დადგა.  პრემიერა თელავივში გაიმართა.

მსოფლიო კლასიკის ნიმუშების თარგმანი მოგვიანებით, დიდ  წიგნად გამოიცა, მასში  შედის პეტრარკა, დანტე, მიქელანჯელო, ანტონიო ვივალდი (ის ლექსებსაც წერდა), შექსპირის აქამდე უთარგმნელი პოემა, ჩიკამაცუც.

- შექსპირის რომელი პოემა თარგმნეთ?

- „პატივაყრილი ლუკრეცია“.  ეს არ არის დრამატურგია, ეს არის წმინდა პოემა. ამ თარგმანმა 1991 წელს პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მიიღო.

- ბიბლიური ფსალმუნებიც გაქვთ ნათარგმნი, ეს არ იყო რთული?

- 150 ფსალმუნი ვთარგმნე, ამ თარგმანებმა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია დაიმსახურა. 1994 წელს სახელმწიფო პრემიაც მომანიჭეს. პრემიების მიმართ ცოტა ზერელე დამოკიდებულება მქონდა, დიდად არ ვიყავი ამით დაინტერესებული. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი და  მწერალი რეზო ჯაფარიძე შემხვდა, მომესალმა და მითხრა, გილოცავო, რას მილოცავ-მეთქი? დღეს კომიტეტის სხდომა იყო სახელმწიფო პრემიის მინიჭებაზე და კომისიის ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი არც მომხდარა,  66 წევრიდან არც ერთი  ყოფილა წინააღმდეგი თქვენთვის სახელმწიფო პრემიის მინიჭებაზეო. ძალიან ცუდი რამე მითხარი, კარგ კაცს ერთი მტერი მაინც უნდა ჰყავდეს-მეთქი,- ვუთხარი ხუმრობით.  სრული მხარდაჭერა სახელმწიფო კომისიისგან ჩემ გარდა მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს ჰქონდა.

-შემოქმედებით სფეროში ასეთი წარმატების მქონე ადამიანმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ ხელისუფლებაში საქმიანობა?  თქვენ  საქართველოს პარლამენტის წევრი 3-ჯერ იყავით...

-პარლამენტში 1992 წლიდან  2004 წლამდე ვიყავი. ეს მძიმე წლები იყო, ქვეყანას პრობლემები ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით. საზოგადოებრივ საქმიანობაში პარლამენტარობა ხელს არ მიშლიდა. ალბათ გინახავთ ებრაული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ერთი თავი ცისკენ არის მიმართული, მეორე - მიწისკენ. ეს სიმბოლურია და ნიშნავს იმას რომ, ადამიანი არის ზეცისა და მიწის კავშირი. ცნობილი ებრაული გამოთქმაა: თუ ბიბლია არ არსებობს, არ არსებობს ფქვილი. ფქვილი არის მატერიალური საწყისი, ყოველდღიური გარჯა, დავარქვათ ამას პარლამენტი, ბიბლია კი არის სულიერების სფერო, ის, რაც ზეცას მიეკუთვნება. ჩემი ცხოვრება ისე არის აწყობილი, რომ  „ფქვილს“ ვემსახურები დიპლომატიურ სფეროში საქმიანობით, პარლამენტში საქმიანობით, კონგრესის  გენერალური დირექტორობით.  დანარჩენი რაც სულის პრეროგატივაა ეს არის ჩემი შემოქმედება, რომელიც ღამის განმარტოების, ჩემ თავთან მარტო დარჩენისა და ჩაძიების შედეგად იქმნება. თუ ადამიანი საკუთარ თავს ჩაეძიება აუცილებლად იპოვის იქ სულიერ ფასეულობებს.

სტუდენტებთან ლექციებს რომ ვკითხულობდი, ყოველთვის ვეუბნებოდი, ყოველი ებრაელი, რომელიც არაებრაულ ქვეყანაში ცხოვრობს, ორსახოვანია - აქვს ფასადი და ინტერიერი, ეს ტენდენცია  სინაგოგებსაც ეტყობა, ყველა სინაგოგა აგებულია იმ არქიტექტურული ლოკალის მიხედვით, რომელიც იმ ქვეყანაშია სადაც ეს სინაგოგა მდებარეობს, ინტერიერი კი ყველას ერთი აქვს - ებრაული ფასეულობები, პრინციპები, პოსტულატები.

-თქვენ ბრძანდებით საპატიო თბილისელი. რა შეგიძლიათ უთხრათ  ქართველ ემიგრანტებს დღევანდელი თბილისის შესახებ? რით განსხვავდება დღევანდელი თბილისი, თუნდაც 90-იანი წლების თბილისისგან?

- თბილისი საოცარი ქალაქია, აქ რომ ხარ ამას ვერ აცნობიერებ, მაგრამ საკმარისია,  რამდენიმე თვით წახვიდე და უკვე გენატრება. თბილისის ფენომენს ვერაფერს შეადარებ.  ეს არის პოლიფონიური ქალაქი ათასი ხმით, ათასი ფერით...

ამ დღეებში თბილისის ქუჩებში დავდიოდი და ვაკვირდებოდი ქალაქს, ადამიანებს. თბილისს  დღეს  ჭეშმარიტი თბილისური იერი აქვს დაბრუნებული. კომუნისტების დროს ის სხვანაირი ფერუმარილებით იყო შეღებილი. 

რუსეთის იმპერიაში ებრაელებს  დიდ ქალაქებში დასახლების უფლება არ ჰქონდათ. თბილისში კი  ასეთი აკრძალვა არ იყო, ევროპიდან ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ ებრაელები. ერთ დღეს იმპერიიდან მოითხოვეს, აღერიცხათ, თუ რამდენი ევროპელი ებრაელი იყო თბილისში. თუ ბევრი აღმოჩნდებოდა, უკან უნდა გაეხმოთ. თბილისის ხელისუფლებამ პასუხად  მისწერა: თბილისში  ევროპული წარმომავლობის მხოლოდ ხუთი ებრაელი გვყავს,  ისინი უნიკალურ ხელობებს ემსახურებიან და ქალაქს ძალიან სჭირდებიან. სინამდვილეში კი მათი რიცხვი ასობით იყო.

-რას უსურვებდით ჩვენს გაზეთს და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს?

- გაზეთს ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს კი - დიდ სიხარულსა და ბედნიერებას. ისინი ადრე თუ გვიან ამ ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილი გახდებიან.  ვუსურვებდი არ მოწყვეტოდნენ საკუთარ ფესვებს. ადამიანი მდიდარია მაშინ, როდესაც აქვს  ფესვები, სხვაგვარად მხოლოდ მოჭრილ ხეს ჰგავს.

ისრაელში საქართველოს საელჩოში რომ ვმუშაობდი, თელავივში რაფი ბარლავის სახელობის ქუჩა გაიხსნა. რაფი ბარლავი (ბალუაშვილი) იყო კაცი, რომელმაც დიდი სიკეთე მოუტანა ისრაელს, მაგრამ არასდროს დავიწყებია თავისი ქართული ფესვები. ისრაელის ხელისუფლებასთან მეგობრობდა და ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს - ლობიერებდა ქართული ცეკვისა და მუსიკის ანსამბლებს.

რუსთაველის ფრესკის აღმოჩენაში, რომელსაც 1960 წელს  ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა მიაკვლიეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის რაფი ბარლავს. ჯვრის მონასტერს მაშინაც ბერძნები ეპატრონებოდნენ და ჩვენს მეცნიერებს იქ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ბერძნული საპატრიარქო მათ ამის ნებართვას არ აძლევდა.

რაფი ბარლავი ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა იქ ჩასულ ქართველ მეცნიერებს და ასეთი „ტრიუკი“ მოიგონა: ჯვრის მონასტრის ბერებთან მივიდა და სატრაპეზოში დაპატიჟა ქართული ღვინით ყელის გასასველებლად, მალე ისე გამოათრო ბერები, რომ ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ. ამასობაში  ჩვენი მეცნიერები მონასტრის კედელს ფხეკდნენ და ფხეკდნენ. ფრესკასაც მიაკვლიეს. მეორე დღეს, ბერები რომ გამოფხიზლდნენ, რაფი ბარლავს პოლიციაში უჩივლეს, ბარლავი დაიჭირეს. მაგრამ საქმეში ჩაერიენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები და  გაათავისუფლეს.  რაფი ბარლავი იყო ებრაელი, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა ისრაელისთვის, მაგრამ თავის ფესვებს, საქართველოს, არასდროს დაშორებია, 1991 წელს, საქართველოში მიწისძვრა რომ მოხდა, ის თვითმფრინავით ჩამოფრინდა და დაზარალებულებს მედიკამენტები ჩამოუტანა. 1993 წელს გარდაიცვალა.   საოცარი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოს პატრიარქთან - ისრაელური და ქართული ცხოვრებით ცხოვრობდა. ბარლავის მაგალითი ემიგრანტობის და პატრიოტიზმის  ქრესტომათიული მაგალითია. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, დიდი წარმატებული ყოფა ჰქონოდეთ, იმ ქვეყნის ორგანული ნაწილი გამხდარიყვნენ, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ ფესვები არასდროს დაეკარგოთ.

მადლენა მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი

პუბლიკაცია მომზადებულია ნიუ-იორკში გამომავალი გამოცემისთვის

Thursday, November 19, 2009

"ხან წაგართმევთ, ხან _ დაგიბრუნებთ"




“მათრახი” და “ფუნთუშა” ბიზნესმენებისათვის

“ბიზნესი მეწველ ძროხას ჰგავს _ თუ სახრეს შემოარტყავ, აღარ მოიწველის”

დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადახდილი 35 მილიონი ლარი ბიზნესს უკან წლის ბოლომდე დაუბრუნდება. ამ მიზნით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მორიგი ცვლილებები შედის. დამატებითი ღირებულების გადასახადის მეწარმეებისათვის უკან დაბრუნება პრეზიდენტის მიერ ახლახან გაჟღერებული ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის ამ ინიციატივაში ბიზნესის ხელშეწყობას ხედავენ, ხელისუფლების ოპონენტები კი _ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას.
ბიზნესმენებისათვის უკან დასაბრუნებელი 35 მილიონი ლარის გარდა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით 10 მილიონი ლარის გამოყოფაც იგეგმება, ის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციას, კერძოდ, კახეთში მომხდარი წყალდიდობისა და რაჭის მიწისძვრის გამო მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოხმარდება. ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თვალსაზრისითაც.
ცვლილებების პროექტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და დასკვნების საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა 18 ნოემბრამდე შეეძლოთ. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი კი საკანონმდებლო ორგანომ 4 დეკემბრისთვის უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
შემჭიდროებულ ვადებში გაწერილი დადგენილების პროექტი პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა წარუდგინა. დადგენილების თანახმად განსაზღვრული კანონპროექტის განხილვის ვადები საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა.
ლევან ვეფხვაძე, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი: „ჩვენ, მუდმივად ვადებზე გვიწევს ხოლმე კამათი, არასდროს გვაქვს ბიუჯეტის ან ცვლილებების პროექტის განხილვისთვის საკმარისი დრო. დადგენილების მიღების მეორე დღეს უნდა წარმოვადგინოთ შენიშვნები კომიტეტში. რამდენად საკმარისია ეს დრო, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ არ არის დარიგებული ფრაქციაში.“
ლევან ვეფხვაძემ პროცედურული საკითხის განხილვის შემდეგ, ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე _ ბიზნესის წახალისების მიზნით მეწარმეებისთვის დღგ-ის დაბრუნებაზეც ისაუბრა.
ლევან ვეფხვაძე: „რამდენად ლოგიკურია დღგ-ის დაბრუნებისა და ამ გზით ბიზნესის წახალისების გადაწყვეტილება იმ მოქმედებებთან, რომელსაც შემოსავლების სამსახური ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახორციელებს _ პრაქტიკულად, არ არსებობს ბიზნესი, რომელშიც არ შესულან და არ დაულუქავთ, არ არსებობს ბიზნესი, რომელში შესვლის შემდეგაც არ ეთქვათ, რომ ჩვენ აქ იმიტომ კი არ შემოვედით, რომ შევამოწმოთ, არამედ იმისთვის, რომ ამდენი და ამდენი თანხა უნდა შეიტანოთ ბიუჯეტშიო. ეს არ არის მართებული დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, ამას ჰქვია მათრახისა და ფუნთუშის პრინციპი _ ერთი მხრივ, ამ დადგენილებას ვიღებთ და „ფუნთუშას“ ვთავაზობთ ჩვენს ბიზნესმენებს და მეორე მხრივ, მარჯვენა ხელში დაჭერილ „მათრახს“ ზურგზე ვურტყავთ. ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური იქნება ამ გადაწყვეტილებების ჰარმონიზაცია მოგვეხდინა.“
ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ ლიდერი: „ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელისუფლება იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ ბიზნესზე ზრუნავს. ბოლო დროს კი, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ შანტაჟსა და რეკეტს უკვე მცირე ბიზნესიც განიცდის. ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც, მაგალითად, აფთიაქში შედიან საგადასახადოს ცალკეული წარმომადგენლები და სხვაგან ამობეჭდილი ჩეკით ფულს სძალავენ მეწარმეს. კონკრეტული მაგალითიც შემიძლიათ გითხრათ: „ჯი-თი-სის“ სავაჭრო ცენტრში შეაგზავნეს ქალბატონი, ვითომ ორსული (მუცელი ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი), რომელმაც გამყიდველს უთხრა, ფეხმძიმედ ვარ, გადასახურდავებლად დაბლა ნუ ჩამიყვანო და მიაწოდა დოლარი. რის გამოც სავაჭრო ცენტრი საგადასახადომ დააჯარიმა. ეს სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულის აშკარა პროვოცირება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უნდა ისჯებოდეს.
თუ ასეთ ფაქტებს სათანადო ყურადღებას არავინ მიაქცევს, თუ ასეთი შანტაჟის ქვეშ დარჩებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რამდენი დღგ-იც არ უნდა დაუბრუნდეს ბიზნესს, არაფერი გამოვა. მეწველ ძროხას სახრეს რომ შემოარტყავ, აღარ მოიწველის. ჩვენი ეკონომიკისთვის მეწველი ძროხა არის ბიზნესი, რომელსაც ხელშეწყობა და გაფრთხილება სჭირდება იმისთვის, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი გადაიხადოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.“
ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნებსა და მოსაზრებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზევე უპასუხა.
ზურაბ მელიქიშვილი: „ბატონო ჯონდი, შეგახსენებთ, რომ `ვითომ ზრუნვის~ კლასიკური მაგალითები, უშუალოდ, თქვენს ნებისმიერ ინიციატივაში იკითხება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვის საკითხს, გიპასუხებთ, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიზნით პრეზიდენტისა თუ პარლამენტის მხრიდან უამრავი ინიციატივა არათუ გაჟღერდა, გატარდა კიდეც რეალურად და ეს, თავისთავად, ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოზიდვასა და ადამიანების დასაქმებას.
დღგ-ის ნაწილში თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებითს კი მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში, ანუ გასულ 10 თვეში ბიზნესს უკვე დავუბრუნეთ 126 მილიონი ლარი. ეს არის იმაზე მეტი, რაც, თუნდაც, 2004-2007 წლებში მთლიანობაში დაუბრუნდა ბიზნესს სახელმწიფოსგან.
ის 35 მილიონი ლარი კი, რომლის დამატებასაც პრეზიდენტის ინიციატივა და ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, თუ მყისიერად დაუბრუნდება საწარმოებსა და ფირმებს, დასაქმების საკითხიც მეტად განვითარდება. რაც შეეხება ბიზნესზე წნეხს _ ბიუჯეტის პროექტის თანმდევი კანონპროექტით, ნებისმიერი საწარმოსა თუ ფირმის დალუქვა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ფინანსთა მინისტრის დონეზე განხორციელდება.
ბიუჯეტის პროექტი კანონისა და რეგლამენტის სრული დაცვით არის წარმოდგენილი, ცვლილებების პროექტს ჩვენ კენჭს მხოლოდ 4 დეკემბერს ვუყრით და მანამდე რამდენი დღე არის, ამის გადათვლას უმაღლესი მათემატიკა ნამდვილად არ სჭირდება.“
P.S. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები მსხვილი კომპანიების შემოწმების პროცესს განაგრძობენ. 9 ნოემბერს დაწყებული „ჯეოსელის“ ფინანსური შემოწმება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. უკვე ვრცელდება ინფორმაციები კახა ბაინდურაშვილის უწყების „მაგთიკომში“ სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებითაც. მობილური ოპერატორების კომპანიებამდე საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს კომპანია „ყაზბეგი“ და სათვალეების მაღაზიების _ „კენარისა“ და „საფილოს“ ქსელები.

Wednesday, November 18, 2009

"ნაციონალური" გაურკვევლობა


“მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ შუა საუკუნეები ჰგონია”
ვამბობ “მათ”, ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს!


არის თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე? ეს კითხვა მიმდინარე კვირაში დაისვა და მას პასუხად “ორი სიმართლე” მოჰყვა. პირველი “მართალი” პასუხი, “ნაც.მოძრაობის” პრესსამსახურს ეკუთვნის. მეორე _ თავად ალექსანდრე შალამბერიძეს.

`ნაციონალური მოძრაობის~ პრესსამსახურში განგვიმარტეს: “ალექსანდრე შალამბერიძე არ არის ჩვენი პარტიის წევრი და მისი არც ერთი განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს პარტიის განცხადებად. ალექსანდრე შალამბერიძე პარტიის რიგებში 2005 წლიდან აღარ ირიცხება.~ ხოლო ჩვენს დამატებით კითხვაზე: გარიცხულია, თუ საკუთარი ნებით წავიდა? ქალბატონმა ბელა გიორგაძემ ასე გვიპასუხა: `პარტიის წევრი არ არის _ საკუთარი ნებით წავიდა, თუ გარიცხვის შემდეგ, არ ვიცი, რადგან მე, ცოტა გვიან მოვედი ამ სამსახურში. ვიცი, რომ არ მონაწილეობს პარტიულ შეკრებებში, პარტიულ მუშაობაში, სახლში ჯდომით კი პარტიის წევრი ნამდვილად ვერ იქნება.”
***
ალექსანდრე შალამბერიძე წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატი, სწორედ, `ნაციონალური მოძრაობის~ პარტიული სიით გახდა. იყო საპარლამენტო ფრაქცია `ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატების~ წევრი; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიაში შალამბერიძისთვის ადგილი ვეღარ გამოინახა. თუმცა, ამის გამო, მაშინ არც შალამბერიძის პროტესტი მოუსმენია ვინმეს და არც `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ თქმულა რამე საკუთარი წევრისთვის პარტიული უფლებამოსილების შეწყვეტაზე.
რატომ უარყოფს შალამბერიძის წევრობას პრეზიდენტის პარტია და რატომ არ აპროტესტებდნენ მის მიერ პრესაში `ნაცმოძრაობის~ წევრის სტატუსით დაწერილ კრიტიკულ სტატიებს? ამ კითხვებზე პასუხები ჩვენ, თავად ალექსანდრე შალამბერიძეს ვთხოვეთ.
_ რა მოხდა თქვენსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რატომ გახდა მსჯელობის საგანი თქვენი პარტიის წევრობა-არწევრობის საკითხი?
_ მე, ჯერჯერობით ვარ პარტიის წევრი. გაუმართლებელია აქცენტის იმაზე გადატანა, არის თუ არა პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე, რადაგან აქ მთავარი სხვა საკითხია: საკუთარი ინიციატივებით პარტიას და ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარების გზა ვუჩვენე, სწორედ, ეს აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი.
_ პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა და პარტიის პრესსამსახურმა აღნიშნეს, რომ თქვენ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრი 2005 წლიდან აღარ ხართ...
_ 2005 წლიდან აღარ ვირიცხები, არა? მე, გთხოვთ შეხვიდეთ პარლამენტის საიტზე, სადაც დევს მონაცემები ჩემ შესახებ. იქ წერია, რომ ვარ `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი. მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოსდა მე, 2005 წლიდან აღარ ვარ პარტიის წევრი.
_ რომელი წლიდან არის სადავო თქვენი პარტიულობის საკითხი?
_ არ ვიცი, მაგრამ ეს ვიცი, რომ 2005 წლის დასახელება არის მტკნარი სიცრუე.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ დაგიპირისპირდათ პარტიის ხელმძღვანელობა ამ ფორმით?
_ არ სურთ პარტიაში დემოკრატიული პროცესების განვითარება. ამიტომაც დამიპირისპირდნენ, თორემ, მე უკვე დიდი ხანია გამოვთქვამ საკუთარ აზრებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმომიდგენია ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა. არც ერთ ჩემს მოსაზრებას არ ჰქონია გამოხმაურება. რატომღაც, მაშინ ატყდა ერთი ამბავი, როდესაც პარტიის შიგნით დემოკრატიის განვითარების საკითხს შევეხე.
_ პირადად მეც მაქვს წაკითხული პრესაში დაბეჭდილი თქვენი მოსაზრებები, სადაც საკმაოდ აკრიტიკებდით ხელისუფლებასა და სააკაშვილის პოლიტიკას. აღნიშნულ პუბლიკაციებში თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ მითითებული იყო სტატუსი _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
_ არანაირი შენიშვნა ან საყვედური ამის გამო პარტიიდან არ მიმიღია. არც ერთი გამოხმაურება არ ყოფილა.
_ რით ახსნით ამ ფაქტს? `ნაციონალურ მოძრაობას~ არ აღელვებდა რას წერდით ამ პარტიის სახელით, თუ პირიქით, ძალიან აღელვებდა და იგნორირების პოლიტიკას მიმართეს?
_ კარგა ხანია, პარტიის ხელმძღვანელობასთან კავშირი არ მქონია, იმიტომ, რომ ჩემს სატელეფონო საუბრებს არ პასუხობდნენ. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის იგნორირებით ფიქრობდნენ _ ილაპარაკებს, ილაპარაკებს, მოსწყინდება და გაჩუმდებაო. დღეს რატომღაც ძალიან გამოიდეს თავი. ვფიქრობ, პარტიაში დემოკრატიული პროცესი მათ ხელს არ აძლევთ. ეტყობა, საერთოდაც არ იციან, რა არის დემოკრატია. და რა არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო.
_ თქვენ წლების განმავლობაში იყავით “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საკმაოდ “აღიარებულიც”. იმ პერიოდში, რამდენად ესმოდა პარტიის ხელმძღვანელობას “დემოკრატია” და “დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს” არსი?
_ ძალიან ნორმალურად. მაგალითად, პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა კრიტიკული გამოსვლა გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა 2007 წლის თებერვალში, ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში ჩემი გვარი დადებითად ახსენა _ აი, ალეკო სულ გვეუბნება, რომ გადასახადები დავწიოთ, მაგრამ ის ცოტა შორს მიდის, ჩვენ ამას ჯერ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად დავწევთ გადასახადებსო. შემდეგ, მართლაც დაიკლო მოგების გადასახადმა და სრულიად გაუქმდა სოციალური გადასახდი.
საკუთარი მოსაზრებები მქონდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებითაც. მიმაჩნდა, რომ კანონი, რომელიც მიიღეს და რომელიც დღეს მოქმედებს, არ არის მთლად კარგი. საზოგადოება ამ კანონით ადგილობრივ თვითმმართველობას ვერ ახორციელებს. ღიად გამოვხატე ჩემი მოსაზრება და კანონსაც ხმა `წინააღმდეგ~ მივეცი.
_ ბატონო ალექსანდრე, აღნიშნეთ, რომ პარტიის ხელმძღვანელობა თქვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. კონკრეტულად, ვის დაურეკეთ, რომ არ გიპასუხათ?
_ მაგალითად, გივი თარგამაძეს _ რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა.
_ პარტიის წევრებთან სატელეფონო კავშირის გარდა ურთიერთობა არ გქონდათ?
_ ურთიერთობა როგორ არ მქონდა. ახლაც მაქვს პარტიის წევრებთან ურთიერთობა. მაგრამ ეს არ ეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ ტიპის საუბარზე არ მოდიან. `ნაციონალურ მოძრაობაში~ არიან წევრები, რომლებიც ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას და საჯაროდ გამოსვლას ერიდებიან. პოლიტიკურად სუსტები არიან. ზოგიერთი კი პოლიტიკაში ახლახან ჩაება და კრიტიკულ განცხადებებისგან თავს იკავებს. რა თქმა უნდა, ახლა ვერ დავასახელებ მათ გვარებს.
_ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით მინდა ერთი საკითხიც დავაზუსტო: თქვენი ტელეფონი “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებისგან განსხვავებული მობილური ოპერატორის ქსელშია ჩართული. რატომ არ გაქვთ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრების მსგავსი ინდექსის ნომერი?
_ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრებს კორპორაციული ნომრები აქვთ. მე, პარტიის კორპორაციული ნომერი არასდროს მქონია. იმიტომ რომ ტელეფონის და ნომრების `ხამი~ არ ვარ. ვარ პიროვნება, ადამიანი, რომელსაც კორპორაციული ნომრები და რაღაც მსგავსი არ უყვარს. ყველამ კარგად იცის ჩემი ნომერი და ვისაც დარეკვა სურს, თავისუფლად შეუძლია დარეკოს. ათი ტელეფონის და ათი ნომრის ქონა საჭიროდ არ მიმაჩნია.
_ რამე პირადი უთანხმოება ხომ არ გქონდათ ბოლო პერიოდში პარტიის ხელმძღვანელობასთან?
_არა, არა, არანაირი წყენა მე მათ მიმართ არ მაქვს და არც მათ აქვთ ჩემ მიმართ რამე ამგვარი. ვფიქრობ, ჩემ მიერ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა და შიდა პარტიულ არჩევნებში მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება მათთვის მიუღებელი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ეს მათი აზროვნებიდან ცოტა შორს იყო. `მათში~ ვგულისხმობ `ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარეს. მიხეილ სააკაშვილს ბევრი რამ არ ესმის. ჯერ ისევ ჰგონია, რომ შუა საუკუნეებია და მოქმედებს პრინციპით _ არა იაზროვნოს, არამედ ისმინოს. ეს ჩემთვის მიუღებელია.
_ მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებით, პარტიის მიერ შერჩეული სხვა კანდიდატის განაწყენება ხომ არ გამოიწვიეთ? თუ არის თქვენთვის ცნობილი ვინ შეიძლება დაასახელოს პარტიამ მერობის კანდიდატად?
_ სწორედ, ამის გამოაშკარავებას ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკური სვლაც. დღემდე გაურკვეველია, ვინ არის მერობის კანდიდატი, გაურკვეველია, როდის ჩატარდება არჩევნებია, გაურკვეველია ის თარიღიც _ 30 მაისი, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი განცხადებით ვიცით. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსთან კუკუდამალობანას თამაში არასდროს ღირდა და არც ეღირება. ამიტომ, სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი საჯარო უნდა იყოს. ადგილობრივი ხელისუფლების ყოლა ჩვენი უფლებაა, ჩვენი უფლებაა ვის ავირჩევთ, ხელისუფლება და არჩევანის უფლება არ არის სააკაშვილის საკუთრება. სწორედ, ამ მიზნით წამოვაყენე შიდაპარტიული არჩევნების ინიციატივაც. პარტია დემოკრატიულ რელსებზე უნდა გადავიდეს. დემოკრატიას პრეზიდენტი ხალხს საჯაროდ ჰპირდება. გახსოვთ ალბათ, გაეროს ტრიბუნიდან რა ამაყად განაცხადა: ქვეყანაში დემოკრატიას ვავითარებთო.
თუ სააკაშვილის აზროვნება, მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამაზე მეტს ვერ წვდება, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო.
_ პირადად თქვენ, როგორ აპირებთ “პრობლემური აზროვნების” წინააღმდეგ ბრძოლას?
_ ჯერ ზუსტად დავადგენ პრესამსახურის მეშვეობით გავრცელებული განცხადების სიმართლეს. იმავდროულად, მოფიქრებული მაქვს შემდგომი სვლები და ამაზე საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით ვისაუბრებ.

Tuesday, November 17, 2009

პოლიტიკური "სტატისტიკა"




ნაციონალური „ათეულიდან“ ნაციონალურ „ერთულამდე“

სააკაშვილს „ნაციონალური ათეულიდან“ მხოლოდ მერვე ნომერი შემორჩა. სად არის წინა შვიდი და მომდევნო ორი პოლიტიკური ლიდერი?

დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები წლების შემდეგ სტატისტიკურ მონაცემად იქცევა ხოლმე. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ერთ-ერთი საარჩევნო ბლოკის _ „სააკაშვილი _ ნაციონალური მოძრაობის“ სიაც, დღეს, უბრალო სტატისტიკური მონაცემია. სააკაშვილს დიდი ნაციონალური ათეულიდან ამ დრომდე მხოლოდ ვანო მერაბიშვილი შემორჩა.
კობა დავითაშვილი, მაია ნადირაძე, კოტე კემულარია, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი არველაძე, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესო ჯუღელი, _სწორედ, ამ თანმიმდევრობით განალაგა დიდი ნაციონალური ათეული იმ დროს ოპოზიციის ლიდერმა და შემდეგში რევოლუციის ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკური საარჩევნო სიები, როგორც წესი, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად და, რაღა თქმა უნდა, ერთგულებისა და ნდობის საფუძველზე შეირჩევა ხოლმე. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს პირველად, სწორედ, პირველი ათეულის წევრები განუდგნენ.
პოლიტიკურმა დრომ აჩვენა, რომ ვარდების რევოლუციის 6 წლის თავზე, მიხეილ სააკაშვილს რჩეული ათეულიდან ყველაზე მეტად იმდროინდელი ათეულის მე-8 ნომერმა ვანო მერაბიშვილმა „უერთგულა“. დანარჩენი 9-დან უმრავლესობა დღეს სააკაშვილის შეურიგებელი ოპონენტია, მცირე ნაწილი კი _ პოლიტიკურ ავანსცენას მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ჩამოშორდა. ისინი, დღეს, მართალია სააკაშვილის ოპონენტები არ არიან, მაგრამ, ვერც მის პოლიტიკურ დასაყრდენად გამოდგებიან.
6 პოლიტიკური წლის შემდეგ „ნაციონალური ათეულის“ პოლიტიკური პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
#1 _ დავითაშვილი კობა
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან ყველაზე ახლოს იყო. `ნაცმოძრაობის~ შექმნა-განვითარებაში დიდი ფიზიკური და მატერიალური ძალა ჩადო. შემდეგ კი სააკაშვილი და მისი პარტია ერთ-ერთმა პირველმა მიატოვა. ნაციონალებთან პოლიტიკური გაყრის შემდეგ, პარტიის პარტნიორ პოლიტიკოსებთან _ ზვიად ძიძიგურსა და კახა კუკავასთან ერთად _ საქართველოს კონსერვატიული პარტია შექმნა. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი კი მას შემდეგ დატოვა, რაც 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამ არჩევნებთან დაკავშირებული ვიდეოკომპრომატი გამოუქვეყნეს _ ვიდეომასალის თანახმად იგი პარტიულ სიაში ჩასმის სანაცვლოდ აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქისგან 20 ათას დოლარს იღებდა. 2007 წლის მარტში დავითაშვილმა `ხალხის პარტია~ შექმნა. დღეს, კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერია.
#2 _ ნადირაძე მაია
თავდაპირველად `ტრადიციონალისტების~ წევრი იყო. 1999 წელს აღნიშნული პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში ასლან აბაშიძის `აღორძინების~ ბლოკის სიით შევიდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილს დაუმეგობრდა და `ნაცმოძრაობის~ საპარლამენტო სიაში მოწინავე ადგილიც დაიკავა. 4 წლის განმავლობაში პარლამენტში `ნაცმოძრაობის~ კვოტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს იკავებდა და პარლამენტის ტრიბუნიდან სააკაშვილსა და მის პარტიას განსაკუთრებული სიჯიუტით იცავდა.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კულუარებში ითქვა, რომ მაია ნადირაძეს პრეზიდენტთან ურთიერთობა დაეძაბა. ნათქვამს ისიც ადასტურებდა, რომ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს, ნადირაძე არსად გამოჩენილა. ბევრი ამას იმ ფაქტორითაც ხსნიდა, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ ყოფილი სახე, იმ დროისთვის საზოგადოების დიდ გაღიზიანებას იწვევდა, შესაბამისად, ხალხმრავალ ადგილებსა და წინასაარჩევნო კამპანიებში მისი გამოჩენა წამგებიანი იყო. იმ დროს, კულუარებში ნადირაძის კანდიდატურას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზეც მოიაზრებდნენ. საბოლოოდ, მისი საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისში დატოვება გადაწყდა. წლების განმავლობაში `ნაცმოძრაობის~ ერთგული დამცველი, უხეში განცხადებებით გამორჩეული მაია ნადირაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობას დასჯერდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სემეკ-ის წევრს თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს _ 6 წლის ვადით. აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებული პროფესიით ფსიქოლოგი მაია ნადირაძე დღეს სემეკ-ში თავს საკმაოდ კომფორტულად და მატერიალურად უზრუნველყოფილად თვლის, ამ უწყებას ყოფილი პირველი `ნაციონალი~ ქალბატონის `სამსახური~ ყოველთვიურად 15 ათასი ლარი უჯდება.
#3 _ კემულარია კოტე
სააკაშვილს პარლამენტიდან დაუახლოვდა. 2002 წლიდან პარლამენტში შექმნილი `ნაციონალური მოძარაობის~ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო რუსეთში საქართველოს ელჩი, იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე, 2005 წლის დეკემბრის სამთავრობო კარუსელის შედეგად უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელში მოხვდა. დღეს, აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ არის. შესაბამისად, მისი პოლიტიკური წონაც დაბალ ნიშნულამდეა დასული.
#4 _ ძიძიგური ზვიად
შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟის მიზნით, საკუთარი პარტიით, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან~ პოლიტიკურ ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად შევიდა. თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა წარმატებებს მიაღწია. 2003 წლის 2 ნოემბერს კი _ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
პირველი ბზარი მმართველ კოალიციაში 2004 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ გაჩნდა, როდესაც ძიძიგურის განმარტებით: `სააკაშვილმა, პრაქტიკულად, დაშალა კოალიცია და მთელი პოლიტიკური ცენტრი უშიშროების საბჭოში გადაიტანა, სადაც ყველა გადაწყვეტილებას ადრე უცნობ პირებთან _ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვნელებთან ერთად იღებდა. კოალიციის პროგრამით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების ნაცვლად სააკაშვილმა დაიწყო რუსულ-თურქმენული ტიპის კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, დახურა დამოუკიდებელი ტელევიზიები, დაითხოვა თვითმართველობები და მთლიანად დაიქვემდებარა ბიზნესი.~
ზვიად ძიძიგურმა და კონსერვატიული პარტიის დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
2007 წლის შემოდგომაზე პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ზვიად ძიძიგურიც საპროტესტო ტალღის ავანგარდში მოექცა და სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დღემდე ქუჩის აქციებით უპირისპირდება.
#5 _ ბერძენიშვილი დავით
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდში სააკაშვილს საკუთარ პარტიასთან ერთად შევარდნაძისა და აბაშიძის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუახლოვდა. 2004 წლის მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური ბლოკის საარჩევნო სიით გავიდა. არის ლოზუნგების ავტორი _ `საქართველო შევარდნაძის გარეშე!~ და `აჭარა აბაშიძის გარეშე!~ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლებიდან გასტუმრებამდე მიხეილ სააკაშვილს არ აკრიტიკებდა. დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც მიიჩნია, რომ ხელისუფლება არასწორი გზით წავიდა და დემოკრატიული რეფორმების გზიდან ავტორიტარიზმის გზაზე გადაუხვია.
#6 _ გოცირიძე რომან
ვარდების რევოლუციის შემდეგ დეპუტატი გახდა და პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2005 წლის გაზაფხულზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნეს.
ეროვნული ბანკის დატოვებამ ვადაზე ადრე მოუწია. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი ხელით დააწერინეს. განცხადების დაწერის დროს, თანამდებობიდან წასვლა თავად, პოლიტიკური გარემოებებისათვის ანგარიშის გაწევად შეაფასა.
ციტატა რომან გოცირიძის განცხადებიდან: `
„რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის ძალიან რთული და საკუთარი ნებით აქედან სხვა თანამდებობაზე გადასვლა გარემოებებისადმი ანგარიშის გაწევას ნიშნავს. ცნობილი ნათქვამია: როდესაც სათქმელი ძალიან ბევრი გაქვს, სჯობს, არაფერი თქვა.“
#7 _ არველაძე გიორგი
სააკაშვილს ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროს დროს დაუახლოვდა. სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში იგი შევარდნაძის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2004-2005 წლებში პარტიასა და პარტიულ ინტერესებს პარლამენტში იცავდა, შემდეგ _ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაწუნებული ეკონომიკის მინისტრის პორტფელიც მადლიერმა ჩაიბარა და 2008 წლის იანვარში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, სამინისტროდან კერძო ბიზნესშიც `საკუთარი ნებით~ წავიდა. ამჯერად იმ მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორია, რომელიც ტელეკომპანია `იმედსა~ და რადიო `იმედს~ აერთიანებს.
#8 _ მერაბიშვილი ვანო
მიხეილ სააკშვილს პარლამენტიდან დაუმეგობრდა. 2002წელს მასთან ერთად დაარსა ნაციონალური მოძრაობა და პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ჩაიბარა. შევარდნაძის ხელისუფლების მიწურულს სხვადასხვა ხმაურიან საკითხებზე რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის თავს არ იშურებდა. მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში კობა დავითაშვილთან და ზვიად ძიძიგურთან ერთად პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს შენობაშიც კი იშიმშილა პენსიონერების უფლებების დაცვის, კერძოდ, საპენსიო დავალიანებების გასტუმრების მოთხოვნით. 2004 წლის 26 იანვარს, პრეზიდენტად ინაუგურაციის მეორე დღეს, სააკაშვილმა იგი პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა მიანიჭა. ივნისში კი საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტი ჩააბარა. იმავე 2004 წლის დეკემბერში სააკაშვილმა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მას შემდეგ მერაბიშვილს სამთავრობო უწყება აღარ გამოუცვლია, მას აღარ შეხებია არც ერთი სამთავრობო კარუსელი, აღნიშნულ თანამდებობაზე პოზიციები იმდენად გაიმყარა, რომ ერთდროულად `შიში~ და `სიყვარული~ თავად `ნაციონალური პარტიის~ წევრებისგანაც კი დაიმსახურა. დაიმსახურა `საპატიო კომპლიმენტიც~ _ მაია ნადირაძემ მას ქვეყნის ხერხემალი უწოდა. მერაბიშვილი შს უწყებაში თავს დღესაც კომფორტულად გრძნობს და საკუთარ ხილულ, თუ უხილავ გავლენებს დღითიდღე იმყარებს. კულუარებში ხშირად საუბრობენ იმაზე, თანამდებობრივად მასზე გავლენიანი პრეზიდენტი სააკაშვილი, რეალურად, მისი გავლენის ქვეშ იმყოფება.
#9 _ ოქრუაშვილი ირაკლი
იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, მიხეილ სააკაშვილთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი. ვარდების რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა დროს ფლობდა შიდა ქართლის გუბერნატორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის პოსტებს. მისი გენერალური პროკურორობის დროს დააკავეს შევარდნაძის ხელისუფლების წევრები და ციხეებიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მილიონობით თანხები, ე.წ თავისუფლების გამოსასყიდი გადაახდევინეს. თავდაცვის მინისტრობის დროს, პრეზიდენტთან დიდი პოლიტიკური დაპირისპირება მოუხდა. სააკაშვილმა ყოფილი მარჯვენა ხელი და ძირითადი დასაყრდენი ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრობიდან გაათვისუფლა. მთავრი ძალოვანი უწყების ჩამოშორება `პოლიტიკურ ქორად~ ცნობილი ოქრუაშვილისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. სააკაშვილს შეთავაზებულ ეკონომიკის მინისტრის სავარძელზე წიხლი უკრა. პრეზიდენტმა მინისტრობაზე ოქრუაშვილის უარი საგანგებო პრესკონფერენციაზე იმ არგუმენტით გაამართლა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სწავლა-განათლების მისაღებად საზღვარგარეთYაპირებდა წასვლას. რამდენიმე თვეში „უცხოეთში განწავლული“ ოქრუაშვილი თბილისში ოპოზიციური იდეებით დაბრუნდა და სატელევიზიო ეთერები სკანდალური განცხადებებით აავსო. 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის - `ერთიანი საქართველოსთვის~ ოფისში დააკავეს. ექსმინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება და საკუთარი ოპოზიციური პარტიის წევრებს სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ინსტრუქციებს, სწორედ, ამ ქვეყნიდან აწვდის.
#10 _ ჯუღელი ბესო
წლების განმავლობაში იყო `ნაცმოძრაობის~ ერთ-ერთი აქტიური სახე. პარტიას მას შემდეგ გაუწყრა, რაც პარტიამ აწყენინა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში მისთვის ადგილი ვერ გამოინახა. ბესო ჯუღელი იტალიაში გადასახლდა და ქართული პრესის საშუალებით `ნაციონალების~ კრიტიკას მიჰყო ხელი. 2008 წლის ნოემბერში ქართველ საზოგადოებას ქართული პრესის ფურცლებიდან აცნობა, რომ `მოქმედი მთავრობა საბაშვო ბაღია, რომელსაც არავითარი ჭკუა არ მოეკითხება.~ აღნიშნა ისიც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან აღარაფერი აკავშირებს, რომ მათ შორის სატელეფონო საუბრებიც კი აღარ არის. ჯუღელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალი მოიხადა და ახლა დროა დაისვენოს.